გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210017001912298
საქმე №2/397-17წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი - ნათია გოჩიტაშვილი
მოსარჩელე: ნა----–---------–---–ი;
წარმომადგენელი: ლე--–---------–---–ი;
მოპასუხეები: გი-------–-------–---–ი, ნი---------–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეებს გი-------–-------–---–ს და ნი---------–---–ს მოსარჩელე ნა----–---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 54 895 ( ორმოცდათოთხმეტი ათას რვაას ოთხმოცდათხუთმეტი) აშშ დოლარის გადახდა.
2018 წლის 11 ოქტომბერს სიღნაღის რაიონული სასამართლოსი სარჩელის განხილვის პაექრობის ეტაპზე მოსარჩელემ წარმოადგინა შუამდგომლობა სარჩელის თანხის გაზრდაზე, რაც დაკმაყოფილებული არ იქნა, რადგან მოპასუხე ამის წინააღმდეგი იყო.
სარჩელის დასაბუთება
სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული იყო სესხის ხელშეკრულება, რომელიც გამოხატული იყო მსესხებლის მიერ შედგენილი ხელწერილის ფორმით. სესხის თანხის დაბრუნების ვადა პირველი სესხის შემთხვევაში განისაზღვრა 15 დღე, ხოლო მეორე სესხის შემთხვევაში ერთი კვირა. მხარეთა შეთანხმებით მსესხებელს ყოველდღიურად უნდა გადაეხადა ძირი თანხის ერთი პროცენტი და დაებრუნებინა სესხის თანხა, რაც უნდა ასახულიყო ხელწერილში ვალის დაფარვის შესახებ ჩანაწერით.
სარჩელში მითითებულია, რომ მოპასუხეებმა გი-------–-------–---–მა და ნი---------–---–მა მოსარჩელე ნა----–---------–---–ისაგან 2012 წლის 12 ივლისს ისესხეს 1000 (ათასი) აშშ დოლარი, ხოლო 2012 წლის 30 ივლისს - დამატებით 500 (ხუთასი) აშშ დოლარი, სულ 1500 (ათას ხუთასი) აშშ დოლარი, რომლის დასტურად დაწერეს ხელწერილი. ძირი თანხა ან თანხის პროცენტი არ გადაუხდიათ.
მოსარჩელე სარჩელში წერს, რომ აშშ დოლარის კურსი ლართან მიმართებაში 2014 წელს იყო 1.76 ლარი, ხოლო დღეისათვის შეადგენს 2.4 ლარს. ამრიგად, სამოქალაქო კოდექსის 389 მუხლის (ფულადი ვალდებულების გადახდა ფულადი ერთეულის კურსის შეცვლისას) გათვალისწინებით მოსარჩელე ითხოვს ფულადი დავალიანების შესრულებას კურსის სხვაობიდან გამომდინარე.
სესხად მიცემული 1500 (ათას ხუთასი) აშშ დოლარიდან მოსარჩელე ანგარიშობს პროცენტებს (სარგებელს) შემდეგი წესით: 1500 აშშ დოლარის თვიური სარგებელი შეადგენდა 450 აშშ დოლარს. თანხის სესხებიდან გასულია 53 თვე და ამ ვადის განმავლობაში ძირი თანხის სარგებელი შეადგენს 34 945 აშშ დოლარს, ხოლო დანარჩენი 41 თვეზე ზიანის ანაზღაურების გარეშე 41 თვეზე შეადგენს (450*41) 18450 აშშ დოლარს, რაც ჯამში ძირ თანხასთან და სარგებლიანად ერთად შეადგენს 54 895 აშშ დოლარს.
მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ სესხის გაცემიდან დაახლოებით ორი თვის გასვლის შემდეგ, იგი სისტემატურად თხოვდა მოპასუხეებს სახელშეკრულებო პირობების შესრულებას, მაგრამ მოპასუხე არც პროცენტებს იხდიდა და არც სესხის თანხას აბრუნებდა და მხოლოდ პირდებოდა ვალის დაფარვას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გი-------–-------–---–მა და ნი---------–---–მა სარჩელი არ ცნეს და სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ მათ მართალია აღებული აქვს სესხად 1500 აშშ დოლარი ნა----–---------–---–ისაგან მაგრამ დაბრუნებული აქვს მთლიანი თანხა თავისი სარგებლით და მოსარჩელის არანაირი ვალი არ გააჩნიათ.
მოპასუხე ნი---------–---–მა აჩვენა, რომ 2012 წლის 12 ივლისს მისმა მეუღლემ გი-------–-------–---–მა ნა----–---------–---–ისაგან ისესხა 1 000 (ათასი) აშშ დოლარი, ხოლო 2012 წლის 30 ივლისს - 500 აშშ დოლარი. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ ისესხა თანხა იმ პირობით, რომ ყოველდღიურად გადაიხდიდა სესხად მიღებული თანხის 1%, სესხი გაცემული იყო 15 დღის ვადით, რაც მითითებულია ხელწერილში. ასევე განმარტა, რომ საპროცენტო განაკვეთი დღეში 1%-ს ოდენობით კანონსაწინააღმდეგოა.
მან განმარტა, რომ მეორე სესხის 500 აშშ დოლარის აღებამდე მათ დააბრუნეს 1000 აშშ დოლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ნა----–---------–---–ი მათ ახალ სესხს არ მისცემდა. რაც შეეხება 2012 წლის 30 ივლისს აღებულ 500 აშშ დოლარს, მოპასუხეების განმარტებით ისიც მოკლე ვადაში გადაიხადეს და ამრიგად სრულად აქვს დაფარული აღებული სესხის თანხა. გარდა ამისა სარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან გასულია სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2017 წლის 04 მაისს. სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მხარეთა შორის ფაქტიურად დადებული იყო წერილობით სესხის ხელშეკრულება, რომელიც გამოხატული იყო მსესხებლის მიერ შედგენილი ხელწერილის ფორმით. მხარეთა შეთანხმებით იგულისხმებოდა, რომ სესხი დადებული იყო ხანმოკლე პერიოდზე და ხელშეკრულების მოქმედების (თანხის დაბრუნების) ვადა პირველ შემთხვევაში განისაზღვრა 15 დღე, ხოლო მეორე სესხის შემთხვევაში ერთი კვირა. მხარეთა შეთანხმებით მსესხებელს ყოველდღიურად უნდა გადაეხადა ძირი თანხის ერთი პროცენტი.
დადგენილია, რომ მოპასუხეებმა გი-------–-------–---–მა და ნი---------–---–მა მოსარჩელე ნა----–---------–---–ისაგან 2012 წლის 12 ივლისს ისესხეს 1000 (ათასი) აშშ დოლარი და 2012 წლის 30 ივლისს გი-------–-------–---–მა ისესხა - 500 (ხუთასი) აშშ დოლარი, რომლის დასტურად თავიანთი ხელით დაწერეს ხელწერილი. სარგებლის გადახდის ან სესხის თანხის დაბრუნების რაიმე მტკიცებულება, გარდა მოპასუხეების ჩვენებისა საქმეში წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი; შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- შინაურული ხელწერილები სესხის თანხის აღების თაობაზე;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1 სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმულია და ამის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
სასამართლომ გამოიყენა:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-105-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 10-ე, 129-ე, 130-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 623 -ე, 626-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით სასამართლო ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში და საქმის მასალებიდან და მხარეთა განმარტებებიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოდავე მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის გათვალისწინებით ადგილი ქონდა სასესხო სამართლებრივ ურთიერთობებს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 626-ე მუხლის პირველი ნაწილით: თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობები წარმოიშვა სესხის თაობაზე მხარეთა შეთანხმებისაგან. წარმოდგენილი ხელწერილით და მხარეთა განმარტებებით დგინდება, რომ მოპასუხეებს ნამდვილად გადაეცად სესხად 1500 აშშ დოლარი, თუმცა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა თანხის დაბრუნებას მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა, რაც სარჩელის მოთხოვნის ნაწილი თანხის დაკმაყოფილების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო თუ მოპასუხეების მხრიდან არ დადგებოდა მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი.
სასამართლო იზიარებს მოპასუხეების მტკიცებას, რომ სარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია და ამის გამო უარი უნდა ეთქვას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით: ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სასამართლო უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეები იმყოფებოდნენ რა სახელშეკრულებო ურთირთობაში მოთხოვნის მიმართ მოქმედებს დასახელებული მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რაც შეადგენს სამ წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა ასრულებს სადავო სამართლებრივ ურთიერთობას და გამორიცხავს სადავო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში არ გამორიცხავს სუბიექტურ მომენტს – იცოდა თუ არა დაზარალებულმა ან უნდა სცოდნოდა თუ არა საკუთარი უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა.
მოპასუხის მიერ თავისი ხელით შედგენილ ხელწერილში მითითებულია, რომ 2012 წლის 12 ივლისს გი-------–-------–---–მა ნა----–---------–---–ისაგან ისესხა 1000 (ათასი) აშშ დოლარი და ამ ფულს დაფარავს თავისი პროცენტით 15 დღის განმავლობაში. ამავე ფურცელის მეორე მხარეზე 2012 წლის 30 ივლისს გი-------–-------–---–მა დაწერა ხელწერილი, რომ ნა----–---------–---–ისაგან ისესხა 500 აშშ დოლარი მაქსიმუმ ერთი კვირით. ამდენად, მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების ვადაზე.
მოსარჩელე ნა----–---------–---–ის წარმომადგენელმა პროცესზე აჩვენა, რომ არანაირი პროცენტის და სესხის ძირის თანხა მოპასუხეებს არ დაუბრუნებიათ სესხის აღებიდან სარჩელის აღძვრამდე 53 (ორმოც და ცამეტი) თვის განმავლობაში. მოსარჩელემ სასამართლოზე განმარტა, რომ მხარეთა ზეპირი შეთანხმებით და ხელწერილის მიხედვით პროცენტების გადახდა უნდა მომხდარიყო ხელწერილში მითითებული ვადის გასვლისთანავე, მაქსიმუმ ერთ თვეში, რაც არ მომხდარა. მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ სესხის მიცემიდან დაახლოებით ორი თვის გასვლის შემდეგ, როდესაც ნათელი გახდა, რომ მოპასუხეები არ ასრულებდნენ სახელშეკრულებო პირობებს, მან არაერთხელ მიმართა მოპასუხეებს სესხის თანხის დაბრუნების მოთხოვნით, მაგრამ მოპასუხე არც პროცენტებს იხდიდა და არც სესხის თანხას აბრუნებდა და მხოლოდ პირდებოდა მას ვალის დაბრუნებას.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2012 წლის ოქტომბრის თვიდან ნა----–---------–---–მა შეიტყო თავილისი უფლების დარღვევის შესახებ და ამ თვიდან დაიწყო სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა. სარჩელი სასამართლოში აღძრული იქნა 2017 წლის 04 მაისს, ე.ი. მოთხოვნის წარმოშობის დღიდან დაახლოებით ოთხი წლის და ექვსი თვის გასვლის შემდეგ. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს და შესაბამისად სასამართლო თვლის, რომ სარჩელის მოთხოვნა მოპასუხეების მიმართ ხანდაზმულია და იძულებით აღსრულებას აღარ ექვემდებარება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელეს არა აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ” სახელმწიფო ბაჟის შესახებ ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ”მ” პუნქტის მიხედვით საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ინვალიდები. მოსარჩელე მხარე კანონით განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხე მხარეს არ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ნა----–---------–---–ის სარჩელი მოპასუხეების გი-------–-------–---–ის და ნი---------–---–ის მიმართ 54 895 ( ორმოც და თოთხმეტი ათას რვაას ოთხმოც და თხუთმეტი) აშშ დოლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს სარჩელის ხანდაზმულობის გამო.
2.მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ნოზაძე