გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.10.2018
საქმის ნომერი
330210018002442578
კატეგორია
დავის ტიპი
გადაზიდვა-გადაყვანა
თარიღი
23.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1-----18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე - შპს ,,ჯ------------------ი"

წარმომადგენელი - თ------------–-–---–ი, ა----------ია

 

მოპასუხე - შპს ,,ფ---------"

წარმომადგენელი - ი-----–------–--ე

 

მოპასუხე - შპს ,,ა----ა"

წარმომადგენელი - ნ----------------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს შპს „ფ---------ს“ და შპს „ა----ას“ მოსარჩელე შპს „ჯ------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გადაზიდვის მომსახურების გადაუხდელი საზღაურის 10742,38 ლარის გადახდა;

1.2. მოპასუხეებს შპს „ფ---------ს“ და შპს „ა----ას“ მოსარჩელე შპს „ჯ------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის ანაზღაურების მიზნით სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე 3584,69 ლარის, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 3,59 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

შპს „ჯ------------------ი“ წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე D---ის ოფიციალურ აგენტს. 2015 წლის 11 მარტიდან 23 აპრილამდე შპს „ჯ------------------სა“ და შპს „ა----ას“ შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება ჩინეთის ქალაქ შ--–--იდან ტვირთვის გადმოზიდვის თაობაზე მომსახურების ტარიფებთან და გადაზიდვის სახელშეკრულებო პირობებთან დაკავშირებით. საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს „ა----ას“ დაკვეთით შპს „ჯ------------------ი“ ჩინეთიდან თბილისამდე შპს „ფ---------ს“ სასარგებლოდ ჩამოიტანდა ტვირთს, შემდეგი პირობით: ტვირთის გადაცემის ადგილიდან (ქარხანა ქ. შ--–--ი), ჩატვირთვის ადგილამდე (ჰ-----------) მიტანის ხარჯად განისაზღვრა 1148 აშშ დოლარი, ხოლო შ--–--იდან თბილისის დისტანციაზე შეუზღუდავი/აუკრძალავი ნივთების გადასაზიდ ფასად - ერთ კუბურ მეტრზე - 220 აშშ დოლარი.

 

D---მა ტვირთი შეთანხმებულ ვადაში ჩამოიტანა და გადასცა მიმღებს: 2015 წლის 18 მაისის N-------- ექსპრეს საზღვაო ზედნადების (იგივე კომბინირებული გადაზიდვის ან პორტიდან პორტში გადაზიდვის ხელშეკრულება, დოკ. N---------- გაც. კომპანია D------------ის მიერ) და N------------ საზღვაო ზედნადების (კონოსამენტი გაც. M---------------------------------- მიერ, გადაზიდვის ერთიანი ხელშეკრულება) საფუძველზე შპს „ფ---------ს“ სასარგებლოდ განხორციელდა მომსახურება - შპს „ჯ------------------მა“ ჩინეთის ქ. შ--–--იდან თბილისში, N----------- კონტეინერით გადმოზიდა 5 პალეტში მოთავსებული 2309 კგ/16.5 კუბ. მეტრი ტვირთი. მომსახურების თანხა ჯამში შეადგენს 10742,38 ლარს, რაც არაერთგზის მოთხოვნისა მოპასუხეებს (ექსპედიტორსა და მიმღებს) დღემდე არ გადაუხდიათ. მიუხედავად იმისა, რომ შპს „ა----ა“ აღიარებს გადახდის ვალდებულებას, იგი სადავოდ ხდის მომსახურების თანხის ოდენობას, თუმცა არ მიუთითებს, რა ოდენობის თანხას მიიჩნევს იგი შეთანხმებულად. შპს „ფ---------“ კი მიიჩნევს, რომ მას უშუალოდ შპს „ჯ------------------ის“ მიმართ რაიმე ვალდებულება არ გააჩნია, მისი განმარტებით, გადაზიდვა განახორციელა შპს „ა----ამ“ და საფასურის გადახდაც შპს „ა----ას“ სასარგებლოდ მოხდა.

 

მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ ვინაიდან გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯეროვანი შესრულების მოთხოვნის უფლება გააჩნდა როგორც პირველ, ასევე მეორე მოპასუხეს, გადაზიდვის გადახდის საფასურის მოთხოვნის ნაწილშიც მოპასუხეები არიან სოლიდარული მოვალეები, რომელთაც გადაზიდვის საფასურთან - 10742,38 ლართან ერთად ასევე უნდა დაეკისროთ ზიანის ანაზღაურებაც. ვალდებულების შესრულების ვადა დადგა 2015 წლის 1 ივლისიდან (ინვოისის ატვირთვის მომდევნო დღე). აღნიშნული თარიღიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ზიანის ანაზღაურების მიზნით 10742,38 ლარის 1%-ის პროპორციით 107.43 ლარიის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე (3584,69 ლარი) და გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 3,59 ლარის გადახდა.

 

მტკიცებულება:

- სარჩელი;

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. წერილობითი წარდგენილი შესაგებლით შპს „ფ---------მ“ სარჩელი არ ცნო. შპს „ფ---------“ სადავოდ არ ხდის ტვირთის მიღების ფაქტს. ტვირთი მართლაც მას ეკუთვნოდა, თუმცა მისი გადაზიდვა განხორციელდა შპს „ჯ------------------სა“ და შპს „ა----ას“ შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში და მცდარი იყო მოსარჩელის განმარტება, რომ გადაზიდვის დროს შპს „ა----ა“ მოქმედებდა შპს „ ფ---------ს“ სახელით. შპს „ა----ა“ იყო შპს „ფ---------ს“ კონტრაქტორი, რომელსაც გადაზიდვის მომსახურება უნდა შეესრულებინა დამოუკიდებლად, ან ქვეკონტრაქტორის მეშვეობით. თავად მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი შეთავაზება შპს „ა----ამ“ დაადასტურა. შესაბამისად, ეს ორი კომპანია იყო ერთმანეთთან სამართლებრივ ურთიერთობაში და შპს „ფ---------ს“ მოსარჩელის მიმართ რაიმე სახით ვალდებულება არ გააჩნია.

 

2.2. არც შპს „ა----ამ“ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მხარეებს შორის დადებული გარიგება საცილო გარიგება იყო, რადგან ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე, შპს „ჯ------------------მა“ გადაზიდვა განახორციელა არა იმ ღირებულების ანაზღაურების პირობით, რაც მოსარჩელეს მითითებული აქვს სარჩელში. ელექტრონული მიმოწერის დროს შპს „ა----ას“ მხრიდან დადასტურდა მხოლოდ ტვირთის მოცულობა, ხოლო ტვირთის გადატანის ანაზღაურების ნაწილში ნება გამოხატული იქნა არსებითი შეცდომით. მხარეებს შორის წარმოებდა მოლაპარაკება ტვირთის გადაზიდვის შესახებ, მაგრამ შეთანხმებული არ ყოფილა გადაზიდვის მოთხოვნილი ღირებულება.

 

შპს „ა----ამ“ ასევე მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლის საფუძველზე, რაც გადაზიდვიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის სპეციალურ ვადებს აწესებს.

 

2018 წლის 21 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე შპს „ა----ამ“ მოთხოვნის დაკმაყოფილება გამორიცხა მხოლოდ ხანდაზმულობის გამო და განმარტა, რომ აღარ დავობდა ტვირთის ფასთან დაკავშირებით.

 

მტკიცებულება:

 

- შესაგებლები;

- 21.09.2018 წლის სხდომის ოქმი (15:10:52)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს „ჯ------------------ი“ არის D---ის ოფიციალური აგენტი საქართველოს ტერიტორიაზე. შპს „ჯ------------------ს“ და შპს „ა----ას“ წარმომადგენლებს შორის მიმდინარე ელექტრონულ მიმოწერის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ ტვირთის გადმოზიდვის თაობაზე. შეთანხმება ითვალისწინებდა ჩინეთის ქალაქ შ--–--იდან საქართველოში, თბილისამდე 2309 კგ/16,5 კუბური მეტრი ტვირთის ჩამოტანას. აღნიშნული შეთანხმების საფუძველი გახდა შპს „ა----ასა“ და შპს „ფ---------ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, ტვირთების გადაზიდვის შესახებ, სადაც შპს „ა----ა“, როგორც გადამზიდავი, კისრულობდა ვალდებულებას შეთანხმებული ანაზღაურების სანაცვლოდ გადაზიდოს დამკვეთის (შპს „ფ---------ს“) ტვირთი დანიშნულების ადგილზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ტვირთის გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 202);

- ელექტრონული მიმოწერა განხორციელებული 11.03.2015-23.04.2015 პერიოდში (ს.ფ. 59-65);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. შპს „ა----ამ“ დაადასტურა, რომ ელექტრონული მიმოწერით მხარეებს შორის შეთანხმდა გადასაზიდი ტვირთის მახასიათებლები, მისი მოცულობა და ფასი, რაც გულისხმობდა, რომ ტვირთის გაცემის ადგილიდან (ქარხანა ქ. შ--–--ში) - გემზე ჩატვირთვის ადგილზე (ჰ-----------) მიტანის ხარჯად განისაზღვრა 1148 აშშ დოლარი, ხოლო თბილისის დისტანციაზე შეუზღუდავი/აუკრძალავი ნივთების გადასაზიდ ფასად - ერთ კუბურ მეტრზე 220 აშშ დოლარი. ხოლო ტვირთის მოცულობა შეადგენდა 5 პალეტში მოთავსებული 2309 კგ/16,5 კუბურ მეტრს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 21.09.2018 წლის სხდომის ოქმი (15:10:52);

- ელექტრონული მიმოწერა განხორციელებული 11.03.2015-23.04.2015 პერიოდში;

 

3.1.3. შეკვეთილი, 5 პალეტში (კონტეინერ-პაკეტში) მოთავსებული 2309 კგ/16,5 კუბური მეტრი ტვირთი 2015 წლის 30 აპრილს შეიფუთა, 18 მაისს ჩაიტვირთა გემზე, ხოლო საბოლოო ადრესატზე (შპს „ფ---------სთვის“) მიწოდება მოხდა 2015 წლის 30 ივნისს. არც შპს „ა----ას“ და არც შპს „ფ---------ს“ სადავოდ არ გაუხდიათ შპს „ჯ------------------ის“ მხრიდან ტვირთის გამოგზავნისა და მიწოდების ვადები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 21.09.2018 წლის სხდომის ოქმი (15:11:21);

- ექსპრეს საზღვაო ზედნადები #---------- (ს.ფ. 42):

- საზღვაო ზედნადები (კონოსამენტი), #M-----------( ს.ფ. 48-51);

- კონტეინერის დეკლარაცია (ს.ფ. 52-53);

- შეფუთვის ფურცელი (ს.ფ. 57).

 

3.1.4. შპს „ჯ------------------ის“ მხრიდან განხორციელებული გადაზიდვის ღირებულება ჯამში შეადგენს 4778 აშშ დოლარს (ექვივალენტი 10742,38 ლარი), რაც მოიცავს ჩინეთის ტერიტორიაზე ქარხნიდან ჩატვირთვის ადგილამდე მიტანის ღირებულებას - 1148 აშშ დოლარს და შ--–--ი-თბილისის დისტანციაზე შეუზღუდავი/აუკრძალავი ნივთების გადაზიდვისთვის ერთ კუბურ მეტრზე 220 აშშ დოლარს, ჯამში 3630 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 30.06.2015 წლის ინვოისი #-----------;

- 21.09.2018 წლის სხდომის ოქმი (15:10:52);

 

3.1.5. გადაზიდვის ყველა დოკუმენტში (ექსპრეს საზღვაო ზედნადები, კონტეინერის დეკლარაცია, ინვოისი და შეფუთვის ფურცელი) გადასაზიდი ტვირთის მიმღებ სუბიექტად მითითებულია შპს „ფ---------“. თავის მხრივ თანხის გადახდის მოთხოვნით ინვოისი შპს „ჯ------------------ის“ მიერ გამოიცა შპს „ფ---------ს“ სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ექსპრეს საზღვაო ზედნადები #---------- (ს.ფ. 42):

- კონტეინერის დეკლარაცია (ს.ფ. 52-53);

- შეფუთვის ფურცელი (ს.ფ. 57).;

- ინვოისი (ს.ფ. 58).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ მისი მოთხოვნის სოლიდარულ მოვალეს შპს „ა----ასთან“ ერთად შპს „ფ---------ც“ წარმოადგენს, ან მასსა და შპს „ა----ას“ შორის არსებულ გადაზიდვის ხელშეკრულებაში შპს „ფ---------“ მესამე პირია.

 

გადაზიდვის არსიდან გამომდინარე, ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულება იდება გადამზიდველს და ტვირთის გამგზავნს შორის. ამასთან, ტვირთის მიმღები შეიძლება იყოს ტვირთის გაგზავნი.

 

როგორც წესი, ხელშეკრულებით სახელშეკრულებო უფლებები და მოვალეობები წარმოეშობათ მხოლოდ ამ ხელშეკრულების მონაწილეებს. სამოქალაქო კოდექსის 349-ე მუხლი აძლევს ხელშეკრულების მხარეებს უფლებას დადონ ხელშეკრულება მესამე პირის სასარგებლოდ. რა დროსაც ხელშეკრულებაში სამი მონაწილეა: მოვალე, კრედიტორი და მოსარგებლე (ბენეფიციარი) - მესამე პირი.

 

სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძვლებს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლი, რომლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. უდავოა, რომ გადაზიდვის შესახებ შეთანხმება, რომლის საფუძველზეც შპს „ჯ------------------მა“ განახორციელა ტვირთის გადმოზიდვა, დაიდო მასსა და შპს „ა----ას“ შორის. ხოლო ცალკე მოსარჩელესა და შპს „ფ---------ს“ შორის ხელშეკრულება არ დადებულა. კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა ორი დამოუკიდებელი ხელშეკრულება, ერთი შპს „ფ---------ს“ და შპს „ა----ას“ შორის, სადაც შპს „ა----ა“ კისრულობს ვალდებულებას დამკვეთის ტვირთი გადაზიდოს დანიშნულების ადგილას და მეორეს მხრივ, ხელშეკრულება შპს „ა----ას“ და შპს „ჯ------------------ს“ შორის, რა დროსაც შპს „ა----ა“ მეორე მოპასუხის მიმართ ნაკისრი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელესთან დებს გადაზიდვის ხელშეკრულებას. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ტვირთის საბოლოო მიმღებს შპს „ფ---------“ წარმოადგენს, შპს „ჯ------------------სა“ და შპს „ა----ას“ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ფულადი ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებლობა შპს „ფ---------ს“ ვერ დაეკისრება. შესაბამისად, სახეზე არაა არც ხელშეკრულებით შეთანხმებული სოლიდარული ვალდებულება, იგი არც კანონით და არც ვალდებულების საგნის განუყოფლობით გამომდინარეობს.

 

3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე შპს „ა----ას“ განმარტებას, რომ შპს „ჯ------------------ს“ გადაზიდვის საზღაურის მოთხოვნის უფლება 2015 წლის 30 აპრილიდან წარმოეშვა. შპს „ა----ა“ აღნიშნულ თარიღს უკავშირებს შეფუთვის ფურცლის შედგენის თარიღს და განმარტავს, რომ ამ დროს შპს „ჯ------------------ისთვის“ უკვე ცნობილი იყო ხელშეკრულების პირობები - გადასაზიდი ტვირთის მოცულობა, ფასი და ა.შ. შესაბამისად, მოსარჩელეს შეეძლო ანაზღაურების მოთხოვნის მიზნით მეორე დღესვე გაეცა ინვოისი, რაც მან არ განახორციელა.

 

სადავო არაა, რომ შპს „ჯ------------------სა“ და შპს „ა----ას“ შორის დაიდო გადაზიდვის ხელშეკრულება, რაც ორმხრივი ხელშეკრულებაა. ორმხრივ ხელშეკრულებში თითოეულ მხარეს გააჩნია უფლებებიც და მოვალეობებიც, ე.ი. თითოეული მხარე კრედიტორიცაა და მოვალეც. როგორც წესი, ორივე მხარე ვალდებულია შესრულება განახორციელოს ერთდროულად. ორმხრივ ხელშეკრულებაში შესრულების რიგითობის დადგენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისათვის. გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი. ამდენად, თავდაპირველად გადამზიდველის მიერ უნდა შესრულდეს სახელშეკრულებო ვალდებულება (მოხდეს ტვირთის გადაზიდვა) და შემდეგ კი გამგზავნმა (მიმღებმა) უნდა გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური.

 

მოპასუხე შპს „ა----ას“ მიერ მითითებული თარიღი (30.04.2015 წელი) უკავშირდება ტვირთის ჩინეთის ქალაქ შ--–--ში შეფუთვის თარიღს, რაც არ გულისხმობს გადამზიდავის მხრიდან ვალდებულების შესრულებას. მხარეებს შორის არაა სადავო, რომ შპს „ჯ------------------მა“ ტვირთი, მის საბოლოო მიმღებს, შპს „ფ---------ს“ 2015 წლის 30 ივნისს გადასცა. შესაბამისად, გადაზიდვის საზღაურის მოთხოვნის უფლებაც მოსარჩელეს 2015 წლის 1 ივლისიდან წარმოეშვა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. მნიშვნელოვანია, თუ საიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადა. ზოგადად, სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა კრედიტორმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ამასთან, ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი კი მეორე მხარეს აწევს (იხ. სუსგ №ას-988-1021-2011, 15.11.2011).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- შეფუთვის ფურცელი;

- ინვოისი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ჯ------------------ის“ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. სამოქალაქო კოდექსის 361.2 შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხოლო 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი და გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე.

 

სასამართლო სხდომაზე შპს „ა----ამ“ მოთხოვნის დაკმაყოფილება გამორიცხა მხოლოდ ხანდაზმულობის გამო და განმარტა, რომ აღარ დავობდა ტვირთის ფასთან დაკავშირებით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „ჯ------------------ის“ მხრიდან განხორციელებული გადაზიდვის ღირებულება ჯამში შეადგენს 4778 აშშ დოლარს (ექვივალენტი 10742,38 ლარი), რაც მოიცავს ჩინეთის ტერიტორიაზე ქარხნიდან ჩატვირთვის ადგილამდე მიტანის ღირებულებას - 1148 აშშ დოლარს და შ--–--ი-თბილისის დისტანციაზე შეუზღუდავი აუკრძალავი ნივთების გადაზიდვისთვის ერთ კუბურ მეტრზე 220 აშშ დოლარს, ჯამში 3630 აშშ დოლარს. აღნიშნული თანხა შპს „ა----ას“ მიერ ანაზღაურებული არ არის.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლის თანახმად, ამ თავში მოწესრიგებული გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა არის ერთი წელი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს ვადა შეადგენს სამ წელს. ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება: ა) ტვირთის ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან ჩაბარების ვადის გადაცილებისას - მისი გამოგზავნის დღიდან;

ბ) ტვირთის მთლიანად დაკარგვისას - გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლის ოცდამეათე დღიდან ან თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, - გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან მესამეცე დღეს;

გ) ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში - გადაზიდვის ხელშეკრულების დადების დღიდან სამი თვის გასვლის შემდეგ.

 

მართალია 699-ე მუხლი განსაზღვრავს გადაზიდვიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადას, თუმცა მუხლის შინაარსი აკონკრეტებს შემთხვევებს, როდის უნდა მოხდეს მისი გამოყენება, იგი კონკრეტული ურთიერთობის არსებობისას წარმოქმნილ მოთხოვნის ხანდაზმულობას განსაზღვრავს, რაც ეხება ტვირთის დაკარგვას, დაზიანებას ან ჩაბარების ვადის გადაცილებას. ამავდროულად, ეს ეხება გადამზიდავის პასუხისმგებლობას და ამ ვადებში მოთხოვნის წარდგენის ადრესატი გადამზიდავია. ხოლო გადაზიდვის თანხის მოთხოვნის მიმართ უნდა გავრცელდეს სახელშეკრულებო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლში.

 

სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. მნიშვნელოვანია, თუ საიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადა. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

საქმის მასალებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გადაზიდვის საზღაურის მოთხოვნის უფლება შპს „ჯ------------------ს“ 2015 წლის 1 ივლისიდან წარმოეშვა, ხოლო სარჩელი ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით აღძრულია 2018 წლის 11 მაისს, მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიან ვადაში. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა სარჩელის აღძვრის დროისთვის გასული არ არის.

 

5.3. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურება, რომელიც რეგულირებულია სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლით, რომლის თანახმად, იმ პირმა რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურებაზე მსჯელობისას, აუცილებელია ამ მოთხოვნის მქონე მხარემ მიუთითოს და უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაამტკიცოს მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შედეგად მისთვის ზიანის მიყენება. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის დროს ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე მსჯელობისას აუცილებელია დადგინდეს თუ რამდენად არის სახეზე ვალდებულების დარღვევა და ამ დარღვევის შედეგად კრედიტორისათვის ზიანის მიყენება. მოდავე მხარემ უნდა დაადასტუროს მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი პირის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად და არასათანადოდ შესრულება, რამაც ზიანი მიაყენა მას.

 

ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი (დადებითი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავალი, რაც გათვალისწინებული სსკ-ის 411-ე მუხლით) და არა არაპირდაპირი ზიანი (ისეთი ზიანი, რომელიც გონივრული ვარაუდის ცნებიდან გამომდინარე, საერთოდ ვერ იქნებოდა სავარაუდო მოვალისთვის).

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ გადაზიდვა შპს „ჯ------------------მა“ შეასრულა შპს „ა----ას“ დაკვეთით, რომელსაც დღემდე არ აქვს ანაზღაურებული გადაზიდვის საზღაური. გადაზიდვა დასრულდა 2015 წელს. შპს „ა----ას“ აღნიშნული ქმედებით მოსარჩელეს ადგება ზიანი, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იგი ვერ სარგებლობს და ვერ განკარგავს მომსახურების თანხით და ვერ იბრუნებს გაწეულ ხარჯს.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დასაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელსაც განსაზღვრავს სარჩელის აღძვრამდე პერიოდისთვის 3584,69 ლარით (10742,38 ლარის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე), ხოლო გადაწყვეტილების მიღებიდან მის აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 3,59 ლარით.

 

6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისთვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებულიშემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 546,15 ლარი, ასევე მტკიცებულებების თარგმანისთვის - 100 ლარი, მათი სანოტარო წესით დამოწმებისთვის - 66 ლარი, ხოლო იურიდიული მომსახურებისთვის - 728 ლარი (სარჩელის ფასის 4%). ვინაიდან შპს „ჯ------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა მხოლოდ შპს „ა----ას“ მიმართ, აღნიშნული თანხების გადახდაც მოსარჩელის სასარგებლოდ სრულად უნდა დაეკისროს მხოლოდ შპს „ა----ას“.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ჯ------------------ი"-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. შპს ,,ა----ა"-ს (ს/ნ 4--------) შპს ,,ჯ------------------ი"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს გადაზიდვის მომსახურების თანხა 10742.38 ლარი.

 

3. შპს ,,ა----ა"-ს შპს ,,ჯ------------------ი"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ზიანის თანხა (2015 წლის 01 ივლისიდან სარჩელის წარმოდგენის დღემდე 2018 წლის 11 მაისამდე პერიოდზე) 3584.69 ლარი და 2018 წლის 11 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 3.59 ლარი.

 

4. შპს ,,ა----ა"-ს შპს ,,ჯ------------------ი"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 546.15 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, 100 ლარის გადახდა დოკუმენტების თარგმანისათვის გადახდილის სანაცვლოდ, 66 ლარი დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებისათვის გადახდილის სანაცვლოდ და 728 ლარი საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილის სანაცვლოდ.

 

5. შპს ,,ჯ------------------ი"-ს სარჩელი შპს ,,ფ---------“-ს მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე