გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2501-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი თამთა ბარამიძე
მოსარჩელე - ა-–----------ი
წარმომადგენელი - ვ----------------ი
მოპასუხე - ე---– ა-–---------ი
წარმომადგენელი - გ--–-----–----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ე---– ა-–---------ს მოსარჩელე ა-–----------ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის 3600 აშშ დოლარის და 5000 ლარის გადახდა.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მოსარჩელე ა-–----------ის და მოპასუხე ე---– ა-–---------ს წლების მანძილზე ერთმანეთთან ჰქონდათ ახლო მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა. აღნიშნული ურთიერთობიდან გამომდინარე, ა-–----------იმ მოპასუხე ე---– ა-–---------ს 2016 წლის პერიოდში სხვადასხვა დროს ასესხა სხვადასხვა რაოდენობის ფულადი თანხა, რაც ჯამში შეადგენდა 105 000 აშშ დოლარს. ხსენებული თანხების სესხის სახით გადაცემა ხდებოდა უშუალოდ ა-–----------ის მხრიდან ნაღდი ანგარიშსწორების სახით, ასევე ა-–----------ის დავალებით და მისი მინდობილი პირის მეშვეობით, კერძოდ: 2016 წლის 29 აპრილს, მოსარჩელე ა-–----------იმ მისი მინდობილი პირის ა-------- გ-----ის მეშვეობით მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, მოპასუხე ე---– ა-–---------ს ასესხა 3600 აშშ დოლარი. 2016 წლის 15 ივლისს ასევე მოსარჩელე ა-–----------იმ მისი მინდობილი პირის ა-------- გ-----ის მეშვეობით მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, მოპასუხე ე---– ა-–---------ს ასესხა 5000 ლარი.
არსებული დავალიანების არსებობის თაობაზე მიუთითებს არაერთი მოწმის უტყუარი დადასტურება, ა-–----------ისა და ე---– ა-–---------ს შორის არსებული მიწერ-მოწერა თუ თვით ე---– ა-–---------ის აღიარება, რომელიც სასამართლო სხდომამდე სრულად წარმოდგენილი იქნება სასამართლოში.
მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხე ე---– ა-–---------ი უარს აცხადებს სესხის სახით მიღებული თანხის უკან დაბრუნებაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე მხარეს დაეკისროს სესხის სახით მიღებული თანხის 105 000 აშშ დოლარის გადახდა.
საქმის მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარის მიერ შემცირებული იქნა სასარჩელო მოთხოვნა მტკიცებულებების გათვალისწინებით და იგი განისაზღვრა შემდეგი სახით - მოპასუხე ე---– ა-–---------ს მოსარჩელე ა-–----------ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის 3600 აშშ დოლარის და 5000 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ე---– ა-–---------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას მოსარჩელესთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ ჰქონია და არც არანაირი ფულადი თანხა არ მიუღია მისგან. მხარეთა შორის არ არსებობს სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობა და შესაბამისად, აღნიშნულის გათვალისწინებით გაუგებარია ხელშეკრულების არ არსებობის ვითარებაში თანხის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. მოთხოვნილი ფულადი თანხა მოსარჩელეს მოპასუხისათვის არ გადაუცია, არანაირი ხელშეკრულება მხარეთა შორის არ დადებულა და შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 04.02.2015 წელს, ალი არანჯიმ ა-------- გ-----ის სახელზე გასცა მინდობილობა, რომლის საფუძველზეც მიანიჭა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, კერძოდ, ყოფილიყო მისი სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს ტერიტორიაზე მის სასარგებლოდ თუ წინააღმდეგ აღძრულ ან მომავალში აღსაძვრელ დავებსა და პროცედურებში, საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში, ორგანოებსა თუ დაწესებულებებში. ა-------- გ-----ს ალი არანჯისგან მიეცა სხვა მთელი რიგი უფლებამოსილებები, როგორიცაა წარმომადგენლობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ასევე სხვა უფლებამოსილებანი. სასამართლოსთვის საგულისხმოა, რომ მოცემულ მინდობილობაში არ არის მითითებული სესხის ხელშეკრულების დადების უფლებამოსილების თაობაზე, რაც აღნიშნულ დავაში სადავო გარემოებას წარმოადგენს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 04.02.2015 წლის #34--8 მინდობილობა (ს.ფ. 37);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 29.04.2016 წლის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 29.04.2016 წელს, ა-------- გ-----მა გადასცა, ხოლო ე---– ა-–---------მა მიიღო (ჩაიბარა) 3600 აშშ დოლარი (29.04.2016 წლის მდგომარეობით 1 აშშ დოლარი = 2.22 ლარი). მიღება ჩაბარების აქტი გაფორმებული და ხელმოწერილი იქნა ა-------- გ-----ის და ე---– ასკაროვის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 29.04.2016 წლის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 31);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 15.07.2016 წლის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 29.04.2016 წელს ა-------- გ-----მა გადასცა, ხოლო ე---– ა-–---------მა მიიღო (ჩაიბარა) 5000 ლარი (15.07.2016 წლის მდგომარეობით 1 აშშ დოლარი = 2.35 ლარი). მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებული და ხელმოწერილი იქნა ა-------- გ-----ის და ე---– ასკაროვის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 15.07.2016 წლის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 32);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის მითითებას ა-–----------ის და ე---– ა-–---------ს შორის სესხის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობასთან დაკავშირებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემული ნორმების დათქმის შესაბამისად, მოსარჩელე მხარე ვალდებულია დაამტკიცოს გარემოება რომელსაც იგი საფუძვლად უდებს თავის სასარჩელო მოთხოვნას. მითითება მიღება-ჩაბარების აქტებზე არ წარმოადგენს იმის უტყუარ დადასტურებას, რომ მხარეთა შორის არსებობს სესხის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტები ხელმოწერილია ა-------- გ-----ის და ე---– ასკაროვის მიერ, ხოლო ა-–----------ის მიერ ა-------- გ-----ზე გაცემული მინდობილობით, მოსარჩელეს ა-------- გ-----ისთვის არ მიუნიჭებია ხელშეკრულების დადების უფლებამოსილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ დასტურდება, ა-------- გ-----ის, როგორც ა-–----------ის წარმომადგენლის მიერ ე---– ასკაროვზე, 3600 აშშ დოლარის და 5000 ლარის სესხების ფაქტი. მით უფრო, რომ აღნიშნულ გარემოებას სადავოდ ხდის მოპასუხე მხარე და მიუთითებს, რომ ა-------- გ-----თან სულ სხვა, საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა, რომელიც არანაირ შემხებლობაში არ არის მოცემულ დავასთან.
ფულადი თანხის გადაცემის ფაქტი შესაძლებელია სხვადასხვა დანიშნულების და მიზნის მატარებელი იყოს, და მხოლოდ აღნიშნული ფაქტის არსებობა ვერ ჩაითვლება სესხის ხელშეკრულების არსებობის განმაპირობებელ ერთადერთ მტკიცებულებად. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ასევე, თანხის გადაცემის მიზნობრიობისა და აღნიშნულით სწორედ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის მტკიცება, რომ აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტი მიმართული იყო სწორედ სასესხო ურთიერთობის წარმოშობისაკენ და როგორც გამსესხებლის ისე მსესხებლის ნება მოიცავდა სწორედ ამ სახის სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლას. მხარეთა ამგვარი ნების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის. ასევე ცალკე უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული პირის ა-------- გ-----ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, არ დასტურდება სათანადო შინაარსის მქონე მინდობილობით.
აქედან გამომდინარე, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცემულებებით დასტურდება თანხის გადაცემის ფაქტი, თუმცა სადავოა თანხის გამცემი პირის - ა-------- გ-----ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საკითხი, თანხის მიზნობრიობა და დანიშნულება.
როგორც უკვე მითითებული იქნა, გარდა მითითებული მიღება-ჩაბარების აქტებისა, საქმეში რამე სახის მტკიცებულება, რაც პროცესის მონაწილეებს შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობას დაადასტურებდა წარმოდგენილი არ არის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. სასამართლოს შინაგანი რწმენა ფორმირება ეფუძნება მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში მიიღება და ფასდება თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწენით მტკიცებულებათა შეფასება ხდება დამოუკიდებლად, ხდება თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრა და ასევე მათ ერთობლიობაში შეფასება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება მოსარჩელე მხარის მითითება ზეპირი ხელშეკრულების არსებობის თაობაზე, ვინაიდან გარდა მხარის სიტყვიერი განმარტებისა, რომელსაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება მოპასუხე მხარე, საქმეში არ არის წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის სარწმუნო მტკიცებულება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად მტკიცებულებათა ერთობლიობაში განხილვის შედეგად მიჩნეული იქნებოდა სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენის სამართლებრივ საფუძვლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1. 18.12.2017 წლის განაცხადი თურქულ და ქართულ ენებზე (ს.ფ. 26-30);
2. 29.04.2016 წლის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 31);
3. 15.07.2016 წლის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 32);
4. 04.02.2015 წლის #34--8 მინდობილობა (ს.ფ. 37);
5. მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–----------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 411-ე, 623-ე და 624-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ხოლო, ამევე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
აღნიშნული ნორმების შესაბამისად, სახელშეკრულებო ურთიერთობათა წარმოშობა მხარეებს შორის მათ ნებაზეა დამოკიდებული და მის შინაარსი განსაზღვრავს გარიგების მიზანს, ანუ იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღწევაც ნების გამომვლენ მხარეებს სურთ. მოცემულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მხარეებს შორის არ არსებობდა სესხის ხელშეკრულების დადების ნება და მათი მოქმედებები, რომელიც მხოლოდ ფულადი გადარიცხვით და მეორეს მხრივ - ამ თანხის მიღებით შემოიფარგლება, არ მიუთითებს აღნიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობაზე.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. არ შეიძლება პირს დაევალოს შესრულება იმ ვალდებულების, რომელიც მისი მხრიდან არ ყოფილა ნაკისრი და მხარეთა შეთანხმება არ მოიცავდა მას.
სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს ნასესხების დაბრუნება.
სესხის ხელშეკრულების არ არსებობა თავისთავად გამორიცხავს მოპასუხე მხარისათვის ,,მსესხებლის” სტატუსის მინიჭებას და მის ვალდებულებას აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მიღებული ფულადი თანხის დაბრუნებას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მხარეთა შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა ვერ იქნა დადასტურებული, რაც შესაბამისად სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ვალდებულების არსებობას გამორიცხავს.
აქვე, სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული სამოქალაქო დავის ფარგლებში შეფასება ვერ მოხდება უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობის თაობაზე. საქმეზე დასტურდება, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა ემყარება სესხის სახით მიცემული თანხების გადაცემის და მისი დაუბრუნებლობის ფაქტობრივ გარემოებას. მოგვიანებით, სასამართლო განხილვისას, მთავარი სხდომის ეტაპზე, მიეთითა მითითებული სადავო ფულადი თანხების უსაფუძვლოდ გამდიდრების გამო მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.
სსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე. ასევე, ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები. სარჩელის საფუძველი არის იმ ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას, აქედან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლის შეცვლა ნიშნავს იმ ფაქტობრივი გარემოებების შეცვლას, რომლებიც თავდაპირველად იყო მითითებული მოსარჩელის მიერ თავის სარჩელში. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში და მხარის მიერ არასწორი ნორმატიული საფუძვლის მითითება არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი (იხ. მაგ. სუსგ Nას-690-651-2010), თუმცა სასამართლოს აღნიშნული დისკრეცია უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ მოპასუხეს არ შეეზღუდოს კონკრეტულ საკითხზე შესაგებლის წარდგენის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილება. საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში (იხ. მაგ. სუსგ Nას-1350-1275-2012). მხარის განმარტება იმის თაობაზე, რომ მან მოპასუხე მხარეს თანხა გადასცა მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, დაბრუნების პირობით, უვადოდ და უსასყიდლოდ, კონკრეტული პირობებით სარჩელის ფაქტობრივი შემადგენლობის ნაწილია და არა ნორმატიული საფუძველი. ხოლო მოგვიანებით, პაექრობის ეტაპზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებით მითითება, რომელიც თავის მხრივ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების არსებობას და მათ მითითებას საჭიროებს, და შესაბამისად, მოპასუხე მხარის მხრიდან კონკრეტული შედავების შესაძლებლობას გამორიცხავდა, სასამართლოს მიერ მსჯელობის საგანი ვერ გახდება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, მოსარჩელე ა-–----------ის უნდა დაუბრუნდეს, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის ნაწილი - 4584.56 ლარის ოდენობით, რომლიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი TRESGE22.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან, ა-–----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ე---– ა-–---------ს (პ/ნ: 2----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: რაიონი კ---ი, სოფელი ხ----------ი, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 1814.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: #01 საცხოვრებელი, საერთო ფართი - 339.09 კვ.მ., #02 საცხოვრებელი, საერთო ფართი - 230,53 კვ.მ.. ს/კ: 6------------ის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, ასევე ყადაღა დაედო ე---– ა-–---------ის (პ/ნ: 2----------) სახელზე რეგისტრირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, რომლის რეკვიზიტებია: მარკა/მოდელი - ,,ფორდ ტრანზით’’, სანომრე ნიშანი - B------, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, გამოშვების წელი - 2002, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, ფერი - თეთრი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ა-–----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ე---– ა-–---------ს (პ/ნ: 2----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: რაიონი კ---ი, სოფელი ხ----------ი, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 1814.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: #01 საცხოვრებელი, საერთო ფართი - 339.09 კვ.მ., #02 საცხოვრებელი, საერთო ფართი - 230,53 კვ.მ.. ს/კ: 6------------ის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, ასევე ყადაღა დაედო ე---– ა-–---------ის (პ/ნ: 2----------) სახელზე რეგისტრირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, რომლის რეკვიზიტებია: მარკა/მოდელი - ,,ფორდ ტრანზით’’, სანომრე ნიშანი - B------, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, გამოშვების წელი - 2002, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, ფერი - თეთრი.
3. მოსარჩელე ა-–----------ის დაუბრუნდეს მალხაზ კაპანაძის მიერ 29/01/2018 წლის №0 საგადახდო დავალებით სს "თიბისი ბანკის“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის ნაწილი - 4584.56 ლარის ოდენობით, რომლიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი TRESGE22.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე