გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-2190-18
(საქმე №190210118002560005)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 სექტემბერი 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - მაია შოშიაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე - შპს ,,მ----------------------’’
წარმომადგენელი - გ------- თ-------–---–ი
მოპასუხე - ვ----–-- კ-–-----ე
წარმომადგენელი - მ----- ლ---------–----, ლ-- დ--------–-
დავის საგანი - თანხის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე - ვ----–-- კ-–-----ეს მოსარჩელე შპს ,,მ----------------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 19 მაისის სესხის ხელშეკრულება Nრლე17011551-დან გამომდინარე 4045,68 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 2181,6 ლარი, სესხის სარგებელი- 1036,08 ლარი, პირგასამტეხლო - 828 ლარი.
1.2. მოპასუხე - ვ----–-- კ-–-----ეს მოსარჩელე შპს ,,მ----------------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 11 აგვისტოს სესხის ხელშეკრულება Nრლე17018479-დან გამომდინარე 2136,87 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 992,73 ლარი, სესხის სარგებელი 516,15 ლარი, პირგასამტეხლო - 628 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სარჩელზე დადგენილი წესით შესაგებელი წარმოადგინა მოპასუხე - ვ----–-- კ-–-----ემ, რომლითაც სარჩელი ცნო ნაწილობრივ და დაეთანხმა 2017 წლის 19 მაისის სესხის ხელშეკრულება Nრლე17011551-დან გამომდინარე ძირი თანხის 2181,6 ლარის , ხოლო 2017 წლის 11 აგვისტოს სესხის ხელშეკრულება Nრლე17018479-დან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 992,73 ლარი დაკისრებას.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ სარგებლის ნაწილშიც და განმარტა, რომ იგი თანახმაა #რლე170011551 ხელშეკრულებაზე გადაიხადოს სესხისთვის გათვალისწინებული სარგებელი 600 ლარი და #რლე 17018479 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის სარგებელი 250 ლარი.
ვ----–-- კ-–-----ემ არ ცნო სარჩელი პირგასამტეხლოს ნაწილში და განმარტა, რომ შეუსაბამოდ მაღალია.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2017 წლის 19 მაისს შპს ,,მისო ევრო კრედიტსა" და ვ----–-- კ-–-----ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება Nრლე17011551, სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ქამრან მამედოვის (პ/ნ 12001075154) სახელზე რიცხული ავტომობილი: ბმვ 328 ი.
ხელშეკრულების თანახმად გირავნობის საგანი, ავტომობილი, არ წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთადერთ საშუალებას, მსესხებელი პასუხისმგებელია მთელი თავისი ქონებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება #RLE17011551 საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ;
3.1.2. 2017 წლის 19 მაისს საკრედიტო შეთანხმება Nრლე17011551-ით მოსარჩელემ მსესხებელს ყოველთვიური 5.2%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 2300 ლარის ოდენობით. მსესხებელი ვალდებული იყო სესხის დაბრუნება და მასზე რიცხული სარგებლის გადახდა უზრუნველეყო 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად -ყოველთვიურად 143 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება #RLE17011551 საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ;
3.1.3 2017 წლის 11 აგვისტოს საკრედიტო შეთანხმება Nრლე17018479-ით მოსარჩელემ შპს ,,მისო ევრო კრედიტმა’’ მსესხებელს ვ----–-- კ-–-----ეს ყოველთვიური 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 1000 ლარის ოდენობით. მსესხებელი ვალდებული იყო სესხის დაბრუნება და მასზე რიცხული სარგებლის გადახდა უზრუნველეყო 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გაიხდიდა სესხის სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად - ყოველთვიურად 61 ლარი ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო შეთანხმება #RLE17018479;
3.1.4. საკრედიტო შეთანხმება Nრლე17011551-ის მიხედვით მსესხებელმა ვერ/არ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულებების შესრულება, კონკრეტულად კი, მის მიერ გადახდილია 4 თვის გადასახადი სრულად, რაც შეეხება მე-5 თვის (19.10.17) გადასახადს 143 ლარის ნაცვლად მის მიერ გადახდილია 134.43 ლარი, რომლითაც სრულად გაიქვითა იმავე თვის სარგებელი და ძირი თანხა შემცირდა 19.47 ლარით. მე-5 თვის დარჩენილი ნაწილი და მომდევნო თვეების გადასახადი მის მიერ გადახდილი არ არის.
საკრედიტო შეთანხმება Nრლე17018479-ის მიხედვით მსესხებელმა ვერ/არ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულებების შესრულება, კონკრეტულად კი, მის მიერ გადახდილია 58 ლარი, რაც სრულად გაიქვითა პირველი თვის სარგებელში და ძირი თანხა შემცირდა 7,27 ლარით. პირველი თვის დარჩენილი ნაწილი და მომდევნო თვეების გადასახადი მის მიერ გადახდილი არ არის.
2018 წლის 26 ივნისს ხელშეკრულებით დადგენილი წესით მსესხებელს მოსარჩელემ გაუგზავნა შეტყობინება და გააფრთხილა, რომ ნებაყოფლობით დაეფარა დავალიანება, ხოლო მიცემულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსარჩელე მიმართავდა სასამართლოს, თუმცა მოპასუხის მხრიდან რეაგირება არ ყოფილა და ვალდებულება არ შესრულებულა.
3.1.5. საკრედიტო შეთანხმება Nრლე17011551-ს ვალდებულებებიდან გამომდინარე, მსესხებელს ეკისრება ვალდებულება გადაიხადოს:
ა.სესხის დარჩენილი ძირი თანხა - 2181.6 ლარი
ბ. სარგებელი - 19.11.17 წლის და ყოველი მომდევნო თვის 19 რიცხვისთვის სესხის დარჩენილი ნაწილის 5.2%, რაც შეადგენს თვიურ 113.44 ლარს, შესაბამისად, ვინაიდან 2017 წლის 19 ნოემბრიდან დღემდე გასულია სრული 09 თვე (07.04.17 07.05.17 07.06.17 07.07.17 07.08.17 07.09.17 07.10.17 07.11.07 07.12.17 07.01.18) და 04 კალენდარული დღე (2018 წლის 19 ივლისიდან) რიცხული სარგებელი შეადგენს 1036.08 ლარს (113,44 x 09+ 04 დღის სარგებელი 15.12 ლარი)
პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 3 ლარის ოდენობით. ვინაიდან 2017 წლის 20 ოქტომბრიდან სარჩელის შემოტანის დღემდე გასულია 276 კალენდარული დღე, პირგასამტეხლო შეადგენს 828 ლარს (276 x 3) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის 6 ლარის ოდენობა, მაგრამ მოსარჩელის ნებით შემცირებულია ორჯერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 23 ივლისის ცნობა დავალიანების შესახებ;
3.1.6. საკრედიტო შეთანხმება Nრლე17018479-ის ვალდებულებებიდან გამომდინარე, მსესხებელს ეკისრება ვალდებულება გადაიხადოს:
ა.სესხის დარჩენილი ძირი თანხა - 992.73 ლარი
ბ. სარგებელი - 11.10.17 წლის და ყოველი მომდევნო თვის 11 რიცხვისთვის სესხის დარჩენილი ნაწილის 5%, რაც შეადგენს თვიურ 49.63 ლარს, შესაბამისად, ვინაიდან 2017 წლის 11 ოქტომბრიდან დღემდე გასულია სრული 10 თვე (16.04.17 16.05.17 16.06.17 16.07.17 16.08.17 16.09.17 16.10.17 16.11.07 16.12.17 16.01.18) და 12 კალენდარული დღე (2018 წლის 11 ივლისიდან) რიცხული სარგებელი შეადგენს 516.15 ლარს (49.63 x 10+ 12 დღის სარგებელი 19.85 ლარი)
პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2 ლარის ოდენობით. ვინაიდან 2017 წლის 12 სექტემბრიდან სარჩელის შემოტანის დღემდე გასულია 314 კალენდარული დღე, პირგასამტეხლო შეადგენს 628 ლარს (314x2) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის 6 ლარის ოდენობა, მაგრამ მოსარჩელის ნებით შემცირებულია სამჯერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 23 ივლისის ცნობა დავალიანების შესახებ;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. მართალია მოპასუხე არ დაეთანხმა პირგასამტეხლოსა და სესხისთვის გათვალისწინებული სარგებლის თანხის სრულად გადახდას, მაგრამ სადავოდ არ გაუხდია არც ხელშეკრულების და არც ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსი, მათ სასამართლოსგან მოითხოვეს, რომ პირგასამტეხლო და სარგებელი, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, შემცირებულიყო.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. იგივე შედეგი დგება სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობის შემთხვევაშიც.
იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო სასამართლოს მოსამზადებელ და ასევე მთავარ სხდომაზე დავალიანების ძირითადი თანხის დაკისრების და პროცენტის მოთხოვნის ნაწილში ნაწილობრივ ამდენად, სასამართლომ მიიჩნევს, რომ სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ მისი ცნობის გამო და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდა (იმ ოდენობით, რაც ცნო მოპასუხემ).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით შპს ,,მისო ევრო კრედიტსა" და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.
ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის“. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება წარმოიშობა. ამდენად, სესხის დროს პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ სასესხო ვალდებულებას და აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით. შესაბამისად, თუ მოსარჩელე (გამსესხებელი) ვერ დაადასტურებს ძირითადი ვალდებულების არსებობის ფაქტს, პროცენტის გადახდის ვალდებულებაც არ არსებობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 19 მაისს მოპასუხესა და შპს ,,მისო ევრო კრედიტს" შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სესხი 2300 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის წარმოიშვა სასესხო სამართლებრივი ურთიერთობა. ასევე 2017 წლის 11 აგვისტოს საკრედიტო შეთანხმება Nრლე17018479-ით მოსარჩელემ შპს ,,მისო ევრო კრედიტმა’’ მსესხებელს ვ----–-- კ-–-----ეს ყოველთვიური 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 1000 ლარის ოდენობით.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ შპს ,,მ----------------------ს'' მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული სესხის ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა სესხი. მოპასუხეს სესხი გადაეცა სარგებლის დარიცხვის სანაცვლოდ. ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის. ამასთან, მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ და მთავარ სხდომაზე ცნო დავალიანების ძირი თანხის და პროცენტის ( ნაწილობრივ) ნაწილში. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირი თანხის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, ასევე სარგებლის ნაწილში ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე , ჯამში 850 ლარის ოდენობით უნდა დაკმაყოფილდრეს სარჩელის ცნობის გამო.
6.3. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე სადავოდ გახადა პირგასამტეხლოს და სესხის ნარჩენი ძირით სარგებლობისთვის გათვალისწინებული პროცენტის ოდენობა და მიუთითა, რომ პირგასამტეხლოსა და სარგებლის ნაწილში ( 850 ლარს ზევით თანხის დაკისრებაზე) მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა რომ ეთანხმება ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხების 2181.6 ლარისა და 992.73 ლარის დაკისრებას, ხოლო სარგებლის ნაწილში მიიჩნევს, რომ ყოველთვიური 5% -იანი განაკვეთი არის მაღალი და უნდა შემცირდეს 3% -მდე. ეთანხმება 2017 წლის 19 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის 600 ლარის დაკისრებას ( ნაცვლად 1036.08 ლარისა) და 2017 წლის 11 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის სარგებელს 250 ლარის ოდენობით დაკისრებას ( ნაცვლად 516.15 ლარისა). ამდენად, სასამართლომ უნდა შეაფასოს არის თუ არა სესხით სარგებლობისთვის გათვალისწინებული სარგებელი და პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი . სასამართლო მიიჩნევს. რომ მოპასუხის პოზიცია ორივე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის 5% მოცულობით განსაზღვრასთან დაკავშირებით, როგორც მაღალის, არ არის საფუძვლიანი და შესაბამისად, არ უნდა შემცირდეს. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, რომელიც მოთხოვნილია 2017 წლის 19 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 828 ლარის ოდენობით, ხოლო 2017 წლის 11 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე 628 ლარის ოდენობით, სასამართლოს მოსაზრებით, არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე Nას-1560-1463-2012). სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეები მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით რომ ზიანი მიადგეს სხვას. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და დადგენილად მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს. სასამართლოს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, რომ შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა, მისი შეხედულებისამებრ, თუ მიიჩნევს, რომ ის არის შეუსაბამოდ მაღალი. მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე დავალიანების ოდენობიდან და დარღვევის პერიოდიდან, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირება და მოპასუხისათვის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით - Nრლე17011551 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაცვლად 828 ლარისა 300 ლარი, ხოლო Nრლე17018479 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაცვლად 628 ლარისა 150 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძებისათვის და 185,47 ლარი სასარჩელო მოთხოვნებისათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი მოსამზადებელ და მთავარ სხდომაზე, მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 107.97 ლარი, ხოლო სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 83.81 ლარის ოდენობით დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
იქიდან გამომდინარე, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ძალაში უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე შპს ,,მ----------------------ს’’ სარჩელი მოპასუხე ვ----–-- კ-–-----ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2. მოპასუხე ვ----–-- კ-–-----ეს მოსარჩელე შპს ,,მ----------------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს Nრლე17011551 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხის გადახდა 3517,68 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2181.6 ლარი, სარგებელი -1036.08 ლარი, პირგასამტეხლო - 300 ლარი.
მასვე Nრლე17018479 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს სესხის თანხის გადახდა 1658,88 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა- 992.73 ლარი, სარგებელი -516.15 ლარი, პირგასამტეხლო - 150 ლარი;
3. მოპასუხე ვ----–-- კ-–-----ეს მოსარჩელე შპს ,,მ----------------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 83.81 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
4. მოსარჩელე შპს ,,მისო ევრო კრედიტს’’ უკან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 23 ივლისს გადახდილი ბაჟიდან 185,47 ლარიდან 107.97 ლარი (საგადასახადო დავალება #1532336682), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი: 300 063 150;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია შოშიაშვილი