გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 100310018002520855
საქმე #3/28-18 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04.10.2018 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: გოგიტა ტალახაძე
მოსარჩელე - სს „ გ---- “
წარმომადგენელი - შ----- იმ---ე.
მოპასუხე - ს.ს.ი.პ. ჭიათურის მუნიციპალიტეტი (მერია)
წარმომადგენელი - ვლ-------- სა-–--ე.
დავის საგანი - თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა მოსარჩელე - სს „ გ---- “-ს (ს/ნ 2--------) წარმომადგენელმა შ----- იმ---ე (პ/ნ 0----------) მოპასუხე ჭიათურის მუნიციპალიტეტის (ს/ნ 215609544) მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ სს „ეი-ბი-სი ფარმაციასა“ (დღეის მდგომარეობით სს „გ----“ (ს/კ 2--------) და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის 2017 წლის 3 იანვარს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმის მიხედვით სს „გ----“-მ იკისრა ვალდებულება სოციალური პროგრამის ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის მიერ სოციალურად დაუცველ პაციენტებზე გაცემული საგარანტიო წერილის/ვაუჩერის საფუძველზე ინკურაბელური, მძიმე და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, უზრუნველყო შესაბამისი მედიკამენტებით.
მიმწოდებელმა მუნიციპალიტეტს გადაუგზავნა 2017 წლის მაისი-აგვისტოს საანგარიშსწორებო პერიოდებზე განხორციელებული შესრულების ხარჯები (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) და მოითხოვა მისი ანაზღაურება.
მიუხედავად კომპანიის არაერთი თხოვნისა მუნიციპალიტეტი დღემდე თავს იკავებს ვალდებულების შესრულებისაგან რის გამოც ს.ს. „გ----“ ჭიათურის მუნიციპალიტეტისთვის დავალიანების თანხის დაკისრების მოთხოვნით იძულებულია მიმართოს სასამართლოს.
დადგენილია, რომ მიმწოდებელმა მემორანდუმი გააფორმა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, აღნიშნული მემორანდუმი მოიცავდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას რომლის დაფინანსების წყაროს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი წარმოადგენდა. შესაბამისად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არა საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილება სხვა კერძო სამართლის სუბიექტი ვერ დადებდა ამგვარ ხელშეკრულებას/მემორანდუმს, ესე-იგი გამგეობა მოქმედებდა საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისად ამ სამართალ ურთიერთობიდან გამომდინარე დავაც სწორედ ადმინისტრაციული სასამართლოს განსჯადი უნდა იყოს.
1.2. მოსარჩელე ითხოვს დაეკისროს ს.ს.იპ. ჭიათურის მუნიციპალიტეტს სს „გ----“-ს ს/კ (2--------) სასარგებლოდ 19119 ლარის გადახდა.
1.3 დაეკისროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას სს „გ----“ -ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოადგინა სარჩელი რომლითაც უარს აცხადებს მოსარჩელის სს „გ----“ -ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე და განმარტავს, რომ სს „ეი-ბი-სი ფარმაციას“ და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის 2017 წლის 03 იანვარს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. 2017 წლის 5 მაისს „ ეი-ბი-სი ფარმაცია “ შეერწყა სს „ გ----“-ს და წარმოადგენს მის უფლებამონაცვლეს. კომპანიების შერწყმის შესახებ 2017 წლის 10 მაისს გახდა ცნობილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის. თანხის ანაზღაურება ვერ მოხერხდება იმის გამო, რომ 2018 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული 2017 წლის დავალიანებები, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ამ ეტაპზე მოკლებულია ფინანსურ შესაძლებლობას, რათა მოახდინოს აღნიშნული თანხის ანაზღაურება, აქედან გამომდინარე აღნიშნული დავალიანების დაფარვის ფინანსური საშუალება არ გაგვაჩნია. თანხის მოძიების შემთხვევაში მოხდება აღნიშნული საკითხის შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია რომ სს „ეი-ბი-სი ფარმაციასა“ (დღეის მდგომარეობით სს „გ----“) და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის 2017 წლის 3 იანვარს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი (შემდგომში მემორანდუმი). აღნიშნული მემორანდუმი გაფორმდა 2015 წლის 16 იანვრის N3 დადგენილების განსაზღვრული სოციალური პროგრამის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს ჭიათურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ინკურაბელური, მძიმე და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების სამკურნალო სამედიცინო მედიკამენტებით უზრუნველყოფას
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- მემორანდუმი (ს.ფ 11-13)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.2. 2017 წლის 5 მაისს ს.ს. „ეი-ბი-სი ფარმაცია“ შეერწყა სს „გ----“-ს და ამჟამინდელი მდგომარეობით სს „გ----“ წარმოადგენს სს „ეი-ბი-სი ფარმაცია“-ს უფლებამონაცვლეს.
საწარმოების შერწყმის შესახებ 2017 წლის 10 მაისს ეცნობა მოპასუხეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 14-18)
- 2017 წლის 10 მაისის შეტყობინება. (ს.ფ 19)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.3. მემორანდუმის მიხედვით სს „გ----“-მ იკისრა ვალდებულება სოციალური პროგრამის ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის მიერ სოციალურად დაუცველ პაციენტებზე გაცემული საგარანტიო წერილის/ვაუჩერის საფუძველზე ინკურაბელური, მძიმე და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, უზრუნველყო შესაბამისი მედიკამენტებით. მემორანდუმის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა იკისრა ვალდებულება მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ ხარჯვის დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ ერთი თვის ვადაში მოეხდინა მიმწოდებელთან ანგარიშსწორება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- მემორანდუმი (ს.ფ 11-13)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.4. დადგენილია, რომ მიმწოდებელმა მუნიციპალიტეტს გადაუგზავნა 2017 წლის მაისი-აგვისტოს საანგარიშსწორებო პერიოდებზე განხორციელებული შესრულების ხარჯები (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მიღება-ჩაბარების აქტები) და მოითხოვა მისი ანაზღაურება. მიუხედავად კომპანიის არაერთი თხოვნისა მუნიციპალიტეტი დღემდე თავს იკავებს ვალდებულების შესრულებისაგან რის გამოც მუნიციპალიტეტის გამგეობის დავალიანება სს „გ----“-ს მიმართ დღეის მდგომარეობით შეადგენს 19 119 (ცხრამეტი ათას ცხრამეტი) ლარს. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე ფაქტობრივად არ უარყოფს დავალიანების არსებობის მიზეზია 2018 წლის ბიუჯეტში 2017 წლის დავალიანებების გაუთვალისწინებლობა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ თანხის მოძიების შემთხვევაში მოხდება გადაწყვეტილების მიღება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ანგარიშფაქტურები (1 ტ. ს.ფ 72-300, მე-2 ტ ,მე-3 ტ)
- დისკი (ს.ფ.66-67)
- სს „გ----“-ს მიერ მუნიციპალიტეტისთვის გაგზავნილი შეტყობინება დავალიანების დაფარვის შესახებ. (ს.ფ 24)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სახეზეა ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც მიწოდებულია პროდუქცია და ვალდებულება მოპასუხის მხრიდან თანხის ანაზღაურების ნაწილში შესრულებული არ არის.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე , 349-ე, 361-ე, 477-ე მუხლებi, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის შესაბამისად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 349-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების შესრულება შეიძლება მოითხოვოს როგორც კრედიტორმა, ასევე მესამე პირმა, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ანდა თვით ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
6.4.ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულება – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება;
6.5. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
სასამართლო თვლის, რომ მოპასუხე მემორანდუმის დადებისას მოქმედებდა საჯაროსამართლებრივი (სოციალური პროგრამა) უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისად ამ სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავა ადმინისტრაციული სასამარტლოს განსჯადია.
6.6. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. დაუშვებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში მითითებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა.
6.7.ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება.
6.6.დადგენილია, რომ სს „ეი-ბი-სი ფარმაციასა“ (დღეის მდგომარეობით სს „გ----“) და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის 2017 წლის 3 იანვარს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი (შემდგომში მემორანდუმი). აღნიშნული მემორანდუმი გაფორმდა 2015 წლის 16 იანვრის N3 დადგენილების განსაზღვრული სოციალური პროგრამის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს ჭიათურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ინკურაბელური, მძიმე და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების სამკურნალო სამედიცინო მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.8.მემორანდუმის მიხედვით ს.ს. „გ----“-მ იკისრა ვალდებულება სოციალური პროგრამის ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის მიერ სოციალურად დაუცველ პაციენტებზე გაცემული საგარანტიო წერილის/ვაუჩერის საფუძველზე ინკურაბელური, მძიმე და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, უზრუნველყო შესაბამისი მედიკამენტებით. მემორანდუმის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა იკისრა ვალდებულება მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ ხარჯვის დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ ერთი თვის ვადაში მოეხდინა მიმწოდებელთან ანგარიშსწორება.
6.9.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე.
6.10. დადგენილია, რომ მიმწოდებელმა მუნიციპალიტეტს გადაუგზავნა 2017 წლის მაისი-აგვისტოს საანგარიშსწორებო პერიოდებზე განხორციელებული შესრულების ხარჯები (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მიღება-ჩაბარების აქტები) და მოითხოვა მისი ანაზღაურება. მიუხედავად კომპანიის არაერთი თხოვნისა მუნიციპალიტეტი დღემდე თავს იკავებს ვალდებულების შესრულებისაგან რის გამოც მუნიციპალიტეტის გამგეობის დავალიანება სს „გ----“-ს მიმართ ამჟამინდელი მდგომარეობით შეადგენს 19 119 (ცხრამეტი ათას ცხრამეტი) ლარს. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე ფაქტობრივად არ უარყოფს დავალიანების არსებობის მიზეზია 2018 წლის ბიუჯეტში 2017 წლის დავალიანებების გაუთვალისწინებლობა.
6.11.განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც მიწოდებულია საქონელი, ხოლო გადახდილი არ არის ფასი, შესაბამისად სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მთლიანი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.
6.12. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზეც მას უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად. სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად, ამიტომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 23 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53.1, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს.ს.,,გ----“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს და ს.ს.ი.პ. ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტს“ ს.ს.,,გ----“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 19119 (ცხრამეტიათასასცხრამეტი) ლარის გადახდა.
2. ს.ს.ი.პ. ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტს“ ს.ს.,,გ----“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 574 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N 32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
მოსამართლე: ივანე ყიფიანი