გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.10.2018
საქმის ნომერი
330210018002538862
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
12.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/20746-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დალი აბჟანდაძე

სხდომის მდივანი კობა ბალახაძე

მოსარჩელე ს-----------------ი

წარმომადგენელი თ---------------ი

მოპასუხე ი--------–-----ი

წარმომადგენელი მ-----------–---–ი

დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ქორწინების შეწყვეტა ი--------–-----სა (პ/ნ 0----------, დაბადებული 10.09.1----–.) და ს-----------------ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 01.01.1--- წ.) შორის რეგისტრირებული 1991 წლის 26 ოქტომბერს, სააქტო ჩანაწერი №5--.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

ს-----------------ი და ი--------–-----ი 1991 წლის 26 ოქტომბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ 6 შვილი. უკანასკნელი ერთი წელია მეუღლეთა შორის მწვავე კონფლიქტური ურთიერთობაა, რის გამოც ს-----------------ი წავიდა სახლიდან და ცხოვრობს ცალკე. მათ შორის ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია. მხარეთა შორის ჩამოყალიბებული დაპირისპირების ფონზე, ოჯახის აღდგენა შეუძლებელია და შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას მოსარჩელესთან აკავშირებს 27 წლიანი მშვიდი ურთიერთთანაცხოვრება, 6 შვილი და 2 შვილიშვილი. ისინი ერთად უძღვებოდნენ საოჯახო მეურნეობას და პრობლემები დაიწყო მას შემდეგ, რაც ს-----------------ი გახდა ავად, დაეწყო მრისხანების შეტევები, ფსიქიატრიული პრობლემები, მეუღლისათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. მოპასუხემ მკურნალობის მიზნით მეუღლე მიიყვანა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრ ,,მენტალ ვიტაში“, სადაც დაენიშნა მკურნალობა, რაც შემდგომში ს-----------------ს არ ჩაუტარებია. მოსარჩელე საჭიროებს მკურნალობას, მოვლას, რის შემდეგაც მეუღლეები კვლავ შეძლებენ ოჯახური თანაცხოვრების გაგრძელებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ი--------–-----ი და ს-----------------ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 1991 წლის 26 ოქტომბრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ.13).

 

3.1.2. ი--------–-----სა და ს-----------------ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ 6 შვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი).

 

3.1.3. ს-----------------ი და ი--------–-----ი უკანასკნელი 5 თვეა ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მათ შორის მწვავე კონფლიქტური ურთიერთდამოკიდებულებაა. მოსარჩელის ფაქტობრივი მისამართია - თბილისი, ს-----–---–-----------–--- 1, ქუჩა 4 გასასვლელი, ბინა 11/13, ი--------–-----ის საცხოვრებელ ადგილს კი წარმოადგენს - ქ.თბილისი, ს-----–---–-----------–--- 1, ქ.#25.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია გარემოება იმის შესახებ, რომ ს-----------------სა და ი--------–-----ს შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს, მოსარჩელე კატეგორიულად მოითხოვს განქორწინებას. აღნიშნულის გარემოების დადგენისას სასამართლომ შეფასება მისცა ფაქტებს იმის თაობაზე, რომ მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მათ შორის ოჯახის აღდგენა ვერ მოხერხდა. სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას მხარეთა შერიგების ვარაუდი არ გამოიკვეთა. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე კვლავ დაუჭირა მხარი სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხესთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ და კატეგორიული უარი განაცხადა ოჯახის შენარჩუნებასა და მოპასუხესთან ერთ ოჯახად ცხოვრებაზე. საქმის მასალებით არ მტკიცდება, რომ ს-----------------ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია გააცნობიეროს ნება და განაგოს თავისი მოქმედება. მხარეთა განმარტებებით ირკვევა, რომ ს-----------------მა მიმართა ექიმს, მაგრამ არ გააგრძელა გამოკვლევები, რის შედეგადაც ექიმის მიერ მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, საბოლოო დიაგნოზი არ დადგენილა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, იგი ჯანმრთელია და არ საჭიროებს ექიმის დახმარებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა-ახსნა განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ შეძლო მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება, ვინაიდან მას არ წარმოუდგენია სადავო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან არ გამოიკვეთა მხარეთა ორმხრივი ნება ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით, სარჩელი ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1”-ის მე-5 მუხლი, ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის “ 23-ე მუხლიმ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 1122-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით, ხოლო 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს შესარიგებელი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1” (პარიზი, 1952 წლის 20 მარტი) მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეები სარგებლობენ კერძოსამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, დაქორწინების დროს, ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ ბავშვების ინტერესებისათვის აუცილებელი ღონისძიებანი.

 

1966 წლის 16 დეკემბრის ,,საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის თანახმად, 1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. 2. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი. 3. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. 4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.

 

ქორწინება ოჯახის საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, კანონმდებელს საშუალება მიეცა შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება: ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი”. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან, საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ როგორც დაქორწინებისათვის ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხის განმარტებას მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობის თაობაზე დაადასტურებდა. მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ ისინი ცხოვრობენ ცალ-ცალკე და ქორწინება მათ შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად შერიგების მცდელობისა, ოჯახის აღდგენა ვერ მოხერხდა. მხარეთა შორის მწვავე კონფლიქტური ურთიერთდამოკიდებულებაა. მოპასუხემ სათანადო მტკიცებულების წარმოდგენით, ვერ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ს-----------------ის ამგვარი ქმედება გამოწვეულია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შედეგად, რის გამოც ეს უკანასკნელი ვერ აცნობიერებს არსებულ ვითარებას და გამოხატულ ნებას განქორწინების თაობაზე. საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის ქმედუნარიანობის შეზღუდვა. მოსარჩელე ს-----------------ი ცხოვრობს თბილისი, ს-----–---–-----------–--- 1, ქუჩა 4 გასასვლელი, ბ 11/13, ხოლო ი--------–-----ის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია - ქ.თბილისი, ს-----–---–-----------–---, 1 ქ. #25. მართალია, მოპასუხე მიუთითებს მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობის შენარჩუნების შესაძლებლობაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მოსარჩელის ნება, სურვილი მოპასუხე ი--------–-----თან ოჯახის აღდგენისა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ მოპასუხე მხარის ნება არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისა, რომ მოსარჩელე ს-----------------ი და მოპასუხე ი--------–-----ი ერთ ოჯახად განიხილებოდნენ.

 

მოპასუხე შესარიგებელი ვადის მიცემის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს გარემოებას იმის შესახებ, რომ არსებობს ქორწინების შენარჩუნების პერსპექტივა. არგუმენტთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ შესარიგებელი ვადის განსაზღვრა ემსახურება მხოლოდ ოჯახის აღდგენის რეალურ მიზანს, რაც მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის კატეგორიული პოზიციისა და მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტობრივად შეწყვეტის, მათშორის მწვავე ურთიერთდამოკიდებულების გათვალისწინებით, არ გამოკვეთილა. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ შესარიგებელი ვადის მიცემა მხარეთათვის, შედეგს ვერ გამოიღებდა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. მოსარჩელე წინააღმდეგია ოჯახის აღდგენის და მხოლოდ მოპასუხის სურვილი მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობაში ყოფნისა, არ არის საკმარისი ოჯახის შესანარჩუნებლად.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, ვინაიდან ს-----------------სა და ი--------–-----ის ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, სარჩელი ქორწინების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, სარჩელი განქორწინების შესახებ დაკმაყოფილდა, არსებობს მოპასუხე ი--------–-----ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის წარდგენისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დაკისრების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს-----------------ის სარჩელი ი--------–-----ის მიმართ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

1.1 შეწყდეს ქორწინება ი--------–-----სა (პ/ნ 0----------, დაბადებული 10.09.1----–.) და ს-----------------ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 01.01.1--- წ.) შორის, რეგისტრირებული 1991 წლის 26 ოქტომბერს, სააქტო ჩანაწერი №5--.

 

2. მოპასუხე ი--------–-----ს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე ს-----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის წარდგენისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.

 

6. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

 

მოსამართლე: დალი აბჟანდაძე