გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/14810-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
2 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელე: სს ''თ----------ი'';
წარმომადგენლები: ნ-----------------ა, ლ---–-----–--ე;
მოპასუხეები:მ------------------–---–ი, პ--------------–---–ი;
დავის საგანი: საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს - მ------------------–---–ს და პ--------------–---–ს მოსარჩელე სს თ----------ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 4235.11 ლარის გადახდა, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 2358.96 ლარი, პროცენტი - 1824.88 ლარი, ხოლო დაზღვევა - 51.27 ლარი.
1.2. თავდების - პ--------------–---–ის პასუხისმგებლობა განისაზღვროს არაუმეტეს - 2980 ლარით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მ------------------–---–მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას მოსარჩელის მიერ მითითებული ოდენობით დავალიანება არ გააჩნია, რის გამოც მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე მხარის განმარტებით, მოსარჩელე მხარემ სრულად არ გასცა კრედიტი 3200 ლარის ოდენობით, დაარღვია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით დადგენილი პირობა, რის შედეგადაც სრულად არ განახორციელა მის სახელზე სესხის გაცემის დღეს სს ''თ----------ში'' არსებული 600 ლარიანი განვადების ბარათის და 1600 ლარიანი ''ფ--------------'' დაფარვა და გაუქმება, რის გამოც მის მიერ შეტანილი თანხები მოსარჩელე მხარემ მიმართა არასწორად, უკანონოდ, ხელმეორედ (ნაწილობრივ) ბარათების დასაფარად, თავდების მიერ გადახდილი 480.33 ლარი მოსარჩელემ არასამართლიანად მიმართა ისევ განვადების ბარათის დასაფარად. 2014 წლის 30 ივლისს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მიზნობრიობა იყო ''განვადების ბარათის'' და 1600 ლარიანი ''ფ--------------'' დაფარვა, რაც მოსარჩელის მიერ არ შესრულდა, ამასთან, 2014 წლის 30 ივლისს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იმავე დღეს გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულებაც, რომლის საგანია მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავეჯი, ტექნიკა, ინვენტარი, ამდენად, აღნიშნული სესხი იყო უზრუნველყოფილი. მოსარჩელის მიერ დარღვეულია და არ არის შესრულებული ხელშეკრულების დანართის 1.1.1. და 1.1.2. პუნქტი, აღნიშნულმა გამოიწვია ის, რომ მოპასუხე მხარის მიერ გადახდილი 1228 ლარი არ არის ასახული ვალდებულების დაფარვის გრაფიკში, რაც იწვევს ხელოვნულად დავალიანების გაზრდას (იხ. შესაგებელი).
2.2. მოპასუხე პ--------------–---–ს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია, ამასთან, არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა, ამიტომაც მისი პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. დადგენილია, რომ სს ''თ----------ს'' და მ------------------–---–ს შორის 2014 წლის 30 ივლისს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N3-------------, რომლის მიხედვით მსესხებელზე უნდა გაცემულიყო კრედიტი - 3200 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 26%-ით, კრედიტის ვადა - 902 დღე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ასევე 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, ყოველთვიური შენატანი - 144.96 ლარი, კრედიტის დასაფარად შენატანების ოდენობა, ვადები და საერთო ოდენობა განისაზღვრა შემდეგნაირად: ოდენობა 4349 ლარი (30 შენატანის ჯამური თანხა), ყოველთვიური შენატანი და ერთობლიობაში 30 შენატანი, კრედიტის მიზნობრიობა: რესტრუქტურიზაცია (იხ. ს.ფ. 15-19).
ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ GPIH. სადაზღვევო პრემია - მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიური 0.72% (იხ.ს.ფ. 21-23).
2014 წლის 30 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების N3------------- დანართის მიხედვით (შეთანხმება დამატებითი პირობების შესახებ) მხარეები შეთანხმდნენ, რომ გასაცემი საკრედიტო პროდუქტის გაცემის პირობა განისაზღვროს შემდეგნაირად: 1.1.1. გაცემის დღეს დაიფაროს და გაუქმდეს მსესხებლის სახელზე სს ''თ----------ში'' არსებული განვადების ბარათი (ხელშეკრულების ნომერია 9------------, წინსწრების საკომისიო 2%). 1.1.2. სესხის გაცემის დღეს დაიფაროს და გაუქმდეს მსესხებლის სახელზე სს ''თ----------ში'' არსებული 1600 ლარიანი ''ფ-------------'' (იხ.ს.ფ. 20).
3.1.2. 2014 წლის 30 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იმავე დღეს გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება N1-----------, რომლის თანახმადაც გირავნობის საგანს წარმოადგენდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები: ავეჯი, ტექნიკა, ინვენტარი (იხ.ს.ფ. 84-85).
3.1.3. დადგენილია, რომ 2014 წლის 29 ნოემბერს პ--------------–---–ს და სს ''თ----------ს'' შორის დაიდო სოლიდარული ვალდებულების, თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა აიღო ვალდებულება ბანკსა და მ------------------–---–ს შორის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 3755 ლარით (იხ.ს.ფ. 26-29).
3.1.4. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარისათვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება გადანაწილებულ იყო 30 თვეზე. ამ პერიოდის განმავლობაში მოპასუხე მხარეს 30-ჯერ უნდა გადაეხადა ყოველთვიურად - 144.96 ლარი, ყოველთვიურად 144.96 ლარის დაფარვით მოპასუხე ფარავდა როგორც კრედიტის ძირითად თანხას, ასევე საპროცენტო სარგებელს.
3.1.5. დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს გადაეცა კრედიტის დაფარვის გრაფიკი არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და კრედიტის ძირითადი თანხით - 3200 ლარის გაცემით, არამედ კრედიტის ძირითადი თანხით - 2500 ლარის გაცემით, რის გამოც, საერთო ჯამში, დასაფარი თანხის ოდენობად განისაზღვრა - 3422.32 ლარი, ნაცვლად 4349 ლარისა (საიდანაც, კრედიტის ძირითადი თანხა უნდა ყოფილიყო 3200 ლარი) რომლის საფუძველზეც უნდა დაფარულიყო და გაუქმებულიყო მსესხებლის სახელზე სს ''თ----------ში'' არსებული განვადების ბარათი და 1600 ლარიანი ''ფ-------------'' (იხ.ს.ფ. 20).
დადგენილია, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების დარღვევით, 2500 ლარის ოდენობით კრედიტის და შესაბამისი დაფარვის გრაფიკის გაცემით, მოსარჩელის მიერ განხორციელდა მხოლოდ სესხის ნაწილის დაფარვა, რაც წარმოდგენს მოსარჩელე მხარის შეცდომას, რამდენადაც მხარეთა შორის გაფორმებული N3------------- ხელშეკრულებით ცალსახად განისაზღვრა, რომ მსესხებელზე უნდა გაცემულიყო კრედიტი - 3200 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 26%-ით, ყოველთვიური შენატანი - 144.96 ლარი, მთლიანი ოდენობა - 4349 ლარი (30 შენატანის ჯამური თანხა), კრედიტის მიზნობრიობა: რესტრუქტურიზაცია (იხ.ს.ფ. 15-19) და აღნიშნული კრედიტის თანხით სრულად უნდა დაფარულიყო და გაუქმებულიყო მსესხებლის სახელზე სს ''თ----------ში'' არსებული სესხები და მოპასუხე მხარეს უნდა მიეღო შესაბამისი გადახდის გრაფიკი, რაც მოპასუხე მხარის მოლოდინს და მის ნამდვილ ინტერესს წარმოადგენდა და არა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების დარღვევით, 2500 ლარის ოდენობით კრედიტის გაცემით მის მიმართ არსებული სესხის ნაწილის დაფარვა და კვლავ რამოდენიმე სესხის არსებობა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის გაფორმებული N3------------- ხელშეკრულების კრედიტის მიზნობრიობას სწორედ რესტრუქტურიზაცია წარმოადგენდა (იხ.ს.ფ. 15-19).
3.1.6. დადასტურებულია, რომ საბანკო კრედიტის N3------------- ხელშეკრულების ფარგლებში გადასახდელი თანხიდან მოპასუხის მიერ მთლიანობაში დაფარულია - 1484.10 ლარი (იხ.ს.ფ.198, იხ. სხდომის ოქმი).
3.1.7. დადგენილია და მხარეები არ დავობენ, რომ მოპასუხე მხარის დავალიანება დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს - 51.27 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, შეთანხმება დამატებითი პირობების შესახებ (ს.ფ. 15-20);
- დანართი/პოლისი (ს.ფ. 21-23);
- თავდებობის განცხადება, თავდებობის ხელშეკრულება (25-29);
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 30-31);
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 32);
- ცნობა (ს.ფ.238);
- ამონაწერები (ს.ფ. 239-256);
- 2018 წლის 21 ივნისის ცნობა;
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი;
- ანგარიშიდან ამონაწერები;
- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ. სდომის ოქმები, სარჩელი, შესაგებელი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ''თ----------ის'' სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 464-ე, 867-ე- 895-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე. ვინაიდან, მოპასუხე პ--------------–---–ს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია, მის მიმართ მოთხოვნის ნაწილში სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად უნდა იქნეს მიჩნეული, ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს შემდეგს:
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
- დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების პირობების დარღვევით მოპასუხეს გამოეყო კრედიტი და განისაზღვრა კრედიტის დაფარვის გრაფიკი არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და კრედიტის ძირითადი თანხით - 3200 ლარის გაცემით, არამედ კრედიტის ძირითადი თანხით - 2500 ლარის გაცემით, რის გამოც, საერთო ჯამში, დასაფარი თანხის ოდენობად განისაზღვრა - 3422.32 ლარი, ნაცვლად 4349 ლარისა, რომლის საფუძველზეც უნდა დაფარულიყო და გაუქმებულიყო მსესხებლის სახელზე სს ''თ----------ში'' არსებული განვადების ბარათი და 1600 ლარიანი ''ფ-------------'' (იხ.ს.ფ. 20), რაც არ განხორციელდა მოსარჩელის მიერ სრულად და ჯეროვნად.
- დადგენილია, რომ ხელშეკრულების ფარგლებში მხოლოდ 2500 ლარის ოდენობით კრედიტის გაცემით, დაიფარა მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმებამდე არსებული სესხის ნაწილი ნაცვლად მისი სრულად დაფარვისა, რაც წარმოდგენს მოსარჩელე მხარის შეცდომას.
- მხარეთა შორის გაფორმებული N3------------- ხელშეკრულებით კი ცალსახად განისაზღვრა, რომ მსესხებელზე უნდა გაცემულიყო კრედიტი - 3200 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 26%-ით, ყოველთვიური შენატანი - 144.96 ლარი, მთლიანი ოდენობა - 4349 ლარი - 30 შენატანის ჯამური თანხა (იხ.ს.ფ. 15-19).
- აღნიშნული კრედიტის თანხით (3200 ლარის გაცემით) სრულად უნდა დაფარულიყო და გაუქმებულიყო მსესხებლის სახელზე სს ''თ----------ში'' არსებული სესხები და მოპასუხე მხარეს უნდა მიეღო შესაბამისი გადახდის გრაფიკი, რაც მოპასუხე მხარის მოლოდინს და მის ნამდვილ ინტერესს წარმოადგენდა.
- N3------------- ხელშეკრულების კრედიტის მიზნობრიობას კი სწორედ რესტრუქტურიზაცია წარმოადგენდა (იხ.ს.ფ. 15-19).
- ამასთან, დადგენილია, რომ არც მოპასუხე მხარის მიერ განხორციელებულა ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულებები სრულად და ჯეროვნად, რამდენადაც საბანკო კრედიტის N3------------- ხელშეკრულების ფარგლებში გადასახდელი თანხიდან - 4349 ლარიდან მოპასუხის მიერ მთლიანობაში დაფარულია - 1484.10 ლარი (ის.ს.ფ. 198).
- ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის დავალიანება დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს - 51.27 ლარს.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ხელშეკრულებათა ცალმხრივად და ორმხრივად კლასიფიცირება ხდება იმის მიხედვით, ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულება ეკისრება ორივე მხარეს, თუ იგი მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს წარმოეშობა. პირველ შემთხვევაში, სახეზეა ორმხრივად მავალდებულებელი, ხოლო მეორე შემთხვევაში კი - ცალმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება არის სინალაგმატური ანუ ორმხრივად მავალდებელებელი ხელშეკრულება, რამეთუ თითოეულ მხარეს გააჩნია ერთდროულად უფლებებიც და ეკისრება მოვალეობებიც.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებების რეალურად და კონსენსუალურად დაყოფის კრიტერიუმია, თუ რა მომენტიდან ითვლება ხელშეკრულება დადებულად. მოცემული ხელშეკრულება კონსენსუალურია, რამეთუ იგი დადებულად ითვლება მას შემდეგ, როცა მხარეები ყველა მის არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
ხელშემკრველ მხარეთა უფლება-მოვალეობების დადგენამდე უპრიანია ყურადღება მიექცეს ხელშეკრულების მხარეთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპთან მიმართებით. გამომდინარე იქიდან, რომ კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერების საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს. კეთილსინდისიერების პრინციპს სამი ფუნქცია ეკისრება: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომლებიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და ''მაკორექტირებელი'' ფუნქცია.
სასამართლოს მოსაზრებით, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მიზნობრიობაზე, მასთან, მიუთითოს მოსარჩელე მხარის შეცდომაზე და მოპასუხე მხარის ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე. საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით და კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულების პირობების სათანადოდ შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ გასაცემი კრედიტის ძირითადი თანხა შეადგენდა - 3200 ლარს (ერთობლიობაში - 4349 ლარს) და მის მიერ უნდა განხორციელებულიყო მოვალის მიმართ არსებული სესხების სრულად დაფარვა და გაუქმება, რაც მოსარჩელე მხარის მიერ არ განხორციელდა ჯეროვნად, ხოლო მოპასუხე მხარეს ხელშეკრულების პირობების განუხრელად დაცვის შემთხვევაში მის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენდა - 4349 ლარს, რაც მის მიერ ასევე არაჯეროვნად იქნა შესრულებული, რამდენადაც გადასახდელი თანხიდან - 4349 (144.96*30 თვეზე) ლარიდან მოპასუხის მიერ მთლიანობაში დაფარულია - 1484.10 ლარი (ის.ს.ფ. 198), ამ პირობებში სასამართლო თვლის, რომ მოპასუხე მხარეს სს ''თ----------ის'' სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის და სარგებლის ერთობლიობაში - 2865 ლარის (4349 ლარს - 1484.10 ლარი) და დაზღვევის - 51.27 ლარის გადახდა, სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მხარეთა შორის წარმოშობილი სადავო ურთიერთობის სწორად გადაწყვეტას. ამასთან, სამართლიანობის მიღწევის გარდა, სამართლის ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება.
აღსანიშნავია, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
''ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის'' 6-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში შესასრულებელი ვალდებულების და შესრულებული ვალდებულების წილობრივი გადანაწილების მიხედვით.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. მოცემულ შემთხევაში, წარმოდგენილია სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, დავალიანების გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2014 წლის 29 ნოემბერს პ--------------–---–ს და სს ''თ----------ს'' შორის დაიდო სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა აიღო ვალდებულება ბანკსა და მ------------------–---–ს შორის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განსაზღვრულია. აღნიშნულიდან გამომდინარე თავდები პირი ვალდებულია ზღვრული თანხის ფარგლებში აიღოს პასუხისმგებლობა ძირითად მსესხებელთან ერთად ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელე სს ''თ----------ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ დავალიანების ძირითადი თანხის და სარგებლის - 2865 ლარის და დაზღვევის - 51.27 ლარის გადახდა.
ამდენად, სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. შესაბამისად, მოპასუხეებს მ------------------–---–ს და პ--------------–---–ს მოსარჩელე სს ''თ----------ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 137 ლარის (87 ლარი + 50 ლარის უზრუნველყოფის) გადახდა. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. ამასთან, მოსარჩელის მიერ სარჩელზე ნაწილობრივ უარის თქმის გამო მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან - 507.15 ლარიდან უკან უნდა დაუბრუნდეს - 355 ლარი.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. შესაბამისად, ხარჯის გაწევის ფაქტი სათანადო მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2000 ლარამდე ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს იურიდიული მომსახურების სახით გადახდილი აქვს - 500 ლარი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - არაუმეტეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის 4%-ს 100 ლარის ოდენობით გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ''თ----------ის'' სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხეებს - მ------------------–---–ს და პ--------------–---–ს მოსარჩელე სს ''თ----------ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების ძირითადი თანხის და სარგებლის - 2 865 ლარის და დაზღვევის - 51.27 ლარის გადახდა.
2.1. თავდების - პ--------------–---–ის პასუხისმგებლობა განისაზღვროს არაუმეტეს - 2980 ლარით.
3. მოპასუხეებს - მ------------------–---–ს და პ--------------–---–ს მოსარჩელე სს ''თ----------ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 137 ლარის გადახდა.
4. მოპასუხეებს - მ------------------–---–ს და პ--------------–---–ს მოსარჩელე სს ''თ----------ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სასამართლოსგარეშე ხარჯის სანაცვლოდ - 100 ლარის გადახდა.
5. მოსარჩელე სს ''თ----------ს'' დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 19 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 507.15 ლარიდან - 355 ლარი, რომელიც გადახდილი შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური - TRESGE22, საგადასახადო დავალება N55.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, რომლითაც მოპასუხე მ------------------–---–ს (პ/ნ 6----------) აეკრძალა მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, მ--------–----------------------------------------------------–------------, ს/კ. 0-----------------------ის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, დარჩეს უცვლელად.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ქეთევან მამაცაშვილი