გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210017001914429
საქმე №2/411-17წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი - ნათია გოჩიტაშვილი
მოსარჩელე: ნა----–---------–---–ი
წარმომადგენელი: ლე--–---------–---–ი
მოპასუხეები: თა-----------–----ი
წარმომადგენელი: სო---------–----ა
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე თა-----------–----ს მოსარჩელე ნა----–---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 123 120 ( ას ოცდასამი ათს ას ოცი) ლარის და 12 898 (თორმეტი ათას რვაას ოთხმოცდათვრამეტი) აშშ დოლარის გადახდა.
სარჩელის დასაბუთება
სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული იყო სესხის ხელშეკრულება, რომელიც გამოხატული იყო მსესხებლის მიერ შედგენილი ხელწერილის ფორმით. სესხის თანხის დაბრუნების კონკრეტული ვადა ხელწერილში მითითებული არ იყო და შესაბამისად სესხი იყო უვადოა.
სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მხარეთა ზეპირი შეთანხმებით სესხი დადებული იყო ხანმოკლე პერიოდზე, ერთ თვემდე ვადით. მხარეთა შეთანხმებით მსესხებელს ყოველდღიურად უნდა გადაეხადა ძირი თანხის ერთი პროცენტი, რაც აისახებოდა ხელწერილებში. სესხის ხელშეკრულება მხარეთა მიერ არ შეწყვეტილა.
მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ თა-----------–----მა მოსარჩელე ნა----–---------–---–ისაგან 2014 წლის 14 იანვარს ისესხა 1300 ლარი და 200 აშშ დოლარი, 2014 წლის პირველ თებერვალს ისესხა 600 ლარი, 2014 წლის 03 თებერვალს ისესხა 200 ლარი და 100 აშშ დოლარი, ე.ი. სულ 20 დღის განმავლობაში ისესხა 2100 ლარი და 300 აშშ დოლარი. რომლის დასტურად თავისი ხელით დაწერა ხელწერილი. თანხა არ დაუბრუნებია და ამ თანხის არანაირი პროცენტი არ გადაუხდია.
მოსარჩელე სარჩელში წერს, რომ აშშ დოლარის კურსი ლართან მიმართებაში 2014 წელს იყო 1.76 ლარი, ხოლო დღეისათვის შეადგენს 2.4 ლარს. ამრიგად, სამოქალაქო კოდექსის 389 მუხლის (ფულადი ვალდებულების გადახდა ფულადი ერთეულის კურსის შეცვლისას) გათვალისწინებით მოსარჩელე ითხოვს ფულადი დავალიანების შესრულებას კურსის სხვაობიდან გამომდინარე.
ამ თანხიდან მოსარჩელე ანგარიშობს პროცენტებს (სარგებელს) შემდეგი წესით: 2100 ლარი თვიური სარგებელი შეადგენს 630 ლარს. თანხის სესხებიდან გასულია 56 თვე და ამ ვადის განმავლობაში ძირი (2100 ლარის) თანხის სარგებელი შეადგენს 123 120 ლარს, ხოლო 300 აშშ დოლარის თვიური სარგებელი შეადგენს 90 აშშ დოლარს, რაც ჯამში შეადგენს 12 898 აშშ დოლარს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ სესხის გაცემიდან დაახლოებით ერთი-ორი თვის გასვლის შემდეგ მან მოპასუხეს მოთხოვა სახელშეკრულებო პირობების შესრულება ან თანხის დაბრუნება, მაგრამ მოპასუხე არც პროცენტებს იხდიდა და არც სესხის თანხას აბრუნებდა. მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ 2016 წელს შემოტანილი ქონდა სარჩელი თა-----------–----ის მიმართ, რომელიც განუხილველად დარჩა. ეს განჩინება საქმეში წარმოდგენილი არა აქვს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე თა-----------–----ის წარმომადგენელმა სო---------–----ამ სარჩელი არ ცნო და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ვინაიდან სესხზე დარიცხული სარგებელის ოდენობა (დღეში 1%) კანონსაწინააღმდეგოა და სარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული. ამასთან განმარტა, რომ მისმა მარწმუნებელმა შეასრულა ვალდებულება ნაწილობრივ, მაგრამ ამის მტკიცებულება არ გააჩნია.
მოპასუხე თა-----------–----ის წარმომადგენელმა სო---------–----ამ დაადასტურა, რომ 2014 წლის 14 იანვარს თამარ ბერელურმა ისესხა 1300 ლარი და 200 აშშ დოლარი, 2014 წლის პირველ თებერვალს ისესხა 600 ლარი, 2014 წლის 03 თებერვალს ისესხა 200 ლარი და 100 აშშ დოლარი, ე.ი. სულ ისესხა 2100 ლარი და 300 აშშ დოლარი. რომლის დასტურად თავისი ხელით დაწერა ხელწერილი. ზეპირი შეთანხმებით სესხის დაბრუნების ვადა შეადგენდა 10-15 დღეს, თუმცა ეს ასახული არ იქნა ხელწერილში.
მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ მისმა მარწმუნებელმა შეასრულა ვალდებულება ნაწილობრივ, სესხად მიღებული თანხიდან დაბრუნებული აქვს 2000 (ორი ათასი) ლარი და 100 (ასი) აშშ დოლარი, თუმცა ამ თანხის დაბრუნების წერილობითი მტკიცებულება არ გააჩნია.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მხარეთა შორის დადებული იყო წერილობით სესხის ხელშეკრულება, რომელიც გამოხატული იყო მსესხებლის მიერ შედგენილი ხელწერილის ფორმით. მხარეები დამატებით ზეპირად შეთანხმდნენ, რომ სესხი გაცემული იყო ერთ თვემდე ვადით, თუმცა ხელშეკრულების მოქმედების (თანხის დაბრუნების) კონკრეტული ვადა ხელწერილში მითითებული არ იქნა. მხარეთა შეთანხმებით (ხელწერილით) მსესხებელს ყოველდღიურად უნდა გადაეხადა ძირი თანხის ერთი პროცენტი, რაც აისახებოდა ხელწერილებში.
3.2. დადგენილია, რომ მოპასუხე თა-----------–----მა მოსარჩელე ნა----–---------–---–ისაგან 2014 წლის 14 იანვარს ისესხა 1300 ლარი და 200 აშშ დოლარი, 2014 წლის პირველ თებერვალს ისესხა 600 ლარი, 2014 წლის 03 თებერვალს ისესხა 200 ლარი და 100 აშშ დოლარი, ე.ი. სულ ისესხა 2100 ლარი და 300 აშშ დოლარი. რომლის დასტურად თავისი ხელით დაწერეს ხელწერილი. თანხის დაბრუნების რაიმე მტკიცებულება, გარდა მოპასუხის ჩვენებისა, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი; შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- შინაურული ხელწერილები სესხის თანხის აღების თაობაზე;
3.3. მხარეთა განმარტებებიდან დადგენილი იქნა, რომ სესხის გაცემიდან დაახლოებით ერთი-ორი თვის გასვლის შემდეგ მოსარჩელე ნა----–---------–---–მა მოითხოვა სესხის თანხის დაბრუნება სარგებელთან ერთად, მაგრამ მოპასუხე თა-----------–----ს, ნა----–---------–---–ის განმარტებით, არც სესხზე სარგებელი და არც ძირი თანხა არ გადაუხდია.
სარჩელი სასამართლოში აღძრული იქნა 2017 წლის 04 მაისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი; შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1 სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
სასამართლომ გამოიყენა:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-105-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 10-ე, 129-ე, 130-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 623 -ე, 626-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით სასამართლო ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში და საქმის მასალებიდან და მხარეთა განმარტებებიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოდავე მხარეთა შორის არსებობდა სასესხო სამართლებრივი ურთიერთობები.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 626-ე მუხლის პირველი ნაწილით: თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები წარმოიშვა სესხის თაობაზე მხარეთა შეთანხმებისაგან. წარმოდგენილი ხელწერილით და მხარეთა განმარტებებით დგინდება, რომ მოპასუხეს ნამდვილად გადაეცა სესხად სარჩელში მითითებული თანხა, თუმცა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა თანხის დაბრუნებას მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა, რაც სარჩელის მოთხოვნის ნაწილობრივი დაკმაყოფილების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო თუ მოპასუხის მიერ არ დადგებოდა მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ სარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია და განმარტავს შემდეგს:
როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ ნა----–---------–---–ისაგან პირველი სესხი მოპასუხემ მიიღო 2014 წლის 14 იანვარს (1300 ლარი და 200 აშშ დოლარი), ხოლო ბოლო სესხის თანხა 200 ლარი და 100 აშშ დოლარის ოდენობით გაცემული იქნა 2014 წლის 03 თებერვალს. ზეპირი შეთანხმებით სესხის შეთანხმება დადებული იყო მაქსიმუმ ერთ თვემდე ვადით და მსესხებელს ყოველდღიურად უნდა გადაეხადა ძირი თანხის სარგებელი ერთი პროცენტი თანხის დაბრუნებისთანავე. მოსარჩელემ დაადასტურა, რომ შეთანხმება არ შესრულდა, არც სარგებელი და არც ძირი თანხა მოპასუხეს არ გადაუხდია და ამის გამო მან სესხის გაცემიდან ერთ-ორ თვეში (ე.ი მაქსიმუმ 2014 წლის 04 აპრილამდე) არაერთხელ ითხოვდა მოპასუხისაგან თანხის დაბრუნება, რამაც შედეგი არ გამოიღო და მან სასამართლოში სარჩელი შეიტანა 2017 წლის 04 მაისს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით: ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
სასამართლო თვლის, რომ მხარეები იმყოფებოდნენ რა სახელშეკრულებო ურთირთობაში მოთხოვნის მიმართ მოქმედებს დასახელებული მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რაც შეადგენს სამ წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა ასრულებს სადავო სამართლებრივ ურთიერთობას და გამორიცხავს სადავო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში არ გამორიცხავს სუბიექტურ მომენტს – იცოდა თუ არა დაზარალებულმა ან უნდა სცოდნოდა თუ არა საკუთარი უფლების დარღვევის შესახებ. სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა სესხის გაცემიდან ერთი თვის გასვლისთანავე, როდესაც მან შეიტყო, რომ მოპასუხემ დაარღვია შეთანხმებული პირობები, ე.ი 2014 წლის თებერვლის ბოლოდან და ამ დროიდან დაიწყო სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა. მოსარჩელემ მოითხოვა თანხის დაბრუნება (როგორც თვითონ აჩვენა) სესხის გაცემიდან დაახლოებით ერთი-ორი თვის გასვლის შემდეგ, რითიც ფაქტიურად შეწყვიტა მხარესთან დადებული შეთანხმება. მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა 2017 წლის 04 მაისს და ამრიგად დაირღვა სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოთხოვნა ხანდაზმულობის გამო იძულებით აღსრულებას არ ექვემდებარება.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელეს არა აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ”მ” პუნქტის მიხედვით საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ინვალიდები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხე მხარეს არ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ნა----–---------–---–ის სარჩელი მოპასუხეები თა-----------–----ის მიმართ 123 120 ( ას ოცდასამი ათს ას ოცი) ლარის და 12 898 (თორმეტი ათას რვაას ოთხმოცდათვრამეტი) აშშ დოლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.
2.მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ნოზაძე