გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.10.2018
საქმის ნომერი
010210017001847737
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210017001847737

№2/767-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31.10.2018 წელი ქ.ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ინდირა მაშანეიშვილი

სხდომის მდივანი - ლანა ძაგნიძე

მოსარჩელე - გ--–--ა კ-----–---ა

მოპასუხე - მ-----ა ს--------–--ე, ქ------ნ ა-------–--ე

წარმომადგენლები - ჯ-----------------–-–---–ი, ი-----------–--ე

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებისათვის მ-----ა ს--------–--ისა და ქ------ნ ა-------–--ისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება 1270.62 ლარის ოდენობით, მოსარჩელე გ--–--ა კ-----–---ას სასარგებლოდ.

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ცხოვრობს მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში. მის საცხოვრებელი ბინის ზემოთ ცხოვრობენ მოსარჩელეები მ-----ა ს--------–--ე და ქ------ნ ა-------–--ე, რომელთა ბინიდან, წყალგაყვანილობის სისტემის გაუმართავობის გამო, წლების მანძილზე ჩამოდის წყალი, რაც იწვევს მისი კუთვნილი ბინის დაზიანებას.

 

მოპასუხეების ბრალეული ქმედების შედეგად, ბინის დაზიანებით მოსარჩელისათვის მიყენებულმა ზიანმა ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, შეადგინა 1270.62 ლარი, რომლის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა სარჩელის მოთხოვნა არ ცნეს.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე გ--–--ა კ-----–---ა 1992 წლიდან ცხოვრობს ქალაქ ბათუმში, ტ-----ს შესახვევის #--ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე, ბინა #---ში. გ--–--ა კ-----–---ას მეზობლად, მე-6 სართულზე, ბინა #---ში (გ--–--ა კ-----–---ას ბინის ზემოთ) ცხოვრობდნენ მოპასუხეები მ-----ა ს--------–--ე და ქ------ნ ა-------–--ე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ბინის პრივატიზაციის მასალები;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონულ ექსპერტიზის დეპარტამენტის საინჟინრო, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის განყოფილების მიერ გაცემული, 30.11.2017 წლის #006946717 დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევი ობიექტის - გ--–--ა კ-----–---ას კუთვნილი, ქალაქ ბათუმში, ტ-----ს შესახვევის #--ში მდებარე ბინა #---ის კვლევით შეიმჩნევა წყლის ჩამოდინების კვალი ზედა სართულიდან და წყლის ჩამოსვლით მიყენებული დაზიანებები სამზარეულოს, სანკვანძის, კორიდორისა და საძინებელ ოთახებში. უშუალოდ #-- ბინის ზემოთ მდებარე ბინა #---ის ვიზუალური დათვალიერებით კი დადგინდა, რომ ბინაში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, მათ შორის სანტექნიკური გაყვანილობის - წყლისა და საკანალიზაციო სისტემის შიდა გაყვანილობის საშემკეთებლო სამუშაოები. წყლისა და საკანალიზაციო სისტემის შეკეთების სამუშაოების დაწყებამდე ხდებოდა წყლის გაჟონვა სისტემიდან და ქვედა სართულზე მდებარე გ--–--ა კიროლოვას ბინაში წყლის ჩასვლით ჭერისა და კედლების დაზიანება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 30.11.2017 წლის #006946717 ექსპერტიზის დასკვნა;

 

3.2.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონულ ექსპერტიზის დეპარტამენტის საინჟინრო, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის განყოფილების მიერ გაცემული, 12.01.2017 წლის #000959517 დასკვნის თანახმად, ქალაქ ბათუმში, ტ-----ს შესახვევის #--ში მდებარე ბინა #---ში წყლის ჩასვლის შედეგად გამოწვეული ზიანის სარემონტო სარეკონსტრუქციო სამუშაოების საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 1270.62 ლარს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 12.01.2017 წლის #000959517 ექსპერტიზის დასკვნა;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმებით დადგენილია მხარეთა ვალდებულება, სათანადო მტკიცებულებით უზრუნველყონ მათ მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა და წარმოდგენილი წერილობითი მასალებით, მათ შორის, საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით, საინჟინრო და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებით, დასტურდება, რომ მოპასუხეთა თანასაკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში დამონტაჟებული წყალგაყვანილობის სისტემის გაუმართავობის გამო, წყალი ჩაედინებოდა მოსარჩელე გ--–--ა კ-----–---ას საცხოვრებელ ბინაში, რაც იწვევდა მოსარჩელის კუთვნილ ბინაში ჭერისა და კედლების დაზიანებას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ მოპასუხე მხარეს არსებითი შედავება არ განუხორციელებია და არც საწინააღმდეგო მტკიცებულება წარმოუდგენია.

 

მხარეთა განმარტებებითა და შსს შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული მიმართვებით ასევე უდავოდ დასტურდება ის გარემოება, რომ გ--–--ა კ-----–---ა წლების მანძილზე სთხოვდა მოპასუხეებს შეეკეთებინათ დაზიანებული წყალგაყვანილობის სისტემა და აღეკვეთათ მათი კუთვნილი ბინიდან გ--–--ა კ-----–---ას ბინაში წყლის ჩაშვება.

 

ამდენად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ--–--ა კ-----–---ას საცხოვრებელ ბინაში ჭერისა და კედლების დაზიანებაგამოწვეულია მოპასუხეების მ-----ა ს--------–--ისა და ქ------ნ ა-------–--ის ბრალეული (გაუფრთხილებელი) ქმედებით. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, მიყენებული ზიანის ოდენობა განსაზღვრულია 1270.62 ლარით, რის საწინააღმდეგოდაც მოპასუხე მხარის მიერ რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვის წარმოდგენილი არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 174-ე, 992-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, რაც გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას).

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეთა გაუფრთხილებელი (დაუდევარი) ქმედების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

ამავე კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სკ-ის 174-ე მუხლის არ არის დეკლარაციული ხასიათის და საკუთრების უფლების აბსოლუტური შინაარსის მიუხედავად, ის გულისხმობს მესაკუთრეთა ვალდებულებას პატივი სცენ ერთმანეთის საკუთრებას - თავიანთი უფლებები გამოიყენონ ისე, რომ ამით სხვა პირს არ მიადგენს ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

აღნიშნული ნორმით დადგენილი დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, პირს ზიანის ანაზღაურება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით და არსებობს მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს (რეზულტატს) შორის და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დელიქტური ვალდებულება, ვინაიდან საქმიდან იკვეთება 992-ე მუხლით განსაზღვრული ოთხივე წინაპირობა.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეთა თანასაკუთრებაში არსებულ ბინაში დამონტაჟებული, დაზიანებული წყალგაყვანილობის სისტემიდან, მოპასუხეების გაუფრთხილებელი მოქმედების შედეგად, გ--–--ა კ-----–---ას კუთვნილ ბინაში ჟონავდა წყალი, რამაც გამოიწვია მოსარჩელის კუთვნილი ბინის ჭერისა და კედლების დაზიანება. ამდენად, სახეზეა მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც შედეგად მოჰყვა მოსარჩელის კუთვნილი ნივთის დაზიანება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომელთა გაბათილება მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო, უდავოდ დასტურდება მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. ამასთან, საქმეში არსებული ზიანის ოდენობის განმსაზღვრელი სათანადო მტკიცებულებებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 1270.62 ლარს.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, 1270.62 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1-ე მუხლის მიხედვით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55.1-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, დაკმაყოფილებული მოთხოვნის 1270.62 ლარის პროპორციულად მოპასუხეებს სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადახდეთ 50 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

გარდა ამისა, დადგენილია, რომ გ--–--ა კ-----–---ას მიერ გაწეული იქნა საპროცესო ხარჯები მტკიცებულებების - ექსპერტიზის დასკვნების მომზადებისათვის გადახდილი მოსაკრებლების სახით, ჯამში 250 ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე გ--–--ა კ-----–---ას სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების მ-----ა ს--------–--ისა და ქ------ნ ა-------–--ის მიმართ.

 

1.1. მოპასუხეებს მ-----ა ს--------–--ესა და ქეთვან ა-------–--ეს მოსარჩელე გ--–--ა კ-----–---ას სასარგებლოდ დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება 1270.62 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხეებს მ-----ა ს--------–--ესა და ქ------ნ ა-------–--ეს მოსარჩელე გ--–--ა კ-----–---ას სასარგებლოდ დაეკისროთ საპროცესო ხარჯების ანაზღაურება 250 ლარის ოდენობით.

 

3. მოპასუხეებს მ-----ა ს--------–--ესა და ქ------ნ ა-------–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილებაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი