გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.09.2018
საქმის ნომერი
240210018002418997
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
26.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240210018002418997

(2/406-2018)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26.09.2018 წელი ქ. სენაკი

შესავალი ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე

სხდომის მდივანი თეონა ჭანტურია

მოსარჩელე - იგ----------ა

წარმომადგენელი - ნი---------ა

მოპასუხე - ნა----–-------ა, გე---------------ა

ადვოკატი - ივ-–----------–--–--ა

დავის საგანი - ვალის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს ნა----–-------ას და გე---------------ას, იგ----------ას სასარგებლოდ 5000 (ხუთი ათასი) ლარისა და 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარის გადახდა.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2014 წელს დის, ნა----–-------ას დაჟინებული თხოვნით გაყიდა უძრავი ქონება, რომელიც გააჩნდა საზღვარგარეთ და ჩამოვიდა საქართველოში. საქართველოში ჩამოსვლამდე ნა----–-------ას და გე---------------ას ყოველთვიურად უგზავნიდა თანხას. მთლიანობაში მოსარჩელის მიერ ნა----–-------აზე გამოგზავნილი თანხის ოდენობამ შედგინა 2000 აშშ დოლარი. ვინაიდან მამისეული სახლი საცხოვრებლად ვარგისი არ იყო, გარკვეული დროის განმავლობაში მოსარჩელე ცხოვრობდა ნა----–-------ასთან, მარტვილის რაიონის სო----–----------ში. იქ ცხოვრების პერიოდში ნა----–-------ასა და მის ოჯახს მისცა 5000 ლარი. თანხა მათი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად და საოჯახო ტექნიკის შესაძენად იყო გადაცემული. ვინაიდან, მხარეებს შორის მოხდა კონფლიქტი, მოსარჩელე წამოვიდა მოპასუხეების სახლიდან და ცხოვრობს მამისეულ სახლში. მოსარჩელე ითხოვს, ნა----–-------ას და გე---------------ა, იგ----------ას სასარგებლოდ დაეკისროთ 5000 (ხუთი ათასი) ლარისა და 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარის გადახდაა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხეების ნა----–-------ასა და გე---------------ას ადვოკატმა ივ-–----------–--–--ამ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია და უსაფუძვლოა, ვინაიდან გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა და ამასთან, საქმეში არ არის მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ მოსარჩელის მოთხოვნას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეზე უდავო ფატობრივი გარემოებები არ დადგენილა

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელის განმარტებით, ნა----–-------ას და გე---------------ას მოსარჩელე- იგ----------ას მიმართ დღეის მდგომარეობით გააჩნია 5000 ლარისა და 2000 აშშ დოლარის ოდენობით.

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 128-ე, 129-ე,132-ე, 137-ე-138-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც სასარჩელო განცხადებით და მხარეთა განმარტებებით ირკვევა დავის საგანს ერთ შემთხვევაში წარმოადგენს მოსარჩელის მიერ მოპასუხეებისათვის 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის 1 სექტემბრსმდე სესხის სახთით 2000 (ორიათასი) ა.შშ დოლარის სს "ლი-------------ს" მეშვეობით, ხოლო მეორე შემთხვევაში ხელზე საყოფაცხოვრები ტექნიკის შესაძენად 5000 ლარის გადაცემა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერდება თუ:

ა) ვალდებულების შესრულება გადავადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ.

ბ) სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა.

გ) კრედიტორი ან მოვალე იმყოფება შეიარაღებული ძალების იმ ნაწილში, რომელიც გადაყვანილია საომარ მდგომარეობაში.

დ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართაც.

 

როგორც მხარეების განმარტებებით და საქმეში არსებული სს "ლი-------------დან " გამოთხოვილი დოკუმენტებით დასტურდება, მოსარჩელე იგ--------------ს სესხის 2000 აშშ დოლარის ნაწილში, მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2013 წლის 1 სექტემბერს და სადაო შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა ხანდაზმულობის ვადების შეჩერებას ან შეწყვეტის.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა სესხის 2000 აშშ დოლარის ნაწილში ხანდაზმულია, ვინაიდან გასულია მოთხოვნის კანონით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

 

ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესძენად მოსარჩელის მიერ მოპასუხეებისათვის ხეხსის სახით 5000 (ხუთიათასი) ლარის გადაცემის ნაწილში სარჩელი არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

მოცემულ შემთხვევაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად მოსარჩელის მიერ მოპასუხეებითათვის სესხის 5000 ლარის დადაცემის შეფასებისას, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს გარდა სიტყვიერი განმარტებისა, რომ მან აღნიშნული თანხა გადასცა მოპასუხეებს, სასამართლოსათვის არ წარუდგენია, რაიმე სახის მტკიცებულება რომელიც დაადასტურებდა ტექნიკის შესაძენად სადაო თანხის გადაცემას. ამასთან, მოსარჩელეს არც ტექნიკის შეძენის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოუდგენია სასამართლოში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე იგ----------ას მოთხოვნა არის უასაფუძვლო და ხანდაზმული, რის გამოც მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 37 მუხლის თანახმად კი სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

7.2. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე იგ----------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად არ არსებობს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და სხვა საპროცესო ხარჯების მოპასუხეზე დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე იგ----------ას სასარჩელო მოთხოვნა ნა----–-------ასა და გე---------------ას მიმართ ვალის დაკისრების თაობაზე მოთხოვნის ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო.

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე