გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/7714-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი ხათუნა ბუცხრიკიძე
მოსარჩელე სს „პ------------------ი“
წარმომადგენელი ი-----–- უ----–---–ი, ლ--–- ღ-------ე
მოპასუხე ნ------- წ--------–ი, გ------- მ---------ე
დავის საგანი ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხეებს ნ------- წ--------–სა და გ------- მ---------ეს სს „პ------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N20.5--- საკრედიტო ხელშეკრულებიდან და N6------------- სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5 740.63 აშშ დოლარის გადახდა (ძირითადი თანხა - 4 752.12 აშშ დოლარი, პროცენტი - 988.51 აშშ დოლარი).
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2013 წლის 25 ივნისს სს „პ------------------სა“ და ნ------- წ--------–ს შორის გაფორმდა N20.5--- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბანკმა მსესხებელზე გასცა კრედიტი 7480 აშშ დოლარის ოდენობით 34 თვის ვადით, წლიური სარგებელი 24%.
N20.5--- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2013 წლის 25 ივნისს დაიდო N6------------- სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც გ------- მ---------ემ სს „პ------------------ის“ სასარგებლოდ იკისრა სოლიდარული ვალდებულება მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით წარმოშობილი სრული ვალდებულების შესრულებაზე.
N20.5--- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შედგა სესხის დაფარვის გრაფიკი, რომლის თანახმადაც სესხის დაფარვა უნდა დაწყებულიყო 2013 წლის 18 ივლისიდან და დასრულებულიყო 2016 წლის 18 აპრილს. მსესხებელს სულ უნდა გადაეხადა 2 727.88 აშშ დოლარი, პროცენტი - 1 859.03 აშშ დოლარი და ჯარიმა 315.68 აშშ დოლარი, თუმცა 2014 წლის 20 ოქტომბრიდან დარღვეულ იქნა საკრედიტო ხელშეკრულება.
მიუხედავად ბანკის მხრიდან გაფრთხილებისა (მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები) და წაყენებული მოთხოვნისა, მოპასუხეები არ ასრულებენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, რაც გამოიხატება სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევაში.
2017 წლის 18 დეკემბრის მდგომარეობით მოვალეების დავალიანება კრედიტორის, სს „პ------------------ის“ წინაშე შეადგენს 5 740.63 აშშ დოლარს (ძირითადი თანხა - 4 752.12 აშშ დოლარი, პროცენტი - 988.51 აშშ დოლარი.)
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხე გ------- მ---------ემ შესაგებელი არ წარმოადგინა.
2.2 მოპასუხე ნ------- წ--------–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გ------- მ---------ის ინიციატივით დარეგისტრირდა როგორც ინდივიდუალური მეწარმე. მის შემოსავალს წარმოადგენდა 300 ლარი, რომელსაც ხშირად ვერ იღებდა საწარმოს არარენტაბელურობის გამო. გ------- მ---------ის ინიციატივით 2013 წლის 25 ივნისს სს „პ------------------თან“ გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება 7480 აშშ დოლარზე, რომელსაც გარკვეული დროის განმავლობაში იხდიდა გ------- მ---------ე. საწარმოს მუშაობა წავიდა წაგებაზე და ბუღალტრის შეცდომის გამო მოხდა მოპასუხე ნ------- წ-------–ის დაჯარიმება 12000 ლარით.
მოპასუხე ნ------- წ--------–ი აღნიშნავს, რომ მას გ------- მ---------ესთან არა აქვს კომუნიკაცია და სს „პ------------------იდან“ აღებული სესხი არ არის მისი გადასახდელი, რადგან მოპასუხეები შეთანხმებულები იყვნენ, რომ ფინანსური საკითხები უნდა მოეგვარებინა გ------- მ---------ეს. ამას ემატება ისიც, რომ ნ------- წ--------–ი არ მუშაობს, არ აქვს არანაირი ფინანსური შემოსავალი. ბანკის მიმართ არსებული ვალდებულება უნდა დაეკისროს გ------- მ---------ეს.
2.3 სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ნ------- წ--------–მა აღნიშნა, რომ სარჩელი არის ხანდაზმული.
ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 2013 წლის 25 ივნისს სს „პ------------------სა“ და ნ------- წ--------–ს შორის გაფორმდა N20.5--- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბანკმა მსესხებელზე გასცა კრედიტი 7480 აშშ დოლარის ოდენობით 34 თვის ვადით, წლიური სარგებელი 24%.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- N20.5--- საკრედიტო ხელშეკრულება.
