გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/7152-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
სა---------–--ს სახელით
11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - სს ,,სა---------–--------ი’’
წარმომადგენელი - და----------–---–ი
მოპასუხეები - მა---------–--ე, მა----------ე, თა--------------–--ე
მა---------–--ის წარმომადგენელი - მა-–--------–-----ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მა---------–--ესა და მა----------ეს სს ,,სა---------–--------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 113 487.80 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 87 753.27 აშშ დოლარი, პროცენტი - 13 130.78 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 12 603.75 აშშ დოლარი.
1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს თა--------------–--ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ქა-–---------–-----------------------–-–-–-–---–--------------------------------------. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს სს „სა---------–--------ის“ მიმართ არსებულ დავალიანებას, სარეალიზაციოდ მიექცეს მა---------–--ისა და მა----------ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2008 წლის 25 მარტს სს „სა---------–--------სა“ და მა---------–--ეს შორის გაფორმდა №გ-------4 საბანკო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს დაუმტკიცდა საკრედიტო ხაზი 170 000 აშშ დოლარზე. 360 თვით. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა საბანკო მომსახურების სხვადასხვა პირობები.
საბანკო მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, 2009 წლის 06 ოქტომბერს გაფორმდა №გ-------4-695644 საკრედიტო ხელშეკრულება 149 520 აშშ დოლარის თანხაზე, 72 თვით, წლიური 15.5%-ით და პირგასამტეხლოს დარიცხვით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. ამასთან, მართალია საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმდა 149 520 აშშ დოლარზე, თუმცა რეალურად მსესხებელმა გაიტანა 144 780 აშშ დოლარი. სესხი გაიცა 2009 წლის 08 ოქტომბერს.
საბანკო მომსახურების ხელშეკრულება უზრუნველყოფილ იქნა იპოთეკის ხელშეკრულებით და იპოთეკით დაიტვირთა თა--------------–--ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: თბ--–-------------------–-–-–-–---–--------------------------------------. ამასთან, ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ბანკის მოთხოვნებს, ბანკი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად და ჯეროვნად დაკმაყოფილების მიზნით.
ასევე, სს „სა---------–--------სა“ და მა----------ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მა----------ემ იკისრა სოლიდარული ვალდებულება მა---------–--ის მიერ საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ შესრულებაზე კრედიტის სახით გაცემული თანხის ორმაგი ოდენობით - 299 040 აშშ დოლარის ფარგლებში.
მა---------–--ის მიერ დარღვეულ იქნა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მის მიერ სესხზე ბოლო, სრულყოფილი გადახდა განხორციელდა 2016 წლის 01 ივნისს. ამასთან, მსესხებლის მიერ კრედიტით სარგებლობის პერიოდშიც ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკის, ხელშეკრულების ვადებისა და პირობების დარღვევაში.
შესაბამისად, სარჩელის შემოტანის მომენტისათვის, მა---------–--ის დავალიანება სს „სა---------–--------ის“ მიმართ შეადგენს - 113 487.80 აშშ დოლარს, საიდანაც 87 753.27 აშშ დოლარი არის დავალიანების ძირი თანხა, 13 130.78 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი და 12 603.75 აშშ დოლარი პირგასამტეხლო. სესხზე სარგებელი და პირგასამტეხლო დარიცხულია ბოლო გადახდის განხორციელების მომდევნო თვიდან - 2016 წლის ივლისიდან.
მოპასუხეებს გაეგზავნათ შეტყობინება დავალიანების შესახებ და მიეცათ გონივრული ვადა დავალიანების დასაფარად, თუმცა მათთვის შეტყობინების ჩაბარება ვერ მოხერხდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა მა---------–--ემ, მა----------ემ და თა--------------–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს ნაწილობრივ და განმარტეს, რომ პირველ სასარჩელო მოთხოვნაში წარმოდგენილი თანხების ოდენობა გაურკვეველია, ვინაიდან მსესხებელს იმაზე ბევრად მეტი აქვს გადახდილი საპროცენტო სარგებლის სახით, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. ასევე, პირგასამტეხლოს ოდენობაც საკმაოდ სოლიდურია და უნდა შემცირდეს.
ამას გარდა, მოპასუხე მა---------–--ის წარმომადგენელმა მა-–--------–-----მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებელს საპროცენტო სარგებლის სახით ჯამში უნდა გადაეხადა - 82 352.89 აშშ დოლარი. ეს არის საპროცენტო სარგებლის ოდენობა, რომელიც ბანკს უნდა მიეღო სესხის თანხის 72 თვის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში. ამდენად, ხელშეკრულებით გადასახდელ და მსესხებლის მიერ გადახდილ საპროცენტო სარგებელს შორის სხვაობა არის 37 697.91 აშშ დოლარი. შესაბამისად, გაუგებარია ბანკმა რის საფუძველზე მიიღო საპროცენტო სარგებელი - 120 050.80 აშშ დოლარის ოდენობით, რის გამოც აღნიშნული სხვაობა უნდა ჩაითვალოს მოპასუხის მიერ გადასახდელი ძირი თანხის ანგარიშში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2008 წლის 25 მარტს სს „სა---------–--------სა“ და მა---------–--ეს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №GA------4, რომლის საფუძველზეც მსესხებელს დაუმტკიცდა იპოთეკური კრედიტი (საკრედიტო ხაზი) შემდეგი პირობებით: თანხა - 170 000 აშშ დოლარი, ვადა - 360 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 10-22% (ხელშეკრულების 4.1. პუნქტი).
ხელშეკრულების 4.1.3. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულება არ წარმოშობს ბანკის ვალდებულებას უპირობოდ გასცეს შესაბამისი შემადგენელი იპოთეკური კრედიტები წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკრედიტო ხაზის მომსახურების მიზნით. შემადგენელ კრედიტებს კლიენტი მიიღებს ბანკის შეხედულებით, შესაბამისი პროექტის დამტკიცებისა და კონკრეტული საკრედიტო ხელშეკრულების დადებით, რომელიც მხარეთა შორის შეთანხმებულ დაფარვის გრაფიკთან ერთად თან დაერთვება წინამდებარე ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
ხელშეკრულების 4.1.6. პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულების 4.1. მუხლის შესაბამისად დადებულ შესაბამის იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებებზე და მათთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე სრულად გავრცელდება წინამდებარე ხელშეკრულების პირობები, თუკი ცალსახად არ იქნა განსაზღვრული ამგვარი კონკრეტული იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებით.
ხელშეკრულების 4.1.7. პუნქტის თანახმად, პროცენტის დარიცხვა თითოეულ იპოთეკურ კრედიტზე მოხდება შესაბამისი იპოთეკური კრედიტის გაცემის (კლიენტის შესაბამის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის) თარიღიდან ყოველდღიურად მის საბოლოო დაფარვამდე წელიწადში 365 დღის გათვალისწინებით შესაბამის საპროცენტო პერიოდში რეალურად არსებული დღეებისათვის.
ხელშეკრულების 3.5. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 25.03.2008წ. საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 15-19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.2. 25.03.2008წ. საბანკო მომსახურების შესახებ №GA------4 ხელშეკრულების ფარგლებში 2009 წლის 06 ოქტომბერს სს „სა---------–--------სა“ და მა---------–--ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური ხელშეკრულება №GA------4-695644, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 149 520 აშშ დოლარის ოდენობით შემდეგი პირობებით: კრედიტის მოქმედების ვადა - 72 თვე, წლიური საპროცენტო სარგებელი - 15.5%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. კრედიტის თანხა უნდა დაფარულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
ხელშეკრულების 1-ლი პუნქტის თანახმად, წინამდებარე იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება დადებულია საბანკო მომსახურების ხელშეკრულების №GA------4 4.1. მუხლის საფუძველზე, საკრედიტო ხაზის მომსახურების მიზნით და შესაბამისად მისი განუყოფელი და შემადგენელი ნაწილია.
უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ რეალურად მსესხებელმა სესხის სახით აითვისა - 144 780 აშშ დოლარი, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 149 520 აშშ დოლარისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 06.10.2009წ. საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება, კრედიტის დაფარვის გრაფიკი (იხ. ს.ფ. 20-22);
- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 48-68);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.3. მხარეთა შორის 25.03.2008წ. გაფორმებული №GA------4 საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2008 წლის 04 აპრილს სს „სა---------–--------სა“ და მა---------–--ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №GA------4-ბ, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა მა---------–--ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქა-–---------–-----------------------–-–-–-–---–--------------------------------------.
ხელშეკრულების 14.4. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნებს, იპოთეკარი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.
ხელშეკრულების 6.9. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
ზემოთ აღნიშნული უძრავი ქონება, დღეის მდგომარეობით, წარმოადგენს თა--------------–--ის საკუთრებას (ქა-–---------–-----------------------–-–-–-–---–--------------------------------------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 04.04.2008წ. იპოთეკის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 35-41);
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 42-45);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.4. მხარეთა შორის 25.03.2008წ. გაფორმებული №GA------4 საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებისა და 06.10.2009წ. გაფორმებული №GA------4-695644 საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2010 წლის 28 ოქტომბერს სს „სა---------–--------სა“ და მა----------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ, რომლითაც მა----------ემ იკისრა პასუხისმგებლობა ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიმართ წარმოშობილი ვალდებულებების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული თანხა განისაზღვრა - კრედიტის ძირითადი თანხის (149 520 აშშ დოლარი) ორმაგი ოდენობით, რაშიც შედის ძირითადი ვალი, საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო. ასევე, ბანკისათვის მიყენებული ზიანი და სასამართლო ხარჯები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 28.10.2010წ. დამატებითი წერილობითი განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 46-47);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.5. მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და სს „სა---------–--------ს“ შორის 2009 წლის 06 ოქტომბერს გაფორმებული №GA------4-695644 იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. კერძოდ, მის მიერ გრაფიკით დადგენილ ვადაში და წესით სრულად და ჯეროვნად არ იქნა გადახდილი სესხის ძირი თანხა და საპროცენტო სარგებელი. მის მიერ სესხზე ბოლო გადახდა განხორციელდა 2016 წლის 01 ივნისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 48-68);
- სესხის დაფარვის ამონაწერი (იხ. ს.ფ. 69-71);
- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ. 72);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.6. მსესხებლის მიერ №GA------4-695644 იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადახდილი თანხებიდან 57 026.73 აშშ დოლარით დაიფარა სესხის ძირი თანხა, 120 050.80 აშშ დოლარით - პროცენტი, ხოლო 13 294.37 აშშ დოლარით ჯარიმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის დაფარვის ამონაწერი (იხ. ს.ფ. 69-71);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.7. მოპასუხეებს გაეგზავნათ შეტყობინება სს „სა---------–--------ის“ მიმართ არსებული დავალიანების შესახებ, თუმცა მათთვის შეტყობინების ჩაბარება ვერ მოხერხდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შეტყობინებები და უკუგზავნილები (იხ. ს.ფ. 74-86);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ №GA------4-695644 სესხზე გადახდილი თანხებიდან - 37 697.91 აშშ დოლარი არასწორად არის ჩათვლილი პროცენტის ოდენობაში და ადგენს, რომ სს „სა---------–--------სა“ და მა---------–--ეს შორის 2009 წლის 06 ოქტომბერს გაფორმებული იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებელს სს „სა---------–--------ის“ მიმართ ერიცხება დავალიანება სესხის ძირი თანხის სახით - 87 753.27 აშშ დოლარის, ხოლო პროცენტის სახით - 13 130.78 აშშ დოლარის ოდენობით.
(დასაბუთება იხილეთ გადაწყვეტილების მე-6 ნაწილში)
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,სა---------–--------ის'' სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 417-418-ე, 420-ე, 867- 868-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე, მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2008 წლის 25 მარტს სს „სა---------–--------სა“ და მა---------–--ეს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს დაუმტკიცდა საკრედიტო ხაზი - 170 000 აშშ დოლარზე. ხოლო, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში 2009 წლის 06 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 149 520 აშშ დოლარის ოდენობით შემდეგი პირობებით: კრედიტის მოქმედების ვადა - 72 თვე, წლიური საპროცენტო სარგებელი - 15.5%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. კრედიტის თანხა უნდა დაფარულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ამასთან, განისაზღვრა, რომ იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება წარმოადგენს საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ და შემადგენელ ნაწილს და მასზე სრულად ვრცელდება საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ყველა პირობა.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. კერძოდ, მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
6.2. სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი, ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ხოლო, ამავე კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად, კი მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. შესაბამისად, სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო; ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: 1) მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; 2) ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; 3) ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე. (იხ. სუსგ. №ას-1701-1685-2011, 22 ოქტომბერი, 2012 წელი).
ამდენად, ზემოთ მითითებული წინაპირობები სახეზე უნდა იყოს კუმულატიურად იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტის დაკისრება.
ზემოთ აღნიშნული განმარტების შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა შემდეგი ფაქტობრივი მოცემულობა: 06.10.2009წ. იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებლის ოდენობა - 15.5%. ხოლო, 25.03.2008წ. საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 4.1.7. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროცენტის დარიცხვა თითოეულ იპოთეკურ კრედიტზე მოხდებოდა შესაბამისი იპოთეკური კრედიტის გაცემის თარიღიდან ყოველდღიურად მის საბოლოო დაფარვამდე წელიწადში 365 დღის გათვალისწინებით შესაბამის საპროცენტო პერიოდში რეალურად არსებული დღეებისათვის. სესხზე პროცენტის დაფარვა ხდებოდა ანუიტეტის წესით. ამასთან, აღნიშნული იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება წარმოადგენს საბანკო მომსახურების ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მასზე სრულად ვრცელდება საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების პირობები. ამდენად, მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმებულნი იყვნენ კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილებისათვის სსკ-ის 403-ე მუხლით გათვალისწინებულ პროცენტზე.
ამასთან, მსესხებლის მიერ დარღვეულია მასსა და სს „სა---------–--------ს“ შორის დადებული იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მსესხებელს ბანკის მიმართ გააჩნია ვადამოსული ფულადი ვალდებულებები, რომლის შესრულების ვადაც დარღვეულია. დადგენილია, ასევე რომ დღეის მდგომარეობით გასულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ხოლო მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადაშიც მსესხებლის მიერ თანხის გადახდა, ხშირ შემთხვევაში, ხორციელდებოდა ვადადარღვევით.
შესაბამისად, ვადადარღვევის პერიოდში მსესხებელს სესხზე ერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი ვადაგადაცილებისათვის, რამაც ძირითად საპროცენტო სარეგებლთან ერთად, 2016 წლის 15 ივლისის ჩათვლით ჯამში შეადგინა 120 050.80 აშშ დოლარი. მოსარჩელეს სესხზე დარიცხული პროცენტის დაანგარიშებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი აქვს მსესხებლის ამონაწერი პირადი ანგარიშიდან, ასევე წარმოდგენილია 06.10.2009წ. იპოთეკური კრედიტის დაფარვის ამონაწერი, სადაც დაანგარიშებული და მითითებულია მსესხებლის მიერ გადახდილი თანხების მიზნობრიობა და ოდენობა. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. ხოლო, გადახდილი თანხების დაანგარიშებასთან დაკავშირებით მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება არ წარმოადგენს სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ სა---------–--ს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამასთან, სა---------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა შეგროვების წესი და დაადგინა, რომ მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამდენად, მხარის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოების დასადასტურებლად საჭირო მტკიცებულების შერჩევა და წარმოდგენა მხარის არა მხოლოდ უფლება, არამედ საპროცესო მოვალეობაცაა. სწორედ აღნიშნული მოვალეობის სამართლებრივად სწორად შესრულებაზეა დამოკიდებული დავის საბოლოო ბედი.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე სადავოდ ხდიდა იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული და მის მიერ გადახდილი პროცენტის ოდენობას - 37 697.91 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა მოპასუხეს მოსარჩელის პოზიციისა და ზემოთ მითითებული განმარტებების საწინააღმდეგოდ არ წარმოუდგენია სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი სათანადო და კვალიფიციური მტკიცებულება.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ გადახდილი საპროცენტო სარგებელი - 120 050.80 აშშ დოლარის ოდენობით წარმოადგენს სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით განსაზღვრულ საპროცენტო სარგებელსა და 403-ე მუხლით გათვალისწინებულ პროცენტს ვადაგადაცილებისათვის.
შესაბამისად, მოპასუხის პოზიცია მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის ნაწილის - 37 697.91 აშშ დოლარის მიზნობრიობასთან დაკავშირებით უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 361 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და სს „სა---------–--------ს“ შორის 06.10.2009წ. იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებები. კერძოდ, მოპასუხის მიერ არ არის გადახდილი საკრედიტო თანხა და მასზე რიცხული სარგებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებითა და ვადებში. ამასთან, ხელშეკრულების 4.1.7. პუნქტის თანახმად, პროცენტის დარიცხვა თითოეულ იპოთეკურ კრედიტზე მოხდება შესაბამისი იპოთეკური კრედიტის გაცემის თარიღიდან ყოველდღიურად მის საბოლოო დაფარვამდე წელიწადში 365 დღის გათვალისწინებით შესაბამისად საპროცენტო პერიოდში რეალურად არსებული დღეებისათვის.
შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის სესხის ძირი თანხისა და პროცენტის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
2009 წლის 06 ოქტომბერს სს „სა---------–--------სა“ და მა---------–--ეს შორის გაფორმებული იპოთეკური ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:
სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.
ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა და მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 2000 აშშ დოლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 12 603.75 აშშ დოლარისა.
6.4. სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლით, კი თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
თავდებობის ხელშეკრულება ცალმხრივია და კრედიტორს მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თავდების მიმართაც. ამიტომ თავდებობის ხელშეკრულებაში თავდები შეიძლება გამოდიოდეს მოვალის როლშიც. მას ძირითად მოვალესთან ერთად ეკისრება პასუხისმგებლობა ამ უკანასკნელის მიერ ნაკისრი ვალდებულებისათვის. თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა, რომ იგი მიიღოს კრედიტორმა და დარწმუნდეს, რომ ამ დოკუმენტში გამოხატული ნება ნამდვილად გამომდინარეობს ხელშეკრულების მხარისაგან. თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, ასევე საჭიროა თავდებობის დოკუმენტში თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2008 წლის 25 მარტს გაფორმებული №GA------4 საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებისა და 2009 წლის 06 ოქტომბერს გაფორმებული საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულების №GA------4-695644 უზრუნველყოფის მიზნით, 2010 წლის 28 ოქტომბერს სს „სა---------–--------სა“ და მა----------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ, რომლითაც მა----------ემ ბანკის წინაშე იკისრა პასუხისმგებლობა ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული თანხა განისაზღვრა - კრედიტის ძირითადი თანხის (149 520 აშშ დოლარი) ორმაგი ოდენობით რაშიც შედის ძირითადი ვალი, საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო. ასევე, ბანკისათვის მიყენებული ზიანი და სასამართლო ხარჯები.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მა----------ე (თავდები პირები) ძირითად მსესხებელთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს მოსარჩელის წინაშე და ვალდებულია სოლიდარულად გადაიხადოს სს „სა---------–--------ის“ მიმართ არსებული დავალიანება.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 1-ლი და 11 ნაწილების თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
იპოთეკა სანივთო-სამართლებრივი უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიებაა და ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულების რისკის პრევენციას ახდენს. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისას იპოთეკა იკავებს შესრულების ადგილს და კრედიტორს უზრუნველყოფის საშუალების მეშვეობით თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას აძლევს. ე.ი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის კრედიტორს, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, უფლებამოსილება ენიჭება, სხვა კრედიტორებთან შედარებით, პირველ რიგში დაიკმაყოფილოს მოთხოვნა ნივთის რეალიზაციის გზით. ამასთან, კანონმდებლის მიერ დადგენილია შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება თუნდაც მაშინ, როდესაც იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა საკმარისი არ არის ამ მოთხოვნის დასაფარად, თუკი კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მითითებული ნორმა მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, წინასწარ შეთანხმდნენ სტანდარტულ წესზე. კერძოდ, იმ საკითხზე, რომ რეალიზაციიდან ამონაგები თანხის ნაკლებობისას მოთხოვნის უფლება არ გაუქმდება. ამდენად, მითითებული ნორმა ითვალისწინებს შესაძლებლობას, მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხასა და მოთხოვნის ოდენობას შორის მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2008 წლის 25 იანვარს გაფორმებული №GA------4 საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2008 წლის 04 აპრილს სს „სა---------–--------სა“ და მა---------–--ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №GA------4-ბ, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა მა---------–--ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქა-–---------–-----------------------–-–-–-–---–--------------------------------------. აღნიშნული ხელშეკრულების 14.4. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნებს, იპოთეკარი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით. დღეის მდგომარეობით, ზემოთ აღნიშნული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება წარმოადგენს თა--------------–--ის საკუთრებას. დადგენილია, ასევე, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „სა---------–--------ის“ მოთხოვნა არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით, თა--------------–--ის საკუთრებაში არსებული ზემოთ დასახელებული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევისა და ამოღებული თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში აღსრულების მა---------–--ისა და მა----------ის ქონებაზე მიქცევის თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.6. მოსარჩელემ იშუამდგომლა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, რაც უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სა---------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში შეთანხმებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებებზე ხელისმოწერით მხარეებმა გამოხატეს ნება მათ შორის დავის გადაწყვეტის დროს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე. შესაბამისად, მოსარჩელის შუამდგომლობა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სა---------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი იმავე სხდომაზე არ განიხილება, მაშინ სასამართლო ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც აცნობებს მხარეებს. მხარეების გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი განხილულ იქნა იმავე სასამართლო სხდომაზე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილ იქნა - 5000 ლარი.
სა---------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამდენად, მოპასუხეებს - მა---------–--ეს, მა----------ესა და თა--------------–--ეს მოსარჩელე სს „სა---------–--------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხა - 4533 ლარის ოდენობით, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის (დავის საგნის 90.66%) პროპორციულად, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა სა---------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე-364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,სა---------–--------ის” სარჩელი მოპასუხეების - მა---------–--ის, მა----------ისა და თა--------------–--ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხეებს - მა---------–--ესა და მა----------ეს სს „სა---------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 102 884.05 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 87 753.27 აშშ დოლარი, პროცენტი - 13 130.78 აშშ დოლარი, ჯარიმა - 2000 აშშ დოლარი.
1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს თა--------------–--ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე - ქ--–---------–-----------------------------–-–-–-–---–------------------------------------–---------------, ს/კ 01.10.17.0--.0--.01.1--. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს სს „სა---------–--------ის“ მიმართ არსებულ დავალიანებას, სარეალიზაციოდ მიექცეს მა---------–--ისა და მა----------ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება.
2. მოპასუხეებს - მა---------–--ეს, მა----------ესა და თა--------------–--ეს სს „სა---------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 4 533 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე