გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.10.2018
საქმის ნომერი
210210017001915349
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
24.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210017001915349

საქმე №2/414-17წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. სიღნაღი

 

შესავალი ნაწილი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი - ნათია გოჩიტაშვილი

 

მოსარჩელე: ნა----–---------–---–ი;

წარმომადგენელი: ლე--–---------–---–ი;

მოპასუხე: ლი---------–-–---–ი;

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე ლი---------–-–---–ს მოსარჩელე ნა----–---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 34 437 (ოცდა თოთხმეტი და ოთხას ოცდაჩვიდმეტი) ლარის და 11 408 (თერთმეტი ათას ოთხას რვა) აშშ დოლარის გადახდა.

 

სარჩელის დასაბუთება

 

სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მხარეთა შორის ფაქტიურად დადებული იყო წერილობით სესხის ხელშეკრულება, რომელიც გამოხატული იყო მსესხებლის მიერ შედგენილი ხელწერილის ფორმით. სესხი დადებული იყო ხანმოკლე პერიოდზე, მაგრამ ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტული ვადა შეთანხმებული არ იყო. მხარეთა შეთანხმებით მსესხებელს ყოველდღიურად უნდა გადაეხადა ძირი თანხის ერთი პროცენტი, რაც აისახებოდა ხელწერილებში შესწორებების შეტანით. სესხის ხელშეკრულება მხარეთა მიერ არ შეწყვეტილა და სარჩელის აღძვრამდე მოპასუხე პირდებოდა მას ვალის დაფარვას.

 

სარჩელში მითითებულია, რომ ლი---------–-–---–მა მოსარჩელე ნა----–---------–---–ისაგან 2013 წლის 10 ივლისს ისესხა 50 ლარი, 2013 წლის 31 ივლისს - 150 ლარი, 2013 წლის 19 სექტემბერს - 600 აშშ დოლარი, 2013 წლის 21 ოქტომბერს 500 ლარი, 2013 წლის 19 ნოემბერს - 630 აშშ დოლარი და 240 ლარი, რომლის დასტურად თავისი ხელით დაწერა ხელწერილი. ლი---------–-–---–მა 1800 აშშ დოლარის ოდენობით დაფარა სესხის ნაწილი, რაზეც ხელწერილში მიუთითა. გადასახდელი დარჩა 1840 ლარი და 460 აშშ დოლარი, რაც ხელწერილშია მითითებული. მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ 1800 აშშ დოლარის გარდა მოპასუხემ მას მიუტანა ტყავის ლაბადა.

 

ამ თანხიდან მოსარჩელე ანგარიშობს პროცენტებს (სარგებელს) შემდეგი წესით: 940 ლარზე, თვიური სარგებელი შეადგენდა 280 ლარს. თანხის სესხებიდან გასულია 59 თვე და ამ ვადის განმავლობაში ძირი თანხის სარგებელი შეადგენს (280 * 59) 16 520 ლარს, ხოლო მთლიანად, ეფექტური სარგებელი და მიუღებელი შემოსავალი, ძირ თანხასთან ერთად შეადგენს 24 393 ლარს. მოსარჩელე აგრძელებს, რომ აშშ დოლარის კურსი ლართან მიმართებაში 2014 წელს იყო 1.7 ლარი, ხოლო დღეისათვის შეადგენს 2.66 ლარს. ამრიგად, სამოქალაქო კოდექსის 389 მუხლის (ფულადი ვალდებულების გადახდა ფულადი ერთეულის კურსის შეცვლისას) გათვალისწინებით მოსარჩელე ითხოვს ფულადი დავალიანების შესრულებას ( კურსის სხვაობიდან გამომდინარე ) სულ 34 437 ( ოცდა თოთხმეტი ათას ოთხას ოცდაჩვიდმეტი) ლარის ფარგლებში.

 

460 აშშ დოლარის თვიური სარგებელი შეადგენს 138 აშშ დოლარს. ხელშეკრულების ვალდებულებით პირდაპირი სარგებელი (ეფექტური სარგებელი) და მიუღებელი შემოსავალი 56 თვის განმავლობაში ერთად ჯამში შეადგენს 7 728 აშშ დოლარს. ხელშეკრულების დარღვევით ახალი რეგულაციების შესაბამისად, მიუღებელი შემოსავალი 56 თვეზე - თვიური 12.5%-ის განკარგვით შეადგენს 3220 დოლარს. ხოლო მთლიანად, ეფექტური სარგებელი და მიუღებელი შემოსავალი ერთად ჯამში შეადგენს 11 408 აშშ დოლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და დაადასტურა, რომ სარჩელზე წარმოდგენილი სესხის მიღების შესახებ ხელწერილები მის მიერ არის დაწერილი. 2013 წლის 10 ივლისს მოსარჩელისაგან ისესხა 50 ლარი, 2013 წლის 31 ივლისს - 150 ლარი, 2013 წლის 19 სექტემბერს - 600 აშშ დოლარი, 2013 წლის 21 ოქტომბერს 500 ლარი, 2013 წლის 19 ნოემბერს - 630 აშშ დოლარი და 240 ლარი, რომლის დასტურად თავისი ხელით დაწერა ხელწერილი. მან განმარტა, რომ მთლიანად გაისტუმრა აღებული სესხი, აღებული თანხის ნაცვლად დაუბრუნა მოსარჩელეს 1800 აშშ დოლარი და რა თანხებს ითხოვს დამატებით მოსარჩელე მისთვის გაუგებარია. ამასთან დაამატა, რომ 1800 აშშ დოლართან ერთად მოსარჩელეს მიუტანა ტყავის ლაბადა, რომელის ღირებულებაც 200 ლარი იყო.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მხარეთა შორის დადებული იყო წერილობით სესხის ხელშეკრულება, რომელიც გამოხატული იყო მსესხებლის მიერ შედგენილი ხელწერილის ფორმით. მხარეები დამატებით ზეპირად შეთანხმდნენ, რომ სესხი გაცემული იყო ხანმოკლე ვადით, თუმცა ხელშეკრულების მოქმედების (თანხის დაბრუნების) კონკრეტული ვადა ხელწერილში მითითებული არ იქნა. მხარეთა შეთანხმებით (ხელწერილით) მსესხებელს ყოველდღიურად უნდა გადაეხადა ძირი თანხის ერთი პროცენტი, რაც აისახებოდა ხელწერილებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- შინაურული ხელწერილები სესხის თანხის აღების თაობაზე;

 

3.2. საქმის მასალებით და მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ ლი---------–-–---–მა მოსარჩელე ნა----–---------–---–ისაგან 2013 წლის 10 ივლისს ისესხა 50 ლარი, 2013 წლის 31 ივლისს - 150 ლარი, 2013 წლის 19 სექტემბერს - 600 აშშ დოლარი, 2013 წლის 21 ოქტომბერს 500 ლარი, 2013 წლის 19 ნოემბერს - 630 აშშ დოლარი და 240 ლარი, რომლის დასტურად თავისი ხელით დაწერა ხელწერილი. სულ სესხად მიიღო 1230 აშშ დოლარი და 940 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- შინაურული ხელწერილები სესხის თანხის აღების თაობაზე;

 

3.3. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლი---------–-–---–მა მოსარჩელე ნა----–---------–---–ს აღებული თანხის ნაცვლად 2014 წლის 11 იანვარს დაუბრუნა მოსარჩელეს 1800 აშშ დოლარი, ასევე თანხის გადახდასთან ერთად მოსარჩელეს ვალის საფასურში მიუტანა დაახლოვებით 200 ლარის ღირებულების ტყავის ლაბადა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- შინაურული ხელწერილები სესხის თანხის აღების თაობაზე;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1 სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე, 131-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 10-ე, 54-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 389-ე, 427-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით სასამართლო ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში და საქმის მასალებიდან და მხარეთა განმარტებებიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოდავე მხარეთა შორის დადებული იქნა სესხის ხელშეკრულება და არსებობდა სასესხო სამართლებრივი ურთიერთობები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლით: სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. მოცემულ შემთხვევაში სესხის თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობას ორივე მხარე ადასტურებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის,მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები წარმოიშვა სესხის თაობაზე შეთანხმებისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.

 

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სესხზე დასარიცხი სარგებლის ოდენობის გაანგარიშება, სამოქალაქო კოდექსის 389 მუხლის საფუძველზე, ლარის კურსის შეცვლის გამო უნდა მოხდეს 2014 წელს არსებული დოლართან მიმართებაში ლარის კურსის შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე (ფულადი ვალდებულების გადახდა ფულადი ერთეულის კურსის შეცვლისას) მუხლის მიხედვით: თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 389 მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს დენომინაციას, ვალუტის შეცვლას და ეროვნული ვალუტის ჰიპერინფლაციას. ლარის მიმართ ზემოთ მითითებულ პროცესებს არ ჰქონია ადგილი და ფულადი ვალდებულების შესრულების დროს დაუშვებელია ამ მუხლის გამოყენება. მოვალე ვალდებულია ვალი დააბრუნოს ფულადი ნიშნებით იმავე რაოდენობით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს (ნომინალიზმის პრინციპი).

 

6.2. მოსარჩელე ითხოვს თვეში 30%-ს დარიცხვას 38 თვის განმავლობაში 2014 წლის 01 ნოემბრიდან, რაც წლიურად 360 % შეადგენს და შეუსაბამოდ მაღალი სარგებელია.

 

საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა დაამკვიდროს დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. ყოველივე აღნიშნულის საფუძველი სტაბილური ეკონომიკური ბრუნვა და ბრუნვის მონაწილეთა ძირითადი უფლებების დაცვაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი, ხოლო ამავე კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში.

 

შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებისა თუ ვალდებულების რეალიზაციისას კანონმდებელი ეფუძნება იმ წესს, რომ მათი რეალიზაცია განხორციელდება სწორედ კეთილსინდისიერების ფარგლებში. გარიგება, რომლის თანახმად მევალეს ეკისრება ვალდებულება თანხის დაბრუნების დაგვიანების შემთხვევაში გადაიხადოს სესხის თანხის გარდა დამატებით თანხის ასი პროცენტი ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს და შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.

 

ვალდებულების დარღვევისათვის ერთი კონტრაჰენტისათვის შეუსაბამოდ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაწესება მეორე კონტრაჰენტის მხრიდან სხვა არაფერია, თუ არა უფლებათა ბოროტად გამოყენება მხოლოდ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას (სკ-ის მე-10 მუხლის მესამე ნაწილი). სკ-ის 346-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია ნდობისა და კეთილსინდისიერების საწინააღმდეგო პირობები, რომლებიც საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის.

 

სასამართლოს მოსაზრებით გამსესხებლის მიერ ბაზარზე საბანკო და სხვა საკრედიტო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილი საშუალო პროცენტის განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.

 

ზემოაღწერილი მსჯელობის გათვალისწინებით სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ სესხის ხელშეკრულება ნაწილობრივ ბათილია სესხის ძირითად თანხაზე სარგებლის დარიცხვის ნაწილში და სარგებელი სესხზე უნდა შემცირდეს და განისაზღვროს გონივრულ ფარგლებში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ იმისათვის, რომ დაცული იყოს ხელშემკვრელი მხარეების ინტერესები, მოცემულ შემთხვევაში უნდა გამოვიდეთ ამ ურთიერთობისთვის შესატყვისი კერძო ურთიერთობიდან, რაც გაბატონებულია სასესხო, კომერციულ ბაზარზე. ასეთად კი უნდა მივიჩნიოთ საბანკო სისტემის საქმიანობა, სადაც დადგენილია სასესხო (საკრედიტო) პროცენტები, რაც ძირითად შემთხვევაში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში 2012 წლიდან დღემდე არ აღემატებოდა წლიურ 24 პროცენტს, ე.ი. ყოველთვიურ გადასახადს 2 %-ს ოდენობით.

 

ამდენად სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაშიც სასარჩელო მოთხოვნის მიმართ უნდა გავრცელდეს სწორედ ეს საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ ლი---------–-–---–მა მოსარჩელე ნა----–---------–---–ისაგან 2013 წლის 10 ივლისს ისესხა 50 ლარი, 2013 წლის 31 ივლისს - 150 ლარი, 2013 წლის 19 სექტემბერს - 600 აშშ დოლარი, 2013 წლის 21 ოქტომბერს 500 ლარი, 2013 წლის 19 ნოემბერს - 630 აშშ დოლარი და 240 ლარი. სულ სესხად მიიღო 1230 აშშ დოლარი და 940 ლარი. მოსარჩელე სარგებელის დარიცხვას ითხოვს 2013 წლის 01 ნოემბრიდან დღეში 1%-ს ოდენობით. დადგენილი იქნა, რომ აღებული თანხის ნაცვლად 2014 წლის 11 იანვარს მოპასუხემ დაუბრუნა მოსარჩელეს 1800 (ათას რვაასი) აშშ დოლარი, ასევე თანხის გადახდასთან ერთად მოსარჩელეს ვალის საფასურში გადასცა დაახლოებით 200 (ორასი) ლარის ღირებულების ტყავის ლაბადა. სასამართლო თვლის, რომ 2013 წლის 01 ნოემბრიდან 2014 წლის 11 იანვარის პერიოდში გონივრული სარგებელი შეიძლება ყოფილიყო ძირი თანხის 5% , ე.ი 940 ლარზე - 47 ლარი (სულ 987 ლარი), ხოლო 1230 აშშ დოლარზე - 61. დოლარი (სულ 1291.5 დოლარი). 2013 წლის ნოემბერში დოლარის კურსი ლართან მიმართებაში შეადგენდა 1 დოლარი - 1.67ლარი. ამრიგად, 987 ლარი შეადგენდა 591 აშშ დოლარს. ე.ი. სულ დასაბრუნებელი იყო (1291.5 + 591) 1882. აშშ დოლარი.

 

ამრიგად, 2014 წლის 11 იანვარს მოპასუხემ დაუბრუნა 1800 აშშ დოლარი და ვალში გადასცა დაახლოებით 200 ლარის ღირებულების ნივთი (ტყავის ლაბადა), რაც მიუთითებს იმაზე, რომ მოპასუხემ გადაიხადა ძირი თანხის დავალიანება და სარგებელი გონივრულ ფარგლებში, მოპასუხის მიერ ვალის გადახდის ვალდებულება შესრულებული იქნა და მოსარჩელის მიმართ სასესხო დავალიანება არ გააჩნია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელეს არა აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ” სახელმწიფო ბაჟის შესახებ ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ”მ” პუნქტის მიხედვით საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ინვალიდები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისაგან ინვალიდობის გამო. სარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხე მხარეს არ ეკისრება სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 427-ე მუხლით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ნა----–---------–---–ის სარჩელი მოპასუხე ლი---------–-–---–ის მიმართ 34 437 ლარის და 11 408 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.

 

2.მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ნოზაძე