განაჩენი

სისხლის სამართლის 14.09.2018
საქმის ნომერი
330100118002425888
თარიღი
14.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ-------- ჭ------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მ----- მ-----–--- ძე ბ------ - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 2--------------ს, ნასამართლევი, რეგისტრირებული: თ---–---- წ--------, ხ---------- შესახვევი #1--–-, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ხ---------- შესახვევი #8-–--

 

ადვოკატი - თ---------- მ---------–--ე, ა-–---------- კ-------

 

თარჯიმანი - ჰ---- ა–-------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის - ორი ეპიზოდი).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3-------ტოს განაჩენით მ----- ბ------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

1.2. 2018 წლის 19 მარტს შუადღის საათებში, თბილისში ხ---------- ქუჩა #1--–- მ----- ბ-----მა დედას - რ--- ბ-----ას სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ასევე რამდენჯერმე დაარტყა ფეხი სხეულის სხვადასხვა ადგილას, რის შედეგადაც რ--- ბ-----ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.3. 2018 წლის 20 მარტს შუადღის საათებში, თბილისში ხ---------- ქუჩა #1--–- მ----- ბ-----მა დედას - რ--- ბ-----ას მოქაჩა თმებში, დააგდო იატაკზე და რამდენჯერმე დაარტყა ფეხი მუცლის არეში, რის შედეგადაც რ--- ბ-----ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა ჩადენილი არაერთგზის (ორი ეპიზოდი)

 

2.1.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3-------ტოს # 1----------------------) განაჩენით, მ----- ბ------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ოჯახში ძალადობა ორი პირის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით დაუდგინდა სასჯელის ნაწილის 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. მ----- ბ-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2016 წლის 22 ივნისიდან.

 

2.2.2018 წლის 21 მარტს, დაზარალებულმა რ--- ბ-----ამ წერილობითი განცხადებით მიმართა პოლიციას ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. რ--- ბ-----ამ პოლიციას შეატყობინა, რომ მისი შვილი მ----- ბ------ აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

 

2.3.დაზარალებულის განცხადება გახდა საფუძველი გამოძიების დაწყების ოჯახური ძალადობის ფაქტზე. გამოძიების დაწყებისთანავე გამომძიებელმა ბ----- ქ-------------მა გამოკითხა მსხვერპლი რ--- ბ-----ა, რომელმაც დაადასტურა განცხადებაში მითითებული ინფორმაცია ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით, აღნიშნულის საფუძველზე პროკურორის მიერ მიღებულ იქნა დადგენილება რ--- ბ-----ას დაზარალებულად ცნობის შესახებ.

 

2.4. დაზარალებულ რ--- ბ-----ას ჩვენებით დადგინდა, რომ ბრალდებული მ----- ბ------ დედისგან მოითხოვდა იმ სახლის გაყიდვას და წილის მიღებას სადაც მსხვერპლი ცხოვრობდა. ვინაიდან დაზარალებულს არ სურდა უსახლოდ დარჩენა, მ----- ბ------ს მიერ შეთავაზებული წინადადების წინააღმდეგი იყო. სახლის გაყიდვაზე უარის მიღებამ მ----- ბ------ გააღიზიანა და დაემუქრა დედას, რომ აღნიშნულს ასე არ დატოვებდა. ბინის გაყიდვის თემაზე წარმოშობილი მორიგი კონფლიქტის დროს, 2018 წლის 19 მარტს, მ----- ბ-----მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - რ--- ბ-----ას, კერძოდ, თავში დაარტყა ხელი, შემდეგ ხელებს ურტყამდა მკლავებში და ფეხებზე. დარტყმების შედეგად დაზარალებული განიცდიდა ტკივილს მთელს სხეულში.

 

2.5.დაზარალებულ რ--- ბ-----ას ჩვენებით ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 20 მარტს, კვლავ ბინის გაყიდვის თემაზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა ისევ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მოქაჩა თმებში და ურტყამდა ფეხს სხეულზე. დარტყმების შედეგად დაზარალებული განიცდიდა ტკივილს. ძალადობის შესახებ დაზარალებულმა შეატყობინა შვილიშვილს მ--–--- ა------ას.

 

2.6.მოწმე მ--–--- ა------ამ დაადასტურა მ----- ბ------ს მიერ რ--- ბ-----აზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი. ძალადობის შესახებ ინფორმაცია მოწმემ მიიღო 2018 წლის 21 მარტს უშუალოდ მსხვერპლისაგან. კონფლიქტის მიზეზი იყო ქონებრივი დავა, მ----- ბ------ დაზარალებულისგან კატეგორიულად მოითხოვდა სახლის გაყიდვას, რისი წინააღმდეგიც იყო რ--- ბ-----ა. მას შემდეგ რაც მოწმემ დაზარალებულისგან შეიტყო ძალადობის ფაქტი მივიდა მასთან, რ--- ბ-----ა დახვდა ატირებული მომხდარი ძალადობის გამო და თან ამბობდა, რომ ცემის შედეგად ფეხები და ზურგი სტკიოდა.

 

2.7. მართალია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით არ დადგინდა მექანიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები, თუმცა შესამოწმებელმა პირმა რ--- ბ-----ამ ექსპერტს განუცხადა, რომ შვილმა მ----- ბ-----მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შედეგად, იგი უჩიოდა ტკივილს კიდურების მიდამოებში. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა გ---–----- ტ------–---–მა დაადასტურა შესამოწმებელი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ძალადობის და ტკივილის შესახებ, რაც ექსპერტმა ასახა დასკვნის კვლევით ნაწილში.

 

2.8.სასამართლო სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული დაზარალებულის მეზობლის მოწმე ბ--- მ--------ის გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვით ბოლო პერიოდში რ--- ბ-----ას სახლიდან ხშირად ისმოდა ყვირილისა და გინების ხმა და ეს იყო მ----- ბ------ს ხმა. კონფლიქტის მიზეზი იყო საცხოვრებელი ბინის გაყიდვის საკითხი. 2018 წლის 19 მარტს მოწმემ კვლავ გაიგონა რ--- ბ-----ას სახლიდან მ----- ბ------ს ყვირილის და გინების ხმა, ასევე ისმოდა რ--- ბ-----ას ყვირილის ხმა.

 

2.9. საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, რომელიც ჩატარდა დაზარალებულ რ--- ბ-----ას საცხოვრებელ სახლში, მსხვერპლმა გამომძიებელს მიუთითა ის ადგილი, სადაც 2018 წლის 19 და 20 მარტს, მ----- ბ-----მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

2.10. სასამართლო სხდომაზე დაკითხა გამომძიებელი ბ----- ქ-------------ი, რომელმაც დაზარალებულთან ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი. მოწმის ჩვენებით მსხვერპლმა გამომძიებელს მიუთითა ის ადგილი, სადაც მ----- ბ-----მა, 2018 წლის 19 და 20 მარტს ფიზიკურად იძალადა დედაზე - დაზარალებულ რ--- ბ-----აზე.

 

2.11.ბრალდებულმა მ----- ბ-----მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ დედა-შვილს ჰქონდათ კონფლიქტი ქონებასთან დაკავშირებით. რ--- ბ-----ას არ სურდა ქონების ნაწილი გადაეცა მ----- ბ------სთვის, ამიტომ ცრუდ ამხილა იგი.

 

2.12.სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების კვალდაკვალ მიმოიხილა დაცვის მხარის არგუმენტაცია არსებით საკითხებთან მიმართებაში, კერძოდ:

 

2.12.1 სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დაცვის მხარის მოწმე - მ----- ბ------ს მეუღლე - მოწმე კ-–---- ვ---------ი, რომელმაც განაცხადა, რომ მ----- ბ-----ს და რ--- ბ-----ას ჰქონდათ ნორმალური დედა-შვილური ურთიერთობა. იყო საუბარი რ--- ბ-----ას კუთვნილი საცხოვრებელი ბინის გაყიდვის თაობაზე, თუმცა ისინი ვერ შეთანხმდნენ. მათი ეს შეუთანხმებლობა არ ასახულა დედა-შვილის ურთიერთობაზე. მოწმის ჩვენებით 2018 წლის 19 მარტს, დაახლოებით 11:00 საათზე მეუღლესთან მ----- ბ-----თან ერთად მათი ნაცნობის მანქანით წავიდა წ--–--ს რაიონის სოფელ ო---–ი. იქ დარჩნენ ერთი ღამით და თბილისში დაბრუნდნენ 2018 წლის 20 მარტს დილის საათებში და მთელი დღე იყვნენ ერთად.

 

2.12.2.მოწმე კ-–---- ვ---------ის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ 2018 წლის 19-20 მარტს მ----- ბ------ არ მისულა დედის რ--- ბ-----ას სახლში, არ არის გამყარებული სხვა დამატებითი მტკიცებულებით, პირიქით ამ ინფორმაციის არარეალობას ადასტურებს ერთი მხრივ დაზარალებულის დამაჯერებელი ჩვენება და მეორეს მხრივ ბ--- მ--------ის გამოკითხვის ოქმი. ამ უკანასკნელმა გამოძიების პროცესში გამომძიებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ 2018 წლის 19 მარტს გაიგონა მეზობელი სახლიდან მ----- ბ------ს ყვირილის ხმა, იგი უყვიროდა დედას რ--- ბ-----ას.

 

2.12.3.სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის ვერსია, თითქოსდა დაზარალებული მოტივირებულია ცრუდ ამხილოს ბრალდებული, ვინაიდან მათ აქვთ ქონებრივი დავა. აღნიშნული არგუმენტის საპირწონედ წარმოდგენილია დაზარალებულის დამაჯერებელი და თანმიმდევრული ჩვენება, რომელიც თანხვედრაშია საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან, კერძოდ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან, დაზარალებულის პირველად განცხადებასთან, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის იმ ჩანაწერთან, რომელიც ასახავს შესამოწმებელი პირის მიერ ექსპერტისთვის მიწოდებულ ინფორმაციას ძალადობასთან მიმართებაში და მოწმე მ--–--- ა------ას ჩვენებასთან, რომელმაც მეორე ძალადობის შემდეგ ნახა მსხვერპლი, რომელიც ტიროდა მ----- ბ------ს მიერ მასზე განხორციელებული ძალადობის გამო და უჩიოდა ტკივილს სხეულის სხვადასხვა ადგილებში. ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა, აღნიშნული დანაშაული ძირითადად ხდება მესამე პირების თვალთახედვის მიღმა დახურულ სივრცეში - ოჯახში, ამიტომ მსხვერპლის ჩვენება უნდა შეფასდეს საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებასთან ერთობლიობაში. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ამგვარი კატეგორიის საქმეებში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა არ გაუარესდება და სამართალდამცავების ჩართულობა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვის ერთადერთი გზა აღმოჩნდება. სწორედ იდენტურია განსახილველი შემთხვევაც, დაზარალებული 2018 წლის 19 მარტის ძალადობის ეპიზოდთან მიმართებაში პოლიციისთვის მიმართვას არ გეგმავდა, დროის მცირე მონაკვეთში, მომდევნო დღეს რომ არ მომხდარიყო ძალადობის ახალი შემთხვევა.

 

2.12.4.სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის მხარეს გააჩნდეს ბრალდების არგუმენტების გაქარწყლების ადეკვატური და რეალური შესაძლებლობა. მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სხვა პრინციპებთან ერთად გულისხმობს შესაძლებლობას, პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა თვითონ დაკითხოს და დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ზეპირობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით სასამართლო, როგორც ობიექტური დამკვირვებელი დარწმუნდა, რომ დაზარალებულის ჩვენება იყო სარწმუნო, დამაჯერებელი და კატეგორიული და მისი სანდოობა დაცვის მხარის არგუმენტებმა ვერ გააბათილა.

 

2.12.5.სასამართლო ვერ განიხილავს მ----- ბ------ს ბრალეულობის გამომრიცხველ გარემოებად იმ ფაქტს, რომ მსხვერპლს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად არ აღენიშნება დაზიანებები. აქ სასამართლო ცალსახად განმარტავს, რომ დაზიანების არარსებობა არ გამორიცხავს ბრალდებულის მხრიდან ძალადობის ჩადენის ფაქტს. ზოგადად ძალადობის ფაქტი შეიძლება დადგინდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თუმცა ასეთის არ არსებობა, როცა ამის საპირწონედ სხვა მტკიცებულებები არსებობს, არ იწვევს მოძალადის გამართლებას. ძალადობის ფაქტი ყოველ ინდივიდუალურ საქმეში შეიძლება დადასტურდეს სხვადასხვა მტკიცებულებებით, მსხვერპლისა და მოწმეთა ჩვენებებით ან/და წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებით. გარდა ამისა, განსახილველ შემთხვევაში დაზიანების კვალის არარსებობა გამოწვეულია ობიექტური მიზეზით, მოძალადემ მსხვერპლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თმის მრავალჯერადი მოქაჩვით, ძალადობის ეს ხერხი მექანიკური დაზიანების კვალს ობიექტურად ვერ დატოვებდა, ხოლო რაც შეეხება ხელ-ფეხით განხორციელებულ დარტმებს, ეს დარტყმები ხორციელდებოდა სხეულის ტანსაცმლით დაფარულ ადგილებზე, რასაც ასევე შესაძლებელია მექანიკური დაზიანების ობიექტური კვალი ვერ დაეტოვებინა, ამასთან გასათვალისწინებელია, რომ სამედიცინო შემოწმების დროს დაზარალებულმა უარი განაცხადა ტანსაცმლის გახდაზე. სასამართლოს ეს შეფასება დაზიანების კვალის არარსებობასთან მიმართებაში ასევე ეყრდნობა ექსპერტის გ---–----- ტ------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განმარტებას იმის თაობაზე, რომ ფიზიკური ძალადობის მიუხედავად მსხვერპლს შესაძლოა არ აღენიშნებოდეს მექანიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები (ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები და ა.შ)

 

2.13. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ურთიერთანალიზისა და ობიექტური შეფასების საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდებულ მ----- ბ------ს მიერ 2018 წლის 19 და 20 მარტს ჩადენილია რ--- ბ-----ას მიმართ ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა, რომ მ----- ბ-----მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა.

 

3.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - დაზარალებულის და მოწმე მ--–--- ა------ას ჩვენებებით, ასევე ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც ასახავს შესამოწმებელი პირის მიერ ექსპერტისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, დგინდება, რომ ფიზიკური ძალადობის გამო მსხვერპლმა განიცადა ტკივილი, რაც მიუთითებს დანაშაულის შემადგენლობაზე - ფიზიკურ ტკივილზე. რაც შეეხება ბრალდებულ მ----- ბ------ს ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას, ჩადენილი არაერთგზის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3-------ტოს # 1----------------------) განაჩენით, მ----- ბ------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ოჯახში ძალადობა ორი პირის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით დაუდგინდა სასჯელის ნაწილის 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. მ----- ბ-----მა 2016 წლის 3-------ტოს განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოხდის პერიოდში ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, რის გამოც სახეზეა დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - არაერთგზისობა.

 

3.4. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მ----- ბ-----მა 2018 წლის 19 მარტს და 20 მარტს ფიზიკურად იძალადა დედაზე, რ--- ბ-----აზე, ხოლო ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლოს შეფასებით მოძალადის ქმედება არის ბრალეული, რის გამოც მან პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე. ამასთან, დადგენილია, რომ ბრალდებულმა ძალადობა განახორციელა პირის მიმართ (დედა), რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ითვლება ბრალდებულის ოჯახის წევრად.

 

3.5. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’, რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისგან. კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

3.6. სასამართლოს შეფასებით ბრალდების კვალიფიკაცია არის სწორი, აღნიშნულიდან გამომდინარე მ----- ბ------ ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ორ დამოუკიდებელ ეპიზოდში (2018 წლის 19 მარტი და 2018 წლის 20 მარტი).

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. მ----- ბ-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებებია დანაშაულის ეპიზოდთა სიმრავლე და ქმედების ჩადენა პირობითი მსჯავრის პირობებში.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულის მიმართ წარსულში არაერთხელ იქნა გამოყენებული საკანონმდებლო შეღავათი, რამაც სამწუხაროდ ვერ მოახდინა მისი რესოციალიზაცია, იგი ნასამართლევია არაერთი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, მათ შორის ოჯახში ძალადობისათვის ორი პირის მიმართ. ეს უკანასკნელი ფაქტი ადასტურებს მის მიდრეკილებას ოჯახში ძალადობის ჩადენისაკენ. ამასთან საგულისხმოა, რომ პირობითმა მსჯავრმა მ----- ბ-----ზე ვერ იქონია შესაბამისი გავლენა და ვერ იქნა უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები. ამ ფაქტს სასამართლო განიხილავს პიროვნულ მახასიათებლად პასუხისმგებლობის დამძიმების კუთხით. ამ მოცემულობაში სასჯელის სახედ და ზომად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა, ვერ შეძლებს მიაღწიოს სამართლიანობის აღდგენის მიზანს. სასამართლოს შეფასებით, ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში მ----- ბ------ს სათანადო ქცევას, რათა მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობიდან გამომდინარე (დედა-შვილი) მომავალშიც არ გაგრძელდეს დედის მიმართ ძალადობა და მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, 1 (ერთი) ცალი ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ----- ბ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 19 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

2. მ----- ბ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 20 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 2018 წლის 20 მარტის ეპიზოდისთვის დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით შთანთქოს 2018 წლის 19 მარტის ეპიზოდისთვის დანიშნული თანაბარი სასჯელი და მ----- ბ-----ს საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3-------ტოს განაჩენით განსაზღვრული 1 (ერთი) წლით პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და მ----- ბ-----ს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის განჩინებით მ----- ბ------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 21 მარტიდან.

 

6. ნივთიერი მტკიცებულება:

 

1 (ერთი) ცალი ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

8. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა