გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/39238-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - არ------------------ი
წარმომადგენელი - გულნაზ ზუხბაია
მოპასუხე - სსიპ სა---–-–-------------------------–----------ო
წარმომადგენელი - მა------–-------ი
მესამე პირი - გა---------------ი
წარმომადგენელი - თე--------------ი
დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გაუქმდეს საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქალაქი თბ--–---------------------------------------9, საზიარო საგნის ნატურით გაყოფის გზით.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
საცხოვრებელი სახლი, მდებარე: ქ. თბ--–---------------------------------------9, ტექ. აღრიცხვის ბიუროში აღრიცხული იყო არ------------------ის პაპის - არ--------------ის სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 1974 წლის 11 იანვარს. მის სამკვიდროს დაეუფლა არ--------------ის შვილი - გი------------------ი (არ------ და გა---------------ების მამა), რომელიც გარდაიცვალა 2008 წლის 06 იანვარს. გი------------------ს დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილები - არ------------------ი, გა---------------ი და ნი---------–---ი. 2011 წლის 24 იანვარს ნი---------–---მა სანოტარო წესით დაადასტურა ფაქტი მამის სამკვიდროს მიუღებლობის შესახებ, რის შედეგადაც 2012 წლის 23 მაისს გაცემულ იქნა სამკვიდრო მოწმობა სამკვიდროს ½ ნაწილზე მოსარჩელე არ------------------ის სახელზე, ხოლო სამკვიდრო ქონების ½ ნაწილზე სამკვიდრო მოწმობა ჯერ არ არის გაცემული მოსარჩელის ძმაზე - გა---------------ზე, რომელიც ცხოვრობს ნი-----------ში. მას სამკვიდრო ქონება მიღებული აქვს სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით.
საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრეა სახელმწიფო. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წერილით, რათა მომხდარიყო მათ შორის თანასაკუთრებაში არსებული ქონების, მდებარე: თბ--–---------------------, რეალურად გაყოფა. სა---–-–-------------------------–-----------ომ თავადაც მიმართა საჯარო რეესტრს და გამოითხოვა სხვადასხვა დოკუმენტაცია, თუმცა მხარეთა შორის გამიჯვნა მაინც არ მომხდარა და გამიჯვნასთან დაკავშირებით მოსარჩელეს პასუხიც არ მიუღია. მოსარჩელემ, ასევე მიმართა საჯარო რეესტრს, რათა უძრავი ქონების თანამესაკუთრედ არ დაეფიქსირებინათ სახელმწიფო საჯარო რეესტრის ჩანაწერში, ვინაიდან აღნიშნული ქონება რეალურად არ იყო სახელმწიფოს საკუთრება, რაზეც უარი იქნა მიღებული.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა, ასევე განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ------------------ს მემკვიდრეობით მიღებული აქვს საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილი თავის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად და საკუთრების უფლებაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, იგი სრულყოფილად ვერ სარგებლობს მისი კუთვნილი წილი უძრავი ქონებით, ვინაიდან საცხოვრებელი სახლის უმეტესი ნაწილი დაკავებული აქვს გა---------------ს და იგი სარგებლობს ამ ფართით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სსიპ სა---–-–-------------------------–----------ო არ წარმოადგენს მოცემულ საქმეზე სათანადო მოპასუხე მხარეს, ვინაიდან როგორც მოსარჩელე უთითებს, საკუთრების უფლების ხელყოფა ხორციელდება მისი ძმის - გა---------------ის მიერ. ისეთ პირობებში, კი როდესაც მოსარჩელე თავად არ ხდის სადავოდ გარემოებას, რომ გა---------------ი არის იმ ქონების მესაკუთრე, რომელიც ამ დროისათვის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე, გაუგებარია სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს მოპასუხედ დასახელება და მოთხოვნის ასეთი ფორმით ჩამოყალიბება.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას, მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არ ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, ვინაიდან საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შესაძლებელია სადავო ქონების გამიჯვნა, თუმცა ასეთი გაყოფის შემთხვევაში საჭიროა მხარეების მიერ ამოშენებული და მოწყობილ იქნეს დანართზე წითელი ფერით ნაჩვენები ტიხარი, კიბე, ფანჯრისა და კარის ღიობები. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, კი აქვს დადგენილი პრაქტიკა, რომლის თანახმად თუკი ერთგვაროვან ნაწილებად დასაყოფად ქონება საჭიროებს სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებას, რაც შესაბამისი უწყებებიდან სპეციალურ ნებართვას საჭიროებს, ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია საზიარო საგნის ნაყოფით გაყოფა. ამასთან, მოპასუხე არაა თანახმა გაწიოს საზიარო საგნის გაყოფასთან დაკავშირებული ხარჯები, ვინაიდან აღნიშნული ხარჯები არაა გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტით.
2.2. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირი, გა---------------ი, ასევე არ დაეთანხმა წარმოდგენილ სარჩელს და განმარტა, რომ მოსარჩელეს დაკეტილი აქვს თავისი საცხოვრებელი ფართი და მას სარგებლობაში ხელს არავინ უშლის. უძრავი ნივთის ½ წილი დატოვებულია ღიად გა---------------ის სასარგებლოდ და აღნიშნული ქონება არ წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას. ამასთან, მესამე პირის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე, ასევე განმარტა, რომ ვინაიდან საზიარო საგნის გაყოფისათვის საჭიროა პროექტის შედგენა და ნებართვის აღება, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ საზიარო საგნის გაყოფა შეუძლებელია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბ--–--------------------- (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 378.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 42, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3, №4) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია არ------------------ისა (1/2 ნაწილი) და სახელმწიფოს სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 21)
3.1.2. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 ივნისის № 004178618 დასკვნის თანახმად, ქალ--------–--–--------------------ში მდებარე უძრავი ქონების გამიჯვნა ორ იზოლირებულ ნაწილად სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით, ფუნქციური დანიშნულების შემცირების გარეშე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული წილების (½ და ½) შესაბამისად შესაძლებელია ისე, როგორც ეს დანართ №3-ზე და №4-ზეა აღნიშნული. ასეთი გაყოფის შემთხვევაში, ქალ--------–--–--------------------ში მდებარე:
- 209.58 კვ.მ. შენობა-ნაგებობიდან პირველი ½ წილის მფლობელს შესაძლებელია გამოეყოს დანართ №3-ზე ლურჯი ფერით აღნიშნული 104.79 კვ.მ. ფართი, ხოლო მეორე ½ წილის მფლობელს შესაძლებელია გამოეყოს დანართ №3-ზე ყვითელი ფერით აღნიშნული 104.79 კვ.მ.
- განაშენიანებისაგან თავისუფალი 236 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან პირველი ½ წილის მფლობელს შესაძლებელია გამოეყოს დანართ №4-ზე ლურჯი ფერით აღნიშნული 118 კვ.მ ფართი, ხოლო მეორე ½ წილის მფლობელს შესაძლებელია გამოეყოს დანართ №4-ზე ყვითელი ფერით აღნიშნული 118 კვ.მ. ფართი. აღნიშნული გაყოფა შეესაბამება მათი წილების შესაბამის ფართს.
ექსპერტიზის დასკვნაში, ასევე აღნიშნულია, რომ ასეთი გაყოფის შემთხვევაში, საჭიროა მხარეების მიერ ამოშენებულ და მოწყობილ იქნეს დანართზე წითელი ფერით ნაჩვენები ტიხარი, კიბე, ფანჯრისა და კარის ღიობები.
სრული იზოლირებით მიწის ნაკვეთისა და შენობა ნაგებობების გამიჯვნის შემთხვევაში, საჭიროა ყვითელი ფერით გამოყოფილი ფართისათვის ნიაბის ქუჩის მხრიდან კიბისა და კარის ღიობის მოწყობისათვის (დანართ №3-ზე მწვანე ფერით მონიშნული) შედგეს შესაბამისი საპროექტო და სანებართვო დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტაციის შედგენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მიწის ნაკვეთის იზოლირებულად გაყოფა ისე, როგორც ეს დანართ №4-ზეა აღნიშნული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიწის ნაკვეთი დარჩება თანამესაკუთრეთა საერთო სარგებლობაში.
ექსპერტიზის დასკვნაში შენიშვნის სახით, აღნიშნულია, რომ ქალ--------–--–--------------------ში მდებარე მიწის ნაკვეთის ზემოთაღნიშნული გამიჯვნის გეგმით გაყოფის შემთხვევაში, შესაძლებელია გამოყოფილმა მიწის ნაკვეთებმა შეიძინონ შეუსაბამო მიწის ნაკვეთის სტატუსი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ 2016 წლის 24 მაისის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №14-39 დადგენილების თავი IV. მუხლი 26-ის „მიწის ნაკვეთის გამიჯვნა“ მოთხოვნის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.06.2018წ. დასკვნა (იხ. ექსპერტიზის დასკვნა);
3.1.3. დღეის მდგომარეობით, მოსარჩელე არ------------------ი და მესამე პირი გა---------------ი ფაქტობრივად ფლობენ და სარგებლობენ უძრავი ქონებით, მდებარე: ქალაქი თბ--–---------------------, ს/კ 01.17.02.0--.0--. კერძოდ, მხარეთა განმარტებით, 18.06.2018წ. ექსპერტიზის დასკვნის დანართ №3-ზე ლურჯი ფერით აღნიშნული ფართი დაკავებული აქვს მოსარჩელე არ------------------ს, ხოლო ყვითელი ფერით აღნიშნული ფართი, კი გა---------------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა და მესამე პირის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ არ------------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე, 963-ე, 964-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიხედვით, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებულია და უზრუნველყოფილი. აღნიშნული დებულების მიზანია ყოველი პირის დაცვა სხვა პირების მხრიდან მისი საკუთრებით მშვიდობიანად სარგებლობის უფლებაში გაუმართლებელი ჩარევისაგან. ამასთან, საკუთრება წარმოადგენს პირთა აბსოლუტურ უფლებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ქონების ამა თუ იმ პირზე კუთვნილებას უნდა აცნობიერებდეს არა მარტო ამ ნივთის მფლობელი, არამედ ყველა დანარჩენი მესამე პირი. ეს წინაპირობები აუცილებელია იმისათვის, რათა მესაკუთრემ შეძლოს ქონებასთან თავისუფალი ურთიერთობების განხორციელება. სასამართლო განმარტავს, რომ ნივთზე საერთო საკუთრების არსებობა არ ნიშნავს საკუთრების უფლების შეზღუდვას და დაკნინებას. თითოეული თანამესაკუთრე სრულფასოვნად უნდა ახორციელებდეს თავის უფლებას და თავისუფლად უნდა სარგებლობდეს თანასაკუთრებაში არსებული ნივთით, თუმცა სხვა თანამესაკუთრეთა ინტერესების გათვალისწინებით.
საკუთრების უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, როდესაც მესაკუთრე საერთო (წილად) საკუთრებაში არსებულ ნივთზე სრულფასოვნად ვერ ახორციელებს თავის უფლებას ან სხვა რაიმე მიზეზით მისთვის მოუხერხებელია სხვა თანამესაკუთრესთან საერთო უფლებით დაკავშირება, კანონი ნებისმიერ თანამესაკუთრეს აძლევს უფლებას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოტივით მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. რომელიც შეიძლება განხორციელდეს საზიარო საგნის ნატურით გაყოფის გზით (სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი), ხოლო თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია - საზიარო საგნის რეალიზაციით (სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლი).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე, ქალაქი თბ--–---------------------, ს/კ 01.17.02.0--.0--, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია არ------------------ის (1/2 ნაწილი) და სახელმწიფოს სახელზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით. ამდენად, საზიარო უფლების გაუქმება წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნას, რომლის დისპოზიციური უფლებამოსილება – შეარჩიოს საზიარო უფლების გაუქმების კონკრეტული საშუალება, შეზღუდულია მატერიალური კანონმდებლობით.
ამდენად, ზემოთ აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს - არ------------------ისა და სახელმწიფოს საზიარო უფლების გაუქმება უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბ--–---------------------------------------9, საზიარო საგნის ნატურით გაყოფის გზით.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სადავო საკითხთან დაკავშირებით განმარტა, რომ „საზიარო უფლების გაუქმება კანონით გარანტირებული უფლებაა. იგი მესაკუთრის აბსოლუტურ უფლებათა რანგშია აყვანილი იმ თვალსაზრისით, რომ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნა ხანდაზმულობის ვადას არ ექვემდებარება. ამასთან, პატივსადები ინტერესის არსებობის შემთხვევაში, მისი მოთხოვნა მაშინაც შეიძლება, როდესაც შეთანხმებით საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის უფლება სამუდამოდ, ან განსაზღვრული ვადით გამორიცხულია. კანონმდებლის ნება ნათელი და ცალსახაა. საზიარო უფლების მქონეს ნებისმიერ დროს შეუძლია, მოითხოვოს თავისი იდეალური წილის რეალურად გამოყოფა. ერთადერთი შეზღუდვა, რასაც კანონმდებელი აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის აწესებს არის ის, რომ საზიარო უფლების მქონე პირის უფლებით, გააუქმოს საზიარო საკუთრება, არ უნდა შეილახოს სხვა თანაზიარი მესაკუთრის საკუთრების უფლების ხელშეუვალობა. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. ამდენად, დაუშვებელია საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, თუ შეუძლებელია ყველა თანამესაკუთრის საკუთრების უფლების ღირებულების შენარჩუნება საკუთარი იდეალური წილის შესაბამისად. მხოლოდ ერთი თანამესაკუთრის იდეალური წილის იმგვარი გამოყოფა, რომლითაც დაცულია ამ უკანასკნელის საზიარო საგნის გაყოფამდე არსებული მდგომარეობა (ღირებულება), საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის კონტექსტში ლეგიტიმურს არ ხდის, თუ დაცული და შენარჩუნებული არ არის სხვა თანამესაკუთრეთა იდეალური წილის მდგომარეობა (ღირებულება)“ (იხ. სუსგ. საქმე №ას-1148-1094-2014; 19 მარტი, 2015 წელი).
სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ საზიარო უფლების გაუქმებასთან დაკავშირებული ზემოთ მითითებული ორივე კომპონენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი. ამასთან, ორივე შემთხვევაში, ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამასთან, ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი. არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა.
განსახილველ შემთხვევაში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 ივნისის დასკვნაში (იხ. გადაწყვეტილების 3.1.2 პუნქტი), მითითებულია, რომ უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბ--–---------------------, გაყოფის შემთხვევაში, საჭიროა მხარეების მიერ ამოშენებულ და მოწყობილ იქნეს დანართზე წითელი ფერით ნაჩვენები ტიხარი, კიბე, ფანჯრისა და კარის ღიობები. ამასთან, სრული იზოლირებით მიწის ნაკვეთისა და შენობა ნაგებობების გამიჯვნის შემთხვევაში, საჭიროა ყვითელი ფერით გამოყოფილი ფართისათვის ნიაბის ქუჩის მხრიდან კიბისა და კარის ღიობის მოწყობისათვის შედგეს შესაბამისი საპროექტო და სანებართვო დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტაციის შედგენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მიწის ნაკვეთის იზოლირებულად გაყოფა ისე, როგორც ეს დანართ №4-ზეა აღნიშნული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიწის ნაკვეთი დარჩება თანამესაკუთრეთა საერთო სარგებლობაში. დასკვნაში შენიშვნის სახით, ასევე მითითებულია, რომ თუნდაც მიწის ნაკვეთის ზემოთ აღნიშნული გამიჯვნის გეგმით გაყოფის შემთხვევაში, შესაძლებელია გამოყოფილმა მიწის ნაკვეთებმა შეიძინონ შეუსაბამო მიწის ნაკვეთის სტატუსი. დასკვნაში მითითებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №14-39 დადგენილების მე-4 თავის 26-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მიწის ნაკვეთის დაყოფისას შესაძლებელია სამშენებლო მიწის ნაკვეთად მხოლოდ იმ ნაწილის გამოყოფა, რომლის შესაბამისი ფუნქციური ზონით დადგენილი სამშენებლო პოტენციალი (პარამეტრები) არ არის ათვისებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახლად წარმოქმნილი მიწის ნაკვეთ(ებ)ი იძენს შეუსაბამო მიწის ნაკვეთის სტატუსს ამ თავის მოთხოვნათა შესაბამისად.
ამდენად, წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ საზიარო საგანი არ შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, რის გამოც, დაუშვებელია საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით. დასახელებული კი, იმთავითვე ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის სულისკვეთებას მოხდეს საზიარო საგნის, როგორც მთლიანის იმგვარი გაყოფა, რომლითაც არ შემცირდება მისი ღირებულება.
შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული დასაბუთების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ, სახეზე არ არის სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა არ------------------ის სარჩელი, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მის მიერ ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1.არ------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2.სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე