გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210018002571808
N2-823-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ხაშური
შესავალი ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ირმა ელიაშვილი
მოსარჩელე ე-------------შვილი
წარმომადგენელი ნინო იაშაღაშვილი
მოპასუხეები თ--------------–-----------–----------–-ძე
დავის საგანი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
ყადაღისაგან გათავისუფლდეს: 1. 650 ლარად ღირებული ”ვესტელის” ფირმის მაცივარი; 2. 420 ლარად ღირებული ,,თერმიკელის“ ფირმის გაზქურა, 3. 1000 ლარად ღირებული სამზარეულოს ავეჯი (ლამინატის მაგიდა, კუთხის წითელი სავარძელი, 4 ნაჭრიანი, ჩალისფერი კედელი);
სარჩელის მიხედვით, გ--–----------–---სათვის თ--------------–-ძის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ ყადაღა დაედო მოძრავ ნივთებს, რომლებიც აღმასრულებელმა გ--–----------–---ს საკუთრებად მიიჩნია. მოსარჩელის განმარტებით კი დაყადაღებული ნივთები მას ეკუთვნის.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე თ--------------–-ძემ სარჩელი არ ცნო.
2.2. გ--–----------–---მ სარჩელი ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 18 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, გ--–----------–---ს თ--------------–-ძის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს 5 000 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარის და 50 ლარის გადახდა;
დაკისრებული თანხის გადახდევინების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა, 2018 წლის 27 ივნისს, აღწერა და ყადაღა დაადო ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-----–- მდებარე ქონებას, მათ შორის - სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულ ნივთებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2018 წლის 27 ივნისის აქტი (ს.ფ. 16-17);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან დადგინდა, რომ მასში აღნიშნული ნივთები მოსარჩელის საკუთრებაა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, 44-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 172-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).
ღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე აღმასრულებელელმა გადახდევინება უნდა განახორციელოს მოვალის კუთვნილი ქონებიდან.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. ნივთების დაყადაღებით მოსარჩელეს აეკრძალა ამ ნივთების განკარგვა – ნებისმიერი ფორმით გასხვისება, დაგირავება, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადება;
6.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
6.5. 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;
სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება;
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებულმა მოწმეებმა თ-------------–-ილმა, პ------------------–-ილმა, კ-----------ემ, ა--------------–--ემ, რომლებიც მონაწილეობდნენ სადავო ნივთების შეძენაში და სოფელ წ-----–-, იმ სახლში ტრანსპორტირებაში, სადაც, შემდეგ, ყადაღა დაედო, დაადასტურეს, რომ ეს ნივთები ე-------------შვილის საკუთრებაა. მოპასუხე თ--------------–-ძის მიერ წარმოდგენილი მოწმის ჩვენებით საწინააღმდეგო გარემოება არ დადასტურდა;
ამდენად, ვერ გაკეთდება დასკვნა, რომ აღწერილი და ყადაღადადებული ნივთები მოვალის საკუთრებაა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-2 ნაწილის თნახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. მაგისტრატი მომსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს;
მოცემული დავა, რადგან სარჩელის ფასი 5 000 ლარს არ აღემატება, მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია - სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, მოცემულ შემთხვევაში, არის 50 ლარი და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 50 ლარი;
53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში ე-------------შვილს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი, მოპასუხე გ--–----------–---მ სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნო სარჩელი, რის გამოც ის უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და ბაჟი 50 ლარი დაეკისროს თ--------------–-ძეს რომელმაც სარჩელი არ ცნო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 365-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს: - ყადაღისაგან გათავისუფლდეს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 27 ივნისს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-----–- შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული ქონება: 1. 650 ლარად ღირებული ”ვესტელის” ფირმის მაცივარი; 2. 420 ლარად ღირებული ,,თერმიკელის“ ფირმის გაზქურა, 3. 1000 ლარად ღირებული სამზარეულოს ავეჯი (ლამინატის მაგიდა, კუთხის წითელი სავარძელი, 4 ნაჭრიანი, ჩალისფერი კედელი);
2. ე-------------შვილის სახელით სახელმწიფო ბაჟის შემტან ნინო იასაღაშვილს დაუბრუნდეს 2018 წლის 1 აგვისტოს N17275556 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ნაწილი - 50 (ორმოცდაათი) ლარი;
თ--------------–-ძეს ე-------------შვილის სასარგებლოდ გადახდეს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარი;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (გრ.რობაქიძის ქ.№7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (კოსტავას ქ.№15).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი