გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210017001813265
№2/495-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20.04.2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი ლანა ძაგნიძე
მოსარჩელე - შპს ”ნ-–ე”
წარმომადგენელი - დ--–-------ე
მოპასუხე - ბ-----ტ ჯ-----–--ე
წარმომადგენელი - რ----ნ ჩ-----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ბ-----ტ ჯ-----–--ისათვის 7000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოსარჩელე შპს ”ნ-–ეს” სასარგებლოდ.
მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის 2016 წლის 08 თებერვალს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა სესხი 1000 ლარის ოდენობით, ოთხი თვის ვადით, თვეში 20%-იანი სარგებლის გადახდით. მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, ძირითადი თანხის 1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რის გამოც წარმოეშვა დავალიანება მოსარჩელის წინაშე 7000 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1000 ლარი, 12 თვის სარგებელი 2400 ლარი, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 3600 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ბ-----ტ ჯ-----–--ემ სარჩელის მოთხოვნა სცნო ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხის - 1000 ლარისა და 4 თვეზე დარიცხული სარგებლის - 800 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავო არ არის. მხარეთა შორის სადავოა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მოპასუხისათვის 8 თვის სარგებლისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის ნაწილში, რის შესახებაც სასამართლო მსჯელობას იქონიებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასების ეტაპზე.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 8 თებერვალს შპს „ნ-–ესა“ და ბ-----ტ ჯ-----–--ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება #28/2, რომლის თანახმად სესხის თანხა განისაზღვრა 1000 ლარით, სარგებელი - სესხის ძირი თანხის ყოველთვიური 20 %-ის ოდენობით. სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 4 თვე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელისა და მოპასუხის ახსნა-განმარტებები;
- საკრედიტო ხელშეკრულება - ს. ფ. 14 - 17;
3.1.2. 2016 წლის 8 თებერვალს მსესხებელ ბ-----ტ ჯ-----–--ეზე გაიცა სესხი 1000 ლარის ოდენობით. საკრედიტო ხელშეკრულების 2.1.6 პუნქტის თანახმად, სესხის დაფარვა შესაძლებელი იყო როგორც ერთჯერადი გადახდით, ასევე ეტაპობრივი დაფარვით, ამავე ხელშეკრულების 4.3. პუნქტის მიხედვით კი, 4 თვის ვადაში სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დაუფარავობის შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საპროცენტო სარგებლის დარიცხვა გაგრძელდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგაც, ვალდებულების დაფარვის მიზნით იძულებით აღსრულებამდე, ან მსესხებლის მიერ ვალდებულების ნებაყოფლობით აღსრულების მომენტამდე გაანგარიშებული თანხით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელისა და მოპასუხის ახსნა-განმარტებები;
- საკრედიტო ხელშეკრულება - ს. ფ. 14 - 17;
- სალაროს გასავლის ორდერი - ს. ფ. 18;
საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულების 6.1. პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, სესხის ძირითადი თანხის 1%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, ვალდებულების შესრულებამდე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელისა და მოპასუხის ახსნა-განმარტებები;
- საკრედიტო ხელშეკრულება - ს. ფ. 14 - 17;
3.1.4.მოპასუხემ არ შეასრულა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაფარვის ვალდებულება საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რის გამოც სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის გამო 2016 წლის 8 თებერვლიდან 2017 წლის თებერვლის თვემდე მდგომარეობით, მოპასუხეს დაერიცხა დავალიანება 7000 ლარის ოდენობით, საიდანაც, საიდანაც ძირი თანხაა 1000 ლარი, 12 თვის სარგებელი - 2400 ლარი, პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 3600 ლარი. მოპასუხემ არაერთი წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად არ უზრუნველყო საკრედიტო ვალდებულებების შესრულება, რის გამოც მოსარჩელემ მომართა სასამართლ₾ოს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელისა და მოპასუხის ახსნა-განმარტებები;
- საკრედიტო ხელშეკრულება - ს. ფ. 14 - 17;
- გაფრთხილების წერილები - ს. ფ. 19-20;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს - მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის ძირი თანხისა და სარგებლის გადახდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, ხოლო პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს შემცირებული ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 316-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებული ქნეს პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შპს ”ნ-–ესა” და მოპასუხე ბ-----ტ ჯ-----–--ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამსესხებელმა შპს ”ნ-–ემ” იკისრა ვალდებულება გაეცა მსესხებლისათვის სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული სესხის თანხა 1000 ლარის ოდენობით, ხოლო მსესხებელმა იკისრა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, შეთანხმებულ ვადაში ნასესხები თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნების ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ მოპასუხეს კრედიტორის - შპს ”ნ-–ეს” წინაშე ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.
დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დათქმულ დროს, რის გამოც წარმოეშვა დავალიანება, სესხის ძირითადი თანხის - 1000 ლარისა და 12 თვის მანძილზე დარიცხული სარგებლის - 2400 ლარის სახით.
სასამართლო ვერ გაიზარებს მოპასუხის პოზიციას, რომლის მიხედვითაც მას სარგებლის სახით უნდა დაეკისროს თანხა მხოლოდ 4 თვის მანძილზე გადასახდელი ოდენობით, ვინაიდან ამგვარი მოთხოვნა არ გამომდინარეობს მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან. დადგენილია, რომ სახელშეკრულებო თავისუფლების პირობებში, მხარეთა ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 4.3. პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 4-თვიან ვადაში სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დაუფარაობის შემთხვევაში, საპროცენტო სარგებლის დარიცხვა გაგრძელდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგაც, ვალდებულების დაფარვის მიზნით იძულებით აღსრულებამდე, ან მსესხებლის მიერ ვალდებულების ნებაყოფლობით აღსრულების მომენტამდე გაანგარიშებული თანხით. მხარეთა შორის შეთანხმებული ამ სახელშეკრულებო პირობის გათვალისწინებით, გამსესხებელმა (მოსარჩელემ) 12 თვის მანძილზე გადასახდელი ოდენობით სარგებლის ანაზღაურება მოითხოვა ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ვინაიდან უდავოდ დადგენილია, რომ მსესხებელმა (მოპასუხემ) დაარღვია ნაკისრი ვალდებულება და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 4-თვიან ვადაში არ დაფარა სესხის თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა 12 თვის მანძილზე დარიცხული სარგებლის - 2400 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
დადგენილია, რომ მხარეებს შპს "ნ-–ეს" და ბ-----ტ ჯ-----–--ეს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი გადახდის ვალდებულება, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიჩნია, რომ სესხის ძირი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის ოდენობით გათვალისწინებით, ასევე ვალდებულების დარღვევის პერიოდის გათვალისწინებით, მხარეთა შეთანხმებით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული პირგასამტეხლო, ჯამში - 3600 ლარი, შეუსაბამოდ მაღალია გადაუხდელი კრედიტის ძირ თანხასთან - 100 ლართან მიმართებაში და სამართლიანად მიაჩნია მისი შემცირება 360 ლარამდე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა 7 000.00 ლარის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ 3 760.00 ლარის ნაწილში. შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 210 ლარიდან უნდა აუნაზღაურდეს 112.80 ლარი. ამასთან, ვინაიდან, მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზე სცნო მოთხოვნა 1 800.00 ლარის ნაწილში, ის უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, 54.00 ლარის ოდენობით, რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან, მოპასუხეს კი მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 58.80 ლარის ოდენობით, მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. ამასთან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა 3 240.00 ლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 97.20 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
9. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი
დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოითხოვა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, რაც უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. სამოქალაქო-სამართლებრივი, აღსასრულებელი მოთხოვნების იძულებითი აღსრულება იწყება კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლისა და სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ბიუროში წარდგენით.
მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა უშვებს გამონაკლისსაც, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
სასამართლო, სსკ-ის 268-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ადგენს ე. წ. პრიორიტეტული მნიშვნელობის საქმეებს, რომელთათვისაც, საქმის განხილვის შემჭიდროებულ ვადებთან ერთად, გათვალისწინებულია მიღებული გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ აღსრულების შესაძლებლობაც. მათ შორის არის სასამართლოს გადაწყვეტილება სახელშეკრულებო დავებთან მიმართებით, თუ მხარეები თავად შეთანხმდნენ დავის წარმოშობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხზე.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების 7.4. პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა წინამდებარე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ''ნ-–ეს'' სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე ბ-----ტ ჯ-----–--ეს მოსარჩელის შპს ''ნ-–ეს'' სასარგებლოდ, დაეკისროს 3 760.00 ლარის ანაზღაურება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1 000.00 ლარი, საკომისიო - 2 400.00 ლარი და პირგასამტეხლო - 360.00 ლარი.
2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
3. მოპასუხე ბ-----ტ ჯ-----–--ეს მოსარჩელე შპს ''ნ-–ეს'' სასარგებლოდ დაეკისროს 58.80 ლარის ანაზღაურება, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
4. მოსარჩელე შპს ''ნ-–ეს'' სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს დ--–-------ის (პ/ნ 61006010354) მეშვეობით, 23.01.2017 წელს, სს "ლიბერთი ბანკის" #12287552 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 210 ლარის ნაწილი - 54 ლარის ოდენობით, რაც ჩარიცხულია შემდეგ რეკვიზიტებზე: ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში, კოდი – TRESGE22, სახაზინო კოდი - 300693150.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი