გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 820210018002519452
2-388/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08.10.2018 წ. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი სოფია კობახიძე
მოსარჩელე: ო---- კ----ე
წარმომადგენელი: ნ-----–- გ-------–---–ი
მოპასუხე: ნ------- ი-------ე
წარმომადგენელი: ე----- ა-----
მოპასუხე: თ------ კ----ე
დავის საგანი: ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან 2018 წლის 29 მაისს შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით დაყადაღებული მოსარჩელე ო---- კ----ეს საკუთრებაში არსებული შემდეგი მოძრავი ნივთები:
1. ტელევიზორი ,,SONI”, პლაზმური, შავი, ერთი ცალი;
2. ლეპტოპი ,,hp” შავი ერთი ცალი;
3. ლეპტოპი ,,acer” შავი ერთი ცალი;
4. კომპიუტერის კომპლექტი ,,Wiew sonic” მონიტორი შავი ერთი ცალი;
5. კომპიუტერის დასადგამი შავი ერთი ცალი;
6. მისაღები ოთახის მაგიდა, გასახსნელი შავი ერთი ცალი;
7. მისაღები ოთახის სკამი, ყავისფერი 3 ცალი
8. ნაჭრის სამეული, ყავისფერი ერთი ცალი;
9. ზალის კედელი, ღია ყავისფერი ერთი ცალი;
10. მაცივარი ,,VESTEL“ თეთრი ფერის ერთი ცალი;
11. სარეცხი მანქანა ,,BEKO“ თეთრი ერთი ცალი
მოსარჩელის განმარტებით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე 2017 წლის 31 მაისის გაცემული სააღსრულებო ფურცელის თანახმად მის საცხოვრებელ სახლში მდებარე, ქ. ბათუმი, ს--–------ ქუჩა N182, ბინა N7-ში აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ შედგა აქტი მოვალის მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების თაობაზე. აღმასრულებლის მიერ შედგენილ აქტში, ისევე როგორც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში და გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მოპასუხედ, ე.ი. მოვალედ მითითებულია თ------ კ----ე და არა მოსარჩელე. თ------ კ----ე ფიზიკურად არ ცხოვრობს მასთან, იგი ცხოვრობს ხულოს სოფელ ბ----–---ში, ამასთან მას შემხებლობა არ აქვს თ------ კ----ის პირად ვალებთან. მოძრავი ქონება კი, რომელიც შეტანილია აღმასრულებლის მიერ შედგენილ აქტში განთავსებულია მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში, ყველა ნივთის ფაქტობრივი მფლობელი, მოსარგებლე და კანონიერი მესაკუთრე თვითონ არის. შესაბამისად მოძრავი ნივთების დაყადაღება მოხდა შეცდომით, გამომდინარე აქედან ითხოვა დაყადაღებული ქონების ყადაღისგან გათავისუფლება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნ------- ი-------ეს წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო .
2.2. მოპასუხე თ------ კ----ეს სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა თუმცა მას სხდომის შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 03 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ------ კ----ეს, ნ------- ი-------ის სასარგებლოდ დაეკისრა 12000 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე 2017 წლის 31 მაისს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ გაიცა საარსრულებო ფურცელი, რომელშიც მოვალეა თ------ კ----ე, საცხოვრებელი მისამართი ხულო, სოფელი ბ----–---ი .
მტკიცებულება: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 03 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. 2017 წლის 31 მაისს გაცემული საარსრულებო ფურცელი
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე 2017 წლის 31 მაისის გაცემული სააღსრულებო ფურცელის საფუძველზე ქ. ბათუმი, ს--–------ ქუჩა N182, ბინა N7-ში აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 29 მაისს შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით დაყადაღებულია საყოფაცხოვრებო ნივთები, 1. ტელევიზორი,,SONI”, პლაზმური, შავი, ერთი ცალი; 2. ლეპტოპი ,,hp” შავი ერთი ცალი; 3. ლეპტოპი ,,acer” შავი ერთი ცალი; 4. კომპიუტერის კომპლექტი ,,Wiew sonic” მონიტორი შავი ერთი ცალი; 5. კომპიუტერის დასადგამი შავი ერთი ცალი; 6. მისაღები ოთახის მაგიდა, გასახსნელი შავი ერთი ცალი; 7. მისაღები ოთახის სკამი, ყავისფერი 3 ცალი 8. ნაჭრის სამეული, ყავისფერი ერთი ცალი; 9. ზალის კედელი, ღია ყავისფერი ერთი ცალი; 10. მაცივარი ,,VESTEL“ თეთრი ფერის ერთი ცალი; 11. სარეცხი მანქანა ,,BEKO“ თეთრი ერთი ცალი
მტკიცებულება: ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი,3.2.2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე 2017 წლის 31 მაისის გაცემული სააღსრულებო ფურცელის საფუძველზე ქ. ბათუმი, ს--–------ ქუჩა N182, ბინა N7-ში აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 29 მაისს ქონების აღწერისა და დაყადაღების დროს მოსარჩელის ოჯახის წევრებმა აღმასრულებელს განუცხადეს, რომ თ------ კ----ე არ ცხოვრობდა ხსენებულ ბინაში და რომ მოძრავი ნივთების მესაკუთრეა ო---- კ----ე, რაც დაფიქსირებულია მოვალის მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.
მტკიცებულება: მოვალის მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი
3.2.3. მხარეთა ახსნა-განმარტებების შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის წლის 29 მაისს შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით დაყადაღებული სადავო მოძრავი ნივთები წარმოადგენს მოსარჩელე ო---- კ----ის საკუთრებას.
მტკიცებულება: სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექის 158-ე, 186-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ნივთის მესაკუთრე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმით, საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონსა და ზნეობის ნორმებს.
სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია ნამდვილი უფლების არსებობა და ამ უფლების საფუძველზე შემძენისათვის ნივთის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა. მესაკუთრედ ყოფნის თაობაზე პრეზუმფცია კი გულისხმობს კანონისმიერ ვარაუდს, რომ ნივთის მფლობელი, მფლობელობის წარმოშობის მომენტიდან ნივთის მესაკუთრეა და საკუთრების უფლებას ახორციელებს მფლობელობის პერიოდში. ამდენად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მფლობელი იმავდროულად მესაკუთრეა.
6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის - ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების - აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების თაობაზე იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად. ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სარჩელი სასამართლოში მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე აღძრული მოთხოვნისას, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს საკუთრების უფლება ყადაღადადებულ ქონებაზე, მოპასუხეს კი ეკისრება მოსარჩელის საკუთრების უფლების გაქარწყლების ვალდებულება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე გამოკვლეულ გარემოებათა შესაბამისად დადგენილია, რომ მოვალე თ------ კ----ე , რომლის მიმართ გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილების და გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე განხორციელდა მოძრავი ნივთების აღწერა დაყადაღება, ცხოვრობს ხულოს რაიონის სოფელ ბერლეთში, დაყადაღებული მოძრავი ნივთები კი ნანახია ქ. ბათუმი, ს--–------ ქუჩა N182, ბინა N7-ში მდებარე ო---- კ----ის საცხოვრებელ სახლში, წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას და მოპასუხეებმა ვერ შეძლეს დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების გასაქარწყლებად რაიმე მტკიცებულების წარმოდგენა.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე სასამართლოს სამართლებრივად დასაბუთებულად მიაჩნია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ო---- კ----ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს (მოვალეებს) უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ო---- კ----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს .
2. გათავისუფლდეს ყადაღისგან 2018 წლის 29 მაისს შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით დაყადაღებული მოსარჩელე ო---- კ----ის საკუთრებაში არსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ტელევიზორი,,SONI”, პლაზმური, შავი, ერთი ცალი; 2. ლეპტოპი ,,hp” შავი ერთი ცალი; 3. ლეპტოპი ,,acer” შავი ერთი ცალი; 4. კომპიუტერის კომპლექტი ,,Wiew sonic” მონიტორი შავი ერთი ცალი; 5. კომპიუტერის დასადგამი შავი ერთი ცალი; 6. მისაღები ოთახის მაგიდა, გასახსნელი შავი ერთი ცალი; 7. მისაღები ოთახის სკამი, ყავისფერი 3 ცალი 8. ნაჭრის სამეული, ყავისფერი ერთი ცალი; 9. ზალის კედელი, ღია ყავისფერი ერთი ცალი; 10. მაცივარი ,,VESTEL“ თეთრი ფერის ერთი ცალი; 11. სარეცხი მანქანა ,,BEKO“ თეთრი ერთი ცალი
.
3. მოპასუხეებს ნ------- ი-------ეს და თ------ კ----ეს დაეკისროთ მოსარჩელე ო---- კ----ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 157 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
ხვიჩა კიკილაშვილი