განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100118002608474
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/220-18 29 ოქტომბერი 2018 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N024240818001)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: თამთა როყვა
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ნინო პაპაშვილი
ბრალდებული: ლევანი სელიმაშვილი
მამის სახელი: მირმანი
დაბადებული: 1----–-–----------–---
პირადი ნომერი: 15001026061
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: ნასამართლობის ამქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დმანისი, სოფელი დიდი დმანისი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 . ლევან სელიმაშვილს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე, დმანისის რაიონის სოფელ დიდ დმანისში მდებარე მირმან სელიმაშვილის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ლევან სელიმაშვილსა და ლუბა სელიმაშვილს შორის მომხდარი შელაპარაკებისას, ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა შვილმა- ლევან სელიმაშვილმა, ხელი დაარტყა სახის არეში 83 წლის დაუძლურებულ დედას- ლუბა სელიმაშვილს, რის გამოც ლუბა სელიმაშვილმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ხელის დარტყმის შედეგად ლუბა სელიმაშვილი დავარდა ძირს მარჯვენა მკლავითა და მხრით, რა დროსაც ასევე განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ლევან სელიმაშვილის დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია - ლუბა სელიმაშვილი, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია - მირმან სელიმაშვილი.
შესაბამისად, დადგენილია რომ დაზარალებული ლუბა სელიმაშვილი არის ბრალდებულ ლევან სელიმაშვილის დედა და ისინი წარმოადგენენ ერთი ოჯახის წევრებს.
დაზარალებულ ლუბა სელიმაშვილის გამოკითხვის ოქმით დგინდება რომ 2018 წლის 22 აგვისტოს საღამოს, იმყოფებოდა სახლში მეუღლესთან-მირმან სელიმაშვილთან ერთად, რა დროსაც სახლში დაბრუნდა მათი ვაჟი ლევან სელიმაშვილი, რომელიც იყო მთვრალი. მას, მამასთან სასმელთან დაკავშირებით მოვიდა შელაპარაკება, რა დროსაც ლევანმა მირმან სელიმაშვილს შეასხა არაყი სახეში. აღნიშნულის გამო დაზარლებულმა ლუბა სელიმაშვილმა თავის ვაჟს ლევანს მისცა შენიშვნა, რაზეც გაღიზიანებულმა ლევანმა ლუბა სელიმაშვილს მოუქნია მარჯვენა ხელი და გაარტყა მარჯვნივ სახის არეში ლოყასთან და თვალთან, რა დროსაც ლუბა სელიმაშვილმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. დარტყმა იყო ძლიერი და დაზრალებული დაეცა ძირს, დაცემისას მან მარჯვენა მკლავი იდაყვის არეში დარტყა იატაკს (ბეტონის) და ასევე მხარი დაარტყა მარჯვენა მხარეს. დაზარლებულმა ამ შემთხვევაშიც განიცადა ფიზიკური ტკივილი მკლავის და მხარის არეში.
დაზარლებულ ლუბა სელიმაშვილის ჩვენება შესაბამისობაშია მოწმის სახით გამოკითხულ მირმან სელიმაშვილის ჩვენებასთნ.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულ ლევან სელიმაშვილის განმარტებით, დედის-ლუბა სელიმაშვილისათვის სახეში არ ჩაურტყამს, ხელი ჰკრა ჯოხზე. შესაბამისად, იგი არ ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებულ ლუბა სელიმაშვილის, იასამანი ქოჩიაშვილის, მირმან სელიმაშვილის, სვეტლანა ოკმელაშვილის გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 25 აგვისტოს დათვალიერების ოქმით, ლუბა სელიმაშვილის სამედიცინო ბარათით, შემაკავებელი ორდერით N007767, სამედიცინო ექსპერტიზის N006454618 დასკვნით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ლევან სელიმაშვილმა დედის - ლუბა სელიმაშვილის მიმართ განახორციელა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვალის განაჩენით ლევან სელიმაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1(ერთი) წელი.
ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 27 აგვისტოს წერილის თანახმად, ლევან სელიმაშვილი ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე იმყოფება 29.03.2018 წლიდან, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 23.02.2018 წლის განაჩენის საფუძველზე. ლევან სელიმაშვილის გამოსაცდელი ვადის დასაწყისია 23.02.2018 წელი, ხოლო გამოსაცდელი ვადის დასასრულია 23.02.2019 წელი.
შესაბამისად, 2018 წლის 22 აგვისტოს (დანაშაულის ჩადენის დროს), ლევან სელიმაშვილი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში და წარმოადგენდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევ პირს.
საქართველოს სსკ-ის 15-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დამაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. შესაბამისად ლევან სელიმაშვილმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი არაერთგზის.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ლევან სელიმაშვილის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ლევან სელიმაშვილის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ლევან სელიმაშვილმა ლუბა სელიმაშვილის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების ხასიათს, დაზარალებულის ასაკს და მიიჩნევს, რომ ლევან სელიმაშვილს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. ლევან სელიმაშვილს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად უნდა გაუქმდება ლევან სელიმაშვილის მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 1(ერთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელმა უნდა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს და საბოლოოდ ლევან სელიმაშვილს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლევან სელიმაშვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად გაუქმდეს ლევან სელიმაშვილის მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 1(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ლევან სელიმაშვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
ლევან სელიმაშვილს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 25 აგვისტოდან.
ლევან სელიმაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე