გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.09.2018
საქმის ნომერი
330310018002470377
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3323-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 სექტემბერი 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე: ივანე ღლონტი

 

სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა

 

მოსარჩელე - მ------ მ---------ე

წარმომადგენელი - ნ------------

 

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ლ----------–-–---–-

 

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისროს მოსარჩელე - მ------ მ---------ის სასარგებლოდ მიუღებელი ერთჯერადი დახმარების ანაზღაურება - 7 000 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხის წარმომადგენელმა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. მ------ მ---------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2008 წლის 6 მაისს გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში ორი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში ორი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. ( ს.ფ. 12-17);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. მოსარჩელე - მ------ მ---------ესა და მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2010 წლის 6 მაისს, 2 წლის ვადით დაიდო „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ორი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-„კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ორი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი. (ს.ფ. 18-24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. მ------ მ---------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2013 წლის 14 მარტს გაფორმდა კონტრაქტი - ,,კაპრალ-სერჟანტის თანმდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- კონტრაქტი ,,კაპრალ-სერჟანტის თანმდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. ( ს.ფ. 25-32);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. მ------ მ---------ის 2017 წლის 6 ივნისის განცხადებით დგინდება, რომ მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სადაც მიუთითა, რომ მ------ მ---------ეს ერთჯერადი დახმარება - 7 000 ლარის ოდენობით არ მიუღია და მოითხოვა აღნიშნული თანხის ჩარიცხვა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში განმარტება თუ რის საფუძველზე ხდება თანხის ჩარიცხვის დაბრკოლება.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 27 ივნისის №M---------------- მიმართვით, მ------ მ---------ეს, 2017 წლის 6 ივნისის №5----- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გავლილი საკონტრაქტო სამსახური ვერ აკმაყოფილებდა ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს თავადაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471-ე პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მ------ მ---------ის განცხადება ერთჯერადი დახმარების გაცემის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მ------ მ---------ის 2017 წლის 6 ივნისის განცხადება(ს.ფ. 32);

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 27 ივნისის №M---------------- მიმართვა (ს.ფ. 33);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ------ მ---------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

ამრიგად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს შეესაბამება თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი მოსარჩელე - მ------ მ---------ისთვის ერთჯერადი დახმარების ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

6.2. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

 

მითითებული კანონის პირველი მუხლის ,,ა” პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე - საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სტატუსი საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან და ეხსნება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღესვე. შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს სტატუსი ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვიდან აღნიშნულ სამსახურში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. სტატუსის შეწყვეტის საფუძველია სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა.

 

,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეს ცხოვრების შესაფერისი პირობებით, სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობებისა და თავისებურებების გათვალისწინებით. ყველა სამხედრო მოსამსახურე, დაკავებული თანამდებობისა და სამხედრო წოდების მიუხედავად, თანასწორია კანონის წინაშე. სამხედრო მოსამსახურეთა უფლებრივ განსხვავებას, სამხედრო სამსახურის გავლის პირობებსა და მატერიალური უზრუნველყოფის წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.

 

6.3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვის, მატერიალური უზრუნველყოფისა და შრომის ანაზღაურების პირობების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ, 2007 წლის 26 სექტემბერს მიღებული იქნა №560 ბრძანება ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ”. აღნიშნული ბრძანების 471-ე პუნქტის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472-ე პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე: ა) სამხედრო მოსამსახურემ: ა.ა) იმსახურა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ,,წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამით და ამავე დროს კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა სამი წლისა და სამი თვის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ა.ბ) კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი ა.გ) წინა კონტრაქტი შეუწყდა 8 წლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე; ა.დ) ამ პუნქტის ,,ა.ა” ან ,,ა.ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურემ იმსახურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონტრაქტის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ბ) მე-4 პუნქტში მითითებული 2, 4 ან 8 წლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ; გ) სამხედრო მოსამსახურემ სამსახურთან შეთანხმებით შეწყვიტა ერთწლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ.

 

მითითებული ბრძანების 472-ე პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, 471-ე პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი დახმარება მიეცემა ოთხ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 7 000 (შვიდი ათასი) ლარი.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე - მ------ მ---------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2008 წლის 6 მაისს, 2 წლის ვადით გაფორმდა ,,თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში ორი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’ ხელშეკრულება (კონტრაქტი), ხოლო 2010 წლის 6 მაისს, მოსარჩელე - მ------ მ---------ესა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2 წლის ვადით გაფორმდა „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ორი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი. შესაბამისად, მოსარჩელე მ------ მ---------ემ, 2008 წლის 6 მაისიდან 2012 წლის 6 მაისამდე იმსახურა 4 წელი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე - მ------ მ---------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2013 წლის 14 მარტს კვლავ გაფორმდა 4 წლის ვადით კონტრაქტი ,,კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე - მ------ მ---------ემ იმსახურა 4 წელი.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მ------ მ---------ესთან დადებული კონტრაქტები არ შეესაბამება ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და არ ითვალისწინებს ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაცემის ვალდებულებას.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471-ე პუნქტს, რომლის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი ან ოთხი წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება. დადგენილია, რომ მოსარჩელეს, 2012 წლის 6 მაისს ამოეწურა გაფორმებული კონტრაქტის ვადა, რომელიც გააგრძელა 2013 წლის 14 მარტს - 4 წლის ვადით.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს, 2013 წლის 14 მარტს წარმოეშვა ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471-ე და 472-ე პუნქტების საფუძველზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში და ბრძანებას დაემატა 476-ე პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა, რომ 472-ე პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანება ამოქმედდა 2017 წლის 10 მარტიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ცვლილებით დადგენილი დანაწესი ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, მოცემულ შემთხვევაში ვალდებულებაზე.

 

სასამართლო მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანებით, რომელიც წარმოადგენს ნორმატიულ აქტს უკუძალა დადგენილი არ არის.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 317-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომელთა მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მითითებული კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება, მოსარჩელე - მ------ მ---------ისთვის აენაზღაურებინა ერთჯერადი დახმარება 7 000 ლარის ოდენობით, წარმოიშვა 2013 წლის 14 მარტს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471-ე და 472-ე პუნქტების საფუძველზე, რამდენადაც მან 2-2 წლიანი კონტრაქტების საფუძველზე, რომლებიც გაფორმდა 2008 წლის 6 მაისსა და 2010 წლის 6 მაისს, შემდგომ 4 წლით გაიარა სამხედრო სამსახური და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი. შესაბამისად, მოსარჩელეს, აღნიშნული ვალდებულების საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის უფლება გააჩნია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადების ფარგლებში და იგი არ შეიძლება გაუქმდეს, როგორც ზემოთ აღინიშნა მისი წარმოშობის შემდგომ გამოცემული ნორმატიული აქტით.

 

ზემოთხსენებულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს, რომ მოსარჩელემ სამხედრო სამსახური განახორციელა სამი კონტრაქტის საფუძველზე, მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2-4 წელი და კონტრაქტებს შორის წყვეტას ადგილი არ ჰქონია. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე აკმაყოფილებს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471-ე და 472-ე პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მასზე გაცემული უნდა იქნეს ერთჯერადი დახმარება - 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს უარი, პირისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარების გაცემის თაობაზე, არ არის გამართლებული მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე. ადმინისტრაციული ორგანოს ნებისმიერი ქმედება უნდა ემსახურებოდეს პირთა უფლებების რეალიზაციასა და ხელშეწყობას, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესის შეზღუდვა შეიძლება გამართლებული იყოს იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის მიზანი აღემატება კონკრეტული პირის ინდივიდუალურ ინტერესს. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ არამართლზომიერად განხორციელდა მოსარჩელის ინტერესების შეზღუდვა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ------ მ---------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ერთჯერადი დახმარების გაცემა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, 24-ე, 331 მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მ------ მ---------ეს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე - მ------ მ---------ის სასარგებლოდ დაეკისროს - 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ანაზღაურება;

 

3. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე: ივ. ღლონტი