გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.09.2018
საქმის ნომერი
330210118002267325
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 2/1739-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

28 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლია ავალიშვილი

სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი

მოსარჩელე: თა-----–--–--–---–ი

წარმომადგენელი: ნი-----–--------------ე

მოპასუხე: შპს ,,მა-----ი“

წარმომადგენელი: სა-–-----------–---–ი

დავის საგანი: ვალდებულების შესრულებულად აღიარება, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შეწყვეტილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 02 აგვისტოს თა-----–--–--–---–სა და შპს ,,მა-----ი“-ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება და თა-----–--–--–---–ს ფულადი ვალდებულება ჩაეთვალოს შესრულებულად.

1.2. გაუქმდეს ნოტარიუს ო------–-------–---–ის მიერ 14.12.2017 წელს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცელი.

 

მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია ნოტარიუს ო------–-------–---–ის მიერ 14.12.2017 წელს გაცემული N--------- აღსრულების ქვემდებარე აქტი, რომლის თანახმად, კრედიტორის განცხადებით თა-----–--–--–---–ს შპს ,,მა-----ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2647,31 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1298,58 ლარი, პროცენტი 624,94 ლარი, პირგასამტეხლო 585,27 ლარი, ხოლო სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯია 138,52 ლარი.

 

2016 წლის 02 აგვისტოს მოსარჩელესა და შპს ,,მა-----ი“-ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით სესხის ოდენობა შეადგენდა 1600 ლარს, საპროცენტო განაკვეთი - ყოველთვიური 6%, პირგასამტეხლო განისაზღვრა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ვადაგადაცილებული ძირითადი თანხისა და სარგებლის 1%-ის ოდენობით, სესხი გაფორმდა 720 დღიანი ვადით.

 

თა-----–--–--–---–ი აღნიშნულ სესხს ფარავდა ვადაგადაცილების გარეშე ყოველთვიური შენატანებით 315 ლარის ოდენობით, საიდანაც სარგებლის პროცენტი სესხის ხელშეკრულების მიხედვით შეადგენდა 96 ლარს, ხოლო დარჩენილი თანხა, ანუ 219 ლარი უნდა გამოკლებოდა სესხის ძირითად თანხას ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობების თანახმად. მოპასუხე კი არ აკლებდა შეტანილი თანხებიდან შესაბამისი ოდენობის სესხის ძირითად თანხას და თითქმის მთლიან შენატანებს სარგებლის პროცენტის გადახდაში აფიქსირებდა.

 

მოსარჩელეს სესხის დასაფარად 15 თვის განმავლობაში ვადაგადაცილების გარეშე ჯამში გადახდილი აქვს 4097,46 ლარი, 15 თვის საპროცენტო სარგებელი სესხის ხელშეკრულების მიხედვით არის 1440 ლარი. გადახდილი თანხის დარჩენილი ნაწილით ანუ 2657,46 ლარით უნდა დაფარულიყო სესხის ძირითადი თანხა, რომელიც შეადგენდა 1600 ლარს, ანუ 1057,46 ლარი მოსარჩელეს გადახდილი აქვს ზედმეტად. ამის მიუხედავად, მოპასუხემ არ განახორციელა სესხის დასაფარად შეტანილი თანხებიდან სესხის დაფარვა და სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა, მეტიც დღეის მდგომარეობით მოპასუხის მოთხოვნა თა-----–--–--–---–ის მიმართ წარმოადგენს 2647,31 ლარს, რაც უსაფუძვლოა და მოსარჩელისათვის უცნობია რის საფუძველზე ითხოვს მოპასუხე აღნიშნულ თანხებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო ხელშეკრულების გარდა მხარეებს შორის იმავე რიცხვში, 02.08.2016 წელს გაფორმდა მეორე სესხის ხელშეკრულება, რომელიც სანოტარო წესით არ დამოწმებულა და არ არის დაკავშირებული სადავოდ გამხდარ, სანოტარო წესით დამოწმებულ სესხის ხელშეკრულებასთან.

 

მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხებიდან 3798,94 ლარიდან 1448,81 ლარით მოხდა სანოტარო წესით გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხის, პროცენტის და პირგასამტეხლოს დაფარვა, ხოლო დარჩენილი 2350,13 ლარით დაიფარა არასანოტარო სესხის ხელშეკრულების თანხა.

 

ამდენად, მოპასუხე მიიჩნევს რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გაანგარიშება არის მცდარი და არაზუსტი.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 02 აგვისტოს შპს „მა-----სა“ და თა-----–--–--–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ ისესხა 1600 ლარი, 720 დღის ვადით, თვეში 6% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის მსესხებელს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული ძირითადი თანხისა და სარგებლის 1%, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. სესხის ხელშეკრულება დამოწმდა სანოტარო წესით, რეგისტრაციის ნომრით 160854206.

 

ამავე რიცხვში ამავე მხარეებს შორის ასევე გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ ისესხა 400 ლარი, 720 დღის ვადით. ხელშეკრულება შეიცავს ასევე სესხის პროცენტთან და პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით შეთანხმებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 02.08.2016 წლის სესხისა ხელშეკრულება N--------- (ს.ფ. 20-25);

- 02.08.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 98-100).

 

3.1.2. თა-----–--–--–---–ის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, 2017 წლის დეკემბრის თვიდან თა-----–--–--–---–მა შეწყვიტა საპროცენტო სარგებლის გადახდა.

 

კრედიტორ შპს „მა-----ის“ მოთხოვნის საფუძველზე 2017 წლის 14 დეკემბერს ნოტარიუსმა ო------–-------–---–მა მოვალე თა-----–--–--–---–ის მიმართ გასცა სააღსრულებო ფურცელი. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა - 1298,58 ლარი, პროცენტი - 624,94 ლარი, პირგასამტეხლო - 585,27 ლარი. ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 138,52 ლარი.

 

სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად დაუყოვნებლივ წარედგინა თბილისის სააღსრულებო ბიუროს.

 

ნოტარიუს ო------–-------–---–ის მიერ 2017 წლის 14 დეკემბერს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებულია სააღსრულებო წარმოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 14.12.2017 წლის სააღსრულებო ფურცელი N--------- (ს.ფ. 17-19);

- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 26-31).

 

3.1.3. თა-----–--–--–---–ის მიერ შპს „მა-----ის“ სასარგებლოდ გადახდილი თანხებიდან ხდებოდა როგორც სანოტარო წესით დამოწმებული, ასევე არასანოტარო სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების დაფარვა, რა დროსაც შპს „მა-----ის“ მხრიდან თანხების წარმართვა მოხდა შემდეგნაირად: ჯამში მოსარჩელემ გადაიხადა 3798,94 ლარი, საიდანაც 1448,81 ლარი წარიმართა სადავო სესხის ხელშეკრულების შესრულების ანგარიშში, ხოლო 2350,13 ლარი - არასანოტარო წესით დადებული ხელშეკრულების შესრულების ანგარიშში. ამასთან, 1448,81 ლარიდან 301,43 ლარით დაიფარა სესხის ძირითადი თანხის ნაწილი, 733,55 ლარით- პროცენტის ნაწილი, ხოლო 353,44 ლარით პირგასამტეხლოს თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო ამონაწერი და გადახდის ქვითრები (ს.ფ. 32-35);

- ცნობა გადახდების შესახებ (ს.ფ. 101).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ მის მიერ შპს „მა-----ის“ სასარგებლოდ მთლიანობაში გადახდილი 3798,94 ლარი სრულად უნდა ჩარიცხულიყო სადავო, სანოტარო წესით დამოწმებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ანგარიშში. საქმის მასალებით არ ირკვევა, რომ მოსარჩელემ თანხების გადახდის დროს გადახდის დანიშნულებაში მიუთითა, თუ რომელი ვალდებულების დაფარვას ახორციელებდა. ამდენად, თანხის გადახდის დროს შესრულება სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად მოხდა. კერძოდ, თუ მოთხოვნათა შესრულების ვადა ერთდროულად დგება, მაშინ თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის მოთხოვნა, რომელიც მოვალისთვის შესასრულებლად ყველაზე მძიმეა და თუ მოთხოვნები თანაბრად მძიმეა, თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის, რომელიც ყველაზე ნაკლებად არის უზრუნველყოფილი. მოპასუხემ მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხებიდან ამ ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულების ანგარიშში წარმართა თანხა შემდეგნაირად: კერძოდ 1448,81 ლარი, საიდანაც 301,43 ლარი წარიმართა სესხის ძირითად თანხაში, 733,55 ლარი - პროცენტში, ხოლო 353,44 ლარი- პირგასამტეხლოში.

 

მოპასუხემ მოსარჩელის მიერ გადახდილი 2350,13 ლარი წარმართა მეორე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ანგარიშში.

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისთვის (14.12.2017 წლისთვის), რითაც მოპასუხემ შეუწყვიტა ხელშეკრულება, მოსარჩელეს მას შეეძლო მოეთხოვა ამ დროისთვის არსებული სესხის ძირითადი თანხის დავალიანება და ამ დრომდე დარიცხული პროცენტი. სადავო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხის სახით მოსარჩელეს გადასახდელი ჰქონდა ამ დროისთვის 1298,58 ლარი, ხოლო პროცენტის სახით - 584,68 ლარი ნაცვლად 624,94 ლარისა. გარდა ამისა, პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხა შეადგენს 585,27 ლარს.

 

როგორც სესხის გადახდის ამონაწერით ირკვევა, სადავო სესხის შესრულების ანგარიშში თა-----–--–--–---–ის მიერ გადახდილი თანხებიდან სესხის ძირითად ანგარიშში წარიმართა ჯამში 301,43 ლარი, ხოლო სესხის სახით შპს „მა-----მა“ გასცა 1600 ლარი. ამდენად, გადახდილი თანხების გათვალისწინებით, ძირითადი თანხის სახით დავალიანება არის 1298,58 ლარი.

 

უდავოა, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით კრედიტორმა ნოტარიუსს მიმართა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, 2017 წლის 14 დეკემბერს და წაუყენა მსესხებელს პრეტენზია თანხის გადახდაზე. აღნიშნული ქმედებით მან მოსარჩელეს სესხის ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეუწყვიტა. ამდენად, სააღსრულებო ფურცლის გაცემით მას შეეძლო მოეთხოვა სესხის ძირითადი თანხა მთლიანად და შეწყვეტამდე პერიოდისთვის დარიცხული პროცენტი, ასევე პირგასამტეხლო.

 

სესხის დაფარვის გრაფიკით დგინდება, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის დროისთვის პროცენტის სახით მსესხებელს გადახდილი უნდა ჰქონოდა 1318,23 ლარი (16 თვისა და 10 დღის, 1298,22+20,01 (60,05/30*10)). მის მიერ პროცენტის ანგარიშში უკვე გადახდილი 733,55 ლარის გათვალისწინებით ამ დროისთვის დარჩენილი პროცენტის ოდენობა შეადგენს 584,68 ლარს.

 

რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მოსარჩელე არ უარყოფს მისი მხრიდან ხელშეკრულების ვადის გადაცილებას. მას უნდა დაეცვა ხელშეკრულებით და გრაფიკით დადგენილი გადახდის პერიოდულობა, ხოლო რაიმე დამატებითი შეთანხმების არსებობას საქმის მასალებით სასამართლო დადასტურებულად არ მიიჩნევს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის გადახდის ამონაწერი;

- სესხის დაფარვის გრაფიკი;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 248-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელის მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ძირითადი თანხისა და პროცენტის შემცირების თაობაზე.

 

6.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტი და საქმის მასალებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისთვის მოსარჩელეს სესხის ძირითადი თანხის სახით გადასახდელი ჰქონდა 1298,58 ლარი, ხოლო პროცენტს სახით - 584,68 ლარი. შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელში ცვლილება ამ მიმართებით უნდა შევიდეს და პროცენტის ოდენობა - 624,94 ლარი უნდა შემცირდეს 40,26 ლარით და განისაზღვროს 584,68 ლარით.

 

6.2. მოსარჩელის მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე.

 

6.2.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის პრევენცია და მინიმალური ზიანის ანაზღაურება. სასამართლო პირგასამტეხლოს შეუსაბამო ოდენობასთან მიმართებაში ითვალისწინებს საქმის კონკრეტულ გარემოებებს, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს ანგარიშში უკვე გადახდილია 353,44 ლარი, ხოლო დამატებით მოპასუხემ სააღსრულებო ფურცლით მოითხოვა 585,27 ლარი, რაც დაანგარიშებულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 % ძირითადი თანხისა და სარგებლის ჯამზე, ასევე იმ გარემოებას, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემიდან მის აღსასრულებლად წარდგენა კრედიტორმა მალევე განახორციელა, სასამართლო საკმარისად მიიჩნევს მის შემცირებას 500 ლარით. საბოლოო ჯამში სააღსრულებო ფურცლით პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 85,27 ლარით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლისა და მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის მიერ დავის საგნის განსაზღვრა დისპოზიციურობის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს უფლება არა აქვს, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, შეცვალოს სარჩელის საგანი ან საფუძველი, გაადიდოს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა და თავისი გადაწყვეტილებით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე იგი მოითხოვდა (სს.კ-ის 248-ე მუხლი).

 

განსახილველი სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს 2016 წლის 02 აგვისტოს თა-----–--–--–---–სა და შპს ,,მა-----ი“-ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებულად აღიარება, რომელიც მოსარჩელის მტკიცებით, 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის დეკემბრამდე მის მიერ თანხის გადახდის გზით იქნა შესრულებული.

 

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ მის მიერ შპს „მა-----ის“ სასარგებლოდ მთლიანობაში გადახდილი 3798,94 ლარი სრულად უნდა ჩარიცხულიყო სადავო, სანოტარო წესით დამოწმებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ანგარიშში. საქმის მასალებით არ ირკვევა, რომ მოსარჩელემ თანხების გადახდის დროს გადახდის დანიშნულებაში მიუთითა, თუ რომელი ვალდებულების დაფარვას ახორციელებდა. ამდენად, თანხის გადახდის დროს შესრულება სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად მოხდა. კერძოდ, თუ მოთხოვნათა შესრულების ვადა ერთდროულად დგება, მაშინ თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის მოთხოვნა, რომელიც მოვალისთვის შესასრულებლად ყველაზე მძიმეა და თუ მოთხოვნები თანაბრად მძიმეა, თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის, რომელიც ყველაზე ნაკლებად არის უზრუნველყოფილი. მოპასუხემ მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხებიდან ამ ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულების ანგარიშში წარმართა თანხა შემდეგნაირად: კერძოდ 1448,81 ლარი, საიდანაც 301,43 ლარი წარიმართა სესხის ძირითად თანხაში, 733,55 ლარი - პროცენტში, ხოლო 353,44 ლარი- პირგასამტეხლოში.

 

მოპასუხემ მოსარჩელის მიერ გადახდილი 2350,13 ლარი წარმართა მეორე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ანგარიშში.

 

შესაბამისად, განსახილველი სარჩელის ფარგლებში, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს მოპასუხისათვის სადავო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის სრულად გადაცემას, არ არსებობს მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

ამასთან, მხარის მიერ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებების თავისუფალი განკარგვის დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, სარჩელის შინაარსის, მხარის მიერ აღწერილი დავის ფაქტობრივი გარემოებების, სასარჩელო მოთხოვნისა და მისი სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არის უფლებამოსილი, ემსჯელა სხვა ურთიერთობის ფარგლებში შპს ,,მა-----ი“-სათვის გადაცემულ თანხებზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე ასევე 50 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (20,40%), შპს „მა-----ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე და უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 30,6 ლარის გადახდა. ხოლო დარჩენილი თანხა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანავრის განჩინებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა ნოტარიუს ო------–-------–---–ის მიერ 2017 წლის 14 დეკემბერს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება. ვინაიდან დავა იქნა განხილული არსებითად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვების საფუძველი არ არსებობს და უნდა განახლდეს სააღსრულებო წარმოება სასამართლოს მიერ სააღსრულებო ფურცელში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა :

 

1. თა-----–--–--–---–ის სარჩელი მოპასუხე შპს „მა-----ის“ მიმართ, ვალდებულების შესრულებულად აღიარებისა და ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. შევიდეს ცვლილებები ნოტარიუს ო------–-------–---–ის მიერ 14.12.2017 წელს გაცემულ N--------- სააღსრულებო ფურცელში პროცენტისა და პირგასამტეხლოს ნაწილში იმდაგვარად, რომ საპროცენტო სარგებელი განისაზღვროს 584,68 ლარით, ხოლო პირგასამტეხლო - 85,27 ლარით, სააღსრულებო ფურცელი სხვა დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი;

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმად საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა ნოტარიუს ო------–-------–---–ის მიერ 2017 წლის 14 დეკემბერს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

 

4. მოპასუხე შპს „მა-----ის“ მოსარჩელე თა-----–--–--–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 30,6 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლია ავალიშვილი