3.1.2 N20.5--- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2013 წლის 25 ივნისს სს „პ------------------სა“ და გ------- მ---------ეს შორის დაიდო N6------------- სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც გ------- მ---------ემ სს „პ------------------ის“ სასარგებლოდ იკისრა სოლიდარული ვალდებულება მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით წარმოშობილი სრული ვალდებულების შესრულებაზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
- N6------------- სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება.
3.1.3. 2014 წლის 20 ოქტომბრიდან მსესხებლების ნ------- წ-------–ისა და გ------- მ---------ის მიერ დარღვეულ იქნა საკრედიტო ხელშეკრულება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი;
- ამონაწერები ანგარიშიდან.
3.1.4. 2017 წლის 18 დეკემბრის მდგომარეობით მოვალეების დავალიანება კრედიტორის, სს „პ------------------ის“ წინაშე შეადგენს 5 740.63 აშშ დოლარს (ძირითადი თანხა - 4 752.12 აშშ დოლარი, პროცენტი - 988.51 აშშ დოლარი.)
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- დავალიანების ცნობა.
-
2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2013 წლის 25 ივნისის N20.5--- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებელი არის ნ------- წ--------–ი, ხოლო თავდები გ------- მ---------ე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმეში წარმოდგენილია საკრედიტო ხელშეკრულება N20.5---, რომელშიც გარკვევით არის აღნიშნული, რომ მსესხებელს წარმოადგენს ნ------- წ--------–ი, აღნიშნულს ადასტურებს ასევე მოპასუხე ნ------- წ--------–ი ხელშეკრულების ყოველ გვერდზე თავისივე ხელმოწერით. მოპასუხე შესაგებელში უთითებს, რომ საკრედიტო ვალდებულება არ არის მის მიერ შესასრულებელი. აღნიშნული გარემოება ვერ გახდება მისი ვალდებულებისაგან განთავისუფლების საფუძველი, ვინაიდან მოპასუხე თავისივე ხელმოწერით ადასტურებს მის მიერ სესხის აღების ფაქტს როგორ საკრედიტო ხელშეკრულებაზე, ასევე კრედიტის დაფარვის გრაფიკზე.
N20.5--- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2013 წლის 25 ივნისს დაიდო N6------------- სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც გ------- მ---------ემ სს „პ------------------ის“ სასარგებლოდ იკისრა სოლიდარული ვალდებულება მსესხებლის, ნ------- წ-------–ის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით წარმოშობილი სრული ვალდებულების შესრულებაზე. აღნიშნული ხელშეკრულების პირობებიც და ის ფაქტი, რომ გ------- მ---------ე წარმოადგენს სოლიდარულ პასუხიმგებელ პირს დადასტურებულია თავად გ------- მ---------ის ხელმოწერით.
აღნიშნული მტკიცებულებების საპირისპიროდ სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის სიტყვიერ განმარტებას, რომ თანხა მას არ უსესხებია და სინამდვილეში თავდებმა მიიღო.
სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია ნ------- წ-------–ის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც წარმოიშვა მხარეებს შორის შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, კრედიტორს შეუძლია ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს მხოლოდ მოვალეს და კრედიტორის წინაშეც მოვალეა მხოლოდ ვალდებული შეასრულოს შესაბამისი ვალდებულება, რაც მან იკისრა მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით.
ის, რომ ვალდებულება ნ------- წ--------–მა იკისრა, დადასტურებულია ხელშეკრულებაზე მისი ხელმოწერით. შესაბამისად, არავითარი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში არა აქვს სხვა პირის მიერ იყო თუ არა აღებული და გახარჯული სესხის თანხა, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც კი არ გამოირიცხება მოპასუხე მხარის ვალდებულება თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით.
3.2.2. ვალდებულების დარღვევის შემდეგ, 2013 წლის 25 ივნისის N20.5--- საკრედიტო ხელშეკრულებაზე მსესხებელი პერიოდულად ახორციელებდა გადახდას. ბოლო გადახდა ფიქსირდება 2015 წლის 1 ოქტომბერს.
სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის ნაწილდება თანაბრად. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოებები. მტკიცების ტვირთი ეკისრება მხარეს, რომელიც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
განსახილველ შემთხვევაში, მას შემდეგ რაც მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ნ------- წ--------–მა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითა, მოსარჩელემ წარმოადგინა მტკიცებულებები და აღნიშნა, რომ ვალდებულება სრულდებოდა 2015-2016 წლებშიც. მოპასუხეები ამ გარემოებას უარყოფენ.
სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ვალდებულება, გრაფიკის დარღვევის შემდეგაც, პერიოდულად სრულდებოდა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ გადახდის ისტორიაზე N20.5--- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე, საიდანაც ირკვევა, რომ მსესხებელი 2014 წლის 18 ივნისის ჩათვლით სრულად იხდიდა სესხზე ყოველთვიურ შენატანს 305 ლარს, ხოლო 2014 წლის 19 სექტემბრიდან პერიოდულად იხდიდა სხვადასხვა თანხებს. ამასთან, კრედიტორი მიიჩნევს, რომ ვალდებულება დაირღვა 2014 წლის 20 ოქტომბრიდან, რასაც არც მოპასუხეები ხდიან სადავოდ. გადახდის ისტორიით, სესხზე საურავის ჩამოჭრა 2014 წლის 19 ნოემბრიდან დაიწყო, ამდენად, ბანკი მიიჩნევს, რომ სწორედ 2014 წლის 21 ოქტომბრიდან დაირღვა ვალდებულება. ბოლო გადახდა ფიქსირდება 2015 წლის 1 ოქტომბერს 197,44 ლარის ოდენობით.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ნ------- წ--------–მა სადავოდ გახადა აღნიშნული თანხების მის მიერ შეტანა და ითხოვა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება, რათა გამოეთხოვა ბანკისგან ინფორმაცია და წარმოედგინა მტკიცებულება, თუ ვის შეჰქონდა მის ანგარიშზე თანხა. სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 2018 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე მოპასუხემ მიუთითა, რომ მას ბანკისთვის არ მიუმართავს მტკიცებულების მოსაპოვებლად.
სასამართლო ასევე აფასებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ 30.12.2014 წლის ბ--- ხ--–-–---–ის განცხადებას, რომლითაც იგი ითხოვს მის ანგარიშზე არსებული თანხები, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული ყოფილიყო ნ------- წ-------–ის N20.5--- საბანკო კრედიტის დასაფარავად. 2018 წლის 31 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ნ------- წ--------–მა დაადასტურა, რომ ბ--- ხ--–-–---–ის ანგარიშს იყენებდნენ სესხის დასაფარავად.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ანგარიშიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ბ--- ხ--–-–---–ის ანგარიშიდან ნ------- წ-------–ის სესხის დასაფარავად 2015 წლის 1 ოქტომბერს ჩამოიჭრა 97,65 ლარი.
საქმეში ასევეა წარმოდგენილი ნ------- წ-------–ის ანგარიშიდან ამონაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ სესხის დასაფარავად ბანკმა 2016 წლის 12 იანვარს მოპასუხეს ჩამოაჭრა 0,85 და 0,35 ლარი, მაგრამ სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ანგარიშზე დარჩენილი რამდენიმე თეთრიანი ნაშთის ავტომატურად ჩამოჭრას, რაც ვალდებულების შესრულებად ვერ შეფასდება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „პ------------------ის” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე, 137-ე, 873-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 867-ე მუხლის თანახმად კი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტი არის სესხი, რომელსაც გასცემს კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი, ამასთან, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, საბანკო კრედიტი ყოველთვის სარგებლიანია.
დადგენილია, რომ სს „პ------------------სა“ და ნ------- წ--------–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტის სასარგებლოდ გაეცა საკრედიტო თანხა შეთანხმებული ოდენობით, ხოლო თავის მხრივ - ნ------- წ--------–მა იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადებში (იხ. ზევით 3.1.1 პუნქტი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
დადგენილია, რომ სს „პ------------------სა” და ნ------- წ--------–ს შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია მოპასუხე გ------- მ---------ის სოლიდარული თავდებობით (იხ. ზევით 3.1.2 პუნქტი). აქედან გამომდინარე, კრედიტორი უფლებამოსილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, მსესხებელთან ერთად სოლიდარულად წაუყენოს მოთხოვნა თავდებსაც.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ კრედიტით სარგებლობისათვის 2013 წლის 25 ივნისის ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური 24% სარგებელი.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
მსესხებელმა დაარღვია გადახდის გრაფიკი ზედიზედ სულ მცირე ორჯერ, რის შემდეგაც ხელშეკრულება შეწყდა და ბანკი უფლებამოსილია, მოითხოვოს როგორც სესხის ძირითადი თანხა, ისე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დარიცხული სარგებელი.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
ამავე კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ხოლო 129-ე მუხლის თანახმად კი, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა 3 წელია.
სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
„ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნა იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთის თანხვედრია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა“ (იხ. სუსგ Nას-547-515-2012).
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის საფუძველზე, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე ბანკს მოთხოვნის უფლება 2014 წლის ოქტომბრიდან წარმოეშვა, როცა მოვალემ ზედიზედ ორჯერ გადააცილა გადახდის ვადას, ამასთან, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა დროში ემთხვევა სუბიექტურ ფაქტორს - მომენტს როცა კრედიტორმა მოთხოვნის უფლების წარმოშობის თაობაზე შეიტყო.
სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
ვადის დენის შეწყვეტა ნიშნავს, რომ შეწყვეტამდე გავლილი დრო ხანდაზმულობის ვადაში არ ჩაითვლება და ვადის ათვლა თავიდან დაიწყება. თუ ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება, როგორც წესი, გამოწვეულია სამართლებრივი ურთიერთობების სუბიექტების ნებისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, ვადის დენის შეწყვეტას კანონი მოსარჩელის ან მოპასუხის შეგნებულ მოქმედებას უკავშირებს. მოთხოვნის აღიარებად ითვლება მხოლოდ მოვალის აქტიური მოქმედებები, რომლებიც ადასტურებენ მის მიერ ვალის აღიარებას. ყველა სხვა მისი ქმედება, კერძოდ კი უმოქმედობა (მაგალითად, რეაქციის არქონა კრედიტორის მოთხოვნაზე) არ წყვეტს ხანდაზმულობის ვადის დენას. ნაწილი ისეთი მოქმედებებისა, რომლებიც მოთხოვნის აღიარებად ჩაითვლება, მითითებულია 137-ე მუხლში. ესენია: ავანსის, პროცენტის გადახდა ან გარანტიის მიცემა. თუმცა პრაქტიკაში შესაძლებელია ვალის სხვა მოქმედების განხორციელებით აღიარება.
ვალის აღიარების აღნიშნული ფორმა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაში განმარტებულია როგორც ვალის დეკლარაციული (კაუზალური) აღიარება. კაუზალურობის განმაპირობებელი ფაქტორი ისაა, რომ აღიარება დამოუკიდებელ თვითმყოფად საფუძველს კი არ ეყრდნობა, არამედ არსებულ საფუძველს (იხ. მესხიშვილი, „ვალის აღიარება (თეორია და სასამართლო პრაქტიკა)“, ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა, V გამოცემა, 2016, 52-66).
სსკ-ის 137-ე მუხლის კონტექსტში ყველა გადახდა გულისხმობს მოვალის მიერ მოთხოვნის აღიარებას, რაც ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იწვევს.
დადგენილია, რომ გრაფიკის დარღვევის შემდეგაც, მოვალე პერიოდულად ასრულებდა ვალდებულებას და ნაწილობრივ ფარავდა ყოველთვიურ შესატანს, ამდენად, ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა 2014 წლის 19 ნოემბერს, როცა მოვალემ გრაფიკის დარღვევის შემდეგ განახორციელა არასრული შენატანი და განახლდა 2015 წლის 2 ოქტომბრიდან, ბოლო არასრული შესრულების მომდევნო დღიდან. სარჩელი სასამართლოში 3-წლიანი ვადის ამოწურვამდე - 2018 წლის 14 მარტსაა წარმოდგენილი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში ნ------- წ--------–სა და გ------- მ---------ეს სს „პ------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 425.39 ლარის ანაზღაურება;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „პ------------------ის“ სარჩელი მოპასუხეების ნ------- წ-------–ისა და გ------- მ---------ის მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. ნ------- წ--------–სა და გ------- მ---------ეს სს „პ------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N20.5--- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 5740.63 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4752.12 აშშ დოლარი, პროცენტი - 988.51 აშშ დოლარი;
3. ნ------- წ--------–სა და გ------- მ---------ეს სს „პ------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 425.39 ლარის ანაზღაურება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია