განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №110100118002580614
№1/177-2018
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი - გ---–- ტ--------;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ბ---- ბ------- ძე ნ-----ე, დაბადებული 1--- წ-–----- დ---------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), ს-–----–-- განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ.ზესტაფონი, მ----–----–---- ქ-----------; ამჟამად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N2 დაწესებულების პატიმარი;
ადვოკატი - ნ----- ც---–----;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 187-ე მუხლის პირველი ნაწილი (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. 2018 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 03:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბ---- ნ-----ე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დაკავებული იქნა ზესტაფონის რაიონული სამმართველოს მუშაკების მიერ და მოთავსდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოზე რიცხულ სამსახურეობრივ T----- H-----ის მარკის, CD----- სახელმწიფო ნომრის ავტომანქანაში. აღნიშნულის შემდეგ, სამართალდამცველებზე უმიზეზოდ განაწყენებულმა ბ---- ნ-----ემ, ფეხის რამდენჯერმე დარტყმით დააზიანა 100 ლარად ღირებული ავტომობილის უკანა მარჯვენა კარების შიდა მოპირკეთება. ასევე, ჩაამსხვრია 300 ლარად ღირებული ავტომობილის უკანა მარჯვენა კარების საქარე მინა, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2. ბ---- ნ-----ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
3. წინასასამართლო სხდომაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
4. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
5. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წ-–----- აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).
6. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ---- ნ-----ის მიერ დანაშაულის ჩადენას, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულის წარმომადგენელის ნონა შველიძის გამოკითხის ოქმი; მოწმეების - გიორგი შერგელაშვილის, ზურაბ კოსინენკოს, მამუკა ჯოხაძისა და ნიკალა მეგრელიშვილის გამოკითხვის ოქმები; ავტომანქანის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები; კომპლექსური სასაქონლო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა; სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
8. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ბ---- ნ-----ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
9. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულის (სსკ 187-ე მუხლი) ობიექტია საკუთრების უფლება. იგი მიეკუთვნება ქონებაზე არაანგარებით ხელყოფას. დანაშაული არ ისახავს მიზნად დამნაშავის გამდიდრებას, მაგრამ მესაკუთრეს სერიოზულ ზიანს აყენებს, ვინაიდან მოქალაქეები, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები განიცდიან მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს ან მოკლებულნი არიან შესაძლებლობას გამოიყენონ თავისი ქონება მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით და სარგებელი მიიღონ მისგან. დანაშაულის საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რასაც მატერიალური ღირებულება გააჩნია. ობიექტური მხრივ დანაშაული გულისხმობს სხვისი ქონების დაზიანებას ან განადგურებას, თუ ამ ქმედებამ მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. კოდექსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნივთის დაზიანების ან განადგურებისათვის სისხლისაამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ქონება სხვისი უნდა იყოს. ნივთის დაზიანებაში იგულისხმება ქონების თვისობრიობის ისეთი შეცვლა, რომლის დროს არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ხდება ქონების სამეურნეო ღირებულების შემცირება, იკარგება სასარგებლო თვისებათა მნიშვნელოვანი ნაწილი და მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუსადეგარია სამეურნეო ან სხვა მიზნობრივი გამოყენებისათვის. განადგურებისაგან განსხვავებით, როდესაც ნივთი ფაქტობრივად ისპობა, დაზიანებისას, მართალია, ხდება მისი თვისებრივი გაუარესება, მაგრამ ნივთის აღდგენა შეიძლება რესტავრაციის, რემონტის და სხვა საშუალებებით. დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება განხორციელდეს როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობითაც. ნივთის განადგურება ან დაზიანება შესაძლებელია მასზე მექანიკური ან სხვა სახის ზემოქმედებით. დანაშაულის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს ნივთის მესაკუთრის ან სხვა კანონიერი მფლობელისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. დანაშაულის სუბიექტური მხარე ხასიათდება როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი განზრახვით. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ აზიანებს ან ანადგურებს სხვის ქონებას, ითვალისწინებს მის მართლსაწინააღმდეგო შედეგს და სურს მისი დადგომა, ან ითვალისწინებს ამ შედეგს - მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას, არ სურს, მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას. დანაშაულის ამსრულებელია ყველა კერძო, შერაცხადი და თოთხმეტ წელს მიღწეული პირი.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებით ბ---- ნ-----ემ ჩაიდინა - სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
11. ბ---- ნ-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
13. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ბ---- ნ-----ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ მე-17, 58-ე და 79-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. სსკ 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 იანვრის განაჩენით, ბ---- ნ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 მაისის განაჩენით ბ---- ნ-----ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთას 1 (ერთი) წლის ვადით, ნაწილობრივ დაემატა წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ბ---- ნ-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდგომ ბ---- ნ-----ე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებული იქნა 2017 წლის 22 სექტემბერს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთვნებოდა ნაკლებად მძიმე კატეგორიას და არ არის გასული სამ წლიანი ნასამართლობის გაქარწყლების ხანდაზმულობის ვადა. შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრისას ბ---- ნ-----ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სსკ 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესი, ვინაიდან არ არსებობს ნასამართლობის, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანი.
14. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბ---- ნ-----ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნებას - აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული. ბ---- ნ-----ე არის განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი და კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით (ასევე, წარსულში (-----------–-–----------------- წლამდე) ოთხჯერ არის ადმინისტრაციულად სახდელდადებული წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევისათვის), ბ---- ნ-----ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, ს-–----–-- 2 (ორი) წლის ვადით. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სსკ 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.
ნივთიერი მტკიცებულებები:
15. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 20-21-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ---- ნ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
მსჯავრდებულ ბ---- ნ-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2018 წ-–----- ოქტომბრიდან;
ბ---- ნ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული 2 ხელის კვალი, სისხლის მაგვარი ლაქა და მინის ნამსხვრევები, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მინის ნამსხვრევები, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ავტომანქანის დათვალიერებისას, ამოღებული რეზინის ფეხსაცმელი, ე.წ „ლასტი“ და ქუდი, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ავტომანქანის დათვალიერებისას და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები „CD“ დისკებზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე