გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 3-53-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18.10.2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნინო ონიანი
სხდომის მდივანი გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე - მა---------–--ე
მოპასუხე - სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლა,წარმომადგენელი - თა--------–-–---–ი
მესამე პირი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
მესამე პირი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრი,წარმომადგენელი - თა--------–-–---–ი
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო,წარმომადგენელი - მა--------–---–---–ი
დავის საგანი: სრული ზოგადი განათლების პროგრამის გავლის აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
2018 წლის 16 მარტს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მა---------–--ემ და მოითხოვა:
1.1. აღიარებულ იქნეს მოსარჩელე მა---------–--ის (პ/ნ 1----------) მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის სკოლაში 1997 წელს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს, 2018 წლის 19 მარტის განჩინებით სარჩელზე დადგენილ იქნა ხარვეზი, ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა დაეზუსტებინა სავარაუდო მესამე პირთა წრე. რუსთავის საქალაქო სასამართლოს, 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით, ხარვეზის შევსების შედეგად მოსარჩელე მა---------–--ის სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში და დასაშვებად იქნა ცნობილი.
სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ 1997 წელს დაამთავრა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საშუალო სკოლის მე-11 კლასი და გაცემულ იქნა სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - ატესტატი (N----------). ატესტატი დაკარგა, ამიტომ მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის გაცემა, რაზეც მიიღო უარი, რადგან მოსარჩელის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სკოლაში არ მოიძებნა და არც სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში გადაცემულა ცენტრალიზებულ დაცვაზე.
საქმეში არსებული 1994 წლის 07 ოქტომბრის N39 კრწანისის საშუალო სკოლის დირექტორის ბრძანებით დგინდება, რომ მ-----------------–--------–--ე, ჩოხატაურის რაიონის ხევის საშუალო სკოლიდან მიღებულ იქნა კრწანისის საშუალო სკოლაში ქართული სექტორის IX კლასში.
გარდაბნის რაიონის კრწანისის საშუალო სკოლის „საშუალო განათლების ატესტატების გაცემის წიგნით“ დგინდება, რომ მა----------------–-------–--ეზე გაცეულია ატესტატი - სერია: ა---------2.
საქმეში არსებული 1997 წლის 25 მაისის N82 კრწანისის საშუალო სკოლის დირექტორის ბრძანებით დგინდება, მა---------–--ე დაშვებულ იქნა XI კლასის გამოსაშვებ გამოცდაზე.
მოსარჩელე განმარტავს, რომ სურს დასაქმებისათვის სახელმწიფოს მიერ გათვალისწინებულ გადამზადების პროგრამაში ჩართვა, რის გამოც მის მიერ წარდგენილ უნდა იყოს საშუალო განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლამ სარჩელი ცნო და განმარტა, რომ მა---------–--ემ 1997 წელს დაამთავრა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლის მე-11 კლასი და მასზე გაიცა სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - ატესტატი (N----------). სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლაში მა---------–--ის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებლად ინახება სკოლის დირექტორის 1997 წლის 25 მაისის N82 ბრძანება გამოსაშვებ გამოცდაზე დაშვების შესახებ და ატესტატის გაცემის წიგნი.
3. მესამე პირის პოზიცია
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
3.1. მესამე პირმა - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულმა ორგანომ - ქალაქ გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა ნაწილობრივ ცნო სარჩელი და სრულად გაიზიარა მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლის პოზიცია.
3.2. მესამე პირმა - სსიპ განათლებისა და მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2017 წლის 29 სექტემბერს, ქ. თბილისის იუსტიციის სახლს განცხადებით მიმართა მოქალაქე მა---------–--ემ და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის გაცემა.
,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის 113/ნ ბრძანებით დამტკიცებული 1 დანართის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ ქალაქ გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან და სკოლიდან გამოითხოვა მოსარჩელის კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია.
რესურსცენტრის 2017 წლის 04 ოქტომბერს 1199866 წერილით გადმოგზავნილი სკოლის 2017 წლის 04 ოქტომბრის 1199774 და სკოლის 2017 წლის 04 და 05 ოქტომბრის 1206568 და 1210678 კორესპონდენციებიდან ირკვევა, რომ სკოლაში იძებნება გამოსაშვებ გამოცდებზე დაშვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ატესტატების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი. შესაბამისად მა---------–--ის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სკოლაში არ იძებნება და არც სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში გადაცემულა ცენტრალიზებულ დაცვაზე.
3.2. მესამე პირმა - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არ არის სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სკოლასა და მოსარჩელეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენა. სასამართლო პროცესზე გამოცხადებულმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში, მა---------–--ის 2017 წლის 29 სექტემბრის N5000359956 განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა, რის გამოც უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე. ამასთანავე მზად ყოფნა გამოთქვა სასამართლოს მიერ სრული ზოგადი განათლების პროგრამის გავლის აღიარების შემთხვევაში ატესტატის დუბლიკატის გაცემის თაობაზე.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 1997 წელს მოსარჩელე მა---------–--ემ დამთავრა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლის სრული კურსი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლის დირექტორის 1997 წლის 25 მაისის N82 ბრძანება (ტ.1, გვ.21)
- გარდაბნის რაიონის კრწანისის საშუალო სკოლის „საშუალო განათლების ატესტატების გაცემის წიგნი (ტ.1, გვ.16-18)
4.1.2. მა---------–--ემ მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრს საშუალო სკოლის ატესტატის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით, რაზეც მიიღო უარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2017 წლის 12 ოქტომბრის N01/275732/გ გადაწყვეტილება (ტ.1, გვ.19-20)
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე მა---------–--ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, კერძოდ სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის. ამდენად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს უფლებისა და სამართალურთიერთობის აღიარება, კერძოდ დადგენილ იქნეს მოსარჩელის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სრულად გავლის ფაქტი. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მა---------–--ე ნამდვილად სწავლობდა გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისის საშუალო სკოლაში. 1997 სასწავლო წელს დაასრულა გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისის საშუალო სკოლის სრული კურსი და მიიღო ატესტატი №ა---------
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 12 ოქტომბრის N01/275732/გ გადაწყვეტილებით მა---------–--ეს უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე.
საქმეში არსებული, რესურსცენტრის 2017 წლის 04 ოქტომბერს 1199866 წერილით გადმოგზავნილი სკოლის 2017 წლის 04 ოქტომბრის 1199774 და სკოლის 2017 წლის 04 და 05 ოქტომბრის 1206568 და 1210678 კორესპონდენციებიდან ირკვევა, რომ სკოლაში იძებნება გამოსაშვებ გამოცდებზე დაშვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ატესტატების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი. სხვა სახის დოკუმენტაცია სკოლაში არ იძებნება და არც სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში გადაცემულა ცენტრალიზებულ დაცვაზე.
7.2. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.
საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტით ამის დადასტურებას. სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ამავე კანონის მუხლი მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი’’. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საბაზო განათლების მიღების სავალდებულო პრინციპზე და აღნიშნული განთლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლებაზე და განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილია მოსარჩელის მიერ გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისის საშუალო სკოლაში სწავლისა და მისი სრული კურსის 1997 სასწავლო წელს დამთავრების ფაქტი.
7.3. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მისი უფლების აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. ამასთან, აღნიშნულ უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მა---------–--ის (პ/ნ 1----------) მიერ გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისის საშუალო სკოლაში ჩარიცხვის, სწავლების, დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი; საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი, რაც წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
8. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მა---------–--ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მა---------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. აღიარებული იქნეს მა---------–--ის ( დაბადებული 15.02.1980 წელს, პ/ნ 1----------) მიერ 1997 წელს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საშუალო (საჯარო) სკოლის, დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი;
3. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილევის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის # 7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე რუსთავი, ბოსტან-ქალაქის # 6) მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ონიანი