გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.10.2018
საქმის ნომერი
200210117001977154
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
26.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/420-17

N200210117001977154

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი - სოფიკო ჩაფურიშვილი

 

მოსარჩელე - სს ,,თ----ი ბანკი''

წარმომადგენელი - ნ---- ს-------ა

მოპასუხე - ზ------- მ-------–-–---–ი

წარმომადგენელი - ბ----ო ზ----–---–ი

დავის საგანი - ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.2016 წლის 20 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების-2790.48 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1995.76 ლარი, პროცენტი 317.34 ლარი და ჯარიმა -477.38 ლარი;

1.2. 2017 წლის 16 მაისიდან (დავალიანების შესახებს ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1995.76 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 59.87 ლარს.

1.3. 2017 წლის 16 მაისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1995.76 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 9.97 ლარს მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.

1.4. ზ------- მ-------–-–---–ს დაეკისროს სს „თ----ი ბანკის“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 208.37 ლარის, უზრუნველყოფის ბაჟის - 50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარისა და მოსარჩელის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, დავის საგნის ღირებულების 4% - 277.83 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

სს „თ----ი“ ბანკსა და ზ------- მ-------–-–---–ს შორის 2016 წლის 20 აგვისტოს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 2000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5%ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო გაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 18 რიცხვი. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება დაირღვა და 2016 წლის 23 აგვისტოს შემდეგ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხის მიერ არ მომხდარა გადახდა. შესაბამისად, 2017 წლის 16 მაისის მდგომარეობით მოპასუხეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 2790.48 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1995,76 ლარი, პროცენტი 317.34 ლარი და ჯარიმა- 477.38 ლარი. როგორც აღინიშნა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით განსაზღვრული იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალური სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში კი ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტებისათვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს.

მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე დაეთანხმება სარჩელს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარე ნაწილობრივ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ იგი ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას მხოლოდ ძირითადი თანხის და პროცენტის მოთხოვნის ნაწილში. რაც შეეხება ჯარიმას, მიაჩნია, რომ იგი არის შეუსაბამოდ მაღალი და ასევე ითხოვა მიღებული გადაწყვეტილების განწილვადება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სს „თ----ი“ ბანკსა და ზ------- მ-------–-–---–ს შორის 2016 წლის 20 აგვისტოს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 2000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5%ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო გაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 18 რიცხვი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2016 წლის 20 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება. (ს.ფ. 19-24);

 

3.2.2. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება დაირღვა და 2016 წლის 23 აგვისტოს შემდეგ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხის მიერ არ მომხდარა გადახდა. შესაბამისად, 2017 წლის 16 მაისის მდგომარეობით მოპასუხეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 2790.48 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1995,76 ლარი, პროცენტი 317.34 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი ანგარიშიდან, დავალიანების ცნობა (ს.ფ. 23-24-, 25);

 

3.2.3.საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით განსაზღვრული იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

- 2016 წლის 20 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება. (ს.ფ. 19-24);

3.2.4.საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება დაირღვა რა 2016 წლის 23 აგვისტოს შესაბამისად, 2017 წლის 16 მაისის მდგომარეობით მოპასუხეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება ჯარიმა 477 ლარის ოდენობით, რაც სასამართლოს მიაჩანია რომ შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს 50 ლარამდე

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ,,თ----ი ბანკის'' სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე-420-ე, 867-ე-873-ე, 891-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი პუნქტით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავის საფუძველია მხარეთა შორის არსებული საბანკო კრედიტის, სესხის ურთიერთობა. დადგენილია, რომ მხარეებს სს ,,თ----ი ბანკსა'' და ზ------- მ-------–-–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე. ზ------- მ-------–-–---–მა მოსარჩელე სს ”თ----ი ბანკთან” გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, მიიღო სესხი, რომელიც უნდა დაებრუნებინა შეთანხმებულ ვადაში, შეთანხმებული პირობებით. დადგენილია, რომ მან არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება და მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა დავალიანება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკი'', ხოლო, მეორეს მხრივ, მოპასუხე მხარე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. ვინაიდან მოცემულ შემთხევაში წარმოდგენილია სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, დავალიანების გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თ----ი ბანკი'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხის 1995.76 ლარის გადახდა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება წლიურ საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს 317.34 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა წლიური პროცენტის ოდენობა. ამდენად, მითითებული პირობებით ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი მის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა, ისევე, როგორც ამ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მოცულობა. მოვალის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წლიური სარგებლის სახით.

მოპასუხე ზ------- მ-------–-–---–ის ხელშეკრულების დარღვევის გამო სასესხო ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად სს „თ----ი ბანკისთვის“ მიყენებული ზიანი, მიუღებელი შემოსავლის სახით შეადგენს უნდა დაეკისროს 2017 წლის 16 მაისიდან (დავალიანების შესახებს ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1995.76 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 59.87 ლარს.

შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი განაკვეთიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს მხარეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - - 50.00 გადახდა.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ასევე მოითხოვს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას არა მხოლოდ დაანგარიშებული დავალიანების ფარგლებში, არამედ სამომავლოდაც 2017 წლის 16 მაისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1995.76 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს ნაცვლად 0.05% -ისა 0.01%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.

 

6.3.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.

სასამართლოს მიაჩნია რომ მოპასუხე მხარის შუამდგომლობა გადაწყვეტილების განწილვადების თაობაზე არ უნდა დაკმაყფილდეს, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც დაადასტურებდა მიღებული გადაწყვეტილების განწილვადების აუცილებლობას.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. საქმეზე გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს ,,თ----ი ბანკის’’ სარჩელი მოპასუხე ზ------- მ-------–-–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. ზ------- მ-------–-–---–ს სს ”თ----ი ბანკის” სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 20 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2363.1 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1995.76 ლარი, პროცენტი-317.34 ლარი და პირგასამტეხლო-50.00 ლარი.

1.2. 2017 წლის 16 მაისიდან (დავალიანების შესახებს ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1995.76 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 59.87 ლარს.

1.3.2017 წლის 16 მაისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1995.76 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს 0.01%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.

2. მოპასუხე ზ------- მ-------–-–---–ს სს ”თ----ი ბანკის” სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 132.36 ლარის, უზრუნველყოფის ბაჟის - 50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარისა და მოსარჩელის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, დავის საგნის ღირებულების 4% - 277.83 ლარის გადახდა.

3. მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკს’’ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 63.19. ლარი, დარჩენილი 12.82 ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

4. მოპასუხე მხარეს უარი ეთქვას გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის განწილვადების შესახებ.

5. აღსრულების განწილვადების საკითხზე გადაწყვეტილება საჩივრდება კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის მისი ასლის ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე