გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.10.2018
საქმის ნომერი
330210018002532340
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
22.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/20446-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია გიგაური

სხდომის მდივანი ნინო კეკელიანი

მოსარჩელე - ქ------- დ--------–---–ი

მოსარჩელის წარმომადგენელი - გ------- ვ-------ე

მოპასუხე - სსიპ „ს--–---–------------------------------ო“

მოპასუხის წარმომადგენლები - დ-------- მ-----–---–ი, ლ-–- ქ--------ე

დავის საგანი - სსიპ „ს--–---–------------------------------ოს“ 12.06.2018 წლის №0----/დ ბრძანების ნაწილის და სსიპ „ს--–---–------------------------------ოს“ 11.05.2018 წლის №2 სხდომის ოქმის ნაწილის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ „ს--–---–------------------------------ოს“ 2018 წლის 12 ივნისის №0----/დ ბრძანება მოსარჩელე ქ------- დ--------–---–ისათვის საყვედურის გამოცხადებისა და შრომის ანაზღაურებიდან 30% ხელფასის დაკავების ნაწილში და მოპასუხე სსიპ „ს--–---–------------------------------ოს“ დაევალოს ქ------- დ--------–---–ისთვის უკანონოდ დაკავებული 345 ლარის ანაზღაურება;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ „ს--–---–------------------------------ოს“ დირექტორის 2012 წლის 11 მაისის №0-----/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 11 მაისის №2 სხდომის ოქმი, ქ------- დ--------–---–ისათვის საყვედურის გამოცხადებისა და შრომის ანაზღაურებიდან 30% ხელფასის დაკავების ნაწილში.

 

მოსარჩელე ქ------- დ--------–---–ის განმარტებით, მისთვის საყვედურის გამოცხადების საფუძველი გახდა „ს--–---–------------------------------ოს ადმინისტრირების სფეროს მიკუთვნებული ფუნქციების უკეთ განხორციელებისა და გაწეული საქმიანობის კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიების შესახებ“ ს--–---–------------------------------ოს დირექტორის 2012 წლის 11 მაისის ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 11 მაისის №2 სხდომის ოქმი. აღნიშნულ სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად განხილულ იქნა მოქალაქე გ------- კ-------–--ის ხანდაზმულთა პანსიონატში ჩარიცხვის საკითხი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება, თითქოს ხანდაზმულთა პანსიონატში ჩარიცხვისას ბენეფიციარს გაუქმებული ჰქონდა რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, არ შეესაბამება სინამდვილეს.

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დაფინანსებით ბენეფიციარის პანსიონატში ჩარიცხვის საფუძველს წარმოადგენდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაცია და შესაბამისი ქულის არსებობა, რაც გ------- კ-------–--ის შემთხვევაში, შესრულებული იყო. კერძოდ, 2010 წლის 07 დეკემბერს მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 37 830 ერთეულს, რომელიც მას მიენიჭა 2010 წლის 09 ოქტომბერს და რაც აკმაყოფილებდა პანსიონატში ჩარიცხვის კრიტერიუმებს. აღნიშნულ ბენეფიციარზე ოჯახის დეკლარაცია წაიშალა 2010 წლის 05 დეკემბერს, კვირა დღეს და 06 დეკემბერს განთავსდა ოქმი „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“. გასათვალისწინებელია, რომ ამ დროს არ არსებობდა დოკუმენტთბრუნვის ერთიანი ელექტრონული სისტემა და ამდენად, მოსარჩელე სრული სიზუსტით ვერ ადასტურებს თუ როდის გადაიგზავნა საქმე განსახილველად ტერიტორიულ ორგანოში და როდის წაიშალა ოჯახის დეკლარაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზიდან.

 

თუმცა, სასამართლო სხდომაზეც მოსარჩელე ცალსახად ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მისი მხრიდან მონაცემების გადაგზავნის დროისთვის ასახული არ იყო ოქმი „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სსიპ ს--–---–------------------------------ოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბრძანება გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქ------- დ--------–---–სა და სსიპ ს--–---–------------------------------ოს შორის არსებობს შრომითსამართლებრივი ურთიერთობა.

 

ქ------- დ--------–---–ი დღეის მდგომარეობითაც წარმოადგენს სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოში შემავალი ბავშვთა ზრუნვის სამმართველოს მთავარ სპეციალისტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ბრძანება (ს.ფ. 55-56)

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. სსიპ ს--–---–------------------------------ოს 2018 წლის 12 ივნისის №0----/დ ბრძანებით, ს--–---–------------------------------ოში დასაქმებული ზოგიერთი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სასჯელის ზომის გამოყენების შესახებ, სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს მთავარ სპეციალისტს - ქ------- დ--------–---–ს გამოეცხადა საყვედური და შრომის ანაზღაურებიდან დაუკავდა 30%.

 

ბრძანებიდან ირკვევა, რომ მისი გამოცემის საფუძველია შემოწმების მასალებში დაფიქსირებული დარღვევები, გამომდინარე:

- „ს--–---–------------------------------ოს ადმინისტრირების სფეროს მიკუთვნებული ფუნქციების უკეთ განხორციელებისა და გაწეული საქმიანობის კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ“ ს--–---–------------------------------ოს დირექტორის 2012 წლის 11 მაისის №0-----/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 11 მაისის №2 ოქმიდან,- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ს--–---–------------------------------ოს დებულების“ მე-4 მუხლიდან და

- სააგენტოს დირექტორის 2007 წლის 16 ივლისის №5-- ბრძანებით დამტკიცებული „ს--–---–------------------------------ოს შრომის შინაგანაწესის“ მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2018 წლის 12 ივნისის №0----/დ ბრძანება (ს.ფ. 55-56);

 

3.1.3. ს--–---–------------------------------ოში დასაქმებული ზოგიერთი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სასჯელის ზომის გამოყენების შესახებ ს--–---–------------------------------ოს ბრძანება №0----/დ ეფუძნება „ს--–---–------------------------------ოს ადმინისტრირების სფეროს მიკუთვნებული ფუნქციების უკეთ განხორციელებისა და გაწეული საქმიანობის კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ“ ს--–---–------------------------------ოს დირექტორის 2012 წლის 11 მაისის №0-----/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 11 მაისის №2 ოქმს.

 

№2 ოქმის შესაბამისად, ბენეფიციარს - გ------- კ-------–--ეს ხანდაზმულთა პანსიონატში ჩარიცხვის პერიოდში გაუქმებული ჰქონდა რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, რის მიუხედავადაც, იგი ჩაირიცხა ხანდაზმულთა პანსიონატში სრული სახელმწიფო დაფინანსებით.

 

ამავე ოქმის მიხედვით, საქმის მასალებიდან იკვეთებოდა შემდეგი: მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ქ------- დ--------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა 2010 წლის 7 დეკემბრის №10/12-2---- წერილში მოქალაქე გ. კ-------–--ის ოჯახის სარეიტინგო ქულათა ოდენობის შესახებ არასწორი ინფორმაციის შეტანას, რამაც თავის მხრივ გამოიწვია გ. კ-------–--ისთვის ხანდაზმულთა პანსიონატში გაწეული მომსახურების არსებული კანონმდებლობის დარღვევით სრულად დაფინანსება.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ქ------- დ--------–---–ისთვის საყვედურის გამოცხადება და შრომის ანაზღაურების (ხელფასის) 30%-ის დაკავება.

 

აღნიშნული ოქმიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ იმსჯელებს მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარ გარემოებაზე, კერძოდ, მოსარჩელე ქ------- დ--------–---–ის მიმართ არსებულ დარღვევებზე სხვა ბენეფიციარებთან მიმართებაში, გარდა გ------- კ-------–--ის ნაწილისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- კომისიის 2018 წლის 11 მაისის №2 ოქმი (ს.ფ. 57-72);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. ვ---------------–--- რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსის - გ. ე-----–---–ის 4.11.10წ. №05/2--- წერილიდან, რომლის ადრესატიც არის ს--–---–------------------------------ოს სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ე-- ს-----–--ე, დგინდება, რომ გ------- კ-------–--ემ ს--–---–------------------------------ოს მიმართა განცხადებით და ითხოვა პანსიონატ „ს-----ში“ ჩარიცხვა.

 

სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე კი გამოიკვეთა, რომ აღნიშნული მოქალაქე არის დარეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 37 830-ს. ამდენად, იგი აკმაყოფილებს ხანდაზმულთა პანსიონატში ჩარიცხვის კრიტერიუმებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 4.11.10წ. №05/2--- წერილი (ს.ფ. 34);

- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 35);

- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 36-37);

- განცხადებები (ს.ფ. 40-41, 45);

- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 44).

 

3.1.5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა - თ----- მ------–---–მა 2010 წლის 06 დეკემბერს №1/1--- წერილით მიმართა სსიპ ს--–---–------------------------------ოს დირექტორს მ-------–----–-–--ლს და აცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ფილიალ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში სარემონტო სამუშაოები დასრულდა და მიდინარე წლის 7 დეკემბრიდან შესაძლებელია 40 ბენეფიციარის მიღება.

 

ხსენებული ინფორმაცია სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ა-- წ------–---–მა 07 დეკემბერს გაგზავნილი წერილით (წერილის №10/12-2----) აცნობა დ---------------------- სოციალური მომსახურების ცენტრს. აღნიშნული კორესპონდენცია, რომელსაც ერთვოდა თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ჩასარიცხ ბენეფიციართა სია რიგითობის მიხედვით, ადრესატს ჩაბარდა 08.12.2010 წელს. დანართში რიგით 25-ე ნომრად მითითებული იყო გ------- კ-------–--ე, სარეიტინგო ქულით - 37 830.

 

ის გარემოება, რომ შემსრულებელი, ანუ ბენეფიციართა სიის გამგზავნი იყო მოსარჩელე ქ------- დ--------–---–ი, სადავოს არ წარმოადგენს. უდავოა ასევე, რომ 2010 წლის მაისის და დეკემბრის თვეების მდგომარეობით, არ არსებობდა ე----- ც------ს და ქ------- დ--------–---–ის სამუშაო აღწერილობები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- №1/1--- წერილი (ს.ფ. 46);

- №10/12-2---- წერილი (ს.ფ. 47, 51);

- ბენეფიციართა სია (ს.ფ. 48-50);

- სსიპ ს--–---–------------------------------ოს დირექტორის 20/08/2018წ. წერილი (ს.ფ. 293-294).

 

3.1.6. სსიპ ს--–---–------------------------------ოში საქმისწარმოება დოკუმენტთბრუნვის ერთიანი ელექტრონული სისტემით მიმდინარეობს 2011 წლის 21 თებერვლიდან.

 

2010 წლისთვის მიღებული და გასაგზავნი დოკუმენტების გადაცემა მიმდინარეობდა ხელზე, საქმის წარმოების სამმართველოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- საქმისწარმოების სამმართველოს უფროსის 03.06.2015წ. №04-9--- წერილი (ს.ფ. 108).

 

3.1.7. საქმეში წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათები ადასტურებს, რომ 2010 წელს ბენეფიციარ გ------- კ-------–--ის პანსიონატში ჩარიცხვის საკითხი სსიპ ს--–---–------------------------------ომ სადავოდ გახადა 2015 წელს, როდესაც დაიწყო საქმის მოკვლევა.

 

აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს თავად მოპასუხის წარმომადგენელიც სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მოხსენებითი ბარათები (ს.ფ. 73, 78-101, 108, 172-173 და სხვ);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (24.09.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი),3.1.8. მოქალაქე გ------- კ-------–--ის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეადგენდა 37830 ერთეულს.

 

აღნიშნული ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი 2010 წლის 3 დეკემბერს (პარასკევს საღამოს) განთავსდა „წასაშლელ დეკლარაციებში“, რომელიც 2010 წლის 5 დეკემბერს, კვირას წაიშალა და 6 დეკემბერს, ორშაბათს, ა-- წ------–---–ის ხელმოწერით (შემსრულებელი - ქ------- დ--------–---–ი; ვიზა - ე----- ც------) წარდგენილ იქნა საქმისწარმოების სამმართველოში. ამავე დღეს, 6 დეკემბერს, განთავსდა ოქმი „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მოხსენებითი ბარათები (ს.ფ. 73, 78).

 

3.1.9. ს--–---–------------------------------ოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის პ---–- ც------ის 2015 წლის 08 სექტემბრის მოხსენებითი ბარათი და სოციალური მომსახურების საგენტოს ქ. თბილისის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს 2010 წლის 7 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილება გ------- კ-------–--ის საქმეზე ადასტურებს, რომ ბენეფიციარ გ------- კ-------–--ის ხანდაზმულთა პანსიონატში ჩარიცხვის თარიღია - 07.12.2010წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 82-101);

- საბჭოს სხდომა (ს.ფ. 102-103);

- საოქმო გადაწყვეტილება (ს.ფ. 104-105).

 

3.1.10. გ------- კ-------–--ის ოჯახში 2010 წლის 9 სექტემბერს შევსებული დეკლარაციის დროულად წაშლა მომსახურების ცენტრის უფროსის სპეციალისტს, ლ--–- გ-------–-–---–ს ევალებოდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ვ---------------–--- სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსის 29.07.15წ. წერილი (ს.ფ. 173);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ქ------- დ--------–---–ის მოვალეობას სადავო პერიოდში - 2010 წლის დეკემბრის თვეში, წარმოადგენდა პანსიონატში ჩასარიცხი ბენეფიციარების ერთიანი რიგის წარმოება და შესაბამისი ტერიტორიული ერთეულისთვის გადაგზავნა.

 

მოსარჩელემ სასამართლო სხდომებზე განმარტა, რომ მის მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულდა ჯეროვნად. კერძოდ, მის უფლება-მოვალეობებში შედიოდა არა ბენეფიციართა სიის შედგენა უშუალოდ, არამედ შესაბამისი კომპეტენტური სამმართველოს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით რიგის წარმოება და გადაგზავნა. თავის მხრივ, მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ქ------- დ--------–---–ი ვალდებული იყო შეემოწმებინა თითოეული ბენეფიციარის სარეიტინგო ქულა გადაგზავნამდე და არ მოეხდინა იმ პირთა აღრიცხვა სიაში, ვინც ვერ დააკმაყოფილებდა შესაბამის სტატუსს. აღნიშნული განმარტების გაკეთების საფუძვლად მოპასუხემ მიუთითა შრომითი ხელშეკრულებები, რომლებიც, მისი განმარტებით სტანდარტულია, თუმცა საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს იმ უდავო გარემოებაზე, რომ 2010 წლის მდგომარეობით არ არსებობდა მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიციის სამუშაო აღწერილობა.

 

გარდა ამისა, არც ხელშეკრულება და არც შინაგანაწესი წარმოუდგენია მოპასუხე მხარეს იმის დასადასტურებლად, რომ მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა სიაში მითითებული ბენეფიციარების სარეიტინგო ქულათა კონტროლი. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის წერილებითა და მოხსენებითი ბარათებით სასამართლო ადგენს, რომ ბავშვთა ზრუნვის სამმართველოს არ ჰქონდა წვდომა სოციალურად დაუცველ პირთა ბაზასთან. მნიშვნელოვანია ასევე ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ ამ დროისთვის ასევე არ არსებობდა დოკუმენტთბრუნვის ელექტრონული სისტემა, რაც საშუალებას მისცემდა მოსარჩელეს ელექტრონულად გადაემოწმებინა მონაცემები პარალელურ რეჟიმში.

 

სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2010 წლის 7 დეკემბერს გადაიგზავნა მოსარჩელის სამსახურის მიერ ბენეფიციართა სია პანსიონატში განსათავსებლად და ასევე ის გარემოება, რომ მხოლოდ 6 დეკემბერს განთავსდა ოქმი გ------- კ-------–--ის „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“. აღნიშნულზე მოპასუხე განმარტავდა, რომ მის მიერ სია გადაიგზავნა 7 დეკემბერს, დილის საათებში, რა დროსაც ჯერ კიდევ ფიქსირდებოდა გ------- კ-------–--ეზე არსებული სარეიტინგო ქულა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა პროგრამულად მისი ოჯახის წაშლა სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მტკიცების ტვირთი ნაწილდება ობიექტურად და სამართლიანად. თავის მხრივ, შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, ანუ დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის უკანონობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება უკანონო გათავისუფლების თაობაზე, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს აკისრებს მის მიერ გამოვლენილი ნების - დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების მტკიცების ვალდებულებას. სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისობაშია როგორც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, ყოველი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.

 

განსახილველ დავაში საქმე ეხება არა დასაქმებულის გათავისუფლებას, არამედ დისციპლინური ღონისძიების გამოყენებას, რაზეც ანალოგიურად ეკისრება მოპასუხეს ბრძანების კანონიერების დასაბუთება. კერძოდ, დამსაქმებელმა საყვედური გამოუცხადა დასაქმებულს კონკრეტული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დამსაქმებელმა უპირველესად ვერ შეძლო დაედასტურებინა შესაბამისი მტკიცებულებებით, რომ დასაქმებულს აღნიშნული მოვალეობა ნამდვილად ეკისრებოდა. ცალსახად განმარტავდა მოსარჩელე, რომ მას წვდომა არ ჰქონდა ბაზასთან და რომ მის ვალდებულებას არც წარმოადგენდა ინფორმაციის გადამოწმება, რაც უარყო მოპასუხემ. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ არათუ სათანადო მტკიცებულებებით ვერ შეძლო აღნიშნულის დადასტურება, მან სარწმუნოდაც ვერ მიუთითა, სასამართლოს მხრიდან არაერთი კითხვის მიუხედავად, თუ რა მოქმედების შესრულება ევალებოდა ქ------- დ--------–---–ს, რაც მან არ შეასრულა.

 

3.2.2. სსიპ ს--–---–------------------------------ოს მხრიდან 2010 წლის დეკემბრის თვეში დაფიქსირებულ შესაძლო გადაცდომაზე დასაქმებულისთვის საყვედურის გამოცხადება 2018 წლის 12 ივნისს, ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც ამავე გადაწყვეტილების სადავო ფაქტობრივ გარემოებებში (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტი) დადგინდა, არ იკვეთებოდა ქ------- დ--------–---–ის ბრალი სადავო გადაცდომაში, რის გამოც, მას არ უნდა დაკისრებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. მიუხედავად ამისა, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ასევე იმსჯელოს მოცემულ საქმეზე ხანდაზმულობის ვადების განხილვის ჭრილშიც.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, რომელიც უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 03 თებერვლის განჩინებით (საქმე Nას-1236-1159-2015) დარჩა განუხილველი, განმარტა, რომ შრომით ურთიერთობებში დასაქმებულისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება უნდა მოხდეს დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებული ზომები ემსახურება არსებული ვითარების სწრაფ გამოსწორებას, დასაქმებული მუშაკის იძულებას, მოიქცეს უფრო წინდახედულად და გულისხმიერად, გახდეს უკეთესი, აიმაღლოს კვალიფიკაცია. ამასთან, ამ ზომებს გააჩნია პრევენციული დატვირთვაც, რაც იმაში გამოიხატება, რომ სხვა დასაქმებულებმა არ ჩაიდინონ იგივე დარღვევა და მათ შეექმნათ უფრო ეფექტურად მუშაობის მოტივაცია. შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის მონაწილე მხარეების ინტერესებშია, რომ შრომითი მოვალეობის დარღვევის ფაქტზე რეაგირება მოხდეს სწრაფად, რადგან დაგვიანების შემთხვევაში ვერ მიიღწევა სახდელის პრევენციული მიზანი. ის, რომ ხანდაზმულობის 1 თვიან ვადასთან დაკავშირებით დადგენილია პრაქტიკა, დასტურდება ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე №ას-344-322-2017.

 

ზემოაღნიშნულ განმარტებას იზიარებს მოცემული დავის განმხილველი სასამართლოც და ამასთანავე ცალსახად მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში მხარეები არ უნდა მოქმედებდნენ იმგვარად, რომ ზიანი მიადგეთ სხვას, ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს კეთილსინდისიერებას და არ უნდა იყოს სახეზე უფლების ბოროტად გამოყენება. ამდენად, მოპასუხის განმარტება, რომ მსგავსი ტიპის დავებში მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ზოგადი ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა, ვერ იქნება გაზიარებული.

 

მითითებული გარემოების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ გარდა ბრძანების უკანონობისა, სახეზეა ასევე მოთხოვნის დაკმაყოფილების კიდევ ერთი საფუძველი - ბრძანების ხანდამზულობა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ------- დ--------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ბრძანების და სხდომის ოქმის გაუქმების მოთხოვნით დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი;

საქართველოს შრომის კოდექსის პირველი, მე-2, 37-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 115-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.

 

საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი).

 

სშკ-ის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე მუხლის 2.2. პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობს შრომითი ურთიერთობა. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს სსიპ „ს--–---–------------------------------ოს“ 12.06.2018 წლის №0----/დ ბრძანებიდან და სსიპ „ს--–---–------------------------------ოს“ 11.05.2018 წლის №2 სხდომის ოქმიდან, რომელთა საფუძველზეც ქ------- დ--------–---–ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური ზომა საყვედურის გამოცხადების სახით და ხელფასის 30%-ის დაკავება. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ბრძანება არის უკანონო და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ამდენად, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების მართლზომიერება.

 

შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებისას და გამოყენებული დისციპლინური ღონისძიება ადეკვატურია თუ არა ჩადენილის გადაცდომის ხარისხთან, ამასთან, ადგილი ხომ არ ჰქონდა მის მიმართ რომელიმე ნიშნით დისკრიმინაციულ მოპყრობას და სხვა.

 

სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ ქ------- დ--------–---–ის მოვალეობას სადავო პერიოდში, 2010 წლის დეკემბრის თვეში, წარმოადგენდა პანსიონატში ჩასარიცხი ბენეფიციარების ერთიანი რიგის წარმოება და შესაბამისი ტერიტორიული ერთეულისთვის გადაგზავნა. ამის საპირისპიროდ, მოპასუხემ ვერ დაადასტურა შესაბამის მტკიცებულებაზე მითითებით, რომ მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა, მათ შორის, სიაში შემავალი ბენეფიციარების გადამოწმება ერთიან ბაზაში. სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია მოპასუხის განმარტება, რომ მოსარჩელისთვის აღნიშნულის დაკისრება წარმოადგენდა ერთგვარად დამკვიდრებულ წესს, რამდენადაც, გაურკვეველია, თუ რას ეფუძნება ეს დასკვნა, მაშინ როცა, არც შინაგანაწესი და არც შრომითი ხელშეკრულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების (ბრძანების გამოცემის მართლზომიერი საფუძვლის) არსებობის დადასტურება.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ზ" პუნქტი ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო.

 

საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. დასაქმებულთა შრომის უფლებების კონსტიტუციური პრინციპი, რომლის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში „Ultima Ratio“-ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას, შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის. (იხ. სუსგ №ას-127-123-2016, 13 ივნისი, 2016 წელი)

 

ამდენად, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების და ზემოაღნიშნული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ დამსაქმებელის მხრიდან მოხდა დისციპლინური ღონისძიების გამოყენება უკანონოდ, რაც არის ბრძანების და სადავო ოქმის ბათილად ცნობის საფუძველი, გამომდინარე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლიდან, როგორც გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

6.2. ბრძანების უკანონობის დადგენის პარალელურად, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ემსჯელა მისი გამოცემის ხანდაზმულობის ვადებზე და ამ კუთხითაც უპასუხოს სასარჩელო მოთხოვნას.

 

როგორც უკვე აღინიშნა, შრომით ურთიერთობებში მოქმედებს საქართველოს შრომის კოდექსით და სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნორმები. სასამართლო განმარტავს, რომ არცერთ ხსენებულ ნორმატიულ აქტში არ არის საუბარი დისციპლინური ღონისძიების თაობაზე ბრძანების გამოცემის ხანდაზმულობის ვადებზე. აღნიშნულის თაობაზე რაიმე სახის ჩანაწერი რომ არსებობდეს სამსახურის შინაგანაწესში, არც ამას მიუთითებს მოპასუხე მხარე. თუმცა, ამ კუთხით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა (იხ. საქმეები: სუსგ ას-1236-1159-2015; სუსგ ას-344-322-2017), რომელიც ამბობს, რომ შრომით ურთიერთობებში დასაქმებულისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება უნდა მოხდეს დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.

 

დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ხანდაზმულობის ვადასთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებული ზომები ემსახურება არსებული ვითარების სწრაფ გამოსწორებას, დასაქმებული მუშაკის იძულებას, მოიქცეს უფრო წინდახედულად და გულისხმიერად, გახდეს უკეთესი, აიმაღლოს კვალიფიკაცია. ამასთან, ამ ზომებს გააჩნია ზოგადპრევენციული დატვირთვაც, რაც იმაში გამოიხატება, რომ სხვა დასაქმებულებმა არ ჩაიდინონ იგივე დარღვევა და მათ შეექმნათ უფრო ეფექტურად მუშაობის მოტივაცია. შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის მონაწილე მხარეების ინტერესებშია, რომ შრომითი მოვალეობის დარღვევის ფაქტზე რეაგირება მოხდეს სწრაფად, რადგან დაგვიანების შემთხვევაში ვერ მიიღწევა სახდელის პრევენციული მიზანი.

 

ამის საპირისპიროდ, მოცემულ საქმეში, 2010 წლის დარღვევაზე რეაგირება სამსახურმა დაიწყოს 2015 წელს და ბრძანება გამოსცეს 2018 წელს, სასამართლოს შეფასებით, არის დამსაქმებლის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედება. შესაბამისად, ამ კუთხითაც ასაბუთებს სასამართლო და განმარტავს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს ქ------- დ--------–---–ის სარჩელი სადავო ოქმისა და ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხეს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრება სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით და მასვე დაეკისრება წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის - 200 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ქ------- დ--------–---–ის სარჩელი მოპასუხე სსიპ „ს--–---–------------------------------ოს“ მიმართ 12.06.2018 წლის №0----/დ ბრძანების ნაწილის და სსიპ „ს--–---–------------------------------ოს“ 11.05.2018 წლის №2 სხდომის ოქმის ნაწილის ბათილად ცნობის მოთხოვნით დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ „ს--–---–------------------------------ოს“ 2018 წლის 12 ივნისის №0----/დ ბრძანება მოსარჩელე ქ------- დ--------–---–ისათვის საყვედურის გამოცხადებისა და შრომის ანაზღაურებიდან 30% ხელფასის დაკავების ნაწილში და მოპასუხე სსიპ „ს--–---–------------------------------ოს“ დაევალოს ქ------- დ--------–---–ის აუნაზღაუროს უკანონოდ დაკავებული 345 ლარი;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ „ს--–---–------------------------------ოს“ დირექტორის 2012 წლის 11 მაისის №0-----/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 11 მაისის №2 სხდომის ოქმი, ქ------- დ--------–---–ისათვის საყვედურის გამოცხადებისა და შრომის ანაზღაურებიდან 30% ხელფასის დაკავების ნაწილში.

 

2. მოპასუხე სსიპ „ს--–---–------------------------------ოს“ ქ------- დ--------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

3. მოპასუხე სსიპ „ს--–---–------------------------------ოს“ ქ------- დ--------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურების გაწევისთვის გაღებული ხარჯი, 200 ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით, განმცხადებლისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია გიგაური