გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210118002520088
#2/241 -18 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10.10.2018 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: გოგიტა ტალახაძე
მოსარჩელე: ე------ ჩ-------ე
წარმომადგენელი: ნ-----–---- კ-----ა
მოპასუხე: შ.პ.ს. „ს-–---------- 2---“
წარმომადგენელი: გ------- ს--------ე, ვ------- კ--–----ე
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1.საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა ე------ ჩ-------ის (პ/ნ 5----------) წარმომადგენელმა ნ-----–---- კ-----ამ (პ/ნ 6----------) მოპასუხე შპს „ს-–---------- 2---“-ის (ს/ნ. 2--------) მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
1.2. მოსარჩელე თავის სარჩელში განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დამოუკიდებელი სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად ირიცხებოდა შ.პ.ს. „მერანი“-ს უძრავი ქონება, რომელიც შემდგომში 18.03.2013 წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა ე------ ჩ-------ემ, მდებარ: ჭ--------ა, ნინოშვილის ქ. # 18-ში (ს/კ 3-.1-.3-.046.01.51-). აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული არასაცხოვრებელი ფართის შესყიდვამ განაპირობა ამავე მისამართზე მომიჯნავედ არსებულ უძრავ ქონებასთან (ს/კ 3-.1-.3-.046.01.513) გაერთიანება და რეკონსტრუქციის პირობებში კერძო ბიზნესის/სამეწარმეო საქმიანობის გამართულად გაძღოლა. მოსარჩელე განმარტავს, რომ აღნიშნულ ფართში შესაბამისი რეკონსტრუქციისათვის საჭირო იყო ნებართვა რის გამოც მიმართა კიდეც ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას. მოსარჩელის პოზიციით მოპასუხე ბლოკავდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ ნებართვის გაცემას.
ხანგრძლივი სასამართლო პროცესების გამართვის შემდეგ დაძლეული იქნა წინაღობა, რის შემდგომაც გაცემული იქნა ნებართვა შენობის ინტერიერის რეკონსტრუქციის თაობაზე. მოსარჩელე თვლის , რომ მოპასუხის მოქმედებით მას მიადგა ზიანი რისი ანაზღაურების ვალდებულებაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
ჯერ კიდევ 2015 წელს ე------ ჩ-------ემ თხოვნით მიმართა შ.პ.ს. ,,სასევარდნო 2---“ ერთიანი ძალებით შენობა-ნაგებობის სახურავის გადახურვის თაობაზე, პასუხად მიიღეს უარი. აუდიტორული დასკვნით დადგენილია, რომ სახურავის ერთი ნაწილის გადახურვაზე გასაწევი სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 5563 ლარის. მოსარჩელეს არ მიაჩნია საჭიროდ მხარეთა ფართების დაანგარიშება, რის გამოც მოითხოვს ნახევარს-2781 ლარს.
მოსარჩელე თვლის მოპასუხის მოქმედებით მან ვერ გამოიყენა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და შესაბამისად მიიღო ზარალი 23 184 ლარის ოდენობით.
მოსარჩელე ითხოვს, რომ შ.პ.ს. „ს-–---------- 2---“-ს დაეკისროს 25 965 ლარის გადახდა (23184+2781 = 25 965 ლარი).
მოსარჩელე ითხოვს შ.პ.ს. „ს-–---------- 2---“-ს დაევალოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის აუნაზღაურება ე------ ჩ-------ის სასარგებლოდ.
2.მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შ.პ.ს. ,,ს-–---------- 2---“-ის წარმომადგენელმა შემოიტანა სარჩელი და განმარტავს, რომ სახეზე არ გვაქვს ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის აუცილებელი წინაპირობები: არ არსებობს მოპასუხის უკანონო ქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებდა მოსარჩელეს. თუ მოსარჩელე თვლის, რომ მშენებლობის ნებართვის მიცემა მას ჭ---------- გამგეობამ უკანონოდ გაუჭიანურა, მან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი სწორედ გამგეობის წინააღმდეგ უნდა შეიტანოს, ანუ მოცემულ შემთხვევაში შ.პ.ს. ,,ს-–---------- 2---“ არის არასათანადო მოპასუხე.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო გარემოებები
3.1.1. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის შეთანხმება მორიგების თაობაზე არ იქნა მიღწეული. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)
3.2.დადგენილი სადავო გარემოებები 3.2.1. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრში უძრავი ქონება მდებარე: ჭ--------ა, ნინოშვილის ქ. # 18-ში ს/კ 3-.1-.3-.046.01.51- , ს/კ 3-.1-.3-.046.01.513 აღრიცხულია ე------ ჩ-------ის სახელზე. დადგენილია, რომ მოცემული უძრავი ქონებები არიან ერთმანეთის მომიჯნავე დადგენილია, რომ შპს „ს-–---------- 2---“-ს ეკუთვნის უძრავი ქონება მისამართზე ქ. ჭ--------ა, ნონეშვილის ქ. 18 საკადასტრო კოდი: (3-.1-.3-.046.01.511), კერძოდ მისამართზე მდებარე შენობაში III სართულზე - 378.4 კვ.მ II სართულზე - 323.5 კვ.მ კიბის უჯრედები II და III სართულზე - 31.8 კვ.მ სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.16-19, ს.ფ.104) - მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.2.2. დადგენილია, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა შ.პ.ს. ,,ს-–---------- 2---“-ს სარჩელს სააღსრულებო ბიუროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს , შ.პ.ს ,,მერანის“ და მესამე პირის ე------ ჩ-------ის მიმართ შ.პ.ს ,,მერანის“ საკუთრებაში არსებული 48,3 კვ. (მოცემული ფართის ამჟამინდელი მესაკუთრე ე------ ჩ-------ეა) მეტრი ფართის შესასვლელის რეგისტრაციის და აღმასრულებლის მიერ შედგენილი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ე------ ჩ-------ის სარჩელის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილება რეკონსტრუქციის თაობაზე ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და დაევალა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- საჩხერის რაიონული სასამართლოს 18.01.2017წ. გადაწყვეტილება (ს.ფ.20-32)
- საჩხერის რაიონული სასამართლოს 18.01.2017წ. გადაწყვეტილება (ს.ფ.38-45)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.3 დადგენილია, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის (გამგეობას) გამგებელს დაევალა , რომ კანონით დადგენილ ვადაში გასცეს მშენებლობის (რეკონსტრუქციის ) ნებართვა ქ.ჭიათურაში ნინოშვილის ქუჩა N18-ში მდებარე ე------ ჩ-------ის საკუთრებაში არსებულ ფართში, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ 2009 წლის 24 მარტის საქართველოს მთავრობის N57-ე დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების მიხედვით (მოთხოვნების, მათ შორის პროექტის სრულყოფისათვის გამოყენებული იქნას დადგენილების 53-ე და 54-ე მუხლი)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- საჩხერის რაიონული სასამართლოს 18.01.2017წ. გადაწყვეტილება (ს.ფ.51-63)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.4. მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის განყოფილების უფროსის ვალერიან გაფრინდაშვილის წერილი, სადაც იგი მიუთითებს, რომ ე------ ჩ-------ე რეკონსტრუქციით აპირებდა კიბის უჯრედის გაუქმებას , კიბე კი აკავშირებდა ერთმანეთთან მეორე და მესამე სართულებს, ამავდროულად არსებულ კიბეს აქვს სახანძრო კიბის დანიშნულება, რომლის გაუქმებაც უსაფრთხოების თვალსაზრისით გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული. საქმეშია ასევე წარმოდგენილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 17 ივნისის წერილი ე------ ჩ-------ისათვის რეკონსტრუქციის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.
დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 21 სექტემბრის # 51 1791 ბრძანებით მუნიციპალიტეტმა ე------ ჩ-------ეს მისცა ნებართვა შენობის ინტერიერის რეკონსტრუქციისათვის (მდებარე ქ. ჭ--------ა, ნინოშვილის ქ. #18). ბრძანების მიხედვით, ე------ ჩ-------ე უფლებამოსილია უფლებამოსილია, მოახდინოს მისი კუთვნილი 94.2 კვ.მ ფართის (საკადასტრო კოდები: 3-.00.3-.046.01.51- და 3-.1-.3-.046.01.513) რეკონსტრუქცია. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ამ ორ საკადასტრო კოდზე ე------ ჩ-------ეს საკუთრებაშია აღრიცხული 78 კვ.მ (28.7+48.5). მშენებლობის ნებართვა გაცემულია ექვსი თვის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ჭიათურის მუნიციპალიტეტისგამგებლის მიმოწერა (ს.ფ.37).
- ზედამხედველობის სამსახურის უფროსის წერილი (ს.ფ 36).
3.2.5. საქმეში წარმოდგენილია აუდიტორული დასკვნა გაცემული 2016 წლის 14 მარტს , სადაც მითითებულია, რომ აღნიშნული დოკუმენტით გაანგარიშებულია . ჭიათურაში ნინოშვილის ქუჩა 18-ში მდებარე შენობის სახურავის ერთი ნაწილის გადახურვაზე და სხვა სამუშაოებზე ჩატარებული სამუშაოების ღირებულება. ღირებულებამ შეადგინა 5563 ლარი.
2018 წლის 21 ივნისის N02/147 აუდიტორული დასკვნით 48,30 კვადრატული მეტრი გასაიჯარევებელი ფართის საიჯარო ღირებულება 2014 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 23184 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აუდიტის დასკვნა (ს.ფ.87)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის , რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სარჩელი სრულიად უსაფუძვლოა, რადგან ნებართვის გაცემის შეფერხება ვერ და არ შეძლება განხორციელებულიყო მოპასუხის ქმედებით, როცა ნებართვის გამცემი არის ადმინისტრაციული ორგანო და იგი წარმართავს ადმინისტრაციულ წარმოებას.
გადახურვასთან დაკავშირებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შესაბამისი მტკიცებულებებით არ არის გამყარებული და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს აღნიშნულის გამო.
5.კანონები, სხვა სახის ნორმატიული აქტები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლი, 317-ე მუხლი, 408-ე მუხლი, 411მუხლი, 992-ე მუხლი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-106 მუხლები.
6.სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის შესაბამისად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;
6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.3. მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი N 57 დადგენილების (შემდგომში დადგენილების) პირველი მუხლის შესაბამისად ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.
დადგენილების 30-ე მუხლის შესაბამისად ადგილობრივ დონეზე მშენებლობის ნებართვის რეგული-რებას ახორციელებენ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
დადგენილების 31-ე მუხლის მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო მის სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს: ა) ამ დადგენილების შესაბამისად II, III და IV კლასებს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გაცემასა და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობას;
6.4. დადგენილია, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის (გამგეობას) გამგებელს დაევალა , რომ კანონით დადგენილ ვადაში გასცეს მშენებლობის (რეკონსტრუქციის ) ნებართვა ქ.ჭ--------აში ნინოშვილის ქუჩა N18-ში მდებარე ე------ ჩ-------ის საკუთრებაში არსებულ ფართში, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ 2009 წლის 24 მარტის საქართველოს მთავრობის N57-ე დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების მიხედვით (მოთხოვნების, მათ შორის პროექტის სრულყოფისათვის გამოყენებული იქნას დადგენილების 53-ე და 54-ე მუხლი)
მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის განყოფილების უფროსის ვალერიან გაფრინდაშვილის წერილი, სადაც იგი მიუთითებს, რომ ე------ ჩ-------ე რეკონსტრუქციით აპირებდა კიბის უჯრედის გაუქმებას , კიბე კი აკავშირებდა ერთმანეთთან მეორე და მესამე სართულებს, ამავდროულად არსებულ კიბეს აქვს სახანძრო კიბის დანიშნულება, რომლის გაუქმებაც უსაფრთხოების თვალსაზრისით გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული. საქმეშია ასევე წარმოდგენილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 17 ივნისის წერილი ე------ ჩ-------ისათვის რეკონსტრუქციის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.
6.5. დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 21 სექტემბრის # 51 1791 ბრძანებით მუნიციპალიტეტმა ე------ ჩ-------ეს მისცა ნებართვა შენობის ინტერიერის რეკონსტრუქციისათვის (მდებარე ქ. ჭ--------ა, ნინოშვილის ქ. #18). ბრძანების მიხედვით, ე------ ჩ-------ე უფლებამოსილია უფლებამოსილია, მოახდინოს მისი კუთვნილი 94.2 კვ.მ ფართის (საკადასტრო კოდები: 3-.00.3-.046.01.51- და 3-.1-.3-.046.01.513) რეკონსტრუქცია. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ამ ორ საკადასტრო კოდზე ე------ ჩ-------ეს საკუთრებაშია აღრიცხული 78 კვ.მ (28.7+48.5). მშენებლობის ნებართვა გაცემულია ექვსი თვის ვადით.
დადგენილია, რომ ზემოთ მითითებულ ადმინისტრაციულ დავებში მონაწილეობდა მოპასუხე, თუმცა აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები იგი ვერ იქნებოდა. დავებში აღნიშნული ფორმით მონაწილეობა მართლსაწინააღმდეგო ქმედებად ვერ დაკვალიფიცირდება, რადგან მოპასუხე მოქმედებდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ფარგლებში.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1. უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2. სახეზე უნდა იყოს ზიანი; 3. უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4. ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს ბრალი. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც.
სასამართლო თვლის , რომ განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში არ არსებობს მოპასუხის ბრალი ზიანის დადგომაში, მითითებული ოთხი პირობიდან მოპასუხის მიმართ სახეზე არ არის არცერთი პირობა.
6.7.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად საერთო საკუთრებაში არსებული ნივთის მოვლისა და შენახვის ხარჯები თანამესაკუთრეებს ეკისრებათ თანაბრად, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 969-ე მუხლის შესაბამისად პირი (შემსრულებელი), რომელიც დავალების ან სხვა საფუძვლის გარეშე ასრულებს სხვა პირის (მეპატრონის) საქმეებს, ვალდებულია შეასრულოს ისინი კეთილსინდისიერად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 970-ე მუხლის შესაბამისად თუ საქმეების შესრულება მიმართულია იმ საფრთხის თავიდან აცილებისაკენ, რომელიც ემუქრება მეპატრონეს, შემსრულებელი პასუხს აგებს მხოლოდ განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისათვის.
შემსრულებელს, რომელსაც ზიანი მიადგა იმ საფრთხის თავიდან აცილებისას, რომელიც რეალურად ემუქრებოდა სხვა პირს ან ქონებას, ხოლო საფრთხის თავიდან აცილება არ შეადგენდა შემსრულებლის სამართლებრივ მოვალეობას, უნდა აუნაზღაურდეს ზიანი იმ პირისაგან, რომელმაც შექმნა საფრთხე, ან იმ პირისაგან, რომლის სიკეთის გადარჩენასაც შემსრულებელი ცდილობდა.
6.8. აღნიშნული სამართლებრივი ნორმები შესაძლებელია გამოყენებული ყოფილიყო გადახურვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის რეგულაციისათვის . სასამართლო თვლის, რომ გადახურვის სამუშაოების შესრულების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მიერ შეფასებულია გარკვეული სამუშაოები, თუმცა მტკიცებულება ამ სამუშაოების შესრულების ფაქტთან დაკავშირებით მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. სასამართლო განმარტავს , რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად ამ შემთხვევაში მოსარჩელის ვალდებულება იყო ემტკიცებინა მის მიერ სამუშაოების შესრულების ფაქტი.
6.9. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
ამდენად სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
6.10. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. სასამართლო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. სარჩელი არ დაკმაყოფილდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე - 244-ე, 247-ე - 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე------ ჩ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი