გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.10.2018
საქმის ნომერი
330310018002518420
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
19.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4033-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე- ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი- გვანცა ჩალიგავა

 

მოსარჩელე - ზ-------–-----ე

წარმომადგენელი - გ---------------–---–-

მოპასუხეები - 1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; 2.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური(ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფლებამონაცვლე)

წარმომადგენელი - ბ----------------

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 25 აპრილის №-------------–-------–ება(იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 1-11).

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10ნოემბრის №-------------ება ,,ზ-------–-----ის წარმომადგენლის გ---------------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’(იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 1-11).

 

1.3. დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს(ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფლებამონაცვლე) გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი(ქალაქგეგმარებითი დასკვნა), რათა ზ-------–-----ემ შეძლოს საკუთარ ნაკვეთთან(მდებარე: ქალაქი თბილისი; ს------–------------------------------ საკადასტრო კოდი: N01.72.14.004.4--- მისასვლელი გზის მოწყობა და საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობა(იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 1-11; 2018 წლის 27 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი; ს.ფ. 124-128).

 

მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 10 დეკემბერს შეიძინა უძრავი ნივთი, მდებარე: ქ.თბილისი, ს------–------------------------------ საკადასტრო კოდი: N01.72.14.004.4--- 2017 წლის 06 აპრილს განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქალაქგეგმარებითი დასკვნის გაცემა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთთან მისასვლელი გზის მოწყობასთან დაკავშირებით, თუმცა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 25 აპრილის №-------------–-------–ებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მის დაინტერესებაში მყოფი მიწის ნაკვეთი მდებარეობდა წორწორას ხევის შეზღუდვის ზონაში, რომლის კალაპოტი ჩამოყალიბებული არ არის და ეკოლოგიური საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ამ ეტაპზე სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა აღნიშნულ საკითხზე. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებული იქნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, თუმცა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 ნოემბრის №-------------ებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვს მათ ბათილად ცნობას და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს(ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფლებამონაცვლე) წერილობითი ფორმით შესაგებელი ზ-------–-----ის მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა კი სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

2.2. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 06 იანვრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისი, ს------–------------------------------ მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.72.14.004.4--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 950.00 კვ.მეტრი; საკუთრების უფლებით აღრიცხულია ზ-------–-----ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 06/01/2015(ს.ფ. 82-83)

 

3.1.2. 2017 წლის 06 აპრილს, ზ-------–-----ემ №AR1493677 განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, ს------–----------–-- მის საკუთრებაში არსებულ №01.72.14.004.4-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი სამანქანო გზის მოწყობასთან დაკავშირებით ქალაქგეგმარებითი დასკვნის გაცემა.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 25 აპრილის №-------------–-------–ებით ზ-------–-----ის №AR1493677 განცხადება არ დაკმაყოფილდა და მხარეს განემარტა, რომ №01.72.14.004.4-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ,,წორწორას ხევის’’ შეზღუდვის ზონაში, რომლის კალაპოტი არ არის ჩამოყალიბებული, რის გამოც ეკოლოგიური საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას გაეცა დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 25 აპრილის №-------------–-------–ება(ს.ფ. 66-67)

 

3.1.3. 2017 წლის 17 მაისს, ზ-------–-----ემ(წარმომადგენელი გ---------------–---–-) №19/0117137838-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 25 აპრილის №-------------–-------–ების ბათილად ცნობა და დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნის გაცემა.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 ნოემბრის №-------------ებით, არ დაკმაყოფილდა ზ-------–-----ის წარმომადგენლის გ---------------–---–-ს 2017წლის 17 მაისის №19/0117137838-10 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017წლის 25აპრილის №-------------–-------–ება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზ-------–-----ის(წარმომადგენელი გ---------------–---–-) 2017წლის 17 მაისის №19/0117137838-10 ადმინისტრაციული საჩივარი(ს.ფ. 58-60)

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 ნოემბრის №-------------ება ,,ზ-------–-----ის წარმომადგენლის გ---------------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’ (ს.ფ. 52-57)

 

3.1.4. საქმეში წარმოდგენილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის გენერალური გეგმის მართვის განყოფილების უფროსის განმარტებითი ბარათით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსს ეცნობა, რომ ვინაიდან ზ-------–-----ის 2017 წლის 06 აპრილს №AR1493677 განცხადებით წარდგენილი ტერიტორია მდებარეობს მდინარე წ----–------------ან, რომლიდანაც მინიმალური დაშორება შეადგენს 2.84 მ-ს, ხოლო მდინარის კალაპოტი სრულად არ არის ჩამოყალიბებული, არ არის დაზუსტებული დატბორვის ზონა, ამიტომ, უსაფრთხოების თვალსაზრისით, სამსახურმა უარი უთხრა განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გზის მშენებლობასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის გენერალური გეგმის მართვის განყოფილების უფროსის განმარტებითი ბარათი (ს.ფ. 84-85)

 

3.1.5. საქმეში ასევე წარმოდგენილია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 27აგვისტოს №12/1-620 წერილი, რომლითაც ზ-------–-----ეს ეცნობა გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ 2018 წლის 22 აგვისტოს ჩატარებული კვლევის შედეგები, კერძოდ:

 

,,მიწის ნაკვეთი(ს/კ: №01.72.14.004.4--, ფართობი 949 მ2) მდებარეობს დ------------–------------------------------------------------------------ს მიმდებარედ, მ–----–---------–-------- მარცხენა მაღალ ტერასაზე, მშრალი ხევი სათავეს იღებს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ვირგაციული განშტოების საწკეპელა-სათოვლეს შტო ქედზე, დიდგორის მთის სამხრეთ აღმოსავლეთით 1.8 კილომეტრში არსებული წყაროდან 940მეტრ სიმაღლეზე. მ–----–---------–-------- სიგრძე 4.49კმ-ია, წყალშემკრები აუზის ფართობი 3.35 კმ2-ია, აღნიშნულ ნაკვეთამდე მდინარის საერთო ვარდნა შეადგენს 438,24 მეტრს, დახრილობა 97,60 %0. მშრალი ხევი კოლექტორში შედის X 477998.233 Y4626721.997 E(elevation) 499.3 კოორდინატის მიმდებარედ.

 

ხევს აქვს ასიმეტრიული ფორმა. ხევის ძირსა და ტერასის სიმაღლეს შორის სხვაობა შეადგენს 8-11 მეტს. კალაპოტის მიმდებარედ მარცხენა მხარეს დახრა 65-750-ია.

 

ნაკვეთის დაშორება უახლოესი მშრალი ხევის კალაპოტიდან შეადგენს:

#1 წერტილი - 14,55 მ

#2 წერტილი - 31,95 მ

#3 წერტილი - 10,20 მ

#4 წერტილი - მდებარეობს უშუალოდ კოლექტორის თავზე.

 

მიწის ნაკვეთის (ს/კ: №01.72.14.004.4--- მთლიანი ფართობის 17,28% (164 მ2) ხვდება წყალდაცვით ზონაში. აღნიშნულ ტერიტორიაზე საშიში ჰიდროლოგიური პროცესები არ ფიქსირდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ტერასის ფერდზე წვიმების პერიოდში ადვილი შესაძლებელია ჩამორეცხვები, ასევე ეროზიული და მდინარის ტიპის წარეცხვითი პროცესების განვითარება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 27 აგვისტოს №12/1-620 წერილი(ს.ფ. 99)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა(მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტების მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, ზ-------–-----ის სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდება(დებულება)(სადავო პერიოდში მოქმედი), ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №440 დადგენილებით დამტკიცებულ ,,წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი’’, ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 25 აპრილის №-------------–-------–ება და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10ნოემბრის №-------------ება ,,ზ-------–-----ის წარმომადგენლის გ---------------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 25 აპრილის №-------------–-------–ების ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნის გაცემაზე,- მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დასახელებული დადგენილების მე-2 მუხლი განსაზღვრავს იმ ძირითად პრინციპებს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების დადგენისას, ამავე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, ერთ-ერთ ასეთ პრინციპს წარმოადგენს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დასახელებული დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა(მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება(არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 37.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდებით(დებულება)(სადავო პერიოდში მოქმედი)მე-2 მუხლით განსაზღვრულია სამსახურის მიზნები. კერძოდ,- დასახელებული მუხლის თანახმად, სამსახურის მიზნებია: ა)მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის(შემდგომში თბილისი) ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ) თბილისის განვითარების კონცეფციის შემუშავება, მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე, შესაბამისი კვლევების ჩატარება და რეკომენდაციების მომზადება; გ)თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. ამავე დებულების 3.2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე, ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა, ხოლო ,,რ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურს, თავისი ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, უფლება აქვს: უზრუნველყოს თბილისის ცალკეულ ტერიტორიათა კეთილმოწყობის, გარე გაფორმების ელემენტების(მათ შორის მონუმენტურ-დეკორატიული), მცირე არქიტექტურის ფორმების, ძეგლების, ქანდაკებების, გარე რეკლამის მხატვრული იერსახის და განვითარების განხილვა-შეთანხმება, მათი განხორციელება, ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. ,,ნ’’ ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად, მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, გასცეს ნებართვები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებათა განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხორციელდება არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური არის ქ.თბილისში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო, იგი ვალდებული არის იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის და ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით. შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაძლებლობა აქვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ განსაზღვროს ამა თუ იმ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობა და მისი შესაბამისობა სამსახურის მიერ შემუშავებულ ქალაქის განვითარების პოლიტიკასთან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 06 აპრილს, ზ-------–-----ემ №AR1493677 განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, ს------–----------–-- მის საკუთრებაში არსებულ №01.72.14.004.4-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი სამანქანო გზის მოწყობასთან დაკავშირებით ქალაქგეგმარებითი დასკვნის გაცემა.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის მე-3 მუხლის თანახმადაც, საქართველოს კანონმდებლობა წყლის შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, საქართველოს კანონებს ,,გარემოს დაცვის შესახებ’’, ,,წიაღის შესახებ’’, ამ კანონს და საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტებს წყლის დაცვისა და გამოყენების სფეროში.

 

,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი შეზღუდვები ვრცელდება ფიზიკური ან იურიდიული პირების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე, თუ ეს მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი დადგენილი წყალდაცვითი ზოლის ფარგლებშია. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველ პუნქტში კი განმარტებულია წყალდაცვითი ზოლის დეფინიცია, კერძოდ, პირველი პუნქტის თანახმად, მდინარის წყალდაცვით ზოლად მიჩნეულია მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების გაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №440 დადგენილებით დამტკიცებულ ,,წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტზე’’, რომელიც განსაზღვრავს ზედაპირული წყლის ობიექტების წყალდაცვითი ზოლების საზღვრების დადგენის წესს, არეგულირებს საქმიანობის რეჟიმს ამ ზოლში წყლის რესურსების დაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად და სავალდებულოა როგორც სახელმწიფო ორგანოებისთვის, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის. აღნიშნული რეგლამენტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყალდაცვით ზოლებს მიეკუთვნება მდინარეების, ტბების, წყალსაცავების სანაპირო ზოლები, მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლი, აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოლები.

 

,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №440 დადგენილებით დამტკიცებული ,,წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის’’ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მდინარის წყალდაცვითი ზოლის სიგანე აითვლება მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს მეტრებში შემდეგი წესით: ა)25 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის - 10 მეტრი; ბ) 50 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის - 20 მეტრი; გ) 75 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის - 30მეტრი; დ) 75 კილომეტრზე მეტი სიგრძის მდინარისათვის - 50 მეტრი. ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31დეკემბრის №440 დადგენილებით დამტკიცებული ,,წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის’’ მე-3 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში აკრძალულია მშენებლობა ან მოქმედი საწარმოების გაფართოება და რეკონსტრუქცია, გარდა კანონით პირდაპირ დადგენილი შემთხვევებისა.

 

მოცემულ შემთხვევაში როგორც აღინიშნა დადგენილია, რომ 2017 წლის 06 აპრილს ზ-------–-----ემ №AR1493677 განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, ს------–----------–-- მის საკუთრებაში არსებულ №01.72.14.004.4-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი სამანქანო გზის მოწყობასთან დაკავშირებით ქალაქგეგმარებითი დასკვნის გაცემა, თუმცა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 25 აპრილის №-------------–-------–ებით ზ-------–-----ის №AR1493677 განცხადება არ დაკმაყოფილდა და მხარეს განემარტა, რომ №01.72.14.004.4-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ,,წორწორას ხევის’’ შეზღუდვის ზონაში, რომლის კალაპოტი არ არის ჩამოყალიბებული, რის გამოც ეკოლოგიური საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას გაეცა დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.

 

საქმეში წარმოდგენილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის გენერალური გეგმის მართვის განყოფილების უფროსის განმარტებითი ბარათით ასევე ირკვევა, რომ ზ-------–-----ის საკუთრებაში არსებული ტერიტორია(მდებარე: ქ.თბილისი, ს------–------------------------------ ს/კ: №01.72.14.004.4---, რომელზეც მან მოითხოვა მიწის ნაკვეთთან მისასვლელი სამანქანო გზის მოწყობასთან დაკავშირებით ქალაქგეგმარებითი დაკსვნის გაცემა, მდებარეობს მდინარე წ----–------------ან, რომლიდანაც მინიმალური დაშორება შეადგენს 2.84 მ-ს, ხოლო მდინარის კალაპოტი სრულად არ არის ჩამოყალიბებული, არ არის დაზუსტებული დატბორვის ზონა, რის გამოც უსაფრთხოების თვალსაზრისით, სამსახურმა უარი უთხრა ზ-------–-----ეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 27 აგვისტოს №12/1-620 წერილი, რომლითაც ზ-------–-----ეს ეცნობა, რომ მიწის ნაკვეთის(ს/კ: №01.72.14.004.4--- მთლიანი ფართობის 17,28% (164 მ2) ხვდება წყალდაცვით ზონაში, სადაც საშიში ჰიდროლოგიური პროცესები არ ფიქსირდება, თუმცა ამავე წერილში აღნიშნულია, რომ ტერასის ფერდზე წვიმების პერიოდში ადვილი შესაძლებელია ჩამორეცხვები, ასევე ეროზიული და მდინარის ტიპის წარეცხვითი პროცესების განვითარება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებითაც კი არ დგინდება, რომ ზ-------–-----ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მდებარეობს ისეთ ადგილას, სადაც გამორიცხულია რაიმე სახის ჰიდროლოგიური პროცესები. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი აქვს მისი საკუთრების უფლების შეზღუდვას,- ვერ იქნება გაზიარებული და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომელიც ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოთი უზრუნველყოფის მიზნით არეგულირებს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესს, მათ შორის, განსახლების, დასახლებათა, ინფრასტრუქტურის განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით, და ადგენს ამ სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს. დასახელებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში საჯარო ინტერესებს განეკუთვნება: ქვეყნის დასახლებებისა და დასახლებათაშორისი ტერიტორიების მდგრადი და უსაფრთხო განვითარების პირობების უზრუნველყოფა, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება, ბუნებრივი რესურსების, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის, სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება და განვითარება. თუ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ღონისძიებები ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს, უნდა დაისვას მათი შეწყვეტის საკითხი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში კერძო ინტერესებს განეკუთვნება: ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინტერესები, დაკავშირებული მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების(ობიექტების) სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვასთან და განვითარებასთან, ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში არსებობასთან. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, საჯარო ინტერესებს, ხელყოფს სხვათა უფლებებს.

 

მოცემულ შემთხვევაში იკვეთება, რომ ერთმანეთს უპირისპირდება ერთის მხრივ ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების ინტერესი და მეორეს მხრივ მოსარჩელის ინტერესი მოახდინოს საკუთრების უფლების რეალიზაცია. ორივე შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებს პირთა საქმიანობის შეზღუდვის შესაძლებლობას, რაც უნდა მოხდეს ინტერესდა შეფასების/შეპირისპირების საფუძველზე. ამასთან, მართალია საკუთრების უფლება წარმოადგენს პირის ხელშეუვალ უფლებას, თუმცა მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს აღნიშნულ უფლებაში ჩარევის შემთხვევებს/შესაძლებლობას სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც აუცილებლად მიზნად უნდა ისახავდეს საერთო კეთილდღეობას, სოციალური ინტერესების წინ წამოწევასა და უნდა იყოს განპირობებული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გმომდინარე. აღიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო სრულად იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას და კიდევ ერთხელ მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს იმ ძირითად პრინციპებს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს შესაბამისმა სამსახურმა მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების დადგენისას. როგორც უკვე აღინიშნა ერთ-ერთ ასეთ პრინციპს წარმოადგენს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება. სასამართლო განმარტავს, რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის პრინციპი წარმოადგენს იმ სოციალურ უფლებას, რომელიც გარანტირებულია კონსტიტუციით. აღნიშნული პრინციპის კონსტიტუციური ხასიათი განაპირობებს მშენებლობის ნებართვის/ქალაქგეგმარებითი დასკვნის გაცემაზე უფლებამოსილი ადმინისტრიციული ორგანოს ვალდებულებას შექმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ არცერთი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე. აღნიშნული პრინციპის დაცვის უზრუნველყოფა კი ადმინისტრაციული ორგანოს აქტიურობაზე, კერძოდ გარკვეული ვალდებულებების შესრულებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მშენებლობის უფლების რეალიზაციის შეზღუდვა, რაც გამოიხატა ზ-------–-----ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის მოწყობასთან დაკავშირებით უარყოფითი ქალაქგეგმარებითი დასკვნის გაცემაში, მიზნად ისახავს არა ამ უფლების შეზღუდვას, არამედ ახდენს ამ უფლების რეალიზაციის პროცესის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას.

 

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეთა მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.5მუხლის დარღვევას, ვინაიდან მის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთებზე მესაკუთრეებს დაუდგინდათ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები,- სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც ფაქტებისადმი დიფერენცირებული მიდგომის აკრალვა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს სრულიად იდენტური ფაქტები და თითოეული კონკრეტული შემთხვევა, მისი თავისებურებების გათვალისწინებით, მოითხოვს კონკრეტულ შეფასებას. შესაბამისად, ის გარემოება, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეული პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურის მიერ მიღებული იქნა დადებითი გადაწყვეტილება, - არ განაპირობებს სადავო - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 25 აპრილის №-------------–-------–ების ბათილად ცნობის უპირობო საფუძველს.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ- ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

დასახელებული ნორმის ანალიზის საფუძველზე იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ მიიღო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე მხარემ კი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ვერ დაასაბუთა, თუ რატომ ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონს და კონკრეტულად რა გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის გამოკვლევისა და დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ზ-------–-----ის სასარჩელო მოთხოვნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 25 აპრილის №-------------–-------–ების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში უსაფუძვლოა და აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ არ დასტურდება მოსარჩელის კანონიერი, იურიდიული ინტერესის არსებობა, რამეთუ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა(მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება(არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს მიმართა და მოითხოვა მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით გათვალისწინებული რომელიმე ეტაპის შეთანხმება, არამედ მოითხოვა ქ.თბილისში, ს------–----------–-- მის საკუთრებაში არსებულ №01.72.14.004.4-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი სამანქანო გზის მოწყობასთან დაკავშირებით ქალაქგეგმარებითი დასკვნის გაცემა. ასეთ პირობებში კი, ქ.თბილსიის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტეტურის სამსახურის მიერ დადებითი სახის ქალაქგეგმარებითი დასკვნის გაცემის შემთხვევაშიც კი აღნიშნული უპირობოდ არ ნიშნავს იმას, რომ დაინტერესებულ პირს უფლება ექნება განახორციელოს რაიმე სახის სამშენებლო სამუშაოები, რამეთუ აღნიშნული საჭიროებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი სტადიების გავლას.

 

6.5. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 ნოემბრის №-------------ების ბათილად ცნობა, რომლითაც ზ-------–-----ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად არ არსებობს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 ნოემბრის №-------------ების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ-------–-----ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად-100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, ზ-------–-----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზ-------–-----ის სარჩელი მოპასუხეების - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის(ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფლებამონაცვლე) მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი