გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.10.2018
საქმის ნომერი
160210018002402463
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
17.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210018002402463

საქმე №2/410-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე

მოსარჩელე - სს "სა---------–--------ი"

წარმომადგენელი - ლე-----------ე

მოპასუხეები - შპს ,,A-----–--------------------ა“, ნა----–-----------–--ე

შპს ,,A-----–--------------------ის“ წარმომადგენელი - გო----------------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ,,A-----–--------------------ა“-ს და ნა----–-----------–--ეს სს ,,სა---------–--------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ დავალიანების 72 821, 64 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 62 850.29 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 3704.03 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 6267.32 აშშ დოლარი.

 

1.2. შპს ,,A-----–--------------------ა“-ს და ნა----–-----------–--ეს სს ,,სა---------–--------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებულ დავალიანების ძირ თანხაზე 62 850, 29 აშშ დოლარზე, წლიური 11.75% სარგებლის სოლიდარულად გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 615,4 აშშ დოლარს, სარჩელის აღძვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

1.3. შპს ,,A-----–--------------------ა“-ს და ნა----–-----------–--ეს სს ,,სა---------–--------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 62 850,29 აშშ დოლარზე და დარიცხულ პროცენტზე 3704,03 აშშ დოლარზე პირგასამტეხლოს სოლიდარულად გადახდა 0,5%-ის ოდენობით, ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 332,77 აშშ დოლარს, სარჩელის აღძვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

1.4.დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს იპოთეკის საგნის - საკადასტრო კოდი 83.02.17.2-- იძულებით რეალიზაცია. ხოლო თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, აღსრულება მიექცეს მოპასუხეების შპს ,,A-----–--------------------ა“-ს და ნა----–-----------–--ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.

 

სარჩელის საფუძვლები

 

2014 წლის 18 მარტს სს ,,პრ----------------ს“ და შპს ,,A-----–--------------------ს“ შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება N FW5.6--. ხელშეკრულების შესაბამისად ბანკს და მსესხებელს შორის შეთანხმდა ზოგადი პირობები. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საკრედიო ლიმიტი განისაზღვრა 500000 აშშ დოლარით ან/და შესაბამისი ექვივალენტით ლარებში ან/და სხვა უცხოურ ვალუტაში, მოქმედების ვადა განისაზღვრა 360 თვით, მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი არაუმეტეს წლიური 36%.

 

2015 წლის 14 ივლისს სს ,,პრ----------------ს“ და შპს ,,A-----–--------------------ს” შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N 76.1---- რომლის თანახმადაც ბანკმა მსესხებელზე გასცა კრედიტი 98 940 აშშ დოლარის ოდენობით. კრედიტის ვადა 60 თვე, საპროცენტო განაკვეთი - 11.75%. კრედიტის გადახდა ხორციელდება ხელშეკრულების თანდართული გრაფიკით.

 

მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად სს ,,პრ----------------ს“ და შპს ,,A-----–--------------------ს“ შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც პირველადი იპოთეკით დაიტვირთა შპს ,,A-----–--------------------ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ 83.02.17.2--).

გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად 2014 წლის 18 მარტს სს ,,პრ----------------ს“ და ნა----–-----------–--ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება. ნა----–-----------–--ემ აიღო ვალდებულება მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული N FW5.6-- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულების სოლიდარულად შესრულების შესახებ. პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 500 000 აშშ დოლარი.

 

2015 წლის 14 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მითებული კრედიტის თანხა მსესხებელს სრულად არ დაუბრუნებია, არ შეასრულა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით თანხის გადახდის ვალდებულება. 2017 წლის ოქტომბრის შემდგომ კრედიტის თანხა ბანკისათვის არ დაუბრუნებია. გადაუხდელი დავალიანება შეადგენს ძირითად თანხას 62 850. 29 აშშ დოლარს, საპროცენტო სარგებელი - 3704.03 აშშ დოლარი.

 

სს ,,პრ----------------ი“-ს უფლებამონაცვლეს მოცემულ დავაში წარმოადგენს სს ,,სა---------–--------ი“.

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შპს ,,A-----–--------------------ა“-მ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე ცნო სარჩელი ნაწილობრივ, სესხის ძირითადი თანხის - 62 850. 29 აშშ დოლარის და პროცენტის - 3704.03 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს შესახებ განმარტა, რომ შეუსაბამოდ მაღალი თანხაა და მოითხოვა შემცირება 0.1% -მდე. ასევე არ დაეთანხმა მიუღებელი შწემოსავლის სახით თანხის დაკისრების მოთხოვნას, გადაწყვეტილების აღსრულებამდე თანხის დაკისრებას პირგასამტეხლოს სახით და იპოთეკის საგნის რეალიზაციას.

 

მოპასუხე ნა----–-----------–--ემ სასამართლოში შესაგებელი არ წარმოადგინა, სასამართლო სხდომაზე მან ასევე ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის - 62 850. 29 აშშ დოლარის და პროცენტის - 3704.03 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს შესახებ განმარტა, რომ შეუსაბამოდ მაღალი თანხაა და მოითხოვა შემცირება 0.1% -მდე. ასევე არ დაეთანხმა მიუღებელი შწემოსავლის სახით თანხის დაკისრების მოთხოვნას, გადაწყვეტილების აღსრულებამდე თანხის დაკისრებას პირგასამტეხლოს სახით და იპოთეკის საგნის რეალიზაციას.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 18 მარტს სს ,,პრ----------------ს“ და შპს ,,A-----–--------------------ს“ შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება N FW5.6--. ხელშეკრულების შესაბამისად ბანკს და მსესხებელს შორის შეთანხმდა ზოგადი პირობები. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საკრედიო ლიმიტი განისაზღვრა 500000 აშშ დოლარით ან/და შესაბამისი ექვივალენტით ლარებში ან/და სხვა უცხოურ ვალუტაში, მოქმედდების ვადა განისაზღვრა 360 თვით, მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი არაუმეტეს წლიური 36%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება ( ს.ფ. 29-35)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

3.1.2. 2015 წლის 14 ივლისს სს ,,პრ----------------ს“ და შპს ,,A-----–--------------------ს” შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N 76.1---- რომლის თანახმადაც ბანკმა მსესხებელზე გასცა კრედიტი 98 940 აშშ დოლარის ოდენობით. კრედიტის ვადა 60 თვე, საპროცენტო განაკვეთი - 11.75%. კრედიტის გადახდა ხიორციელდება ხელშეკრულების თანდართული გრაფიკით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ 29-35)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

3.1.3. მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად სს ,,პრ----------------ს“ და შპს ,,A-----–--------------------ს“ შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც პირველადი იპოთეკით დაიტვირთა შპს ,,A-----–--------------------ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ 83.02.17.2--).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 42-44)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

3.1.4. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად 2014 წლის 18 მარტს სს ,,პრ----------------ს“ და ნა----–-----------–--ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება. ნა----–-----------–--ემ აიღო ვალდებულება მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული N FW5.6-- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულების სოლიდარულად შესრულების შესახებ. პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 500 000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ39-41)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

3.1.5. 2015 წლის 14 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მითებული კრედიტის თანხა მსესხებელს სრულად არ დაუბრუნებია, არ შეასრულა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით თანხის გადახდის ვალდებულება. 2017 წლის ოქტომბრის შემდგომ კრედიტის თანხა ბანკისათვის არ დაუბრუნებია. გადაუხდელი დავალიანება შეადგენს ძირითად თანხას 62 850. 29 აშშ დოლარს, საპროცენტო სარგებელი - 3704.03 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

3.1.6. სს ,,პრ----------------ი“-ს უფლებამონაცვლეს მოცემულ დავაში წარმოადგენს სს ,,სა---------–--------ი“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცესიის ხელშეკრულება (ს.ფ.69-87)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მტკიცებულებების გამოკვლევის და სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ვალდებულების შესრულება და ზიანის ანაზღაურება, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, ასევე უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-16-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 868-ე, 394-ე, 404-ე, 411- 412-ე, 414-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 463–ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 286-ე, 289-ე, 301-ე მუხლები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო, სოლიდარული თავდებობის და იპოთეკის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

2015 წლის 14 ივლისს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელს - შპს ,,A-----–--------------------ს“ და ნა----–-----------–--ეს წარმოეშვათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხის დაბრუნების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის გადახდის ვალდებულება, რაც არ შესრულდა.

 

6.2. მოპასუხეები ცნობენ სარჩელს სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდის მოთხოვნის ნაწილში, ასევე პირგასამტეხლოს 0.1%-ის ოდენობით დაკისრების ნაწილში, რაც მოპასუხეებისათვის ამ თანხის დაკისრების საკმარისი საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 1. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. 2. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია. მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროს 67 807,78 აშშ დოლარის გადახდა.

 

6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ საფუძვლიანია ბანკის მოთხოვნა ზიანის ასანაზღაურებლად მიუღებელი შემოსავლის დაკისრების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

ამავე კოდექსის 404-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

მოსარჩელე ზიანის ასანაზღაურებლად მოითხოვს მიუღებელ შემოსავალს, კერძოდ იმ სარგებლის ანაზღაურებას, რაც ვერ მიიღო მოპასუხეების მიერ კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო.

 

მოსარჩელის ამ მოთხოვნის საფუძვლიანობის გადასაწყვეტად მხედველობაშია მისაღები საკრედიტო ხელშეკრულების იურიდიული ბუნება. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „თ“ პუნქტის თანახმად, კრედიტი არის დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება; სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს არა მარტო გაცემული კრედიტის ძირითად თანხას, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტსაც.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაში საქმეზე N ას-1385-1307 განმარტა: „საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, .... ბანკს გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება“ .

 

განსახილველ საქმეში უდავოდ დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, რაც კრედიტორისათვის ზიანის გამომწვევი ქმედებაა. საკრედიტო ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე იგი მხოლოდ სასყიდლიანი გარიგებაა. ბანკის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე მოვალის მიერ დაბრუნებული კრედიტის თანხა და სარგებელი არის ბანკის შემოსავლის მიღების საშუალება, რასაც ბანკი გამოიყენებს კვლავ კრედიტის გაცემის მიზნით და რასაც ასევე სარგებლის მიღება უკავშირდება.

 

სასამართლო ამ საკითხთან დაკავშირებითაც მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას. „საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა, აღნიშნული კი მყარ პრეზუმფციათა რიგს განეკუთვნება (იხ. სუსგები - Nას-1385-1307-2012, 07.02.2013წ; Nას-725-693-2014, 03.07. 2015 წ.). ასევე 17 , 2017 წლის თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-681-652-2016.

 

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ საბანკო კრედიტის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს ადგება ზიანი, რაც გამოიხატება იმაში რომ თანხის დაუბრუნებლობის გამო იგი ვერ იღებს შემოსავალს ამ თანხის კვლავ საკრედიტო ბრუნვაში გამოყენების გზით, ვერ გასცემს ამ თანხას ისევ კრედიტის სახით და ვერ იღებს სარგებელს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანი (დანაკარგია), რომელიც ბანკმა ვერ მიიღო მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.

 

ამდენად, დასაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისათვის სოლიდარულად მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ. მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოსარჩელისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 615.4 აშშ დოლარის გადახდა.

 

6.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა შემცირდეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, რადგან მოთხოვნილია არაგონივრულად მაღალი თანხა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%-ს.

 

სარჩელით მოთხოვნილია პირგასამტეხლო 6267,32 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე კრედიტის ძირ თანხაზე და საპროცენტო სარგებელზე ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 0.5 %, რაც ყოველდღიურად შეადგენს 332.77 აშშ დოლარს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრულად მაღალია და იგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.

 

პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.

 

კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შესაბამისობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვა უფრო მეტად მოვალის დასჯას ისახავს მიზნად, ვიდრე კრედიტორის სავარაუდო ზიანის პრევენციას. მით უფრო, რომ სარჩელით მიუღებელი შემოსავალიც არის მოთხოვნილი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს განსაზღვრის მთავარი დანიშნულებაა ვალდებულების დარღვევის პრევენცია, მოვალეზე „ზეწოლა“, რათა მომავალში ფინანსური სანქციის დაკისრების შიშით მოვალემ მიიღოს ზომები ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისათვის. ვალდებულების დარღვევის შემდეგ პირგასამტეხლო იძენს ასევე ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქციას, რადგან ვალდებულების დარღვევის ფაქტის არსებობის გამო მას პრევენციის მნიშვნელობა აღარ აქვს. ამდენად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის დროს შესაძლოა სასამართლოს შეფასების საგანი გახდეს ვალდებულების გარემოებებისადმი შესაბამისი გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოა თუ არა მოთხოვნილი. პირგასამტეხლოს გონივრულობისათვის მნიშვნელოვანია, რომ მოვალეს არ დაეკისროს იმ ოდენობის ფინანსური სანქცია, რაც ვალდებულების შესრულებას გაართულებს და მოვალეს მძიმე ტვირთად დააწვება.

 

სასამართლო მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს ყოველდღიურად სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დავალიანების 66 554,32 აშშ დოლარის 0,1%-ით, რაც ერთ ვადაგადაცილებულ დღეში არის 66.55 აშშ დოლარი.

 

6. 5. სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,A-----–--------------------ა“- სთან ერთად სოლიდარული პასუხისმგებლობა ამ ვალდებულების შესრულებისათვის ეკისრება მოპასუხე ნა----–-----------–--ეს, ასევე ამ თანხის გადახდევინების მიზნით უნდა განხორციელდეს მოპასუხე შპს ,,A-----–--------------------ა“- ს საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.

 

განსახილველ საქმეში უდავოა, რომ მხარეებს შორის წერილობით გაფორმებულია თავდებობის და იპოთეკის ხელშეკრულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ძირითადმა მოვალემ დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია სოლიდარულ თავდებს წარუდგინოს კრედიტის დაბრუნების მოთხოვნა. ამ შემთხვევაში ნა----–-----------–--ესთან დადებული შეთანხმებით წარმოშობილია სოლიდარული თავდებობა შპს ,,A-----–--------------------ის“ საკრედიტო ვალდებულების შესრულების საკითხში, რის გამოც მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამდენად, იპოთეკა არის სანივთო უზრუნველყოფის საშუალება, რომელიც კრედიტორს ანიჭებს უფლებას ამ ქონების ხარჯზე დაიკმაყოფილოს მისი მოთხოვნა მოვალის მიმართ. იპოთეკისათვის განმსაზღვრელია ის ხელშეკრულება, რომლითაც წარმოშობილი მოთხოვნა უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მთავარი მოთხოვნაა სესხის დაკისრება, ხოლო იპოთეკა არის დამატებითი მოთხოვნა, იგი აქცესორული უფლებაა, რადგან უზრუნველყოფს მხარეებს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შესრულებას და მას დამოუკიდებელი სამართლებრივი მნიშვნელობა არა აქვს. იპოთეკის ხელშეკრულება შესაბამისი მთავარი ხელშეკრულების გარეშე მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 3111 მუხლით დადგენილი წესით. გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს აგრეთვე უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ამ ნორმების საფუძველზე, იპოთეკის არსია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ვლდებულების იძულებით შესრულება განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ქონების ხარჯზე. იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკის საგნის რეალიზაცია. მოსარჩელის წინაშე საკრედიტო ვალდებულება მოპასუხეებს შესრულებული არა აქვთ, რის გამოც საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ.

 

იპოთეკის ხელშეკრულების 5.6 მუხლის თანახმად, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ არის საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად ან/და იპოთეკის საგნის პირდაპირ საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში იპოთეკის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს საკრედიტო მოთხოვნის ოდენობას, მხარეები თანხმდებიან, რომ ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლება სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც გასწვდება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა ან მისი ღირებულება.

 

სასამართლო აღნიშნავს, თავდებობა არის ვალდებულების უზრუნველყოფის პირადი საშუალება, რომლის არსი იმაში მდგომარეობს, თავდები პირადად მთელი თავისი ქონებით პასუხს აგებს ვალდებულების შესრულებისათვის. თუკი ძირითადმა მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა. ნა----–-----------–--ე არის სოლიდარული თავდები, რადგან მან თავდებობის ხელშეკრულებით იკისრა შპს ,,A------–----------------------“ კრედიტის დაბრუნების ვალდებულება მსესხებლის თანაბარწილად. ამდენად, თავდებობის, როგორც ვალდებულების პიროვნული უზრუნველყოფის საშუალების არსი ის არის, რომ თავდები ვალდებულების შესრულების საკითხში პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით. ამ შემთხვევაში სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თავდები პასუხს აგებს საკრედიტო ვალდებულებისათვის მთელი თავისი ქონებით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუკი იპოთეკის დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ბანკს უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხეების სხვა ქონების რეალიზაცია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში საპროცესო ხარჯების განაწილება უნდა მოხდეს დავის საგნის ფასის და დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად.

 

სარჩელის ფასი შეადგენს 459 359, 04 აშშ დოლარს. სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 35.44%. მოპასუხეებმა მოსამზადებელ ეტაპზე ცნეს დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის 41,64%.

 

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 5000 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ამდენად, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 735 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 1035 ლარის ანაზღაურება, ხოლო სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი თანხა - 3228 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სს „სა---------–--------ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

1.1. მოპასუხეებს შპს ,,A-----–--------------------ს“ და ნა----–-----------–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ სს „ს----------–---------------ის“ 67 807.78 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 62 850.29 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი 3704.03 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1253.46 აშშ დოლარი.

 

1.2. მოპასუხეებს შპს ,,A-----–--------------------ს“ და ნა----–-----------–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ სს „სა---------–--------ისათვის“ ზიანის ასანაზღაურებლად ყოველთვიურად 615,4 აშშ დოლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

1.3. მოპასუხეებს შპს ,,A-----–--------------------ს“ და ნა----–-----------–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ სს „სა---------–--------ისათვის“ პირგასამტეხლოს ანაზღაურება სესხის ძირი თანხის (62 850. 29 აშშ დოლარი) და პროცენტის თანხის (3704.03 აშშ დოლარი) 0.1 % ყოველდვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 66.55 აშშ დოლარს.

 

1.4.დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს იპოთეკის საგნის - შპს პლასტიკური კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 83.02.17.2--) რეალიზაცია, ხოლო ამონაგები თანხა თუ საკმარისი არ იქნება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, გადახდევინება მოქცეული იქნეს მოპასუხეების სხვა ქონებაზე;

 

2. მოპასუხეებს შპს ,,A-----–--------------------ს“ და ნა----–-----------–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ისათვის“ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილის 1035 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელეს სს ,,სა---------–--------ს“ დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 735 ლარი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე