გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.10.2018
საქმის ნომერი
130210018002284878
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

130210018002284878

2-110-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

12 ოქტომბერი, 2018 წელი, ქ. ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი თეა გობეჯიშვილი, ირმა გოგალაძე

 

მოსარჩელე ბ-------------------ვი

წარმომადგენელი ე------------------ძე

მოპასუხე ვ--------------ნი

წარმომადგენელი ნ------------–--ლი

ბავშვის ინტერესების

წარმომადგენელი ნ-------–-ძე

დავის საგანი არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. 2008 წლის 6 აგვისტოს დაბადებული მ----------------ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - ბ-------------------ვის საცხოვრებელი ადგილი - ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გ---–ი.

სარჩელი დამყარებულია შემდეგ გარემოებებზე: მოსარჩელე და მოპასუხე განქორწინებული არიან და ცალ-ცალკე ცხოვრობენ; მ----------------ი ამჟამად ცხოვრობს მოსარჩელის სახლში - სოფელ გ---–ი და სკოლაშიც იქ დადიოდა, რამოდენიმე თვის წინ მოპასუხემ ბავშვის საბუთები ხაშურის ერთ-ერთ სკოლაში გადაიტანა, მაგრამ ბავშვი სკოლაში აღარ დადის, მამა ბავშვზე სათანადოდ არ ზრუნავს, მარიამს სურს, რომ ცხოვრობდეს სოფელ გ---–ი და სკოლაშიც იქ იაროს;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ის სათანადოდ ზრუნავს შვილზე, არ სურს მ------- და მისი ძმა, რომელიც მამასთან ცხოვრობს ქ.ხაშურში, ცალ-ცალკე იზრდებოდნენ, მოსარჩელე რამოდენიმე წელია საზღვარგარეთ იმყოფება და საქართველოში არ ცხოვრობს, თუკი დაბრუნდება, თანახმაა ორივე შვილმა დედასთან იცხოვროს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 ბ-------------------ვი და ვ--------------ნი არიან 2006 წლის 8 მარტს დაბადებული ვ-–------------------ის და 2008 წლის 6 აგვისტოს დაბადებული მ----------------ის მშობლები;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მ----------------ის დაბადების მოწმობა (ს.ფ.15);

- ვ-–------------------ის დაბადების მოწმობა (ს.ფ.16);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.2. მხარეები განქორწინდნენ 2017 წლის 12 იანვარს; ვ-–------------------ი ცხოვრობს მამასთან - ქ.ხაშურში, მ----------------ი - ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გ---–ი - მოსარჩელის დედასთან;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განქორწინების მოწმობა (ს.ფ.17);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.3. მოსარჩელე 3 წელია საზღვარგარეთ ცხოვრობს და საქართველოში არ ჩამოსულა;

სასამართლო ეყრდნობა მხარეთა ახსნა-განმარტებას;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სარჩელში აღნიშნულია, რომ ბავშვს არ სურს იცხოვროს მამასთან, რომელიც სათანადოდ არ ზრუნავს შვილზე;

საქმის განხილვისას დადგინდა, რომ მ----------------ის ბებიასთან, ისევე როგორც მამასთან, ბავშვის აღზრდისათვის საჭირო პირობებია.

სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შვილზე ზრუნვა შეუძლია ასევე მოპასუხეს როგორც ამჟამად მოსარჩელის დედა ზრუნავს მასზე.

,,ბავშვის უფლებთა კონვენციის“ მე-12 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მოსმენა განსახილველ დავაზე მოხდა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეშვეობით, ფსიქოლოგის მონაწილეობით და დადგინდა, რომ ბავშვი მიჯაჭულობას ავლენს ბებიის მიმართ, რომელთანაც იზრდება და ამჯობინებს მასთან ცხოვრებას, სადაც ბებიასთან ერთად, მისი მეუღლე, შვილი, რძალი და სხვა შვილიშვილებიც ცხოვრობენ, თუმცა, უყვარს მამა, ასევე უყვარს და ენატრება ძმა, რომელიც მამასთან ერთად ცხოვრობს, არ გამორიცხავს მამასთან ურთიერთობას - დასვენების დღეებში და არდადეგებზე.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მ----------------ის საცხოვრებელ ადგილად, ფაქტიურად, ბებიის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მაშინ, როდესაც დედა იქ არ ცხოვრობს, ბავშვის საუკეთესო ინტერესებს არ შეესაბამება;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტი, მე-9 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტები, მე-18 მუხლის პირველი პუნქტი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილი, 1197-ე მუხლი, 1198-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილი, 1201-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთება

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვის უფლებათა კონვენციის“: მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით;

სხვა ოჯახში ცხოვრების შემთხვევაში სადაც არც დედა და არც მამა არ არიან, ვერ იქნება იქნება უზრუნველყოფილი მ----------------ის უფლება გარემოსილი იყო მშობლის მზრუნველობით;

მე-9 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტების თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;

ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი განხილვის დროს ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ეძლევა, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში და გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები;

მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს;

მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს;

სამოქალაქო კოდექსის: მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა - მეურვის საცხოვრებელი ადგილი.

,,კონვენციის“ მე-9 მუხლის და სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მიხედვით ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას, უპირატესობა ენიჭება მშობელს, მოცემულ შემთხვევაში - მოპასუხეს. მაგრამ, გადაწყვეტილების მიღებისას, პირველ რიგში, სასამართლო ითვალისწინებს თვითონ ბავშვის საუკეთესო ინტერესს;

1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში;

1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

მესამე ნაწილის თანახმად,მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა;

1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი.

შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს;

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით გათვალისწინებული ბავშვის უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, გულისხმობს, მშობლების ოჯახში ცხოვრებას და გაზრდას;

მოცემულ შემთხვევაში, მ----------------ის ეს უფლება რეალიზებული არ იქნება ბებიის ოჯახში ცხოვრებით;

დადგენილია და სადავო არ არის, რომ მოსარჩელე რამოდენიმე წელია საქართველოში არ ცხოვრობს, ასეთი გარემოების არსებობისას, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბავშვის საცხოვრებელი ადგილი იქნება არა მშობლის, არამედ, ფაქტიურად, - ბებიის საცხოვრებელი ადგილი, სადაც მეორე მშობელი - დედა, რამოდენიმე წელია, არ იმყოფება. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ხელს არ შეუშლის ბავშვის დედას, ნების არსებობისას, განახორციელოს მშობლის უფლებები. მით უმეტეს, მოპასუხე, თანახმაა ბავშვმა დედასთან იცხოვროს საქართველოში მისი დაბრუნების შემთხვევაში;

სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნაში გადმოცემული მსჯელობის თანახმად, ბავშვი არ არის წინააღმდეგი მამასთან ურთიერთობისა, თუმცა ცხოვრებას იმ ოჯახში ამჯობინებს, სადაც ამჟამად ცხოვრობს;

რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, რაც გამორიცხავს მის მამასთან ცხოვრებას, არ არსებობს. მოპასუხე მხარემ საქმის ზეპირი განხილვისას დაადასტურა, რომ მოპასუხე კარგი მშობელია. ამასვე ადასტურებს ბავშვის წარმომადგენელი, რომელსაც მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;

ასეთი გარემოებების არსებობისას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მამას მოთხოვნა - ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ არ დაუყენებია, ბავშვის დედა რამოდენიმე წელია საზღვარგარეთ იმყოფება და გაურკვეველია როდის დაბრუნდება, მიაჩნია, სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებლობა არ არსებობს, ეს გარემოება ხელს არ შეუშლის ბავშვს იცხოვროს ისევ იმ ოჯახში, სადაც ამჟამად არის ან - მამასთან. მოსარჩელე ინტერესად მიუთითებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბავშვს შესაძლებლობა მიეცემა ისწავლოს გომის საჯარო სკოლაში, თუმცა, საქმის განხილვისას, დადგინდა, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ხელს არ შეუშლის ამ საკითხის მოწესრიგებას;

დღევანდელი მდგომარეობით, მოსარჩელეს ხელი არ ეშლება განახორციელოს მშობლის უფლებები, იზრუნოს ბავშვზე, არც ბავშვის უფლებებია შელახული, სარჩელის დაკმაყოფილება დედის და ბავშვის ფაქტიური მდგომარეობას არ შეცვლის, რადგან მამას არ დაუყენებია სასარჩელო მოთხოვნა ბავშვი მასთან ცხოვრობდეს, მაგრამ იქნება ,,კონვენციის“ და სამოქალაქო კოდექსის აღნიშნულ დებულებათა საწინააღმდეგო - სათანადო საფუძვლების გარეშე - ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრება არა მშობლის, არამედ, ფაქტიურად, ბებიის საცხოვრებელი ადგილი;

სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ ნიშნავს, რომ ბავშვის საცხოვრებელ ადგილად, სასამართლო გადაწყვეტილებით, მამის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრება;

ასეთი გარემოებების არსებობისას, მიუხედვად იმისა, რომ ბავშვის სურვილია ცხოვრება გააგრძელოს ბებიასთან, სასამართლოს მიაჩნია, მხოლოდ ბავშვის ეს სურვილი არ არის საფუძველი იმისათვის, რომ მის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს ბებიის საცხოვრებელი ადგილი, სადაც არც ერთი მშობელი იმყოფება და გაურკვეველია მომავალშიც იცხოვრებს თუ არა იქ მშობელი. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ხელს არ შეუშლის ბავშვს ამ სურვილის განხორციელებაში;

გარდა აღნიშნულისა, სარჩელის დაკმაყოფილება ხელს არ შეუწყობს შესაძლებლობას მ----------------მა იცხოვროს ოჯახში მამასთან, სადაც მისი არასრულწლოვანი ძმაც ცხოვრობს;

ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილება არ არის ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისი;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ უნდა დაეკისროს;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება შეიძლება თბილისის სააპელაციო სასამართლოში (გრ.რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი