განაჩენი

სისხლის სამართლის 19.10.2018
საქმის ნომერი
820100118002440668
დავის ტიპი
260 6 ა , 260 3 ა
თარიღი
19.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100118002440668

№1-121/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19.10.2018 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე

 

პროკურორი - ა---- მ-------ა

 

ბრალდებული - ტ------– დ-------ე

ადვოკატი - ს----- ა-------ი

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171070418008 საქმე

 

ბრალდებულ ტ------– დ-------ის მიმართ

მამის სახელი: ვ-–---------;

დაბადებული: 19.08.1--- წელი;

დაბადების ადგილი: საქართველო,პირადი ნომერი: 6----------;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: საშუალო;

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული;

მცხოვრები: ქ.ბათუმი, ვ-----------–-ს ქუჩა №99

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. ტ------– დ-------ემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, წონით 0,3894 გრამი. აგრეთვე, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით - 0,2018 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეთადონის მარილს, რაც 2018 წლის 07 აპრილს ჩატარებული პირადი ჩხრეკისას მისგან იქნა ამოღებული.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა.

 

2. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა თავი დამნაშავედ სცნო, ამავდროულად სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებათა ნაწილი სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4. 2018 წლის 07 აპრილის ტ------– დ-------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულ იქნა 5 ცალი მოშავო მოყავისფრო ფერის ტაბლეტები კონვალუტებში და 49 ცალი ტაბლეტი ვერცხლისფერ კონვალუტებში.

 

5.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 09 აპრილის ექსპერტიზის №ქ/204 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი 49 ცალ კონვალუტის ფირფიტის ამონაჭერში, წარწერით ,,8mg/2mg buprenorphine/naloxone” მოთავსებული, ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე, თეთრი ფერის ექვსკუთხა ფორმის 49 ცალი ტაბლეტი, საერთო წონით - 19,4731 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს 0,3894 გრამის ოდენობით. ხუთ ცალად კონვალუტის ფირფიტის ამონაჭერში, წარწერით ,,Metha…., done 40” მოთავსებული 5 ცალი თეთრი ფერის , წრიული ფორმის, შუაში ნაჭდევით ტაბლეტები, საერთო წონით - 2,2703 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (მარილი) წონით - 0,2018 გრამს.

 

6. მოწმეების, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის-ინსპექტორ გამომძიებლების ს---–----------------------------------ის ჩვენების თანახმად, მათ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კვარიათში, დააკავეს ტ------– დ-------ე, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ხუთი ცალი მოშავო-მოყავისფრო ფერის ტაბლეტები კონვალუტებში და 49 ცალი ტაბლეტი ვერცხლისფერ კონვალუტებში.

 

7. ტ------– დ-------ემ დაადასტურა, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები მისი კუთვნილია .

 

8. ტ------– დ-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია ასევე საქმეზე პრეიუდიციად მიჩნეული შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმე სალ------------ის ჩვენებით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის N901265 დასკვნით და საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებებით.

 

9.”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;

 

10.ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონი“ შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების მეორე სიაში №40 რეგისტრაციით,11. ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის დანართის შესაბამისად ”უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის” თანახმად ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონი“, წონით 0,2018 გრამი წარმოადგენს დიდ ოდენობას.

 

12. ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებები მეთადონის მარილი მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა რიცხვს და მისი შეძენა-შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.

 

13. ტ------– დ-------ეს არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალება მეთადონის შეძენისა და შენახვის თაობაზე.

 

14. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ტ------– დ-------ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - მეთადონის მარილი.

 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა.

 

15. 2018 წლის 07 აპრილის ტ------– დ-------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულ იქნა 5 ცალი მოშავო მოყავისფრო ფერის ტაბლეტები კონვალუტებში და 49 ცალი ტაბლეტი ვერცხლისფერ კონვალუტებში.

 

16.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 09 აპრილის ექსპერტიზის №ქ/204 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი 49 ცალ კონვალუტის ფირფიტის ამონაჭერში, წარწერით ,,8mg/2mg buprenorphine/naloxone” მოთავსებული, ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე, თეთრი ფერის ექვსკუთხა ფორმის 49 ცალი ტაბლეტი, საერთო წონით - 19,4731 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს 0,3894 გრამის ოდენობით.

 

17. ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინი" შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების მე-2 სიაში №10 რეგისტრაციით

 

18.”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის დანართის შესაბამისად ”უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა” - №29 რეგისტრაცია, ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი", წონით 0,3894 გრამი, წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას.

 

19. ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებები ბუპრენორფინი მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა რიცხვს და მისი შეძენა-შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.

 

20. ტ------– დ-------ეს არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენოპრფინის შეძენისა და შენახვის თაობაზე.

 

21. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ტ------– დ-------ემ უკნონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ”ბუპრენორფინს”.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

22. სასამართლოს მიაჩნია, რომ ტ------– დ-------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - განსკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

23. ტ------– დ-------ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებია დანაშაულის ჩადენა ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

 

24.ტარიელ დ-------ის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

25. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ტ------– დ-------ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ტ------– დ-------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

26. ტ------– დ-------ეს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთმევა 05 წლით და ცალკეული უფლება 10 წლის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.ტ------– დ-------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ტ------– დ-------ეს მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.

 

მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. რის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

2. ტ------– დ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 07 აპრილიდან.

 

3.გაუქმდეს მსჯავრდებულ ტ------– დ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

 

4. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ ნარკოტიკული საშუალება - მეთადონი 0,2018 გრამი და ბუპრენორფინი 0,3894 გრამის ოდენობით, რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილებაში, გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს დადგენილი წესით გასანადგურებლად.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე

ხვიჩა კიკილაშვილი