გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/12471-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28.09.2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი: კახა კომლაძე
მოსარჩელე ლუ-----–------------–---
წარმომადგენელი ნი----–---------–-----
მოპასუხე სს "მ----------------"
წარმომადგენელი ან-------–---–-
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე სს „მ----------------სათვის“ ლუ-----–------------–---ს სასარგებლოდ 30 000 აშშ დოლარის დაკისრება.
1.2. მოპასუხე სს „მ----------------სათვის“ ლუ-----–------------–---ს სასარგებლოდ თამასუქით გათვალისწინებული პროცენტის 3059 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
2016 წლის 17 ოქტომბერს სს „მ-----------------“ - ინდოსატარმა (თამასუქის ემიტენტი) მიიღო ლუ-----–------------–---საგან 30 000 აშშ დოლარი და იკისრა ვალდებულება აღნიშნული თანხა გადაეხადა 2017 წლის 17 ოქტომბერს.
2017 წლის 17 ოქტომბრის შემდეგ მხარეებმა გააგრძელეს თამასუქის მოქმედების ვადა 2018 წლის 17 ოქტომბრამდე. ვადის გაგრძელების შემდეგ სს „მ-----------------“ ლუ-----–------------–---ს გადაუხადა მხოლოდ ერთი თვის, 17.11.2017 სარგებელი - 305.96 აშშ დოლარი.
ლუ-----–------------–---მ სს „მ----------------“ წარუდგინა აქცეპტირებული თამასუქი და მოითხოვა ვალდებულების შესრულება. სს „მ-----------------“ თანხის განაღდება ვერ შეძლო ეკონომიკურ პრობლემებზე მითითებით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ სს „მ-----------------“ მოსარჩელე მხარეს გადაუხადა თამასუქით გათვალისწინებული ვალდებულება. რაც შეეხება თამასუქის ვადას - ის ჯერ არ არის გასული და გრძელდება 2018 წლის 17 ოქტომბრამდე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 17 ოქტომბრის ხელშეკრულების თანახმად, სს „მ-----------------“ - ინდოსატარმა (თამასუქის ემიტენტი) მიიღო ლუ-----–------------–---საგან 30 000 აშშ დოლარი და იკისრა ვალდებულება აღნიშნული თანხა გაენაღდებინა 2017 წლის 17 ოქტომბერს. ხელშეკრულებით განისაზღვრა საპროცენტო სარგებელი - წლიური 13%.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- პროცენტიანი მარტივი - „მწვანე თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულება N----;
3.2.2. 2017 წლის 17 ოქტომბრის შემდეგ მხარეებმა გააგრძელეს თამასუქის მოქმედების ვადა 2018 წლის 17 ოქტომბრამდე და წლიური საპროცენტო სარგებლის ოდენობა განსაზღვრეს 12.64%-ით. ვადის გაგრძელების შემდეგ სს „მ-----------------“ ლუ-----–------------–---ს გადაუხადა მხოლოდ ერთი თვის, 17.11.2017 სარგებელი - 305.96 აშშ დოლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 17.10.2017 „მწვანე თამასუქის“ ხელშეკრულება ცვლილებების შესახებ;
- 17.11.2017 სალაროს გასავლის ორდერი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ ლუ-----–------------–---ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 30 000 აშშ დოლარისა და სარგებლის 3059 აშშ დოლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, მე-400, 361-ე მუხლებით.
„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12, 29-ე, 37-ე მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ" პუნქტით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
2016 წლის 17 ოქტომბერს ლუ-----–------------–---სა და სს „მ----------------“ შორის დაიდო თამასუქის შეძენის შესახებ ხელშეკრულება N----, რომლის თანახმადაც ინდოსანტმა სს „მ-----------------“ მიიღო თანხა 30 000 აშშ დოლარის ოდენობით და იკისრა ვალდებულება 2018 წლის 17 ოქტომბრის შემდეგ გადაეხადა აღნიშნული თანხა, წლიურ პროცენტთან ერთად.
„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მიხედვით, ინდოსამეტი პასუხს აგებს აქცეპტისა და თამასუქის გადახდისათვის, თუ სხვა რამ არ არის დათქმული.
სს „მ----------------“-მა აიღო უპირობო ვალდებულება თამასუქში ნაჩვენები თანხა 30 000 აშშ დოლარი გადაეხადა ლუ-----–------------–---სთვის 2018 წლის 17 ოქტომბერს.
„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მიხედვით, თამასუქი შეიძლება გაიცეს გადასახდელად შემდეგი ვადების გათვალისწინებით: ა) წარდგენისთანავე; ბ) წარდგენიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში; გ) გაცემიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში; დ) განსაზღვრულ დღეს;
ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თამასუქის მფლობელს შეუძლია წარუდგინოს სარჩელი ინდოსანტს, თამასუქის გამცემს და სხვა ვალდებულ პირებს გადახდის ვადის დადგომამდე შემდეგ შემთხვევებში: როდესაც მოვალის გადახდისუანარიანობა საეჭვოა, მიუხედავად იმისა, გაუკეთა თუ არა მან აქცეპტირება თამასუქს; თუ მან შეაჩერა თავისი გადასახდების შეტანა, რაც არაა დადასტურებული სასამართლო წესით, ან როდესაც იძულებითი გადახდევინებისათვის მიქცევამ შედეგი არ გამოიღო.
კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თამასუქის ვადის გაგრძელების შემდეგ, სს „მ-----------------“ ყოველთვიურად გადასახდელი პროცენტიდან მხოლოდ ერთი თვის სარგებელი გადაიხადა 2017 წლის 17 ნოემბერს. ამდენად, ცალსახად დგინდება ინდოსანტის მიერ გადასახადების გადახდის შეჩერება. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ამონაწერიდან მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შესახებ ირკვევა, რომ 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ, სს „მ----------------ს“ მიმართ სასამართლოს განჩინებებით გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები და მის წინააღმდეგ დაწყებულია არაერთი სააღსრულებო წარმოება. აქედან გამომდინარე, დგინდება, რომ მას არა აქვს შესრულებული ფულადი ვალდებულებები და ჰყავს ბევრი კრედიტორი. ამდენად, ინდოსანტის გადახდისუუნარობა საეჭვოა.
ზემოაღნიშნული გარემოებები, თამასუქის მფლობელს ლუ-----–------------–---ს ანიჭებს უფლებამოსილებას გადახდის ვადის დადგომამდე, 2018 წლის 17 ოქტომბრამდე წარუდგინოს მოთხოვნა სს „მ----------------“ 30 000 აშშ დოლარის სარგებელთან 3059 აშშ დოლართან ერთად დაბრუნების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია გამოიყენოს ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება და თამასუქის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გადასცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოპასუხე სს „მ----------------“ უნდა დაეკისროს მოსარჩელე ლუ-----–------------–---ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
მოპასუხე სს „მ----------------“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 1250 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით, 268-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ" პუნქტით და
გადაწყვიტა:
1. ლუ-----–------------–---ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. დაეკისროს მოპასუხე სს "მ----------------" მოსარჩელე ლუ-----–------------–---ს სასარგებლოდ 30 000 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. დაეკისროს მოპასუხე სს "მ----------------" მოსარჩელე ლუ-----–------------–---ს სასარგებლოდ პროცენტის სახით 3059 აშშ დოლარის გადახდა.
2. დაეკისროს მოპასუხე სს "მ----------------" მოსარჩელე ლუ-----–------------–---ს სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად და 1250 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად.
3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში შეიძლება კერძო საჩივრის წარდგენა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა ჭედია