გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.10.2018
საქმის ნომერი
080210118002542381
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210--8002542381

საქმე #2/2349-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18.10.2018 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - გ----------–--ე;

წარმომადგენელი- ნ-----–------–--ე;

მოპასუხეები - კ----------–----ე, სს ს----------–--------ი;

წარმომადგენელი- ჯ---------–----ე;

დავის საგანი - მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გათავისუფლდეს ყადაღისგან იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 04 ივლისის აქტის (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) საფუძველზე დაყადაღებული მოძრავი ნივთები, კერძოდ: 1. ღია ფერის ხის მაგიდა, მართკუთხა ფორმის, გასაშლელი 1 ცალი; 2. ღია ფერის კედლის კარადა, ე.წ. კედელი მინებით 1 ცალი; 3. ღია ფერის დესაუ 1 ცალი; 4. ღია ფერის ხის სკამები რბილი ნაჭრით 6 ცალი; 5. შავი ფერის პლაზმური ტელევიზორი SAMSUNG-ის ფირმის 1 ცალი; 6. შავი ფერის კომპიუტერი, მონიტორი LG-ის ფირმის, კლავიატურა, მაუსი 1 ცალი; 7. რუხი ფერის ორკამერიანი მაცივარი TOSHIBA-ს ფირმის 1 ცალი; 8. თეთრი ფერის სარეცხი მანქანა SAMSUNG-ის ფირმის 1 ცალი; 9. რუხი ფერის გაზქურა 1 ცალი; 10. შავი ფერის პლაზმური ტელევიზორი PANASONIC 1 ცალი; 1-. დივანი ნაჭრის მუქი ფერის მეტალის ფეხებით 1 ცალი

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებას: იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 04 ივლისის აქტის (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) საფუძველზე ქ. ქუთაისში, თ------------------------ში დაყადაღებული იქნა მოძრავი ნივთები. გ----------–--ის წარმომადგენლის განმარტებით ზემოაღნიშნული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. კ----------–----ეს არანაირი მონაწილეობა არ აქვს მიღებული მათ შეძენაში. (იხ. სარჩელი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე კ----------–----ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

2.2. მოპასუხე სს ს----------–--------ის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო. (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, სს ს----------–--------ის სასარგებლოდ კ----------–----ეს დაეკისრა თანხის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ;

-04.07.2018 წლის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი;

 

3.1.2. ქ. ქუთაისში, თ------------------------ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 0-.0-.2-.0--.0-.5-- საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელე გ----------–--ის საკუთრებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.3. აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს ინფორმაციით, დაყადაღებულ ქონებაზე იძულებითი აუქციონი არ მიმდინარეობს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

2018 წლის 13 ივლისის აღმასრულებელ ნ------–-------ის პასუხი;

 

3.1.4. სს ს----------–--------ი არის კრედიტორი, ხოლო კ----------–----ე მოვალე, რომლის ვალდებულების უზრუნველსაყოფად 04.07.2018წ. აღიწრა და დაყადაღდა ქ. ქუთაისში, თ------------------------ში არსებული მოძრავი ნივთები: 1. ღია ფერის ხის მაგიდა, მართკუთხა ფორმის, გასაშლელი 1 ცალი; 2. ღია ფერის კედლის კარადა, ე.წ. კედელი მინებით 1 ცალი; 3. ღია ფერის დესაუ 1 ცალი; 4. ღია ფერის ხის სკამები რბილი ნაჭრით 6 ცალი; 5. შავი ფერის პლაზმური ტელევიზორი SAMSUNG-ის ფირმის 1 ცალი; 6. შავი ფერის კომპიუტერი, მონიტორი LG-ის ფირმის, კლავიატურა, მაუსი 1 ცალი; 7. რუხი ფერის ორკამერიანი მაცივარი TOSHIBA-ს ფირმის 1 ცალი; 8. თეთრი ფერის სარეცხი მანქანა SAMSUNG-ის ფირმის 1 ცალი; 9. რუხი ფერის გაზქურა 1 ცალი; 10. შავი ფერის პლაზმური ტელევიზორი PANASONIC 1 ცალი; 1-. დივანი ნაჭრის მუქი ფერის მეტალის ფეხებით 1 ცალი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

2018 წლის 04 ივლისის აქტი (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ).

 

3.1.5. გ----------–--ე არის კ----------–----ის მეუღლის ძმა. ისინი ერთად არ ცხოვრობენ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

 

მოცემულ საქმეში მოპასუხე სს ს----------–--------მა ცნო სარჩელი. მოპასუხე კ----------–----ეს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია, ის არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადაოდ გამხდარი მოძრავი ნივთები არის მოსარჩელის საკუთრება. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა მხარეთა ახსნა-განმარტებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ----------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-44, 45-ე, 40-ე, 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 151-ე, 170-ე, 172-ე, მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმით, საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონსა და ზნეობის ნორმებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/0-; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:

 

სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია ნამდვილი უფლების არსებობა და ამ უფლების საფუძველზე შემძენისათვის ნივთის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა. მესაკუთრედ ყოფნის თაობაზე პრეზუმფცია კი გულისხმობს კანონისმიერ ვარაუდს, რომ ნივთის მფლობელი, მფლობელობის წარმოშობის მომენტიდან ნივთის მესაკუთრეა და საკუთრების უფლებას ახორციელებს მფლობელობის პერიოდში. ამდენად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მფლობელი იმავდროულად მესაკუთრეა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოპარეს ან სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.

 

აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ.ქუთაისში, თ------------------------ში მდებარე უძრავი ქონება რეგისტრირებულია გ----------–--ის საკუთრებაში. შესაბამისად, არსებობს პრეზუმფცია, რომ აღნიშნულ ბინაში განთავსებული ნივთები ეკუთვნის მას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151.1. მუხლის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. მოსარჩელის მიერ ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნა აღძრულია მოძრავ ნივთებზე (ავეჯი, ტექნიკა და სხვა) და ივარაუდება, რომ ეს ნივთები განკუთვნილია საცხოვრებელი ბინით სრულფასოვანი სარგებლობისათვის. უძრავი ქონება წარმოადგენს მოსარჩელე გ----------–--ის საკუთრებას. აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელე გ----------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკუთვნებელს. შესაბამისად ივარაუდება, რომ აღნიშნულ უძრავ ნივთში არსებული მოძრავი ნივთებიც მისივე საკუთრებაა და აღნიშნულის საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი იმას აკისრია, ვინც პრეზუმფციის საწინააღმდეგო ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს. (იხ: სუგს განჩინება: საქმე №ას-1202-1-44-2014, 6.02.2015; №ას-274-274-2018, 23.0-.2018;

 

ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიიჩნია, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელე გ----------–--ის საკუთრებას, ასევე დადგენილია, რომ ნივთებზე ფაქტობრივ მფლობელობას ახორციელებს მოსარჩელე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების, – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერის აქტში.

 

ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება შენიშვნა.

 

ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).

 

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 44–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ისევე როგორც სსკ-ის 158–ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, მოძრავ ნივთებზე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია იცავს ფაქტობრივ მფლობელობას იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს აღნიშნულ ნივთებზე საკუთრების ვარაუდი.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.

 

აღსასრულებელი გადაწყვეტილების მიხედვით, კრედიტორია სს ს----------–--------ი ხოლო მოვალეა კ----------–----ე;

 

საქმის მასალებით დასტურდება და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საცხოვრებელი ბინა რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე, შესაბამისად, ივარაუდება, რომ ამ ბინაში განთავსებული ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელი არის სწორედ აღნიშნული პირი. დადგენილია, რომ ნივთები რომლის ყადაღისაგან გათავისუფლებასაც ითხოვს მოსარჩელე აღიწერა და დაყადაღდა მოსარჩელის კუთვნილ ბინაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული სადავო ნივთები არის მოსარჩელის საკუთრება. მოსარჩელე არ არის მოვალე, რაც იმას ნიშნავს, რომ სადავო ნივთებზე ყადაღის დადება არღვევს მოსარჩელის საკუთრების უფლებას. კ----------–----ის ვალდებულებების იძულებითი აღსრულების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ მოვალე კ----------–----ის ქონებიდან. შესაბამისად, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს გ----------–--ის საკუთრებას.

 

ზემოაღნიშნული ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათავლისწინებით გ----------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ყადაღისაგან უნდა გათავისუფლდეს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თ-------------–-–---–ის მიერ 2018 წლის 04 ივლისის აქტის (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) საფუძველზე კ----------–----ის ვალდებულებების გამო, ქ. ქუთაისში, თ------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში დაყადაღებული მოძრავი ნივთები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამ მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე ფიზიკური პირისთვის შეადგენს 50 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე გ----------–--ეს სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი აქვს 50 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე - 50 ლარი. ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხე კ----------–----ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზრაურება 100 ლარის ოდენობით. მოპასუხე სს ს----------–--------ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან, ვინაიდან მან მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. გ----------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თ-------------–-–---–ის მიერ 2018 წლის 04 ივლისის აქტის (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) საფუძველზე დაყადაღებული მოძრავი ნივთები, კერძოდ: 1. ღია ფერის ხის მაგიდა, მართკუთხა ფორმის, გასაშლელი 1 ცალი; 2. ღია ფერის კედლის კარადა, ე.წ. კედელი მინებით 1 ცალი; 3. ღია ფერის დესაუ 1 ცალი; 4. ღია ფერის ხის სკამები რბილი ნაჭრით 6 ცალი; 5. შავი ფერის პლაზმური ტელევიზორი SAMSUNG-ის ფირმის 1 ცალი; 6. შავი ფერის კომპიუტერი, მონიტორი LG-ის ფირმის, კლავიატურა, მაუსი 1 ცალი; 7. რუხი ფერის ორკამერიანი მაცივარი TOSHIBA-ს ფირმის 1 ცალი; 8. თეთრი ფერის სარეცხი მანქანა SAMSUNG-ის ფირმის 1 ცალი; 9. რუხი ფერის გაზქურა 1 ცალი; 10. შავი ფერის პლაზმური ტელევიზორი PANASONIC 1 ცალი; 1-. დივანი ნაჭრის მუქი ფერის მეტალის ფეხებით 1 ცალი;

 

3. კ----------–----ეს - მოსარჩელე გ----------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ (50 ლარი სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე