გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3823-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი 2018 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ივანე ღლონტი
სხდომის მდივანი - სალომე დუდუჩავა
მოსარჩელე - შ---------------ა
წარმომადგენლები - მ---------–--–---–- და ა-----------–---–-
მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - მ------------–-–---–-
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1 სასარჩელო მოთხოვნა:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისროს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. მოსარჩელისთვის საცხოვრებელი ბინის 40 მ/კვ ფართობით საკუთრების უფლების გადაცემა.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ ვინაიდან მოსარჩელე - შ---------------ას სარგებლობაში არ გადასცემია აღნიშნული საცხოვრებელი ფართი, როგორც საკუთრებაში გადაცემის წინაპირობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ არის ვალდებული შეასრულოს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მის წინაშე ნაკისრი ვალდებულება.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე - შ---------------ასა და მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2007 წლის 25 ივნისს, 5 წლის ვადით დაიდო „ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი.
აღნიშნული კონტრაქტის მე-5 მუხლის 5.1.9 პუნქტის მიხედვით, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებად განისაზღვრა, რომ სამხედრო მოსამსახურეს, ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დააკმაყოფილებდა საცხოვრებელი ბინით, არაუმეტეს 40 კვ.მ-სა, რომელიც მას, უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცემოდა ამ კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1. პუნქტით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის ვადის დასრულების შემდეგ.
მოსარჩელე - შ---------------ამ მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე და დადგენილი პირობების შესაბამისად გაიარა სამხედრო სამსახური, ხოლო მას, იმავე ხელშეკრულების შესაბამისად საცხოვრებელი ბინა არ გადასცემია.
მოსარჩელე - შ---------------ამ, ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნით, სასამართლოს მომართა 2018 წლის 20 ივნისს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- „ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი (ს.ფ. 13-20);
- სარჩელი (ს.ფ. 2-12);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულება”.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა, ხოლო იმავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გამომდინარეობს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა - საცხოვრებელი ბინის გადაცემასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან.
6.2. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით, სამხედრო მოსამსახურის, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ და სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო. სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობების გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურის სხვა დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება.
ამრიგად, დავის განხილვისას, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მოსარჩელე - შ---------------ას სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება თუ არა კანონმდებლობით დადგენილ პირობებს და მოპასუხე - თავდაცვის სამინისტროს უარი ბინით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან.
6.3. საქართველოს კონსტიტუციის 101-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის ვალია. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმას ადგენს კანონი.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების” თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.
სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ამასთან, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება სახელმწიფო შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებით, რაც დაკავშირებულია დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილი იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე - შ---------------ასა და მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2007 წლის 25 ივნისს, 5 წლის ვადით დაიდო „ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს შორის დადებული, ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულება (კონტრაქტი) წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თნახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის და 317-ე მუხლის თანახმად - ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.4. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე - შ---------------ასა და მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დადებული კონტრაქტის მე-5 მუხლის 5.1.9 პუნქტის მიხედვით, მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებად განისაზღვრა, რომ სამხედრო მოსამსახურეს, ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დააკმაყოფილებდა საცხოვრებელი ბინით, არაუმეტეს 40 კვ.მ-სა, რომელიც მას, უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცემოდა ამ კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1. პუნქტით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის ვადის დასრულების შემდეგ.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ კეთილსინდისიერად შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, ანუ 5 წლის განმავლობაში იმსახურა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტის პირობების შესაბამისად.
ამდენად, მოსარჩელის მიერ შესრულებული იქნა საქართველოს კანონმდებლობით და ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება, რის გამოც მას უფლება წარმოეშვა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება მოეთხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაგან.
როგორც ზემოთ აღინიშნა, თავდაცვის სამინისტროსა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-5 მუხლი ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურის ბინით დაკმაყოფილებას ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ხოლო საკუთრებაში გადაცემას კონტრაქტის სრული ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მართალია საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების - სამხედრო მოსამსახურისთვის საცხოვრებელი ბინის გადაცემის ვალდებულების შესრულება დაყო ორ ეტაპად - პირველ ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეს საცხოვრებელი ბინა უნდა გადასცემოდა ფაქტობრივ მფლობელობაში სარგებლობის უფლებით, ხოლო მეორე ეტაპზე - საკუთრებაში და 2007 წლის 25 ივნისის ხელშეკრულების 5.1.9. პუნქტით გათვალისწინებული არც ერთი ვალდებულება მას არ შეუსრულებია, მაგრამ ამასთან დაკავშირებით სასამართლოს განმარტავს, რომ სახელშეკრულებო დავის გადაწყვეტის პირობებში, მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემა მოიაზრებს ნაკისრი ვალდებულების ორივე ნაწილის შესრულებას, გამომდინარე იქიდან, რომ პირის საკუთრების უფლება გულისხმობს არამარტო ნივთზე აბსოლუტური სანივთო უფლების წარმოშობას, არამედ პირის მიერ ნივთის (საცხოვრებელი ბინის) ფაქტობრივად დაუფლებას, ნივთით (ბინით) მართლზომიერად სარგებლობას. შესაბამისად მოპასუხეს, თანაბარი ძალისა და მნიშვნელობის პასუხისმგებლობა ეკისრება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ყველა ელემენტის შეუსრულებლობისთვის და ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე საქართველოს თავდაცვის სამინისტომ შ---------------ა არ უზრუნველყო საცხოვრებელი ბინით, გავლენას ვერ მოახდენს საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნაზე, რადგან კანონი არ ითვალისწინებს მოვალის მიერ ერთი ვალდებულების დარღვევის გამო ამავე მოვალის მიერ ნაკისრი სხვა, თანმდევი ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას.
ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოეშვა ვალდებულება, მოსარჩელე - შ---------------ასთვის არაუმეტეს 40 კვ.მ-ის საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით, რომელიც მას არ შეუსრულებია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო, ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს მხარეთა შორის, 2007 წლის 25 ივნისს დადებული კონტრაქტის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესრულება, კერძოდ მოსარჩელე - შ---------------ასთვის არაუმეტეს 40 კვ.მ საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებით გადაცემა.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი. იმის გათვალსწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ---------------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს, მოსარჩელე - შ---------------ასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2007 წლის 25 ივნისს დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით (კონტრაქტით) ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ მოსარჩელე - შ---------------ასთვის არაუმეტეს 40 კვ.მ. საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემა.
3. მოსარჩელეს დაუბრუნდეს 2018 წლის 20 ივნისს სს "თიბისი ბანკში" მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი (საკრედიტო საგადახდო დავალება №0, ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი, ”სახელმწიფო ხაზინა”, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი. გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ივ. ღლონტი