გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.09.2018
საქმის ნომერი
330210117001934179
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
18.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/13151-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 სექტემბერი, 2018 წელი. ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი თამთა ბარამიძე

მოსარჩელე – შპს ,,c------------------------------“

წარმომადგენელი - დ-------- ნ-–--–-–---–ი, დ-------- ღ--------

მოპასუხე – შპს ,,ს---’’

წარმომადგენელი - ნ------------–ი

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ,,ს---ს“ შპს ,,c------------------------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ფულადი ვალდებულების შესრულება 41 853 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მითითებით, შპს ,,c------------------------------“ წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილია დირექტორი ღ-----------------. მოპასუხე შპს ,,ს---“ ასევე წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ სამეწარმეო სუბიექტს, რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილია დირექტორი - ა-–-------------------–---–ი.

 

2017 წლის 05 მაისს, მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა ჯამში 65 853.00 ლარის ღირებულების პროდუქცია - პოლიეთილენის გრანულები პირველადი ფორმით, მიწოდებული პროდუქცია იყო 23 885 ტონა, საიდანაც ერთი ტონის ღირებულება იყო 2757.0860 ლარი.

მოპასუხე შპს ,,ს---ს“ მიერ არ იქნა ჯეროვნად ნაკისრი ვალდებულება შესრულებული და მის მიერ სრულად არ იქნა გადახდილი პროდუქციის ღირებულება. მის მიერ გადახდილი იქნა მხოლოდ 24 000 ლარი, ხოლო გადასახდელი აქვს 41 853 ლარი, რომლის გადახდასაც არ აპირებს მოპასუხე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მიუხედავად აღნიშნული პროდუქციის მიღებისა, ის არ აღმოჩნდა ისეთი ხარისხის, რაზეც მხარეები იყვნენ შეთანხმებულები. მოსარჩელე მხარემ მოატყუა მოპასუხე კომპანია და ნაცვლად, პირველადი სახით ორიგინალი გრანულებისა, მიაწოდა უხარისხო პროდუქცია, რომლისგან დამზადებული მილები ვერ უძლებს წნევას და უბრალოდ ფეთქდება (იშლება). მიუხედავად მოპასუხე კომპანიის ხელმძღვანელობის არაერთი მოთხოვნისა, რომ მოსარჩელეს დაებრუნებინა უხარისხო პროდუქცია და შეეცვალა ხარისხიანი პროდუქციით ან/და დაებრუნებინა მოპასუხის მიერ გადახდილი თანხა და გაეტანა თავისი უხარისხო პროდუქტი, მოსარჩელე იმუქრება, რომ გაანადგურებს მოპასუხე კომპანიას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 05 მაისს შპს ,,c------------------------------“-ს და შპს ,,ს---ს“ შორის დაიდო 65 853.00 ლარის ღირებულების პროდუქტის - პოლიეთილენის გრანულების ნასყიდობის ხელშეკრულება ზეპირი ფორმით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასაქონლო ზედნადები ელ----------2 (ს.ფ. 25)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. მთლიანობაში მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 23 885 ტონა პროდუქცია, საიდანაც ერთი ტონის ღირებულება შეადგენდა 2757.0860 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასაქონლო ზედნადები ელ----------2 (ს.ფ. 25)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. ნასყიდობის საგნის ღირებულების ნაწილი - 24 000 ლარი მყიდველის მიერ გადახდილია, ხოლო 41 853 ლარის ოდენობით მყიდველის - შპს ,,ს---ს“ მიერ ანაზღაურებული არ იქნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო არ იზიარებს შპს ,,ს---ს“ მითითებას ნასყიდობის საგნის ნივთობრივი ნაკლის თაობაზე, რაც მისი მხრიდან ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველი გახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. სასამართლოს შინაგანი რწმენა ფორმირება ეფუძნება მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში მიიღება და ფასდება თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწენით მტკიცებულებათა შეფასება ხდება დამოუკიდებლად, ხდება თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრა და ასევე მათ ერთობლიობაში შეფასება.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხის მთავარი არგუმენტი, რამაც მისი მხრიდან ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა განაპირობა, მიწოდებული პროდუქციის ნივთობრივი ნაკლი, გარდა მისი სიტყვიერი განმარტებისა ვერ იქნა დადასტურებული რაიმე სახის მტკიცებულებით. მითითებულ განმარტებას არ ეთანხმება მოსარჩელე მხარე, რომლის მითითებით რაიმე სახის წუნთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოთქმულა და არც საქმეში მოიპოვება აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება. წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ მიუხედავად აღნიშნული პროდუქციის მიღებისა, ის არ აღმოჩნდა ისეთი ხარისხის, რაზეც მხარეები იყვნენ შეთანხმებულები. მოსარჩელე მხარემ მოატყუა მოპასუხე კომპანია და ნაცვლად, პირველადი სახით ორიგინალი გრანულებისა, მიაწოდა უხარისხო პროდუქცია, რომლისგან დამზადებული მილები ვერ უძლებს წნევას და უბრალოდ ფეთქდება (იშლება).

 

ზემოაღნიშნული ნორმების დეფინიციის შესაბამისად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი რომელსაც მხარე აფუძნებს მის მოთხოვნას, პოზიციას ეკისრება მასვე. წარმოდგენილ შემთხვევაში ნათელია, რომ ნასყიდობის საგნის ნივთობრივი ნაკლი ვიზუალური დათვალიერებით შესამჩნევი არაა, ხოლო საქმეში შესაბამისი მტკიცებულება, რაც მისი ნივთობრივი ნაკლის დადასტურებას შეძლებდა წარმოდგენილი არ არის. მხოლოდ მხარის სიტყვიერი განმარტება ნივთობრივი ნაკლის თაობაზე, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე მისი ახსნა-განმარტებით, სასამართლოს მიერ ვერ იქნება სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურებულად მიჩნევის სამართლებრივი საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მითითება პროდუქციის ნივთობრივი ნაკლის, წუნის თაობაზე გარდა მისი სიტყვიერი განმარტებისა, ვერ იქნა დადასტურებული რაიმე სახის მტკიცებულებით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, გამორიცხავს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენის სამართლებრივ საფუძველს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე და 477-ე, 487-488-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ხოლო ამავე კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.

 

აღნიშნული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მხარეებს გააჩნიათ კონკრეტული უფლებები და აკისრიათ შესაბამისი ვალდებულებები. წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანხმად, მოსარჩელე მხარის მიერ მისი მხრიდან ნაკლიანი ნივთის მიწოდების ფაქტის არსებობა არ დგინდება. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის - გამყიდველის მიერ მასზე ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია სრულად - მიწოდებულია ნაკლის არმქონე პროდუქცია, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის ვალდებულება - გადაიხადოს ნაყიდი პროდუქციის ღირებულება არსებული მომენტისათვის შესრულებული არ არის.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე შპს ,,ს---ს’’ აკისრია ვალდებულება მოსარჩელე შპს ,,c------------------------------“-ს გადაუხადოს მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის დარჩენილი საფასური - 41 853 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირისათვის არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ხოლო ამავე კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით.

მითითებული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1305.59 ლარის ოდენობით უნდა დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ს---ს“ მოსარჩელე შპს ,,c------------------------------“-ს სასარგებლოდ, ხოლო 0.41 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან, როგორც ზედმეტად გადახდილი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,c------------------------------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.05.2017 წლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის განჩინება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ს---ს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ი--------ს ქ. #80, საცხოვრებელი ფართი (სხვენის სართული), ფართი - 83.42 კვ.მ. (ს/კ 0----------------------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე,257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. მოსარჩელე შპს "c------------------------------" სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე შპს "ს---ს" მოსარჩელე შპს "c------------------------------"-ის სასარგებლოდ დაეკისროს 41853 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე შპს "ს---ს" მოსარჩელე შპს "c------------------------------"-ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 1305.59 ლარის გადახდა.

 

4. დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს "c------------------------------"-ს დ-------- ღ-------ის მიერ 2017 წლის 22 მაისს სს "თიბისი ბანკში" # 1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1256 ლარიდან 0.41 ლარი (მიმღები ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი: 300773150).

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე