გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.09.2018
საქმის ნომერი
330210118002295405
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
21.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3830-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21.09.2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე შპს „თ------–---–--------“ (მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)

წარმომადგენელი დი----------------

მოპასუხე შპს „პი----–-------------“ (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელზე)

წარმომადგენელი ნი----–-----–----–---

დავის საგანი თანხის დაკისრება

შეგებებული

სარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს „პი----–-------------სათვის“ მოსარჩელე შპს “თ------–---–--------ის“ სასარგებლოდ 5 000 ლარის გადახდის დაკისრება.

 

შპს „თ------–---–--------“-სა და შპს „პ-----–-------------“ შორის 2017 წლის 01 თებერვალს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ აიღო 45.00 კვ.მ ფართი იჯარით.

 

იჯარის ხელშეკრულების 4.17 მუხლის მიხედვით მოიჯარე ვალდებული იყო - ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 დღის ვადაში, მეიჯარის მიერ გაცემული ინვოისის შესაბამისად ჩაერიცხა საგარანტიო თანხა 5.000.00 ლარი. აღნიშნული ვალდებულება მოსარჩელის მიერ პირნათლად იქნა შესრულებული.

 

ხელშეკრულების 4.20 პუნქტი ითვალისწინებდა აღნიშნული საგარანტიო თანხის დაბრუნების ვალდებულებას, ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან და ფართის მეიჯარისათვის დაბრუნებიდან 05 სამუშაო დღის განმავლობაში, თუმცა აღნიშნული ვალდებულება მოპასუხემ არ შეასრულა, მიუხედავად იმისა რომ იჯარის ხელშეკრულება დღეის მდგომარეობით შეწყვეტილია.

 

მოსარჩელის მიერ წერილობით იქნა გაფრთხილებული მოპასუხე აღნიშნული თანხის დაბრუნების შესახებ, თუმცა დღემდე უპასუხოდ არის დარჩენილი.

 

შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:

 

მოპასუხე შპს „თ------–---–--------“-სათვის მოსარჩელე შპს „პი----–-------------ს“ სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 2944.39 ლარის გადახდის დაკისრება.

 

2017 წლის 01 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს იჯარით გადაეცა 45 კვ.მ ფართი, მდებარე: ჭ--------------------, მე-4 სართულზე.

 

იჯარის ხელშეკრულების 6.6. მუხლის თანახმად, „მოიჯარემ მეიჯარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ უნდა მოახდინოს კონსტრუქციის ცვლილებები, გაუმჯობესებები, დამატებები და ინსტალაციები ფართში ან მასთან დაკავშირებით. ნებისმიერი კონსტრუქციის ცვლილებები, გაუმჯობესებები, დამატებები და ინსტალაციები ფართში ან მასთან დაკავშირებით, რომლის განხორციელებაც სურს მოიჯარეს, წერილობითი ფორმით უნდა წარედგინოს მეიჯარეს დეტალურ გეგმებთან ერთად“. იმავე ხელშეკრულების 6.9.5 მუხლის თანახმად, მოიჯარე ვალდებულია მატერიალურად აგოს პასუხი შენობისათვის მიყენებულ ზიანზე.

 

2017 წლის მარტსა და აპრილში მოპასუხემ მოსარჩელესთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, ამავე შენობის მე-4 სართულის ლიფტ-ლობიში დაამონტაჟა კომპანიის ლოგო, რამაც დააზიანა გრანიტის კედელი. იმავე თვეს მხარეთა შორის შედგა მოლაპარაკება კედლის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის თაობაზე, მოპასუხეს მიეწოდა განფასება, თუმცა უშედეგოდ. შპს „-“-ის მიერ მომზადებული ინვოისის თანახმად, რომლის შესახებაც ინფორმაციას თვეების განმავლობაში ფლობდა მოპასუხე - დაზიანებული კედლის აღდგენის ღირებულება შეადგენს 2944.39 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელის მოთხოვნა და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხიდან 2944.39 ლარი არ ექვემდებარება დაბრუნებას, რადგან ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.18. პუნქტის თანახმად, აღნიშნული თანხა უნდა მოხმარებოდა მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე შპს „პი----–-------------ს“ წარმომადგენელმა ცნო სარჩელის მოთხოვნა 2005.61 ლარის ნაწილში.

 

შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია

 

შეგებებული სარჩელის მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა და შესაგებელში აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ ლოგოს განთავსება შეთანხმებული იყო მოსარჩელის იმ დროინდელ მენეჯმენტთან. შესაბამისად, მოსარჩელისგან სრული უფლება ჰქონდა ლოგოს/ბანერის განთავსებაზე. მოპასუხე სადავოდ ხდის შპს „პი----–-------------სათვის“ მისი ქმედების შედეგად ზიანის მიყენების ფაქტს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს „თ------–---–--------“-სა და შპს „პ-----–-------------“ შორის 2017 წლის 01 თებერვალს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს „თ------–---–--------ს“ სარგებლობაში გადაეცა, ქ. თბილისში, ჭ------------------------ში მდებარე შენობის მე-4 სართულზე, ფართობი 45.00 კვ.მ. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.

 

- სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- 01.02.2017 იჯარის ხელშეკრულება.(ს.ფ. 28-38).

3.1.2. ზემოაღნიშნული იჯარის ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.17 პუნქტის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 დღის ვადაში, მეიჯარის მიერ გაცემული ინვოისის შესაბამისად, მოიჯარე მეიჯარის ანგარიშზე ჩარიცხავს საგარანტიო თანხას 5000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 31).

 

3.1.3. ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.18 პუნქტის თანახმად, მეიჯარე უფლებამოსილია საგარანტიო თანხის სასარგებლოდ ცალმხრივად დაფაროს მოიჯარის საქმიანობის ან არა-საქმიანობის შედეგად მეიჯარისათვის მიყენებული ყველა დოკუმენტირებული და შეთანხმებული ზიანი (ვადაგადაცილება, საიჯარო ქირისა ან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა გადასახადის დაფარვის ჩათვლით).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 31).

 

3.1.4. იჯარის ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.20. პუნქტის მიხედვით, თუ საგარანტიო თანხა, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოიჯარის ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენს, არ იქნება დახარჯული ან ნაწილობრივ დახარჯული მეიჯარის მიერ, საგარანტიო თანხა ამ მისი ნაწილი აუნაზღაურდება მოიჯარეს წინამდებარე ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან და ფართის მეიჯარისათვის დაბრუნებიდან 5 სამუშაო დღეში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 32).

 

3.1.5. მოიჯარე შპს „თ------–---–--------მა“ იჯარის ხელშეკრულებით გადასახდელი საგარანტიო თანხა 5000 ლარის ოდენობით, 2017 წლის 13 თებერვალს ჩაურიცხა შპს „პ-----–-------------“.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

ელექტრონული საგადახდო დავალება (ს.ფ.41).

 

3.1.6. იჯარის ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 32).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოიჯარე შპს „თ------–---–--------ის“ მიერ იჯარის ხელშეკრულებით დროებით სარგებლობაში გადაცემული ფართის დაზიანების ფაქტი არ დგინდება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. (სსსკ-ის 102-ე მუხლი).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. თუმცა, რიგ შემთხვევებში, მტკიცებულების არჩევის აუცილებლობას თვით მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს.

 

მეიჯარე შპს „პ-----–-------------“ მოიჯარის - შპს „თ------–---–--------ის“ მიერ იჯარით გადაცემული ფართის დაზიანების ფაქტის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს დაზიანების აქტი N16/03/2018, რომელიც შედგენილია შპს „პი----–-------------ს“ დირექტორების მიერ, იჯარის ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან დაახლოებით 6 თვის შემდეგ. ამ აქტში აღნიშნულია, რომ 2017 წლის აპრილის თვეში შპს „თ------–---–--------“-ის მიერ შპს „პი----–-------------ს“ ლიფტ-ლობიში დამონტაჟებულ იქნა კომპანიის ლოგო, რომლის ტექნიკური დამონტაჟების პირობები შეთანხმებული არ ყოფილა შპს „პ-----–----------------“. აღნიშნული ლოგოს მონტაჟმა გამოიწვია ლიფტ-ლობიში გრანიტის კედლის მნიშვნელოვანი დაზიანება. დაზიანების აქტში ასევე აღნიშნულია, რომ იმავე თვეში მხარეთა შორის გაიმართა მოლაპარაკებები კედლის აღდგენის თაობაზე და მიეწოდათ შესაბამისი განფასება. (შპს „-“-ის მიერ მიწოდებული ინვოისი) საქმეში წარმოდგენილია დაზიანების აქტში აღნიშნული ინვოისი, რომლის თანახმად, შემსრულებელმა შპს „-“-მა შს „პ-----–-------------“ წარუდგინა მოთხოვნა 2944.39 ლარის გადახდის თაობაზე. (იხ. ინვოისი N06.04.17).

 

სასამართლო მოიჯარის მიერ იჯარით გადაცემული ფართის დაზიანების ფაქტის დასადასტურებლად არ იზიარებს საქმეში წარმოდგენილ დაზიანების აქტს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აქტი შექმნილია ცალმხრივად მეიჯარის შპს „პი----–-------------ს“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების მიერ და მასში ასახული ფაქტები არ არის დადასტურებული მოიჯარის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების მიერ.

 

სადავო გარემოების დასადგენად საჭიროა გაირკვეს შემდეგი საკითხები: 1. ლოგოს დამონტაჟებისას დაცული იყო თუ არა ტექნიკური პირობები; 2.დაზიანდა თუ არა ლოგოს განთავსების ტერიტორიაზე გრანიტის კედელი; დაზიანების შემთხვევაში, ზიანის ოდენობა; 3. არასწორმა მონტაჟმა გამოიწვია თუ არა გრანიტის კედლის დაზიანება; 4. ლოგოს სწორი მონტაჟის პირობებში, დაზიანდებოდა თუ არა გრანიტის კედელი და სხვა საკითხები. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ცალმხრივად შედგენილ აქტში ასახული გარემოებების დადგენა შესაბამისი დარგის სპეციალისტის გამოსაკვლევია. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ ინვოისს, ამ დოკუმენტით არ დგინდება, რომ 2944.39 ლარის ოდენობის ხარჯის გაღების საჭიროება, მოიჯარის მიერ საიჯარო ფართში ლოგოს მონტაჟთან არის კავშირში.

 

რაც შეეხება შპს „პი----–-------------ს“ წარმომადგენლის აპელირებას მოიჯარის მიერ ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.6. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლოგოს განთავსებაზე მეიჯარის წერილობითი თანხმობის არარსებობის ფაქტი, არ ადასტურებს, ლოგოს მონტაჟისას ტექნიკური ნორმების დარღვევას. ამასთან, ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.18. და 4.22. პუნქტების შესაბამისად, საგარანტიო თანხა უზრუნველყოფდა მოიჯარის ნებისმიერი ზარალის ან იჯარის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მეიჯარისათვის გადასახდელი თანხების ანაზღაურებას. თანხმობის მიღების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულება რაიმე თანხის გადახდის ვალდებულებას მოიჯარეს არ აკისრებდა, მხოლოდ ამ ვალდებულების შეუსრულებლობა კი გრანიტის კედლის დაზიანებასთან კავშირში არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „თ------–---–--------“-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს „პი----–-------------ს“ შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.

სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, 581-ე, 394-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „თ------–---–--------“-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.

 

დადგენილია, რომ შპს „თ------–---–-----------“ და შპს „პ-----–--------------“ შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის პირობების შესაბამისად, მოიჯარე შპს „თ------–---–-----------“ მეიჯარეს ანგარიშზე ჩაურიცხა საგარანტიო თანხა 5000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.18. პუნქტის თანახმად, მეიჯარე უფლებამოსილი იყო საგარანტიო თანხის სასარგებლოდ ცალმხრივად დაეფარა მოიჯარის საქმიანობის შედეგად მეიჯარისათვის მიყენებული ყველა დოკუმენტირებული და შეთანხმებული ზიანი (ვადაგადაცილებული საიჯარო ქირისა და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა გადასახადის დაფარვის ჩათვლით). ამასთან, ამავე მუხლის 4.20. პუნქტის შესაბამისად, თუ საგარანტიო თანხა არ იქნება დახარჯული ან ნაწილობრივ დახარჯული მეიჯარის მიერ, საგარანტიო თანხა ან მისი ნაწილი აუნაზღაურდება მოიჯარეს წინამდებარე ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან და ფართის მეიჯარისათვის დაბრუნებიდან 5 სამუშაო დღეში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე შპს „პი----–-------------ს“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა ცნო სარჩელი 2005.61 ლარის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, სასარჩელო მოთხოვნის 2005.61 ლარის ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ან ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში ვალდებულება არ არის შესრულებული, კერძოდ, მეიჯარემ არ შეასრულა ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.20. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, რომლის შესაბამისად, შპს „პ-----–-------------“ საიჯარო ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, ეკისრებოდა მოიჯარის მიერ ჩარიცხული 5000 ლარის სრულად დაბრუნების ვალდებულება. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოიჯარეს - შპს "თ------–---–--------ს" იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მეიჯარის წინაშე რაიმე ფულადი ვალდებულება არ აქვს შესასრულებელი, აღნიშნული გარემოება ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, მოიჯარეს ანიჭებს უფლებამოსილებას მოითხოვოს საგარანტიო თანხის სრულად დაბრუნება. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ მეიჯარე შპს „პი----–-------------“ შეგებებული სარჩელით ითხოვს მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესასრულებლად 2944.39 ლარის დაკისრებას. აქედან გამომდინარე, სადავო ოდენობის თანხის გადახდისაგან გათავისუფლებაზე შპს „პი----–-------------ს“ წარმომადგენლის აპელირება უსაფუძვლოა.

 

6.2. შპს „პი----–-------------ს“ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

საქმეზე სასამართლოს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ მოიჯარე შპს „თ------–---–--------ს“ იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულება არ დაურღვევია და არ დაუზიანებია იჯარით სარგებლობაში გადაცემული ფართი, რის გამოც არ არსებობს ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

შპს „პ-----–-------------“ უნდა დაეკისროს შპს „თ------–---–--------“-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 61.67 ლარის ოდენობით, ხოლო შპს „პი----–-------------ს“ მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თავდაპირველ სარჩელზე მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო, შპს „თ------–---–--------“-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 88.33 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. შპს „თ------–---–--------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1.დაეკისროს მოპასუხე შპს „პ-----–-------------“ მოსარჩელე შპს „თ------–---–--------“-ის სასარგებლოდ 5000 ლარის გადახდა.

 

2. დაეკისროს მოპასუხე შპს „პ-----–-------------“ მოსარჩელე შპს „თ------–---–--------“-ის სასარგებლოდ 61.67 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად.

 

2.1. დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს „თ------–---–--------“-ს 04/01/2018 N1--------- საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 150 ლარიდან 88.33 ლარი.

 

3. შპს „პი----–-------------ს“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

4. შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაკა ჭედია