გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/24089-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი - ხათუნა ბუცხრიკიძე
მოსარჩელე - გ------- ლ----ე
წარმომადგენელი - ლ----------ი კ--------ე
მოპასუხე - სს ,,მ---- ჯ-------"
წარმომადგენელი - ნ---- გ--------ე
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს მ--- ბ-------ის მიერ 09.07.2018 წელს გაცემულ N 1-------- სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლო შემცირდეს 1484 აშშ დოლარიდან 75 აშშ დოლარამდე, ძირი თანხა - 10432,72 აშშ დოლარიდან შემცირდეს 7432,72 აშშ დოლარამდე, მოვალე მთლიანად გათავისუფლდეს პროცენტის გადახდისაგან.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2016 წლის 20 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ ისესხა 11 000 აშშ დოლარი 8 წლის ვადით, წლიური 27%-ის დარიცხვით. პირგასამტეხლო განისაზღვრა 2%-ით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოვალის კუთვნილი უძრავი ქონება. მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო ვალდებულების შესრულება, რის გამოც, მოპასუხის სასარგებლოდ ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად მოსარჩელეს გადასახდელად დაეკისრა სესხის ძირი თანხა 10 432,73 აშშ დოლარი, პროცენტი - 1432,75 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 1484,06 აშშ დოლარი. მოსარჩელეს სესხზე გადახდილი აქვს 5565 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი მაღალია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელემ ჯამში გადაიხადა 5757 აშშ დოლარი, საიდანაც დაიფარა პირგასამტეხლო 1423,15 აშშ დოლარი, პროცენტი - 3766,58 აშშ დოლარი და ძირითად თანხას გამოაკლდა 567,27 აშშ დოლარი. მოსარჩელე სესხს არ იხდიდა შეთანხმებული გრაფიკით. იყო თვეები, როცა მას საერთოდ არ შემოჰქონდა თანხა, რის გამოც ერიცხებოდა ჯარიმა და გროვდებოდა საპროცენტო სარგებელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 20.09.2016 წელს სს „ჯ-------ს“ (გამსესხებელი, მოპასუხე) და გ------- ლ----ეს (მოვალე, მოსარჩელე) შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ ისესხა 11 000 აშშ დოლარი 8 წლის ვადით, წლიური 27%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოვალის კუთვნილი უძრავი ქონება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგამსატეხლო ვადაგადაცილებული ძირითადი და/ან სარგებლის თანხის 2%-ის ოდენობით.
ხელშეკრულების 4.6 პუნქტის თანახმად, კრედიტის სრული ან ნაწილობრივი დაფარვის შემთხვევაში დავალიანება იფარება შემდეგი რიგითობით: პირგასამტეხლო, დარიცხული პროცენტი, ძირითადი თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
3.1.2. მოსარჩელემ ჯამში გადაიხადა 5757 აშშ დოლარი, საიდანაც დაიფარა პირგასამტეხლო 1423,15 აშშ დოლარი, პროცენტი - 3766,58 აშშ დოლარი და ძირითად თანხას გამოაკლდა 567,27 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ამონაწერი მოსარჩელის ანგარიშიდან.
3.1.3. მოვალემ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, რის გამოც ნოტარიუს მ--- ბ-------ის მიერ 09.07.2018 წელს გაიცა N 1-------- სააღსრულებო ფურცელი. აღსასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა 10 432,73 აშშ დოლარი, პროცენტი - 1432,75 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 1484,06 აშშ დოლარი, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 124,36 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სააღსრულებო ფურცელი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 319-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ 8 წლის ვადით ისესხა 11 000 აშშ დოლარი, წლიური 27%-ის დარიცხვით.
მოსარჩელე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ პროცენტი იყო მაღალი და მიიჩნევს, რომ მის მიერ გადახდილი თანხიდან სესხის ძირითად თანხას უნდა გამოაკლდეს 3000 აშშ დოლარი, ასევე, ის უნდა გათავისუფლდეს სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პროცენტის გადახდისაგან.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
აღნიშნული ნორმა განამტკიცებს სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპს, რომლის საფუძველზე, მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება ან გაითვალისწინონ ხელშეკრულების ნებისმიერი პირობა, რომელიც კანონით არ არის პირდაპირ გათვალისწინებული, მაგრამ კანონს არ ეწინააღმდეგება.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებმა განსაზღვრეს სესხის ხელშეკრულების პირობები, მათ შორის საპროცენტო სარგებელი და მოსარჩელე ხელშეკრულების აღნიშნულ პირობას დაეთანხმა.
სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი ანიჭებს მხარეებს უფლებამოსილებას, თავად განსაზღვრონ სესხის სარგებელი, კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური ზღვარის ფარგლებში.
ხელშეკრულების დადების დროისათვის მოქმედი რედაქციით, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენდა, რომ სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100 პროცენტზე მაღალი არ უნდა ყოფილიყო.
განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებელი კანონით დადგენილ ზღვარს არ აღემატება, ამდენად, მხარის მითითებას, რომ იგი ზედმეტად მაღალია, სასამართლო ვერ გაიზიარებს.
მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მოსარჩელემ ჯამში გადაიხადა 5757 აშშ დოლარი, საიდანაც დაიფარა პირგასამტეხლო 1423,15 აშშ დოლარი, პროცენტი - 3766,58 აშშ დოლარი და ძირითად თანხას გამოაკლდა 567,27 აშშ დოლარი.
დადგენილია ასევე, რომ ხელშეკრულებით მხარეები თავად შეთანხმდნენ გადახდილი თანხიდან დავალიანების დაფარვის რიგითობაზე, რასაც მოსარჩელე სადავოდ არ ხდის (იხ. 3.1.1 პუნქტი).
მოსარჩელეს არ მიუთითებია, რომ გარდა 5757 აშშ დოლარისა, ვალდებულების შესასრულებლად სხვა თანხაც გადაიხადა, ამდენად, მისი მოთხოვნა ძირის შემცირებისა და პროცენტის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დადგენილია, რომ ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული ძირითადი და/ან სარგებლის თანხის 2% (იხ. 3.1.1 პუნქტი).
სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოვალეს დაერიცხა პირგასამტეხლო 1484,06 აშშ დოლარი (იხ. 3.1.2 პუნქტი). მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს შემცირებას 75 აშშ დოლარამდე.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ №ას-536-512-2016).
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება (იხ. სუსგ №ას-536-512-2016).
სასამართლოს სწორედ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, უფლება აქვს დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (იხ.სუსგ №ას-833-799-2016).
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს გონივრულ და სამართლიან ოდენობამდე, იმგვარად, რომ არ დაიკარგოს მისი დანიშნულება.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2% შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სააღსრულებო ფურცლით დარიცხული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 143,75 აშშ დოლარამდე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 11,75 ლარის გადახდა.
საქმეზე გამოყენებული იყო უზრუნველყოფის ღონისძიება და მოსარჩელემ გადაიხადა შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი, რომელიც მოპასუხემ უნდა აანაზღაუროს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
თბილისის საქალაქო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 აგვისტოს განჩინებით გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს მ--- ბ-------ის მიერ 09.07.2018 წელს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.
ვინაიდან სააღსრულებო ფურცელი სრულად არ გაუქმებულა, სარჩელი დაკმაყოფილდა მხოლოდ პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლიდან გამომდინარე, უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს და გაგრძელდეს დაწყებული სააღსრულებო წარმოება წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ცვლილებების შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ------- ლ----ის სარჩელი მოპასუხე სს „მ---- ჯ-------ს“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს მ--- ბ-------ის მიერ 09.07.2018 წელს გაცემულ N 1-------- სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლო განისაზღვროს 143,75 აშშ დოლარით.
3. დანარჩენ ნაწილში გ------- ლ----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. სს „მ---- ჯ-------ს“ გ------- ლ----ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 350 ლარიდან - 11,75 ლარის გადახდა, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა;
5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს მ--- ბ-------ის მიერ 09.07.2018 წელს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია