გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/14216-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით 11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელე - სს ''კ-------–------'';
წარმომადგენლები - რ-----–-–--–---–ი (ლიკვიდატორი), მ-----–----------ე;
მოპასუხეები - ე-–---------–---–ი, თ-----------–ი;
წარმომადგენელი - ბ---------ე;
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს - ე-–---------–---–ს და თ-----------–ს მოსარჩელე სს ''კ-------–------ს'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხის - 6853.01 ლარის, კრედიტის ძირითად თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის - 2153.01 ლარის და პირგასამტეხლოს - 1021.58 ლარის გადახდა.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. ასევე მიუთითეს, რომ მათ გაფრთხილების წერილები არ ჩაბარებიათ, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2014 წლის 24 ოქტომბერს სს ''კ-------–-----ს'' და ე-–---------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N2-------------, რომლის თანახმადაც ბანკმა აიღო ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და პირობებით მიეცა მსესხებლისათვის სასყიდლიანი საბანკო კრედიტი, ხოლო მსესხებელმა იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა მიღებული კრედიტი ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით გადაეხადა დარიცხული პროცენტები, პირგასამტეხლო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ხარჯი და სრულად შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები. ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 7000 ლარით, წლიური საპროცენტო სარგებელი 18%-ით, ხოლო კრედიტის მოქმედების ვადა 36 კალენდარული თვით. კრედიტის სრულად დაფარვა უნდა განხორციელებულიყო 2017 წლის 24 ოქტომბერს.
3.1.2. დადგენილია, რომ 2014 წლის 24 ოქტომბერს სს ''კ-------–-----ს'' და მოპასუხე თ-----------–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება N2-------------, რომლის საფუძველზეც მოპასუხე თ-----------–ი ბანკის წინაშე თავდებად დაუდგა ე-–---------–---–ს ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით. თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის სოლიდარულობის გათვალისწინებით, ბანკს შეეძლო თავდებისთვის მოთხოვნის წაყენება, მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადი მოვალე გადააცილებდა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნებოდა გაფრთხილებული ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარა იქნებოდა. თავდებობის ხელშეკრულებით განისაზღვრა თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი - 15 000 ლარით, რამაც მოიცვა დავალიანების ძირითადი თანხა, პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხა, რომელიც გათვალისწინებულია ამ ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯები, რომლებიც უნდა ანაზღაურებულიყო ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ექნებოდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი, ასევე, ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტები.
3.1.3. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ დაფარა დავალიანება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხის დავალიანება 2018 წლის 7 მაისის მდგომარეობით შეადგენს - 10027.60 ლარს, საიდანაც, კრედიტის ძირითადი თანხაა - 6853.01 ლარი, პროცენტი 2153.01 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - - 1021.58 ლარი.
3.1.4. დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 14 ნოემბრის განკარგულება N673-ის საფუძველზე სს ''კ-------–-----ს'' გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და დაიწყო მისი ლიკვიდაციის პროცესი.
3.1.5. დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 14 ივლისის განკარგულება N656-ის საფუძველზე სს ''კ-------–------ს'' ლიკვიდატორად სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებამდე დაინიშნა რ-----–-–--–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, გრაფიკი (ს.ფ. 18-24);
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 25- 70);
- გაფრთხილების წერილები (ს.ფ. 71-72, 76);
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 73);
- თავდებობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 74-75);
- განკარგულებები (ს.ფ. 77-78; 83-84)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სს ''კ-------–------ს'' მოთხოვნა მოპასუხეების - ე-–---------–---–ის და თ-----------–ის მიმართ არ არის ხანდაზმული.
სასამართლო სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს:
სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს სხვადასხვა ტიპის ვადებს. მათ შორისაა სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადები და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები. ''ხანდაზმულობა'' სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას, ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირი, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადები კი პირს აძლევს შესაძლებლობას ან ავალდებულებს (თუ კანონით ასეთი ვალდებულებაა დათქმული) შესრულება მოსთხოვოს უშუალოდ ვალდებულ პირს. სამოქალაქო კანონმდებლობით კონტრაჰენტისადმი ან კანონით განსაზღვრული პირისადმი მიმართვის ვადების დანაწესის დადგენა ნაკარნახევია სამართალწარმოების ეკონომიურობის მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეული უფლების აღდგენის საკითხი მხარეთა შორის ნებაყოფლობით გადაწყდეს.
სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამოქალაქო სამართლებრივი უფლების, ინტერესის ან თავისუფლების დარღვევა. თუ დარღვევა არ არსებობს დასაცავი არაფერია. ვინაიდან ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა, იგი მჭიდროდაა დაკავშირებული სარჩელის უფლებასთან. პროცესუალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმ საკითხის გარკვევა თუ ვინ ითვლება დაინტერესებულ მხარედ, რომელსაც სასამართლოსათვის მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ განცხადება შეუძლია. დავის მხარე, რომელსაც ხანდაზმულობის საკითხის წამოჭრის უფლება აქვს, არის პირი, რომლისკენაც მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა უშუალოდაა მიმართული, ან პირი, რომლის ინტერესზეც ხანდაზმული მოთხოვნის დაკმაყოფილება ნეგატიურ გავლენას მოახდენს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეების მოსაზრებას საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. საქმის მასალებით დადგენილია და მხაარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოპასუხეებს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 2016 წლის 1 აგვისტოს შემდგომ აღარ შეუსრულებიათ, კერძოდ, მოპასუხის მიერ 2016 წლის 1 აგვისტოს მოხდა უკანასკნელად დავალიანების თანხის ნაწილის გადახდა (იხ. ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან).
დადგენილია, რომ სს ''კ-------–------ს'' მიერ სარჩელის აღძვრა არსებული დავალიანების დაკისრების მოთხოვნით განხორციელდა - 2018 წლის 16 მაისს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მითითებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილი ვადაში, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებებიც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ''კ-------–-----ს'' მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2017 წლის ნოემბრიდან (ხელშეკრულების მოქმედების დასრულების პერიოდის გათვალისწინებით - 2017 წლის 24 ოქტომბერი) ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა დასრულდებოდა - 2020 წლის ნოემბერში. სს ''კ-------–------ს'' მიერ სარჩელი აღძრულია - 2018 წლის 16 მაისს, 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე მუხლების თანახმად დადგენილ სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადაში. ამდენად, უცილოდ დასტურდება, რომ მოსარჩელე მხარემ კანონით დადგენილ 3 (სამ) წლიან ვადაში მიმართა სასამართლოს თავისი უფლების დასაცავად.
3.2.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დადგენილი წესით განახორციელა მოპასუხეთათვის გაფრთხილების წერილების ჩაბარება და მიაწოდა ინფორმაცია დავალიანების არსებობის თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები და მიეცათ ვადა დავალიანების დასაფარად. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ გაფრთხილების წერილები მოპასუხეებს გაეგზავნათ შპს ''ჯო-----------------ს'' მეშვეობით, თუმცა მიმღებმა ე-–---------–---–მა 2015 წლის 19 ნოემბერს უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე (იხ. შპს ''ჯო-----------------ს'' წერილი).
მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-14.4. პუნქტის თანახმად, კლიენტი/მსესხებელი აცხადებს თანხმობას, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ელ-ფოსტის ან ფაქტობრივი/იურიდიული მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება/წერილი დასტურდება შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით ან/და შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მიწოდებული დადასტურებით ფოსტით ბანკისთვის ცნობილ მისამართზე გაგზავნა მიუხედავად იმისა მას იგი ჩაიბარებს პირადად თუ არა მისთვის ჩაბარებულად ითვლება და აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზია ან შესაგებელი არ აქვს და არ ექნება სამომავლოდ. კლიენტი/მსესხებელი იღებს ვალდებულებას ამ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ელ-ფოსტის, ფაქტობრივ ან/და იურიდიულ მისამართზე გაგზავნილ/განთავსებულ კორესპონდენციას გაეცნოს არანაკლებ თვეში ერთხელ მაინც. იგივე დანაწესია გათვალისწინებული თავდებობის ხელშეკრულების 3.4. პუნქტშიც, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარე დადგენილი წესით იქნა გაფრთხილებული დავალიანების არსებობის თაობაზე.
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. მსესხებელმა და თავდებმა დაარღვიეს ხელშეკრულების პირობები, ჯეროვნად არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები, ამდენად, მოპასუხეების მიმართ სასარჩელო მოთხოვნა წარმოშობილი დავალიანების თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე, 417-ე-420-ე, 464-ე, 867-ე-895-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. დადგენილია, რომ სს ''კ-------–-----სა'' და მოპასუხეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო მომსახურებისა და თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ''კ-------–------'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხის 6853.01 ლარის გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის I-ლი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. ვინაიდან მოცემულ შემთხევაში წარმოდგენილია სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, დავალიანების გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს დარიცხული სესხის პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის, ანგარიშიდან ამონაწერით) არ დასტურდება, რომ მათ მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.
სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ 2014 წლის 24 ოქტომბერს, ბანკსა და თ-----------–ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც თ-----------–მა სრული პასუხისმგებლობა იკისრა ე-–---------–---–ის მიერ ბანკის მიმართ ვალდებულების შესრულებაზე. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, თანხის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია 2014 წლის 24 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - დავალიანების 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვინაიდან, ყოველდღიური 0.3% თვეში (30 დღე) შეადგენს 9%-ს, ხოლო წელიწადში (365 დღე) – 108 %-ს სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხა შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და იგი საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა შემცირდეს 2014 წლის 24 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 6-ჯერ 0.05%-მდე და პირგასამტეხლოს თანხის სახით მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ - 170.26 ლარის გადახდა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 14.1. პუნქტის, ასევე თავდებობის ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა მიექცეს აღსასრულებლად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრების თაობაზე უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
ამდენად, ზემოთმითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელე კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სოლიდარულად უნდა დაეკისროთ - 275.28 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ''კ-------–------ს'' სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2. მოპასუხეებს - ე-–---------–---–ს და თ-----------–ს მოსარჩელე სს ''კ-------–------ს'' სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების ძირითადი თანხის - 6853.01 ლარის, სარგებლის - 2153.01 ლარის და პირგასამტეხლოს - 170.26 ლარის გადახდა.
3. მოპასუხეებს - ე-–---------–---–ს და თ-----------–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 275.28 ლარის ოდენობით გადახდა.
4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ქეთევან მამაცაშვილი