გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.09.2018
საქმის ნომერი
190210017001895879
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/843-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 სექტემბერი 2018 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე სს "ს----------–--------ი"

წარმომადგენელი გელა ღუნწკიძე

მოპასუხე მ----- მ---------–ი

დავის საგანი კრედიტის დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მ----- მ---------–ისათვის სს ს----------–--------ის სასარგებლოდ

1.1. 2014 წლის 15 მაისის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე 596 ლარის გადახდა;

1.2. 2014 წლის 26 ივნისის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე 1869,1 ლარის გადახდა;

1.3. 2014 წლის 18 აგვისტოს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე 892,8 ლარის გადახდა

1.4. 2014 წლის 24 მარტის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე 1041,59 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლები

 

2014 წლის 15 მაისს მ----- მ---------–მა სს ს----------–--------ისგან მიიღო სამომხმარებლო კრედიტი - 250 ლარი 12 თვის ვადით. სარგებელბი გათვალისწინებული არ არის. პირგასამტეხლო შეადგენს ყოველი ვადაგადაცილებული კალენდარული დღისთვის 0.2 ლარს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სესხი სარგებლობის საკომისიოს გადახდა სამომხმარებლო კრედიტის ფარგლებში ათვისებული სამომხმარებლო კრედიტის თანხის სრულად დაბრუნებამდე/განულებამდე თვეში ორჯერ 12 ლარის ოდენობით; სამომხმარებლო კრედიტის თანხის გაცემის საკომისიოა 19 ლარი. მოპასუხემ არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება. 2017 წლის 04 აპრილის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება შეადგენს 596 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 212 ლარი, პროცენტი - 0 ლარი, პირგასამტეხლო - 184.20 ლარი; ვალდებულებასთან დაკავშირებული საკომისიო ოდენობა დაკორექტირების შემდგომ - 200 ლარი;

 

2014 წლის 26 ივნისს სს ს----------–--------სა და მ----- მ---------–ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის მოქმედების ვადა - 12 თვე; კრედიტის მოცულობა - 1006.97 ლარი; სესხის დაფარვის თარიღი - ყოველი თვის 20 რიცხვი; საპროცენტო სარგებელი - წლიური 27.6 პროცენტი; კრედიტის თანხის ათვისების საკომისიო - კრედიტის თანხის 2 %, მაგრამ არანაკლებ 10 ლარი; ათვისებული კრედიტის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის პერიოდულობა - ყოველი თვის 20 რიცხვი: პირგასამტეხლო კრედიტის თანხის ან/და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადა გადაცილებისთვის - ვადაგადაცილებული თანხის 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2017 წლის 04 აპრილის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანებაა 1869.1 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 852.94 ლარი; პროცენტი -616.16 ლარი, პირგასამტეხლო დაკორექტირების შემდგომ - 400 ლარი.

 

2014 წლის 18 აგვისტოს სს ს----------–--------სა და მ----- მატრეველს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის მოქმედების ვადა - 12 თვე; კრედიტის მოცულობა - 415.99 ლარი; სესხის დაფარვის თარიღი - ყოველი თვის 25 რიცხვი; საპროცენტო სარგებელი - წლიური 25.3 პროცენტი; კრედიტის თანხის ათვისების საკომისიო - კრედიტის თანხის 2 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10 ლარი; ათვისებული კრედიტის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის პერიოდულობა - ყოველი თვის 25 რიცხვი; პირგასამტეხლო კრედიტის თანხის ან/და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადა გადაცილებისთვის - ვადაგადაცილებული თანხის 0.5 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; 2017 წლის 04 აპრილის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება შეადგენს 892.8 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 415.99 ლარი; პროცენტი - 276.81 ლარი, პირგასამტეხლო დაკორექტირების შემდგომ - 200 ლარი.

 

2014 წლის 24 მარტს მოსარჩელემ (რეორგანიზაციამდე სს ,,პრივატ ბანკი’’) მოპასუხეზე გასცა საგადასახადო ბარათი უნივერსალ გოლდი შემდეგი პირობებით: კრედიტის მაქსიმალური თანხა - 2000 ლარი; საბაზო საპროცენტო განაკვეთი - თვეში 2.3%; ჯარიმა მინიმალური გადასახადის არადროული გადახდისთვის - საბაზო საპროცენტო განაკვეთი (ჯარიმა ირიცხება კრედიტზე პროცენტის დარიცხვის დღეს); ჯარიმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის 30 დღეზე მერი ვადით ვადაგადაცილების შემთხვევაში - 100 ლარი + დაგვიანების 5% დარიცხული პროცენტების, ვადაგადცილებული პროცენტების და საკომისიოების ჩათვლით. 2017 წლის 04 აპრილის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება, საიდანაც ძირი თანხაა - 492.35 ლარი; პროცენტი - 549.24 ლარი, პირგასამტეხლო მოთხოვნილი არ არის.

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მ----- მ---------–მა წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ თანახმაა სესხის ძირითადი თანხა 2000 ლარი გადაიხადოს განაწილვადებით, რადგან არსად მუშაობს და ერთდროულად თანხის გადახდა არ შეუძლია. მოპასუხე არ დაეთანხმა სარგებლის და პირგასმატეხლოს მოთხოვნას, რადგან იგი შეუსაბამოდ მაღალია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 15 მაისს მ----- მ---------–მა სს ს----------–--------ისგან მიიღო სამომხმარებლო კრედიტი - 250 ლარი; საპროცენტო სარგებელი - 0%; სამომხმარებლო კრედიტის მოქმედების ვადა - 12 თვე; პირგასამტეხლო ათვისებული სამომხმარებლო თანხის ან/და სამომხმარებლო კრედიტის თანხის სარგებლობის საკომისიოს დაბრუნების/ვადის გადაცილებისთვის შეადგენს ყოველი ვადაგადაცილებული კალენდარული დღისთვის 0.2 ლარს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხი სარგებლობის საკომისიოს გადახდა სამომხმარებლო კრედიტის ფარგლებში ათვისებული სამომხმარებლო კრედიტის თანხის სრულად დაბრუნებამდე/განულებამდე თვეში ორჯერ 12 ლარის ოდენობით; სამომხმარებლო კრედიტის თანხით სარგებლობის საკომისიო გადახდის რიცხვები - ყოველი თვის 26 რიცხვი, ყოველი თვის 12 რიცხვი; სამომხმარებლო კრედიტის თანხის გაცემის საკომისიოა 19 ლარი. მოპასუხემ არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება. 2017 წლის 04 აპრილის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება შეადგენს 596 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 212 ლარი, პროცენტი - 0 ლარი, პირგასამტეხლო - 184.20 ლარი; მოთხოვნილია პირგასამტეხლო - 200 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 16-17. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 2-6. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 138-141. ტომი 1)

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 18-28. ტომი 1)

 

3.1.2. 2014 წლის 26 ივნისს სს „ს----------–--------სა“ და მ----- მ---------–ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის მოქმედების ვადა - 12 თვე; კრედიტის მოცულობა - 1006.97 ლარი; სესხის დაფარვის თარიღი - ყოველი თვის 20 რიცხვი; საპროცენტო სარგებელი - წლიური 27.6 პროცენტი; კრედიტის თანხის ათვისების საკომისიო - კრედიტის თანხის 2 %, მაგრამ არანაკლებ 10 ლარი; ათვისებული კრედიტის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის პერიოდულობა - ყოველი თვის 20 რიცხვი: პირგასამტეხლო კრედიტის თანხის ან/და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადა გადაცილებისთვის - ვადაგადაცილებული თანხის 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2017 წლის 04 აპრილის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების შემდგომ შეადგენს 1869.1 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 852.94 ლარი; პროცენტი -616.16 ლარი, პირგასამტეხლო დაკორექტირების შემდგომ - 400 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 29-34. ტომი 1.)

- ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 35-42. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 2-6)

- შესაგებელი (ს.ფ. 138-141. ტომი 1)

 

3.1.3. 2014 წლის 18 აგვისტოს სს ს----------–--------სა და მ----- მ---------–ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის მოქმედების ვადა - 12 თვე; კრედიტის მოცულობა - 415.99 ლარი; სესხის დაფარვის თარიღი - ყოველი თვის 25 რიცხვი; საპროცენტო სარგებელი - წლიური 25.3 პროცენტი; კრედიტის თანხის ათვისების საკომისიო - კრედიტის თანხის 2 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10 ლარი; ათვისებული კრედიტის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის პერიოდულობა - ყოველი თვის 25 რიცხვი; პირგასამტეხლო კრედიტის თანხის ან/და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადა გადაცილებისთვის - ვადაგადაცილებული თანხის 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; 2017 წლის 04 აპრილის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება შეადგენს 892.8 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 415.99 ლარი; პროცენტი - 276.81 ლარი, პირგასამტეხლო დაკორექტირების შემდგომ - 200 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 43-48. ტომი 1.)

- ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 49-50. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 2-6. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 138-141. ტომი 1)

 

3.1.4. 2014 წლის 24 მარტს მოსარჩელემ (რეორგანიზაციამდე სს ,,პრივატ ბანკი’’) მოპასუხეზე გასცა საგადასახადო ბარათი უნივერსალ გოლდი შემდეგი პირობებით: კრედიტის მაქსიმალური თანხა - 2000 ლარი; საბაზო საპროცენტო განაკვეთი - თვეში 2.3%; ჯარიმა მინიმალური გადასახადის არადროული გადახდისთვის - საბაზო საპროცენტო განაკვეთი ( ჯარიმა ირიცხება კრედიტზე პროცენტის დარიცხვის დღეს); ჯარიმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის 30 დღეზე მერი ვადით ვადაგადაცილების შემთხვევაში - 100 ლარი + დაგვიანების 5% დარიცხული პროცენტების, ვადაგადცილებული პროცენტების და საკომისიოების ჩათვლით. 2017 წლის 04 აპრილის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება, საიდანაც ძირი თანხაა - 492.35 ლარი; პროცენტი - 549.24 ლარი, პირგასამტეხლო მოთხოვნილი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 51-54. ტომი 1.)

- ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 55-57. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 2-6)

- შესაგებელი (ს.ფ. 138-141. ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა შემცირდეს მოთხოვნილი პირგასამტეხლო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 400-ე, 361-ე, 394-ე , 404-ე, 412-ე, 414-ე, 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, 417–ე, 418-ე, 419-ე მუხლის პირველი ნაწილი, 420–ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა სხვადასხვა დროს დადებული რამდენიმე საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლებითაც მსესხებელს წარმოეშვა ბანკისათვის სესხად მიღებული თანხის დაბრუნების ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

2014 წლის 15 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებით მოპასუხემ ისესხა 250 ლარი 12 თვის ვადით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკომისიო თვეში ორჯერ 12 ლარის გადახდა. მოპასუხემ ნაწილობრივ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება, ამ ხელშეკრულების სფაუძველზე სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 212 ლარი.

 

2014 წლის 26 ივნისს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ მიიღო სესხის 1006.97 ლარი 12 თვის ვადით. სარგებელია წლიური 7.6%. მოპასუხემ დააბრუნა სესხის ნაწილი, მისი დავალიანებაა ძირითადი თანხა 852.94 ლარი, პროცენტი 616.16 ლარი.

 

2014 წლის 18 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა სესხი 415.99 ლარი 12 თვის ვადით. სარგებელია წლიური 5.3%. დავალიანებაა ძირითადი თანხა 415.99 ლარი, პროცენტი 276.81 ლარი.

 

2014 წლის 3 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ მიიღო საკრედიტო ბარათი თანხის მაქსიმალური ლიმიტით 2000 ლარი. სარგებელია საბაზო პროცენტი თვეში 2.3%. სესხის სრულად დაბრუნებული არ არის და დავალიანებაა ძირითადი თანხა 492.35 ლარი, პროცენტი 549.4 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულება დადგენილ ვადაში შესრულებული არ არის, ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად, ნაწილობრივ. მსესხებელს არცერთი საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე თანხა სრულად არ დაუბრუნებია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. მოპასუხეს არ მიუთითებია, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი იყო ისეთი გარემოება (დაუძლეველი ძალა, მესამე პირთა მოქმედება, კრედიტორის მოქმედება), რაც მოვალის პასუხისმგებლობას გამორიცხავს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამასთან, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის შესაბამისად საპროცესო კოდექსით მოპასუხეს მინიჭებული აქვს უფლება ცნოს სარჩელი.

 

მოპასუხემ ცნო სესხის ძირითადი თანხის დაკისრების მოთხოვნა. განსახილველ საქმეში დავა გამომდინარეობს მხარეებს შორის არსებული სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, შეეხება მხოლოდ მათ უფლებებს, რის გამოც მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სადაო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

2014 წლის 15 მაისის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ძირითადი თანხაა 212 ლარი, 2014 წლის 26 ივლისის საკრეიდიტო ხელშეკრულების საფუძველზე 852,94 ლარი, 2017 წლის 4 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე 415,99 ლარი, 2014 წლის 23 მარტის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულების საფუძველზე 492,35 ლარი, ჯამურად 1973,28 ლარი. იმის გამო, რომ მოპასუხემ ცნო სესხის ძირითადი თანხის დაკისრების მოთხოვნა, სასამართლო უფლებამოსილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით გამოიტანოს გადაწყვეტილება ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასახეს უნდა დაეკისროს ასევე სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის გადახდა და სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო მსესხებელს ეკისრება არა მარტო გადაუხდელი კრედიტის ძირითადი თანხის, არამედ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე სარგებლის დავალიანების გადახდაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლიდან გამომდინარე საკრედიტო ხელშეკრულება სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ამ ნორმის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამდენად, საკრედიტო ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებაა და ამით განსხვავდება იგი სხვა სესხის ხელშეკრულებისაგან, სადაც სარგებელი მხოლოდ ორივე მხარის ნების შემთხვევაში განისაზღვრება.

 

სესხის დაუბრუნებლობის გამო მოსარჩელემ განიცადა ზიანი, რადგან დაკარგა ის შემოსავალი, რასაც თანხის დაბრუნების შემთხვევაში მისი კვლავ გასესხებით მიიღებდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

ამავე კოდექსის 404-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს არა მარტო გაცემული კრედიტის ძირითად თანხას, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტსაც, რადგან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა,კრედიტის დაუბრუნებლობის გამო ბანკი კარგავს იმ შემოსავალს, რასაც კრედიტის დროულად დაბრუნების შემთხვევაში მიიღებდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ეს ნორმა მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.

 

ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემის უმთავრესი ინტერესია დაიბრუნოს კრედიტი და მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი კრედიტის მოქმედების ვადაში. ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში ამ ვადის გასვლის შემდეგ ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს მიუღებელი შემოსავალი ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.

 

2014 წლის 15 მაისის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ყოველთვიურად თვეში ორჯერ 12 ლარის ოდენობით საკომისიოს გადახდა, მოსარჩელე მოითხოვს საკომისიოს 200 ლარის გადახდას. საკომისიო მოპასუხეს გადახდილი აქვს 12 ივნისს, 14 ივლისს, 28 ივლისს, 12 აგვისტოს, 12 სექტემბერს, ჯამში 60 ლარი. წლიურად გადასახდელი საკომისიოა 288 ლარი, საიდანაც გადახდილია 60 ლარი. შესაბამისად, საკომისიოს დავალინებაა 288 ლარი. სარჩელით მოთხოვნილია საკომისიოს 200 ლარის გადახდა, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2014 წლის 26 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილია სარგებელი 616,16 ლარი. სესხი 1006,97 ლარი გაცემულია 12 თვით. წლიური 27,6%-ით. წლიური პროცენტია 277,92 ლარი. მოსარჩელე მოითხოვს სარგებლის 616,16 ლარის გადახდას. პროცენტის სახით მოპასუხეს გადახდილი აქვს 20 აგვისტოს 21,07 ლარი, 22 სექტემბერს 1,71 ლარი. სულ 22,78 ლარი. სარგებლის სახით მოთხოვნილი თანხიდან, ხელშეკრულების ვადის განმავლობაში სარგებლის დავალიანებაა 255,14 ლარი. დანარჩენ 361,02 ლარს მოსარჩელე მოითხოვს ზიანის ასანაზღაურებლად. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზიანის ასანაზღაურებლად ამ თანხის გადახდა სახელშეკრულებო რისკის ფარგლებში გონივრული თანხაა, რადგან მოპასუხეს სესხი აიღო ერთი წლით, თანხა არ დაუბრუნებია 2014 წლის 22 სექტემბრის შემდეგ. ვალდებულების დარღვევიდან გასულია ხანგრძლივი ვადა და ამის გათვალისწინებით მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად 361,02 ლარის ანაზღაურება ხელშეკრულებით პირობების გათვალისწინებით გონივრულად უნდა ევარაუდა.

 

2014 წლის 18 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე კრედიტი 415,99 ლარი გაიცა 12 თვის ვადით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელია წლიური 25,3% - 105,24 ლარი. სარგებლის სახით მოთხოვნილია 276,81 ლარი. მოპასუხეს ამ ხელშეკრულების საფუძველზე თანხა არ დაუბრუნებია. ხელშეკრულების ვადის განმავლობაში გადასახდელი სარგებლის დავალიანებაა 105,24 ლარი, ხოლო ბანკის მიუღებელი შემოსავალია 171,57 ლარი, რაც ხელშეკრულების ვადის, ვადის გადაცილების ხანრძლივი დროის გათვალისწინებით სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომოდნარე მოვალისათვის გონივრულად მოსალოდნელი მიუღებელი შემოსავლის თანხაა.

 

2014 წლის 23 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე ძირითადი თანხის დავალიანებაა 492,35 ლარი. საკრედიტო ბარათის საფუძველზე მოპასუხე თანხას ხარჯავდა 2015 წლის 5 იანვრამდე პერიოდში, ხოლო სარგებლის დავალიანებაა 549,24 ლარი. ამ სესხის საფუძველზე მიუღებელი შემოსავალი მოთხოვნილი არ არის.

 

ბანკის მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ოდენობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო კოდექსის 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დებულება, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა). კანონის ნორმა აწესებს ზიანის გონივრულობის სტანდარტს და ამით იცავს არამეწარმე ფიზიკურ პირებს მომეტებული პასუხისმგებლობის რისკისაგან. შესაბამისად, ბანკის მიუღებელი შემოსავლის ოდენობა ამ ნორმით დადგენილი პრინციპით უნდა განისაზღვროს.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე და 414-ე მუხლებიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანი უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება და მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელშეკრულებით აღებული რისკის ფარგლებში.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ვალდებულების შესრულებამდე ყოველდღიურად გადასახდელი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5%-ს, რაც გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის. შესაბამისად, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ერთდროულად სესხის დაბრუნება და პირგასამტეხლოს გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული. მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ 2014 წლის 15 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე 200 ლარის პირგასამტეხლო არაგონივრულად მაღალი თანხაა, რადგან მოთხოვნილია თითქმის ძირითადი თანხის ოდენობის პირგასამტეხლო. მიუხედავად იმის, რომ სესხის ვადის გადაცილება ხანგრძლივია, სამ წელზე მეტი, ეს მოვალისათვის მეტისმეტად მკაცრი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი არ არის. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვადის ხარგძლივი დროით გადაცილების გამო გონივრული ოდენობის თანხაა 70 ლარი.

 

2014 წლის 26 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილია თანხა 400 ლარი, რაც ზემოთაღნიშნული მიზეზების გამო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 50 ლარით. სასამართლო აღნიშნავს რომ ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე ასევე ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს, რის გამოც 400 ლარის ოდენობის პირგასამტეხლო არაგონივრულად მაღალი თანხაა. ზიანის ანაზღაურებასთან ერთად ამ ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრება ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქციას ვეღარ შეასრულებს, ხოლო ვალდებულების დარღვევისათვის სანქციის სახით პირგასამტეხლოს ასანაზღაურებლად 50 ლარი გონივრული და სამართლიანი თანხაა.

 

2014 წლის 18 აგვისტოს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილია პირგასამტეხლო 200 ლარი, რაც არის სესხის თანხის ნახევარი. ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილია მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, რის გამოც მოთხოვნილი თანხა არაგონივრულად მაღალია და იგი უნდა განისაზღვროს 30 ლარით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია პირგასამტეხლოს ძირითადი არსია ვალდებულების დარღვევის გამო მოვალისათვის სანქციის დაკისრება, მაგრამ მისი მიზანი მარტოოდენ მოვალის დასჯა არ არის, პირგასამტეხლოს კრედიტორისთვის ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის მინიმალურად ანაზღაურების მნიშვნელობაც აქვს, რის გამოც მოვალეს უნდა დაეკისროს იმ ოდენობის პირგასამტეხლო, რაც ვალდებულების შესრულებას არ გაართულებს.

 

ამდენად, მ----- მ---------–ის მიერ გადასახდელი თანხაა:

2014 წლის 15 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე - ძირითადი თანხა 212 ლარი. პირგასამტეხლო 70 ლარი; ჯამურად (282 ლარი).

2014 წლის 26 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე - ძირითადი თანხა 852,94 ლარი. პროცენტი და მიუღებელი შემოსავალი 616,16 ლარი, პირგასამტეხლო 50 ლარი. ჯამურად (1519,1 ლარი).

2014 წლის 18 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე - ძირითადი თანხა 415,99 ლარი, პროცენტი და მიუღებელი შემოსავალი 276,81 ლარი, პირგასამტეხლო 30 ლარი. ჯამურად (722,8 ლარი).

2014 წლის 23 მარტის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე - ძირითადი თანხა 492,35 ლარი, პროცენტი 549,24 ლარი. ჯამურად (1041 ლარი).

 

მოპასუხის მიერ სს "ს----------–--------ისათვის" ამ სარჩელის საფუძველზე გადასახდელია სულ 3564,9 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელე სარჩელით მოითხოვს საერთო ჯამში 4399,49 ლარის დაკისრებას, საიდანაც მოპასუხისათვის დაკისრებული 3564,9 ლარი არის მოთხოვნის 80%.

 

სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟია 131,98 ლარი, რომლის 80% - 105,58 ლარი არის მხარეებს შორის გასანაწილებელი სახელმწიფო ბაჟი. დაკისრებული თანხიდან მოპასუხემ ცნო სარჩელი 2000 ლარის ნაწილში, რაც არის დაკისრებული თანხის 57%. 105,58 ლარის 57% არის 60,18 ლარი, რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკიროს მოსარჩელისათვის 45,4 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „ს----------–--------ის“ სარჩელი;

2. მ----- მ---------–ს დაეკისროს სს „ს----------–--------ისათვის“

2.1. 2014 წლის 15 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე 282 ლარის გადახდა; 2014 წლის 26 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე - 1519,1 ლარის გადახდა; 2014 წლის 18 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე - 722,8 ლარის გადახდა; 2014 წლის 23 მარტის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე - 1041 ლარის გადახდა; ჯამურად 3564,9 ლარის გადახდა;

2.2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს 834.59 ლარის დაკისრების ნაწილში;

 

3. მ----- მ---------–ს დაეკისროს სს „ს----------–--------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 45,4 ლარის გადახდა;

 

4. სს ს----------–--------ს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში 2017 წლის 18 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 60,18 ლარი. თანხა გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგ ანგარიშზე ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, სახაზინო კოდი 30063150, (საგადასახადო დავალება N0);

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი