გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020210118002536964 (2/1362-18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17.09.2018 წ. ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე შპს ,,ფი----“
წარმომადგენელი მა---------------ა
მოპასუხე ონ---------------–-ა
წარმომადგენელი ას-----------ა
მოპასუხე ლე-------------
წარმომადგენელი ას-----------ა
მოპასუხე მი-----------------ე
დავის საგანი: სესხის დაფარვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ონ---------------–-ას, ლე-------------ს და მი-----------------ეს შპს ,,ფი----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 76 748 ლარის გადახდა.
მოსარჩელის მტკიცებით, მან 01.05.2017 წ ონ---------------–-ას სესხად ნაღდი ანგარიშსწორებით სარგებლის დარიცხვის გარეშე გადასცა 83326 ლარი, საიდანაც მსესხებელმა გადაიხადა 810 ლარი. ამ თანხებს შორის სხვაობა წარმოადგენს სარჩელის მოთხოვნას. ონ---------------–-ას აღნიშნული სესხის გადახდის ვალდებულება სოლიდარულად ეკისრებათ ლე-------------ს და მი-----------------ეს თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე.
2. მოპასუხის პოზიცია
ონ---------------–-ა არ ცნობს სარჩელს. მისი მტკიცებით, 01.05.2017 წ მოსარჩელისგან 83326 ლარის ოდენობით უპროცენტო სესხი ნაღდი ანგარიშსწორებით არ მიუღია. მოსარჩელე მისგან ითხოვდა ადრე ნაკისრი რამდენიმე სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოქმნილი ვალდებულების (სესხის ძირი, პროცენტი, საურავი) გაერთიანებას და ერთიანი ახალი სესხის ხელშეკრულების (პროცენტის გარეშე) და შესაბამისი ფიქტიური გასავლის ორდერის შედგენას სესხის თანხის 83326 ლარის რეალურად გადაცემის გარეშე. სანახცვლოდ პირდებოდა ამ თანხაზე გრძელვადიანი ყოველდღიური გადახდის გრაფიკის დაწესებას და მორიგებას. მან შეასრულა პირობა – თანხის მიღების გარეშე ხელი მოაწერა მოსარჩელის მიერ შედგენილ დოკუმენტებს, თუმცა მოსარჩელემ პირობა დაარღვია და საბოლოოდ უარი განაცხადა მორიგებაზე.
ლე------------- უარყოფს 83326 ლარის ოდენობით სესხზე თავდებობას. მისი განმარტებით იგი თავდებია 5000 ლარიან სესხზე, იცის სესხის გაერთიანების შესახებ, თუმცა გაერთიანებული თანხის ოდენობის შესახებ მისთვის არ არის ცნობილი.
მი-----------------ე არ ცნობს სარჩელს. მისი მტკიცებით, 83326 ლარის ოდენობით უპროცენტო სესხი არ მიუღიათ და არც მისი სოლიდარული გადახდა ყოფილა შეთანხმებული. სინამდვილეში გაერთიანდა 4–5 სესხის ხელშეკრულება და მოსარჩელე წინააღმდეგია აუხსნას მოპასუხეებს რა თანხას (ძირი, სარგებელი, პირგასამტეხლო) მოიცავს სარჩელი და საიდან, რა გაანგარიშებით არის მიღებული დავალიანების ჯამური თანხა 83326 ლარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ერთი მხრივ შპს ,,ფი----ს“ და მეორეს მხრივ ონ---------------–-ას, ლე-------------ს და მი-----------------ეს შორის გაფორმებულია წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია, რომ შპს ,,ფი----მ“ გასცა, ხოლო ონ---------------–-ამ მიიღო სესხი 83326 ლარი, რომელიც უნდა დაბრუნებულიყო 360 თანაბარი გადახდით ყოველ დღე კვირა დღის გარდა. საპროცენტო განაკვეთი – 0%.
ამ დოკუმენტის მიხედვით ლე------------- და მი-----------------ე იძლევიან გარანტიას, რომ თუ მსესხებელი არ შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, თავად იღებენ პასუხისმგებლობას გამსესხებლის წინაშე.
დოკუმენტის მე–2 გვერდი დამოწმებულია შპს ,,ფი----ს“ ბეჭდით, თუმცა არ არის ხელმოწერილი მოსარჩელის ხელძღვანელობითი/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ. მეორე გვერდზე შესრულებულია მოპასუხეების ხელმოწერები, თუმცა ისინი უარყოფენ ამ დოკუმენტის საფუძველზე თანხის სესხებას და თავდებობას.
სესხის ოდენობასთან და გადახდასთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემულია დოკუმენტის პირველ გვერდზე, რომელიც ხელმოწერილი არ არის არც გამსესხებლის და არც მსესხებლი თუ თავდები პირების მიერ.
დოკუმენტს აქვს დანართი – გადახდის გრაფიკი, რომლის ყველა გვერდზე დასმულია მოსარჩელის ბეჭედი, თუმცა ხელმოუწერელია მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ, ამ გრაფიკის თითოეულ გვერდზე შესრულებულია ონ---------------–-ას და მირანდა ბაკარაძის ხელმოწერა, ლე-------------ს ხელმოწერები არ ფიქსირდება გრაფიკის ბოლო სამ გვერდზე, მათ შორის იმ გვერდზე სადაც ფიქსირდება შეჯამებული თანხის ოდენობა – 83326 ლარი.
ინფორმაციას რა წესით – ნაღდი თუ უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა მოხდეს სესხის გადაცემა ეს დოკუმენტი არ შეიცავს.
საქმეში წარმოდგენილია კიდევ ერთი დოკუმენტი – სათაურით გასავლის ორდერი #4172, თარიღი 01.05.2017 წ, რომელშიც მითითებულია, რომ ონ---------------–-ას გადაეცა 83326 ლარი. დოკუმენტზე იკითხება თანხის მიმღების ხელმოწერა, თუმცა მასზე არ არის მოლარე–ოპერატორის და დირექტორის ხელმოწერები.
სხვა მტკიცებულებები, რომელიც მოსარჩელის ნაღდი ფულის სალაროში 83326 ლარის არსებობას და კონკრეტული იდენტიფიცირებული პირის მიერ ამ თანხის ონ---------------–-ასთვის გადაცემას დაადასტურებს წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–სესხის და თავდებობის (სოლიდარული ვალდებულების) ხელშეკრულება #4172, 01.05.2017
–გადახდის გრაფიკი
–გასავლის ორდერი #4172, 01.05.2017 წ
3.2. ონ---------------–-ა და მი-----------------ე არ უარყოფენ, რომ მათ შორის სასესხო ურთიერთობები არსებობდა 01.05.2017 წ–მდე, რომლითაც მათ შპს ,,ფი----ს“ მიმართ ჰქონდათ შეუსრულებელი ვალდებულებები სესხის ძირის, პროცენტის და პირგასამტეხლოს სახით. ისინი შპს ,,ფი----სთან" აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს სესხთან დაკავშირებით, შეთანხმდნენ ონ---------------–-ას და მი-----------------ის ძველი სესხების მათ შორის ძირითადი თანხების, საურავების და პროცენტების გაერთიანებაზე და მოსარჩელის გაანგარიშებით ამ თანხამ შეადგინა 83326 ლარი, თუმცა მოსარჩელე მოპასუხეებს და სასამართლოს არ აწვდის ინფორმაციას რა მეთოდით მოხდა ვალის გაერთიანება, რამდენია მათ შორის სესხის ძირითადი თანხა, ხომ არ დაერიცხა პროცენტს პროცენტი და საერთოდ რამდენს შეადგენს საპროცენტო განაკვეთი (სარგებელი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–სარჩელი
–შესაგებელი
–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი უსაფუძვლოა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-ე, 69-ე, 327-ე, 341-ე, 623-ე, 624-ე, 892-ე, 893 –ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას.
სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) უნდა სეიცავდეს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები.
ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ # ას 15-29-1443-2012, 09.12.2013წ.; შდრ. სუსგ საქმე #ას-973-1208-04).
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ 01.05.2018 წ ონ---------------–-ას სარგებლის დარიცხვის გარეშე ასესხა და იმავე დღეს ნაღდი ფულის სახით გადასცა 83 326 ლარი, რაც ვერ დაადასტურა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
გასაზიარებელია მოპასუხე მხარის მოსაზრება, რომ წარმოუდგენელია საფინანსო ორგანიზაციამ, რომლის ძირითადი მიზანია სესხის გაცემა და ამ გზით მოგების მიღება ფიზიკურ პირს რაიმე წინაპირობების გარეშე 83 326 ლარის ოდენობით თანხა ერთი წლით გადასცეს ყოველგვარი სარგებლის მიღების გარეშე.
საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სამართალწარმოების პროცესში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და აგრეთვე იმ თვალსაზრისით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოების დადასტურებაა ამ მტკიცებულებით შესაძლებელი (იხ. სუსგ № ას-820-786-2016, 15.05.2017, №ას-127-119-2015, 22.07.2015 წ).
მხარეთა შორის არსებული სადავო ურთიერთობის კვალიფიკაციის მიზნებისათვის პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე მოთხოვნა ეფუძნება საქმეში წარმოდგენილ წერილობით დოკუმენტს – სათაურით სესხის და ტავდებობის (სოლიდარული ვალდებულების) ხელშეკრულება, რომლის არსებობას მოპასუხე სადავოდ ხდის.
სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპის თანახმად (სსკ-ის მე-4 მუხ.), სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც (სსკ-ის 102-ე მუხ.).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც შეეხება „მტკიცებულებათა დასაშვებობას“ ადგენს ქცევის იმგვარ წესს, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო პალატის მითითებით კანონის ეს მოთხოვნა განპირობებულია მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმის შინაარსით, მისი ფაქტობრივი სიტუაციის ნორმატიული აღწერილობით.
მოცემულ შემთხვევაში, უნდა აღინიშნოს, რომ სასესხო ვალდებულების თავისებურება მოცემულია სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესში, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნორმის სამართლებრივი აღწერილობა თავადვე მიუთითებს, თუ რომელი კომპონენტების არსებობის შემთხვევაშია სახეზე სასესხო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და ამ დანაწესით გამორიცხავს სამართლებრივ კვალიფიკაციაში ცდომილების ალბათობასაც (მტკიცების საგანი).
რაც შეეხება სამართალურთიერთობის კვალიფიკაციის მომდევნო ეტაპს, აღნიშნული მდგომარეობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაში. მოდავე მხარეთა შორის ამ საპროცესო ვალდებულების გამიჯვნის მიზნით, სასამართლო მიუთითებს სადავო ურთერთობის მარეგულირებელ როგორც მატერიალურ ისე, საპროცესო სამართლებრივ ნორმაზე, სახელდობრ, სსკ-ის 624-ე მუხლზე, რომელის მიხედვით სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამ დანაწესით დადგენილია ქცევის იმგვარი წესი, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია (გამსესხებელს), ხოლო ვალდებულების შესრულების ტვირთი კი, მსესხებელს. იმავე საპროცესო ვალდებულებას აკისრებს მოსარჩელეს სსსკ-ის 102-ე მუხლიც, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესს, რომელსაც მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა მტკიცების ტვირთის განსხვავებულ განაწილებას არ გვთავაზობს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, მატერიალური და საპროცესო ნორმები თანხვედრაშია, რადგან განსახილველ დავაში ისინი მტკიცების ტვირთის განაწილების განსხვავებულ წესს არ გვიდგენენ, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მოსარჩელე, რომელიც პრეტენზიას აცხადებს მოპასუხეებთან სასესხო ურთიერთობის (წერილობითი ხელშეკრულების პირობებში) არსებობაზე, ვალდებულია მიუთითოს (მტკიცების საგანი) და წარმოადგინოს ამ ურთიერთობის სესხად კვალიფიკაციისათვის აუცილებელი მტკიცებულებებიც (მტკიცების ტვირთი).
მხარეთა შორის ამ საპროცესო ვალდებულებების სწორი განაწილება წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის მონაწილეთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვისა და მართლწესრიგის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის წინაპირობას.
ამდენად, როგორც აღინიშნა მოპასუხე ონ---------------–-ასთან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებივი ურთიერთობის არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, რასაც მხარემ სათანადოდ ვერ გაართვა თავი.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მხარეებს შორის არსებობს წერილობითი ხელშეკრულება სესხისა და სოლიდარული თავდებობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი. იმავე კოდექსის 69-ე მუხლის 1-ლი-მე-3 ნაწილებით გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით. გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით. გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327–ე მუხლის მიხედვით 1. ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. 2. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
მოცემულ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულების არსებით პირობად უნდა ჩაითვალოს სესხის ოდენობაზე და მისი დაბრუნების წესებზე შეთანხმება, რასაც სასამართლოს აზრით ვერ დაადასტურებს ხელშეკრულების ბოლო გვერდზე, სადაც არ არის ამ საკითხებთან დაკავშირებული ჩანაწერი შესრულებული ხელმოწერები, მითუფრო მაშინ როცა ხელმომწერი პირები უარყოფენ ამგვარ შეთანხმებას და სხვა მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.
იგივე უნდა ითქვას თავდებობის შესახებ შეთანხმებაზეც, რადგან წარმოდგენილი ხელშეკრულების შესაბამის მოპასუხეების მიერ ხელმოწერილ გვერდებზე თავდებობასთან დაკავშირებულ არსებით პირობებზე შეთანხმება არ არის ასახული.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892–ე მუხლის 1–ლი ნაწილით თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს. იმავე კოდექსის 893–ე მუხლით თავდების ვალდებულებისთვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა.
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ თანხის გადაცემის გარეშე ადრე დადებული სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე გარკვეული ოდენობის ვალის აღიარება და შესაბამის წერილობით დოკუმენტებზე ხელმოწერა ვერ ჩაითვლება სესხის ხელშეკრულებად. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის გაგებით ვალის არსებობის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას (იხ.სუსგ №ას-392-371-2013, 08.11.2013 წელი).
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი დარჩეს სახელმწი---- ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიება - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 11.07.2018 წ განჩინებით დავის დასრულებამდე ყადაღა დაედო ონ---------------–-ას პ/ნ 19001016628, ლე-------------ს პ/ნ 62001040574 და მი-----------------ის პ/მ 19001099488 მოძრავ ქონებას - ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებს 78548 ლარის ფარგლებში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 2591-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2.მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი დარჩეს სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
3. გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 11.07.2018 წ განჩინებით /საქმე № 020210118002536964 (2/1362-18)/ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ონ---------------–-ას პ/ნ 19001016628, ლე-------------ს პ/ნ 62001040574 და მი-----------------ის პ/მ 19001099488 მოძრავ ქონებას - ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებს.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა