გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310018002595112
საქმე №3/523-18წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი - ნინო გიორგაძე
მოსარჩელე - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველო
წარმომადგენელი - გ---–-----------–---ი
მოპასუხე - შპს ,,ს-------’’
დირექტორი - ი------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ს-------ს“ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს სასარგებლოდ 241,84 (ორას ორმოცდაერთი ლარი და ოთხმოცდაოთხი თეთრი) ლარის გადახდა.
სარჩელის თანახმად, 2018 წლის 18 აპრილს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს და შპს ,,ს-------ს’’ შორის გაფორმებულ იქნა №207 ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო უზრუნველყო შპს ,,ს-------ს’’ ობიექტის დაცვა (წყალტუბო 9-------–ის ქ. N5ა) პერიმეტრული სიგნალიზაციის მეშვეობით. მოპასუხემ დაარღვია მისი ვალდებულება და არ გადაიხადა დაცვის მომსახურების საფასური, რაც შეადგენს 241,84 (ორას ორმოცდაერთი ლარი და ოთხმოცდაოთხი თეთრი) ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,ს-------ს’’ წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 დადგენილია, რომ 2018 წლის 18 აპრილს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს და შპს ,,ს-------ს’’ შორის გაფორმებულ იქნა №207 ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, შემსრულებელმა აიღო ვალდებულება უზრუნველყო შპს ,,ს-------ს’’ მარკეტის დაცვა ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურებით, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. წყალტუბო, 9-------–ის ქ. N5ა-ში.
ამავე ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, „შემსრულებლის“ მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს - 90 (ოთხმოცდაათი) ლარს, დ.ღ.გ.-ს ჩათვლით; ხოლო ამავე ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის მოხდება ყოველი საანგარიშო თვის ბოლოს.
დადგენილია, რომ N207 ხარჯაღრიცხვით შპს „ს-------ს“ გადაეცა დროებით სარგებლობაში: რადიო მიმღები-გადამცემი; საკონტროლო პანელი; მოძრაობის დეტექტორი; მინის მსხვრევის დეტექტორი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება №207.
- ხარჯთაღრიცხვა №207.
3.1.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 04 ივლისს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოსა და შპს „ს-------ს“ დირექტორს შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმება, 2018 წლის 18 აპრილის N207 ხელშეკრულების მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ. ურთიერთშეთანხმებით განისაზღვრა, რომ შპს „ს-------ს’’ მარკეტს დაცვა შეუწყდებოდა 2018 წლის 13 ივლისიდან. 2018 წლის 13 ივლისის მდგომარეობით შპს „ს-------ს“ დებიტორული დავალიანებაა 151,84 ლარი, ხოლო 2018 წლის 18 აპრილის N207 ხელშეკრულების 3.2.11 მუხლის თანახმად, შპს „ს-------ს“ ჯარიმის სახით დაეკისრა პირგასამტეხლო - 90 (ოთხმოცდაათი) ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 04 ივლისის ურთიერთშეთანხმება N335;
3.1.3. დადგენილია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს 2018 წლის 13 ივლისის N MIA 2 18 01671382 ბრძანებით შეწყვეტილ იქნა შპს „ს-------ს“ მარკეტის, მდებარე: ქ. წყალტუბო, 9-------–ის ქ. N5ა, ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება (რადიოგადამცემი: 0487).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს 2018 წლის 13 ივლისის N MIA 2 18 01671382 ბრძანება.
3.1.4. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს 2018 წლის 7 აგვისტოს N MIA 2 18 01904293 ცნობის თანახმად, შპს „ს-------ს“ (ს/კ 421275453) დებიტორული დავალიანება 2018 წლის 07 აგვისტოს მდგომარეობით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს მიმართ შეადგენს 241,84 (ორასორმოცდაერთი ლარი და 84 თეთრი) ლარს, მათ შორის ძირი თანხა 151,84 ლარი და ჯარიმა ობიექტის ვადაზე ადრე გათიშვის - 90,00 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს N MIA 2 18 01904293 ცნობა;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებები სადავოდ არ არის გამხდარი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილი; 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება მიეკუთვნება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რის გამოც აღნიშნული დავა ადმინისტრაციული წესით განხილვას ექვემდებარება (იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 24 იანვრის № ბს-1078-1030 (გ-07) გადაწყვეტილება).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს, ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,ს-------მ’’ ჯეროვნად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, მის მიერ დაცვის მომსახურების სანაცვლოდ მოსარჩელისათვის არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ჯამში - 241,84 ლარის ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, რის გამოც არსებობს ხელშეკრულების მოთხოვნათა შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის მოპასუხეზე დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, შეადგენს სარჩელზე დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დავის საგნის ღირებულება არაქონებრივ დავებზე შეადგენს 100 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანდ თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან მოპასუხე მხარემ მოსამზადებელ ეტაპზევე ცნო სარჩელი, მას არ დაეკისრება სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ, შესაბამისად ამ უკანასკნელს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შპს ,,ს-------ს’’ (ს/კ 421275453) სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს სასარგებლოდ დაეკისროს 241,84 (ორასორმოცდაერთი ლარი და ოთხმოცდაოთხი თეთრი) ლარის გადახდა.
3. მოსარჩლე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი. საგადახდო დავალება 193434, გადამხდელი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, (გადახდის თარიღი - მოთხოვნის მიღება: 17.08.2018 წელი), სახაზინო კოდი 300183150.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე: ლელა მილდენბერგერი