გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.10.2018
საქმის ნომერი
010210117001821352
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
03.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210117001821352

2-552/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03/10/2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე: სს ,,ქ------------ი“

წარმომადგენელი: ე---------–---–-------–------–------–---–ი

მოპასუხეები: თ----- ფ--–-–---–ი, მ------ მ--------ე, გ----- ა-----ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება, ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1.სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. სს ,,ქ------------ი“ სასარჩელო განცხადებით მოითხოვს ინდ.მეწარმე "მ------ მ--------ეს" ბანკის სასარგებლოდ დაეკისროს შემდეგი თანხის გადახდა:

ა) №68 საკრედიტო ხელშეკრულებაიდან გამომდინარე 125,344.05 აშშ დოლარი, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა 90,965.89 აშშ დოლარი, სარგებელი - 24,255.54 აშშ დოლარი და დარიცხული პირგასამტეხლო 10,122.62 აშშ დოლარი;

ბ) 2017 წლის 24 თებერვლიდან №68 საკრედიტო ხელშეკრულებაიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებამდე, ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით 113.64 აშშ დოლარი (რაც წარმოადგენს კრედიტის ძირითადი თანხის და ვადაგადაცილებული პროცენტის წლიურ 36 %-ს (დღეში ≈ 0,098 %);

გ) №302 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 42,565.47 აშშ დოლარი, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა 31,247.94 აშშ დოლარი, სარგებელი - 8,347.3 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2,970.23 აშშ დოლარი;

დ) 2017 წლის 24 თებერვლიდან №302 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებამდე, ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით 39.05 აშშ დოლარი (რაც წარმოადგენს კრედიტის ძირითადი თანხის და ვადაგადაცილებული პროცენტის წლიურ 36 % ( დღეში ≈ 0,098 %);

ე) №479 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 11,913.3 აშშ დოლარი, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა 8,743.96 აშშ დოლარი, სარგებელი - 2,333.01 აშშ დოლარი, დარიცხული პირგასამტეხლო - 836.33 აშშ დოლარი;

ვ) 2017 წლის 24 თებერვლიდან №479 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებამდე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით - 10.93 აშშ დოლარი (რაც წარმოადგენს კრედიტის ძირითადი თანხის და ვადაგადაცილებული პროცენტის წლიურ 36 % ( დღეში ≈ 0,098 %);

ზ) №517 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 23,763.12 აშშ დოლარი, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა 17,444.91 აშშ დოლარი, სარგებელი - 4,663.10 აშშ დოლარი, დარიცხული პირგასამტეხლო 1,655.11 აშშ დოლარი;

თ) 2017 წლის 24 თებერვლიდან №517 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებამდე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით 21.81 აშშ დოლარი (რაც წარმოადგენს კრედიტის ძირითადი თანხის და ვადაგადაცილებული პროცენტის წლიურ 36 % ( დღეში ≈ 0,098 %);

ი) №264 ქვეკრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 52,698.07 აშშ დოლარი, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა 40,000. აშშ დოლარი, სარგებელი - 9,139.73 აშშ დოლარი, დარიცხული პირგასამტეხლო -3,558.34 აშშ დოლარი;

კ) 2017 წლის 24 თებერვლიდან №264 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებამდე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით 48.15 აშშ დოლარი (რაც წარმოადგენს კრედიტის ძირითადი თანხის და ვადაგადაცილებული პროცენტის წლიურ 36 % ( დღეში ≈ 0,098 %), (რომელიც მომავალი 3 წლის განმავლობაში შეადგენს 52,724.25 (ორმოცდათორმეტი ათას შვიდას ოცდაოთხი და 25/100) აშშ დოლარს);

ლ) 2017 წლის 24 თებერვლიდან №264 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებამდე ყოველდღიურად სარგებელი - 13.15 აშშ დოლარი, (რაც წარმოადგენს კრედიტის ძირითადი თანხის წლიურ 12 პროცენტს).

 

1.2. დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით, იძულებით აუქციონზე რეალიზებული იქნას გ----- ა-----ისა (პ.ნ. 6----------) და თ----- ფ--–-–---–ის (პ.ნ 6----------) საკუთრებაში არსებული, ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. ქობულეთი, დ------–-----–-----------ი №478, საკადასტრო კოდი: 20.42.02.4--

 

1.3. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება მოპასუხეებზე ბანკის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის დასაფარად, იძულებითი აღსრულება გაგრძელდეს ინდ. მეწარმე მ------ მ--------ის ნებისმიერ ქონებაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხეები სარჩელს სცნობენ ნაწილობრივად. პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელს არ ცნობენ. მიაჩნიათ, რომ იგი არაა გონივრულად გაანგარიშებული. სარჩელს არ სცნობენ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილშიც. მიაჩნიათ, რომ იპოთეკის ხელშეკრულება მოტყუებით დადებული გარიგებაა. კრედიტის ძირი თანხისა და სარგებელის ნაწილში სარჩელს სცნობენ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. სს "ბ-------------ს" და ინდ. მეწარმე "მ------ მ--------ეს" შორის 2014 წლის 28 იანვარს გაფორმდა #65 გენერალური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ ინდ. მეწარმე მ------ მ--------ეს დაუმტკიცა სესხი, რიმლის ლიმიტი შეადგენს 400,000.00 (ოთხასი ათასი) აშშ დოლარს, არაუმეტეს წლიური 24 (ოცდაოთხი) პროცენტის დარიცხვით, 2029 წლის 28 იანვრამდე ვადით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2014 წლის 28 იანვრის #65 გენერალური ხელშეკრულება. ს.ფ. 28-33

 

3.1.2. 2014 წლის 28 იანვრის #65 გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში იმავე დღეს სს "ბ-------------ს" და ინდ. მეწარმე "მ------ მ--------ეს" შორის გაფორმდა #68 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ინდ. მეწარმე "მ------ მ--------ეს" კრედიტის სახით სესხად გადასცა 100,000.00 (ასი ათასი) აშშ დოლარი, წლიური სარგებელის სახით 12 (თორმეტი) %-ის დარიცხვით და 2023 წლის 30 სექტემბრამდე ვადით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2014 წლის 28 იანვრის #68 საკრედიტო ხელშეკრულება. ს.ფ. 34-38.

 

3.1.3. 2014 წლის 28 იანვრის #65 გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2014 წლის 02 აპრილს სს "ბ-------------ს" და ინდ. მეწარმე "მ------ მ--------ეს" შორის გაფორმდა #302 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ინდ. მეწარმე "მ------ მ--------ეს" კრედიტის სახით სესხად გადასცა 35,000.00 აშშ დოლარი, წლიური სარგებელის სახით 12 (თორმეტი) %-ის დარიცხვით და 2023 წლის 30 სექტემბრამდე ვადით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2014 წლის 2 აპრილის #302 საკრედიტო ხელშეკრულება. ს.ფ.39-43

 

3.1.4. 2014 წლის 28 იანვრის #65 გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2014 წლის 2014 წლის 30 მაისს სს "ბ-------------ს" და ინდ. მეწარმე "მ------ მ--------ეს" შორის გაფორმდა #479 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ინდ. მეწარმე "მ------ მ--------ეს" კრედიტის სახით სესხად გადასცა 10,000.00 აშშ დოლარი, წლიური სარგებელის სახით 12 (თორმეტი) %-ის დარიცხვით და 2023 წლის 30 სექტემბრამდე ვადით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2014 წლის 30 მაისის #479 საკრედიტო ხელშეკრულება. ს.ფ. 44-48

 

3.1.5. 2014 წლის 28 იანვრის #65 გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2014 წლის 2014 წლის 13 ივნისს სს "ბ-------------ს" და ინდ. მეწარმე "მ------ მ--------ეს" შორის გაფორმდა #517 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ინდ. მეწარმე "მ------ მ--------ეს" კრედიტის სახით სესხად გადასცა 20,000.00 აშშ დოლარი, წლიური სარგებელის სახით 12 (თორმეტი) %-ის დარიცხვით და 2023 წლის 30 სექტემბრამდე ვადით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2014 წლის 13 ივნისის #517 საკრედიტო ხელშეკრულება. ს.ფ. 49-54

 

3.1.6. 2014 წლის 28 იანვრის #65 გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2014 წლის 18 მარტს სს "ბ-------------ს" და ინდ. მეწარმე "მ------ მ--------ეს" შორის გაფორმდა #264, ქვეკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ინდ. მეწარმე "მ------ მ--------ეს" კრედიტის სახით სესხად გადასცა 40,000.00 (ორმოცი ათასი) აშშ დოლარი,, წლიური სარგებელის სახით 12 (თორმეტი) %-ის დარიცხვით და 2023 წლის 30 სექტემბრამდე ვადით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2014 წლის 18 მარტის ##264 საკრედიტო ხელშეკრულება. ს.ფ.153-158

 

3.1.7. 2014 წლის 18 მარტის #264 ქვეკრედიტის ხელშეკრულება შეიცავს შეთანხმებას მასზედ, რომ სესხის დაფარვის ვადის დარღვევისა და პროცენტის გადახდის შეწყვეტისას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მსესხებელს დაერიცხება სარგებელის სახით კრედიტის ძირითადი თანხის წლიური 36 %-ის გადახდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2014 წლის 18 მარტის ##264 საკრედიტო ხელშეკრულება. ს.ფ.153-158

 

3.1.8. 2014 წლის 28 იანვრის #68 საკრედიტო ხელშეკრულება, 2014 წლის 2 აპრილის #302 საკრედიტო ხელშეკრულება, 2014 წლის 30 მაისის #479 საკრედიტო ხელშეკრულება, 2014 წლის 13 ივნისის #517 საკრედიტო ხელშეკრულება და 2014 წლის 18 მარტის #264 ქვეკრედიტის ხელშეკრულება. შეიცავს შეთანხმებას პირგასამტეხლოს შესახებ. სესხის დაფარვის ვადის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით დავალიანებას უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კრედიტის ძირითადი თანხის წლიური 36 %.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საკრედიტო ხელშეკრულებები. ს.ფ. 34-158

 

3.1.9. 2014 წლის 28 იანვრის #68 საკრედიტო ხელშეკრულება, 2014 წლის 2 აპრილის #302 საკრედიტო ხელშეკრულება, 2014 წლის 30 მაისის #479 საკრედიტო ხელშეკრულება, 2014 წლის 13 ივნისის #517 საკრედიტო ხელშეკრულება და 2014 წლის 18 მარტის #264 საკრედიტო ხელშეკრულება. შეიცავს შეთანხმებას მასზედ, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება ინდ. მეწარმე მ------ მ--------ეზე ბანკის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის დასაფარად, იძულებითი აღსრულება გაგრძელდეს ინდ. მეწარმე მ------ მ--------ის ნებისმიერ ქონებაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საკრედიტო ხელშეკრულებები. ს.ფ. 34-158

 

3.1.10. 2014 წლის 28 იანვრის #68 საკრედიტო ხელშეკრულების ფარგკებში დადებული საკრედიტო და ქვეკრედიტის ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა გ----- ა-----ისა (პ.ნ. 6----------) და თ----- ფ--–-–---–ის (პ.ნ 6----------) საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. ქობულეთი, დ------–-----–-----------ი №478, საკადასტრო კოდი: 20.42.02.4--

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

იპოთეკის ხელშეკრულებები. ს.ფ. 70-73

 

3.1.11. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ ინდ. მეწარმე მ------ მ--------ეს საკრედიტო და ქვეკრედიტის ხელშეკრულებებით დადგენილი ვალდებულებები უნდა შეესრულებინა გადახდის გრაფიკის შესაბამისად. მან ვერ შეძლო ხელშეკრულებების ჯეროვანი შესრულება და სესხის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე. მას გადასახდელი აქვს შემდეგი თანხები:

- №68 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხა 90,965.89 აშშ დოლარი და სარგებელი - 24,255.54 აშშ დოლარი;

- №302 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხა 31,247.94 აშშ დოლარი და სარგებელი - 8,347.3 აშშ დოლარი,- №479 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხა 8,743.96 აშშ დოლარი და სარგებელი - 2,333.01 აშშ დოლარი,- №517 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტის ძირითადი თანხაა 17,444.91 აშშ დოლარი და სარგებელი - 4,663.10 აშშ დოლარი,- №264 ქვეკრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - კრედიტის ძირითადი თანხა 40,000. აშშ დოლარი და სარგებელი - 9,139.73 აშშ დოლარი,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა განმარტებები.

სარჩელი. ს.ფ. 1-27.

შესაგებელი. ს.ფ. 107-116.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მხარეთა შორის ძირითადი სადაო ფაქტობრივი გარემოებაა იპოთეკის ხელშეკრულების ნამდვილობა.

3.2.2. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თავადვე არიან ვალდებულნი განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი გარემოება რა მტკიცებულებებით დაამტკიცონ. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტბრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. წინამდებარე შემთხვევა ისეთი შემთხვევაა, როდესაც გარიგების ბათილობის საფუძვლების არსებობის ფაქტის მტკიცება მოპასუხეს უნდა დაეკისროს. ამ ფაქტის მტკიცებისაგან მოსარჩელე გათავისუფლებულია. თუ გარიგება დადებულია მოტყუებით, მაშინ მოპასუხეებს უნდა გააჩნდეს ამ გარემოებთა დამადასტურებელი მტკიცებულებები. შესაბამისად მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით დაამტკიცოს, რომ იპოთეკის ხელშეკრულება დადებულია მოტყუების გზით.

 

3.2.4. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

 

3.2.5. გარიგების მოტყუებით დადება ფაქტობრივი გარემოებებაა. მისი არსებობა უნდა დასტურდებოდეს მტკიცებულებებით. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა, ამიტომ არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს წარმოდგენილი მტკიცებულებები არის თუ არა საკმარისი გარიგების დადებისას მოსარჩელის მიერ მოპასუხეების მოტყუების ფაქტის დასადგენად. ფაქტობრივად მოპასუხეს ბათილი გარიგების დასამტკიცებლად წარმოდგენილი აქვს მხოლოდ ზეპირი განმარტება. ობიექტურობა მოითხოვს, რომ გარიგების დადებისას მხარის მოტყუება მხოლოდ ზეპირი განმატებით არ უნდა დამტკიცდეს. ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეპირი განმარტებით ფაქტების მტკიცების უფლება აქვს ორივე მხარეს. მოსარჩელეს შეუძლია ზეპირად უარყოს მოპასუხის მიერ მოტყუებასთან დაკავშირებით გადმოცემული ფაქტები, და პირიქით. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები მას ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ის აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ მთავარი ის კი არაა მან რა თქვა, არამედ მთავარია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა, უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია. წინამდებარე შემთხვევაში შესაფასებელია გარიგების კანონიერება, მაგრამ გარიგების კანონიერების შეფასებისათვის აუცილებელია გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნით დავის წამოწყება. მოტყუებით დადებული გარიგებები არარის უცილოდ ბათილი გარიგებები, რის გამოც მისი ბათილად მიჩნევისათვის მხოლოდ ზეპირი განმარტება არაა საკმარისი. ამისათვის აუცილებელია სარჩელის აღძვრა და სასარჩელო განცხადებით გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნა. აღნიშნულის გარეშე სასამართლო გარიგების კანონიერებას ვერ შამოწმებს. დავის დაწყებამდე ითვლება, რომ გარიგება კანონიერედაა დადებული. მოსარჩელეს იპოთეკის ხელშეკრულების წინააღმდეგ დავა არ დაუწყვია, შესაბამისად ივარაუდება, რომ იპოთეკის ხელშეკრულება ნამდვილია და იგი არაა მოტყუებით დადებული.

 

3.2.6. მოპასუხეები სადაოდ ხდიან პირგასამტეხლოს დარიცხვას და მის მოცულობას. სარგებელზე და პირგასამტეხლოზე შეთანხმებას არ უარყოფენ. დადგენილია, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვაზე მხარეები შეთანხმდენ ხელშეკრულებით. სარჩელში მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლო არის თუ არა კანონიერი, ეს საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ძირი თანხისა და სარგებელის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. პირგასამტეხლო გაანგარიშებულია არაგონივრულად და იგი მოყვანილი უნდა იქნას გონივრულობის ფარგლებში.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

_საქართველოს კონსტიტუცია.

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ინდ მეწარმე მ------ მ--------ემ მისგან მიიღო საბანკო კრედიტი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში კრედიტის გზით მიღებული სესხი არ დაუბრუნა უკან. სასამართლო მიიჩნევს, რომ სესხად მიღებული კრედიტის გამსესხებლისათვის დაუბრუნებლობა, უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს საბანკო კრედიტის სახით გაცემული თანხის მსესხებელზე დაკისრება. ასევე მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით კუთვნილი თანხის დაბრუნება. თუმცა ამისათვის აუცილებელია მხარეებს შორის არსებობდეს შესაბამისი ვალდებულება.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არარსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მისი დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან. მათ შორის დადებული გარიგება ატარებს საბანკო კრედიტის და იპოთეკის ხელშეკრულების ელემენტებს. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. მხარეთა მიერ შეთანხმებული გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხებზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში კრედიტის გაცემა/მიღებაზე მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია.

 

6.3. წინამდებარე შემთხვევაში მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”.

 

დადგენილია, რომ სს "ბ-------------ს" და ინდ. მეწარმე "მ------ მ--------ეს" შორის 2014 წლის 28 იანვარს გაფორმდა #65 გენერალური ხელშეკრულება, რომლის

ფარგლებშიც მათ შორის გაფორმდა რამოდენიმე ხელშეკრულება და მათი მეშვეობით ინდ. მეწარმე მ------ მ--------ემ მიიღო სხვადასხვა ოდენობის სესხები. კერძოდ:

2014 წლის 28 იანვრის #68 საკრედიტო ხელშეკრულება - 100,000.00 (ასი ათასი) აშშ დოლარზე;

2014 წლის 02 აპრილის #302 საკრედიტო ხელშეკრულება, - 35,000.00 აშშ დოლარზე;

2014 წლის 30 მაისის #479 საკრედიტო ხელშეკრულება - 10,000.00 აშშ დოლარზე;

2014 წლის 13 ივნისის #517 საკრედიტო ხელშეკრულება - 20,000.00 აშშ დოლარზე;

2014 წლის 18 მარტის #264 ქვეკრედიტის ხელშეკრულება - 40,000.00 (ორმოცი ათასი) აშშ დოლარზე

თითოეული ხელშეკრულებით წლიურ სარგებელად განისაზღვრა 12 (თორმეტი) %, ხელშეკრულების მოქმედების ვადად, 2023 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდი. სწორედ ამ ხელშეკრულებით მხარეებმა თავიანთი უფლება-მოვალეობის მოცულობა განსაზღვრეს.

 

უდაო გარემოებადაა დადგენილი ფაქტი მასზედ, რომ ინდ. მეწარმე "მ------ მ--------ემ კრედიტის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე. სესხის დაფარვის ვადის გადაცილების გამო მოსარჩელემ, მასთან დადებული ხელშეკრულება შეწყვიტა და სესხად გაცემული თანხის მთლიანად უკან დაბრუნება მოითხოვა. ხელშეკრულების შეწყვეტის წესი და პირობები მოცემულია საქართველოს სკ-ის 405-ე მუხლში. შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებისას შემოწმებული უნდა იქნას არსებობს თუ არა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

 

6.5. საქ. სკ-ის 873-ე მუხლით ,,კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქ. სკ-ის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ საქ. სსკ-ის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებებს, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვისათვის აუცილებელია ორ კვირიანი დამატებითი ვადის დანიშნვაც. ფაქტობრივად ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების მართლზომიერების შემოწმებისათვის უნდა შეფასდეს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების საკითხი. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნები დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. საკრედიტო ხელშეკრულების დადების და თანხის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ მ------ მ--------ისაგან მოეთხოვა ვალდებულების შესრულება. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც კრედიტის გამცემს აქვს მოთხოვნის უფლება - კრედიტის მიმღებს მოსთხოვოს შეასრულოს თანხის დაბრუნების ვალდებულება. თავის მხრივ მ------ მ--------ე მოვალე იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში და პირობებით მოსარჩელისათვის დაებრუნებინა სესხად მიღებული თანხა. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ, შეასრულოს გარკვეული ქმედება. ამ შემთხვევაში კი ხელშეკრულებამ მოპასუხე უნდა აიძულოს შეთანხმებულ ვადაში განახორციელოს სესხის დაფარვა. დადგენილია, რომ მ------ მ--------ემ საბანკო პროდუქტით ისარგებლა და აითვისა კრედიტები. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო სესხად მიღებული თანხის დაფარვის მიზნით, ბანკში თანხა შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მან ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულებები. დავალიანების დარჩენილი თანხა მ------ მ--------ემ არ გადაიხადა და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოსარჩელეს მიაყენა ზიანი. მან თანხის შეტანა შეწყვიტა და შენატანის შეტანის ვადას გადააცილა ორ ვადაზე მეტჯერ, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას ხელშეკრულებიდან გავიდეს და დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება. ანუ არსებობს საქ. სკ-ის 405-ე მუხლით დადგენილი ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძველი. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მ------ მ--------ე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს კრედიტით მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების მოშლილად აღიარებისა და ძირი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. მ------ მ--------ეს გადასახდელად უნდა დაეკისროს შემდეგი ოდენობის ძირი თანხა:

- №68 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა 90,965.89 აშშ დოლარი;

- №302 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა 31,247.94 აშშ დოლარი;

- №479 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა 8,743.96 აშშ დოლარი;

- №517 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტის ძირი თანხაა 17,444.91 აშშ დოლარი;

- №264 ქვეკრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - კრედიტის ძირი თანხა 40,000. აშშ დოლარი.

 

6.7. საქ. სკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

დადგენილია, რომ მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეებს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინათ საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. ხელშეკრულებით სარგებელი შეადგენდა წლიურ 12 %-ს. სასამართლომ შეამოწმა სარგებელის ოდენობა, ასევე მასზე შეთანხმების საკითხი, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარგებელის გამოთვლა არ ეწინააღმდეგება შეთანხმებას. სარგებელის სახით გადასახდელი თანხა, ძირი თანხის მსგავსად უნდა გადანაწილებულიყო და კუთვნილ ძირი თანხის ერთად ბანკში უნდა შეტანილიყო გრაფიკის მიხედვით. როგორც ზემოთ განვმარტეთ ინდ. მეწარმე მ------ მ--------ემ შეწყვიტა, როგორც ძირი თანხის, ისე სარგებელის გადახდა. ის ვალდებულია სარგებელი მოსარჩელეს გადაუხადოს სრულად. გადასახდელი სარგებელი შეადგენს:

- №68 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებელი - 24,255.54 აშშ დოლარი;

- №302 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებელი - 8,347.3 აშშ დოლარი;

- №479 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებელი - 2,333.01 აშშ დოლარი;

- №517 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებელი - 4,663.10 აშშ დოლარი;

- №264 ქვეკრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებელი - 9,139.73 აშშ დოლარი.

 

6.8. მოსარჩელე მოითხოვს 2017 წლის 24 თებერვლიდან №264 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებამდე ინდ. მეწარმე მ------ მ--------ეს ყოველდღიურად გადასახდელად დაეკისროს სარგებელი - 13.15 აშშ დოლარი, რაც წარმოადგენს კრედიტის ძირითადი თანხის წლიურ 12 პროცენტს. ამ ნაწილში მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის აფუძვლიდან. დასახელებული ნორმით ,,მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია”.

 

დადგენილია და მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ ხელშეკრულება დადებული იყო 2023 წლის 30 სექტემბრამდე ვადით. მოპასუხემ დადგენილ ვადაში სესხად მიღებული თანხა მოსარჩელეს არ დაუბრუნა. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხემ სარგებელი გადაიხადოს სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგაც მანამ, სანამ მოპასუხე არ დაუბრუნებს სესხის თანხას.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სარგებელის გადახდის ვალდებულება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქედების ვადაში. საქ. 868-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი ზუსტად ის სარგებელია, რაც წინამდებარე საქმეში მხარეებს აქვთ შეთანხმებული სარგებელის გადახდის სახით. საქ. სკ-ის 403-ე მუხლი არის საგამონაკლისო ნორმა და მიუთითებს იმ გამონაკლისზე, რაც კანონითაა დადგენილი სესხზე სარგებელის გადახდისათვის. დასახელებული ნორმის მიხედვით თუ მოპასუხეს შესასრულებელი აქვს ვალდებულება, შესრულების ვადა გადაცილდა და მხარეებიც შეთანხებული არიან, რომ ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში მოხდეს სარგებელის გადახდა, მაშინ დამსესხებელი ვალდებულია გამსესხებელს გადაუხადოს ურთიერთ შეთანხმებული სარგებელი სესხის სრულ დაბრუნებამდე.

 

მხარეები №264 საკრედიტო ხელშეკრულების 8.5. პუნქტით შეთანხმდენ, რომ სესხის დადგენილ ვადაში დაუბრუნებლობის შემთხვევაში მსესხებელს სესხის სრულად დაბრუნებამდე გადაუხდის საპროცენტო სარგებელს ყოველთვიურად. სესხის სრულად დაბრუნებამდე საპროცენტო სარგებელის გადახდაზე შეთანხმება არაა კანონსაწინააღმდეგო შეთანხმება. ასეთი შეთანხმება გამომდინარეობს საქ. სკ-ის 403-ე მუხლიდან. თუ მხარეები მსგავს პირობაზე შეთანხმდებიან, მაშინ მსესხებელი ვალდებული იქნება სესხის დაფარვამდე გადაიხადოს სარგებელი. როგორც აღინიშნა მხარეები შეთანხმებულნი არიან სესხის დადგენილ ვადაში დაუბრუნებლობის შემთხვევაში, სესხის სრულად დაბრუნებამდე საპროცენტო სარგებელის ყოველთვიურად გადახდის შესახებ. ამასთან ინდ. მეწარმე მ------ მ--------ემ გადააცილა სესხის დაბრუნების ვადას, ამიტომ ის მოვალეა მოსარჩელეს სარგებელი გადაუხადოს მანამ, სანამ მთლიანად არ შეასრულებს თავის ძირითად ვალდებულებას. ამდენად მოთხოვნა მოპასუხემ სარგებელი გადაიხადოს სესხის სრულად დაბრუნებამდე საფუძვლიანი მოთხოვნაა და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის დაუბრუნებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ სესხის თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას, მსესხებელი ვალდებულების შესრულებამდე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით გადაიხდის ჯარიმას კრედიტის ძირითადი თანხის და ვადაგადაცილებული პროცენტის წლიურ 36 %-ს, რაც შეადგენს დღეში ≈ 0,098 %-ს.

 

პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

 

დადგენილია, რომ ინდ. მეწარმე მ------ მ--------ემ ისარგებლა 5 საბანკო პროდუქტით. მან ხუთივე საბანკო პროდუქტზე არ შეასრულა ვალდებულებები და სესხი მასზე დარიცული პროცენტით არ გადაიხადა გრაფიკის მიხედვით. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მას უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა. ხელშეკრულების დარღვევიდან 2017 წლის 24 თებერვლამდე პერიოდში შესრულების ვადაგადაცილების მიხედვით კუთვნილი პირგასამტეხლოს ოდენობაა

- №68 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 10,122.62 აშშ დოლარი;

- №302 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 2,970.23 აშშ დოლარი;

- №479 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 836.33 აშშ დოლარი;

- №517 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1,655.11 აშშ დოლარი;

- №264 ქვეკრედიტის ხელშეკრულებიდან -3,558.34 აშშ დოლარი;

 

6.11. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონიმიკურ შედეგებს.შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია და ა. შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობაში სახეზეა ე.წ. „სუსტი მხარე“, რომელიც ხელშეკრულების ხელმოწერისას ვერ აცნობიერებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ინდ. მეწარმე მ------ მ--------ე ვერ იხდის ძირ თანხას. მასზე დამატებით მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრება უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს მის გადახდის უნარს. პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად, დავალიანების 0.98 %-ის დარიცხვა არაგონივრულია. მითუმეტესს გადასახდელი ყველა თანხა ერთობლიობაში შეადგენს საკმაოდ სოლიდურ თანხას. ამასთან მას პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. გადაწყვეტილების აღსრულებამდე ასევე მან ერთერთ საბანკო პროდუქტზე სარგებელიც უნდა გადაიხადოს. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, თანასწორობისა და ბალანსის აღდგენისათვის სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს პირგასამტეხლო 0.98 %-დან შემცირდეს სამჯერ 0,32 %-მდე.

 

6.12. მოქმედ სასამართლო პრაქტიკაში პირგასამტეხლოდ განსაზღვრული პროცენტის მოცულობა არაერთგვაროვანია. აღნიშნული არაერთგვაროვნება გამოწვეულია თითოეული საქმის ინდივიდუალურობით. წინამდებარე შემთხვევაში სასამართლომ გაითვალიწინა ვადაგადაცილების პერიოდი, სესხით სარგებლობის პერიოდი, გადასახდელი თანხის მოცულობა და მათი ანალიზით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოდ 0.33 %-ის გაანგარიშება, გონივრულია.

 

6.13. მოსარჩელე მოითხოვს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე პირგასამტეხლოს გადახდა გაგრძელდეს ვალდებულების შესრულებამდე, ანუ პირგასამტეხლო დაეკისროს შემდეგი ოდენობით:

- 2017 წლის 24 თებერვლიდან №68 საკრედიტო ხელშეკრულებაიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებამდე, ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით 113.64 აშშ დოლარი;

- 2017 წლის 24 თებერვლიდან №302 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებამდე, ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით 39.05 აშშ დოლარი;

- 2017 წლის 24 თებერვლიდან №479 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებამდე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით - 10.93 აშშ დოლარი;

- 2017 წლის 24 თებერვლიდან №517 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებამდე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით 21.81 აშშ დოლარი;

- 2017 წლის 24 თებერვლიდან №264 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებამდე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით 48.15 აშშ დოლარი.

სასამართლომ წინამდებარე გადაწყვეტილების 6.10 პუნქტში განმარტა პირგასამტეხლოს შინაარსი და დამატებით განმარტავს, რომ მისი მიზანია ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. ფაქტია, რომ ინდ. მეწარმე მ------ მ--------ე მიღებულ სესხს ვერ აბრუნებს და ამით მოსარჩელეს აყენებს ზიანს. ვალის გადაუხდელობით კრედიტორისათვის ზიანის მიყენება გაუმართლებელია. მართალია მოპასუხეს ეკონომიური პრობლემები აქვს, მაგრამ მისი ეკონომიური პრობლემები ვერ გახდება მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების საფუძველი. ხელშეკრულება შეწყდა, მაგრამ მოპასუხე მოსარჩელეს სესხის თანხას ვერ უბრუნებს, რაც ზრდის მიყენებულ ზიანს, რის კომპენსირების მიზნითაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა გადაუხადოს არა ძირი თანხისა და სარგებელი 0.98 პროცენტი, არამედ გონივრული ოდენობა - 0.32 %, რაც შეადგენს:

- 2017 წლის 24 თებერვლიდან №68 საკრედიტო ხელშეკრულებაიდან გამომდინარე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით 37.88 აშშ დოლარი;

- 2017 წლის 24 თებერვლიდან №302 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებამდე, ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით 13.01 აშშ დოლარი;

- 2017 წლის 24 თებერვლიდან №479 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებამდე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით - 3.64 აშშ დოლარი;

- 2017 წლის 24 თებერვლიდან №517 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებამდე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით 7.27 აშშ დოლარი;

- 2017 წლის 24 თებერვლიდან №264 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებამდე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით 16.05 აშშ დოლარი.

 

6.14. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,1. უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,იპოთეკა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული”.

საქმეში წარმოდგენილია იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკითაა დატვირთული გ----- ა-----ისა (პ.ნ. 6----------) და თ----- ფ--–-–---–ის (პ.ნ 6----------) საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. ქობულეთი, დ------–-----–-----------ი №478, საკადასტრო კოდი: 20.42.02.4--

 

6.15. სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის მიხედვით ,,1. თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

11. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი”.

 

დადგენილია, რომ ინდ. მეწარმე მ------ მ--------ემ ბანკის მიმართ ვადებულება ჯეროვნად არ შეასრულა. მას გადასახდელი აქვს გარკვეული თანხები. გადააცილა კრედიტის დაფარვის გრაფიკს, რამაც ბანკს უფლება მისცა გავიდეს ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს ვალდებულების სრული შესრულება. ბანკის ხელშეკრულებიდან გასვლას უნდა მოყვეს ვალდებულების მთლიანი შესრულება. ბანკის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, შესაბამისად მას უფლება აქვს მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხით ვალდებულების შესრულება.

 

6.16. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არარის საკმარისი დაკისრებული თანხის ამოღებისათვის, ასეთ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს მ------ მ--------ის ნებისმიერ ქონებაზე მიქცეული იქნას გადაწყვეტილების აღსრულება. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძვლიდან. დასახელებული ნორმით მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან იპოთეკის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ იპოთეკის ფარგლები განსაზღვრულია კანონით. იპოთეკის საგნით უნდა დაიფაროს უზრუნველყოფილი მთლიანი მოთხოვნა. თუ იპოთეკის საგნის ღირებულება არ იქნება საკმარისი, ასეთ შემთხვევაშიც მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება. საქ. სკ-ის 301-ე მუხლის 11 ნაწილი დასაშვებად მიიჩნევს იპოთეკის საგნის ღირებულების არასაკმარისობისას, მოთხოვნა გავრცელდეს იპოთეკის გარდა სხვა ქონებაზეც, მაგრამ ამისათვის აუცილებელია მხარეები მასზე შეთანხმდნენ წინასწარ. წინამდებარე შემთხვევაში მხარეები წინასწარ არიან შეთანხმებულნი მასზედ, რომ თუ ქონების რეალიზაციით მოთხოვნა დაკმაყოფილებული ვერ იქნა, თანხის ამოღება გაგრძელდეს ინდ. მეწარმე მ------ მ--------ის ნებისმიერი ქონების ხარჯზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირად მოვალის მიმართ მისი მოთხოვნა საფუძვლიანია და ექვემდებარება დაკმაყოფილებას. შესაბამისად ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.17. მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც გულისხმობს, რომ მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეთა უფლებაა ისარგებლონ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობით. გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 28-ე თავით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 -ე ნაწილით: ,,ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

სასამართლომ გამოიკვლია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები დაადგინა, რომ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 8.2 მუხლით მხარეები შეთანხმებულნი არიან მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეული იქნას აღსასრულებლად. წინამდებარე შემთხვევაში ვალდებულების შესრულება გახდა სადაო. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მისი უფლებები დაირღვა მოპასუხეთა მიერ, რის გამოც სარჩელი აღძრა და მისი სარჩელის საფუძველზე მიღებულია გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის, ასევე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 8.2 პუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 5000 ლარს. მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი სცნო ძირი თანხისა და სარგებელის ნაწილში. დასახელებული ნაწილი შეადგენს 237 141.38 ლარს ანუ სასარჩელო მოთხოვნის 92.5 %. საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი იმ მოპასუხეებს ათავისუფლებს სახ. ბაჟის გადახდისაგან, ვინც საქმის მომაზადების სტადიაზე სარჩელს ცნობს. როგორც ზემოთ განვმარტეთ მოპასუხეებმა სარჩელი სცნეს 92.5 %-ში, ამიტომ ისინი ამ ნაწილში კუთვნილ ბაჟის - 4625 ლრის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდნენ. დარჩენილი 375 ლარი მხარეებს შორის უნდა განაწილდეს სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად. 125 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს ინდ. მეწარმე მ------ მ--------ეს, ხოლო მოსარჩელეს უნდა დაეკისროს 250 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არაა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს ,,ბ-------------ს“ სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.

2. ინდ. მეწარმე მ------ მ--------ეს, სს ,,ბ-------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს:

№68 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - ძირი თანხის 90,965.89 აშშ დოლარის, სარგებელის სახით 24,255.54 აშშ დოლარისა და პირგასატეხლოს სახით 3374.20 აშშ დოლარის გადახდა;

№302 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის 31,247.94 აშშ დოლარის, სარგებელის სახით - 8,347.3 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს სახით 990.07 აშშ დოლარის გადახდა;

№479 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - ძირი თანხის 8,743.96 აშშ დოლარის, სარგებელის სახით 2,333.01 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს სახით 278.77 აშშ დოლარის გადახდა;

№517 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის 17,444.91 აშშ დოლარის, სარგებელის სახით 4,663.10 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს სახით 551.70 აშშ დოლარის გადახდა;

№264 ქვეკრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - ძირი თანხის 40,000. აშშ დოლარის, სარგებელის სახით 9,139.73 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს სახით 1186.11აშშ დოლარის გადახდა.

3. ინდ. მეწარმე მ------ მ--------ეს, №264 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებამდე, 2017 წლის 24 თებერვლიდან, სს ,,ბ-------------ს“ სასარგებლოდ, ყოველდღიურად სარგებელის სახით დაეკისროს 13.15 აშშ დოლარის გადახდა.

 

4. ინდ. მეწარმე მ------ მ--------ეს, სს ,,ბ-------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს:

№68 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, 2017 წლის 24 თებერვლიდან ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით 37.88 აშშ დოლარის გადახდა;

№302 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებამდე, 2017 წლის 24 თებერვლიდან ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით 13.01 აშშ დოლარის გადახდა;

№479 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებამდე, 2017 წლის 24 თებერვლიდან ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით 3.64 აშშ დოლარის გადახდა;

№517 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებამდე, 2017 წლის 24 თებერვლიდან ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით 7.27 აშშ დოლარის გადახდა;

№264 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებამდე, 2017 წლის 24 თებერვლიდან ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით 16.05 აშშ დოლარის გადახდა.

 

4. დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით, იძულებით აუქციონზე რეალიზებული იქნას იპოთეკის საგანი - გ----- ა-----ისა (პ.ნ. 6----------) და თ----- ფ--–-–---–ის (პ.ნ 6----------) საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. ქობულეთი, დ------–-----–-----------ი №478, საკადასტრო კოდი: 20.42.02.4--

6. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება ბანკის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის დასაფარად, იძულებითი აღსრულება გაგრძელდეს ინდ. მეწარმე მ------ მ--------ის ნებისმიერი ქონების ხარჯზე.

7. სარჩელი, პირგასამტეხლოს სრულად დაკმაყოფილების ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს.

8. სს ,,ბ-------------ს“ უკან დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის თანხა 4625 ლარი (საგადასახადო დავალება №502, გადამხდელის ბანკი - სს ’’ბ-------------’’, გადახდის თარიღი - 24/02/2017 წელი, მიმღების ბანკი/ ხაზინა 300693150)

9. სს ,,ბ-------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 250 ლარის გადახდა. მას ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი.

10. ინდ. მეწარმე მ------ მ--------ეს, სს ,,ბ-------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟს ნაწილის - 125 ლარის ანაზღაურება.

11. გადაწყვეტილება მიქცეული იქნას დაუყონებლივ აღსასრულებლად და ამ მიზნით მასზე გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.

12. გადაწყვეტილება, დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30).

13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ბათუმი, ს.ზუბალაშვილის 30).

14. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (ბათუმი, ს.ზუბალაშვილის 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე