გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.10.2018
საქმის ნომერი
330310118002321263
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1152-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე- ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი-გვანცა ჩალიგავა

 

მოსარჩელეები - შპს,, გ------------------------------–-–--------–--------

წარმომადგენელი - ტ------–--------

მოპასუხე- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი-ი--------------------

მესამე პირი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო(ასკ 16.2 მუხლი)

წარმომადგენელი - მ----------–----

დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 თებერვლის №-------------03 გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-13).

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 თებერვლის №-------------03 გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’(იხ.სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-13).

 

მოსარჩელის განმარტებით, ათ წელზე მეტია ფლობს მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთების მომიჯნავე, აქამდე დაურეგისტრირებელ მიწას, რომელიც თავის დროზე იყო ნაგავსაყრელი ხევი, აღნიშნული ნაკვეთი მათი ძალებით გაიწმინდა, გატანილი იქნა რამოდენიმე ათეული ავტომანქანა სხვადასხვა სახის ნარჩენები, მოეწყო დასვენების ზონა სადაც დღეისთვის მოწყობილია შიდა გზები და განთავსებული აქვთ ხე მცენარეები, ნარგავები, ყვავილები და სხვადასხვა დამხმარე ნაგებობები. აღნიშნული ფართი მოქცეულია საწარმოს ერთიან საზღვრებში და შემოფარგლულია კაპიტალური ღობით.

 

2018წლის 14 თებერვალს, კომპანიის ტერიტორიაზე მივიდნენ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ დავალებული აქვთ აზომონ მოსარჩელის მიწის ნაკვეთებს შორის არსებული ტერიტორია და შემდგომ დაარეგისტრირონ იგი სახელმწიფო საკუთრებაში. მოსარჩელის განმარტებით აღნიშნულ პირებს აუხსნეს ვითარება, რომ ამ ნაკვეთების სახელწიფო საკუთრებაში დარეგისტრირების შემთხვევაში ვეღარ მოახდენდნენ დაკანონებას მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების, სადაც განთავსებული აქვთ ძვირადღირებული შენობა-ნაგებობები, აღნიშნულიდან გამომდინარე არ მისცეს უფლება აზომვითი სამუშაოების შესრულების საშუალება. მათ განაცხადეს, რომ აზომვითი ნახაზების აზომვის გარეშეც გააკეთებდნენ და ისე წავიდნენ, რომ არანაირი აზომვები არ განუხორციელებიათ.

 

მოსარჩელის განმარტებით, ორიოდე დღეში მათთვის ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის 16 თებერვალს ეკონომიკის სამინისტრომ სარეგისტრაციოდ შეიტანა №------------ და №------------ განაცხადები, რომელთაც თან ერთვის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის №----------------- და საქართველოს მთავრობის 2016წლის 8 აგვისტოს №--- დადგენილებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესის მოთხოვნათა სრული იგნორირებით შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზები, რომლებიც არანაირად არ ასახავს რეალობას. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოთხოვნით არ განეხორციელებინა შესაბამისი რეგისტრაციები, თუმცა მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს სახელზე დაარეგისტრირა უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №81.08.16.8-- და №81.08.16.8---

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და ითხოვს მათ ბათილად ცნობას.

 

2. მხარეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მესამე პირის პოზიცია

 

2.2.1. მესამე პირს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, წერილობით ფორმით შესაგებელი მოსარჩელე შპს ,,------------ის’’ მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირის წარმომადგენელმა კი სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ს------–----------–--–--- მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.08.16.3--- დაზუსტებული ფართობი: 2000.00 კვ.მ მეტრი, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 394,24 სხვა ფართი:შენობა-ნაგებობა, შიდა ფართობი- 376.96 კვ.მეტრი, საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს ,,------------ის’’ სახელზე.

 

საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ს------–----------–--–--- მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.08.00.7--- დაზუსტებული ფართობი:1500.00 კვ.მეტრი, საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს ,,------------ის“ სახელზე.

 

საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 29 დეკემბრის მდგომაროებით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ს------–----------–--–--- მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.08.16.4--- დაზუსტებული ფართობი:4481.00 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 81.08.16.3--- 81.08.16.3--- 81.08.16.4--; 81.08.16.3---81.08.16.376 . 81.08.16.4--; სხვა ფართი;2(ორი) ერთეული შენობა ნაგებობა, №1-სათბური;საერთო ფართი-1500 კვ.მეტრი, №2- ადმინისტრაციული შენობა საერთო ფართით-1500 კვ.მეტრი, №2 ადმინისტრაციული შენობა საერთო ფართით-244,20 კვ.მეტრი, საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს,,------------ის“ სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 25/12/2014წელი(ს.ფ.17)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 25/12/2014წელი(ს.ფ.18)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 29/12/2014წელი(ს.ფ.16)

 

3.1.2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის №------- ბრძანებით დადგინდა, რომ უძრავ ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიემართოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს(შემდეგში ,,საჯარო რეესტრი’’), საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24ოქტომბრის №--- დადგენილების შესაბამისად განახორციელოს დანართ №1-ში მითითებულ უძრავ ნივთზე(ქ.თბილისი, ს--------------–--–--- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 3520 კვ.მეტრი და 9982 კვ.მეტრი) სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15თებერვლის ბრძანება N1/1-350 ,,უძრავ ნივთებზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ“ (ს.ფ. 21-22)

 

3.1.3. 2018 წლის 15 თებერვალს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ №------------ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოეხდინათ სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ს------–----------–--–--(9982 კვ.მეტრი) არასასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 16 თებერვალს მიღებული იქნა გ----–-------–--------------------- ,,რეგისტრაციის შესახებ’’, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადება დაკმაყოფილდა და უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ს------–----------–--–--- ფართი-9982 კვ.მეტრი, განხორციელდა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ს------–----------–--–--- მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.08.16.8--, დაზუსტებული ფართობი: 9982.00 კვ.მეტრი, საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15თებერვლის განცხადება(ს.ფ. 117)

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 თებერვლის გ----–-------–--------------------- ,,რეგისტრაციის შესახებ’’(ს.ფ. 19)

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი:16/02/2018(ს.ფ. 23)

 

3.1.4. 2018 წლის 15 თებერვალს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ №------------ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოეხდინათ სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი,ს------–----------–--–--(3520 კვ.მეტრი) არასასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 19 თებერვალს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №-------------03 ,,რეგისტრაციის შესახებ’’, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადება დაკმაყოფილდა და უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ს------–----------–--–--- ფართი-3520 კვ.მეტრი, განხორციელდა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 19 თებერვლის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ს------–----------–--–--- მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.08.16.8--- დაზუსტებული ფართობი: 3520.00 კვ.მეტრი, საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15თებერვლის განცხადება( ს.ფ. 126)

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება №-------------03 ,,რეგისტრაციის შესახებ’’(ს.ფ. 20)

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი:16902/2018(ს.ფ. 24)

 

3.1.5. 2018 წლის 16 თებერვალს, შპს ,,------------ის“ დირექტორმა ლ-–--------–------ემ განცახადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ უკანონოდ მოთხოვნილი რეგისტრაციის(განცხადება№------------ და განცხადება №8920181303301) გაუქმება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,------------ის“ დირექტორის ლ-–--------–------ის 2018 წლის 16თებერვლის განცხადება(ს.ფ. 25-27)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა(მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა მის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,------------ის’’ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება N892018130301-03 ,,რეგისტრაციის შესახებ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება N892018130285-03 „რეგისტრაციის შესახებ“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „????????? ???????“ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრაციის განხორციელებისათვის დაინტერესებულ პირს წარმოადგენდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელმაც 2018 წლის 15 თებერვალს №------------ განცხადებით და 2018 წლის 15 თებერვალს №------------ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოეხდინათ სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ს------–----------–--–-- 3520კვ.მეტრ და 9982 კვ.მეტრ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული განცხადების საფუძველზე იქნა დაწყებული მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციო წარმოება.

 

6.3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქცია, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს(შემდგომში – სააგენტოს) მიერ საჯარო რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის წესებსა და პირობებს, წარმოებაში მონაწილე მხარეებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს. ინსტრუქციის 14-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის მიზნებისათვის მიწის ნაკვეთი არის გეომეტრიული ერთიანობის მქონე ტერიტორია(დაზუსტებული ან დაუზუსტებელი), რომელიც მოქცეულია საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ერთიან უფლებრივ სივრცეში ან არსებობს მასზე უფლების ამგვარად რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება. მიწის ნაკვეთზე უფლება ვრცელდება ასევე მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა არ არის გათვალისწინებული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ- დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დასახელებულ ნორმაზე დაყრდნობით სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის N1/1-350 ბრძანება განიხილება იმ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად(სარეგისტრაციო დოკუმენტად), რომლის საფუძველზეც უძრავ ნივთზე წარმოიშობა საკუთრების რეგისტრაციის უფლება.

 

6.4. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრულია უფლებათა რეგისტრაციის და რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა. კერძოდ,-დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომლებიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც(რომლებიც) სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ერთი და იმავე შინაარსის უფლების რეგისტრაცია, რომლებიც არ გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ ამ უფლებათა რეგისტრაციის რიგითობა განისაზღვრება მათი სარეგისტრაციოდ წარდგენის დროის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რიგითობა განისაზღვრება უფლების რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის (განცხადების რეგისტრაციის) დროის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანების 18-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის(მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დაინტერესებული პირის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონში (21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები) კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება.

 

განსახილველ შემთხვევაში როგორც აღინიშნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის №------- ბრძანებით დადგინდა, რომ უძრავ ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიემართოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს(შემდეგში ,,საჯარო რეესტრი), საქართველოს მთავრობის 2007წლის 24 ოქტომბრის №--- დადგენილების შესაბამისად განახორციელოს დანართ №1-ში მითითებულ უძრავ ნივთზე(ქ.თბილისი, ს--------------–--–--- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 3520 კვ.მეტრი და 9982კვ.მეტრი) სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ დასახელებული ბრძანება სადავოდ არ არის გამხდარი და იგი დღეის მდგომარეობით ძალაში.

 

დადგენილია ასევე, რომ სწორედ დასახელებული ბრძანების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 16 თებერვლის №-----------------------–-------–ებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადება დაკმაყოფილდა და უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ს------–----------–--–--- ფართი-9982 კვ.მეტრი, განხორციელდა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 19 თებერვლის №-------------03 გადაწყვეტილებით კი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადება დაკმაყოფილდა და უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ს------–----------–--–--- ფართი-3520 კვ.მეტრი, განხორციელდა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამასთან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში ურთიერთშეჯერების საფუძველზე ირკვევა, რომ არ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები, რამეთუ შპს ,,------------ს’’ სადავო უძრავ ქონებაზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი მარეგისტრირებელ ორგანოს ანიჭებს უფლებას დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია(მაგ: დაკითხოს მოწმეები, მოაწყოს ადგილზე დათვალიერა და სხვა), თუმცა დასახელებული ნორმის დანაწესი უპირობოდ არ ავალდებულებს მარეგისტრირებელ ორგანოს ყველა შემთხვევაში მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, არამედ ყოველი კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე და ამასთან იმის გათვალისწინებით, დამატებით მოთხოვნილი ნებისმიერი დოკუმენტი და/ან ინფორმაცია რამდენად არის აუცილებელი და ხელს შეუწყობს განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნით წარდგენილი განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის გაცნობის შედეგად არ გამოვლენილა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და/ან შეწყვეტის საფუძვლები, რის გამოც მარეგისტრირებელ ორგანო უფლებამოსილი იყო ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

ზემოაღნიშნული ნორმის განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამისად მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება სრულად შეესაბამება როგორც ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ასევე ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქციას.

 

6.5. სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 თებერვლის №-------------03 გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19თებერვლის №-------------03 გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’, წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი აქტით დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებები ენიჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა მათი უფლებების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა. ასეთი აქტის ბათილად ცნობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, დაინტერესებულ პირს ჰქონდეს აღნიშნული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, მხარეს უდავოდ აქვს. კანონიერი ნდობის გარდა, კანონი ასეთი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია ეს დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის, ანუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით შპს ,,------------ის’’ კანონიერ უფლებებზე პირდაპირი და უშუალო(ინდივიდუალური) ზიანის მიყენების ფაქტი ამ ეტაპზე ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება და არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისადმი მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, რამეთუ პირის კანონიერ უფლებასა და ინტერესში მოიაზრება არა ,,უბრალო უპირატესობა’’, რომელიც შესაძლოა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული რაიმე ქმედებით შეიზღუდოს, არამედ ისეთი უფლება და ინტერესი, რომელიც ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისი ნორმების საფუძველზეა წარმოშობილი და განმტკიცებული. სასამართლო აქვე მოსარჩელის ყურადღებას ამახვილებს და მიუთითებს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” კანონის საფუძველზე დასაშვებია კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საკუთრებაში გადაცემა. მეტიც, მითითებული კანონის მე-74 მუხლის შესაბამისად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. ამდენად, უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ ზღუდავს მოსარჩელის უფლებას განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზება და მოიპოვოს სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით დადგენილი პროცედურის დაცვით, მასზე საკუთრების უფლება.

 

6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს შპს ,,------------ის’’ მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად 100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით შპს,,------------ის’’ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა და მოპასუხეს- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა სახელმწიფოს სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ს------–----------–--–--- 9982.00კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N81.08.16.8-- და ქ.თბილისი, ს------–----------–--–--- 3520 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N81.08.16.8---- გასხვისების, დაგირავების, გაქირავების, იპოთეკით დატვირთვის, სხვა მესამე პირზე ნებისმიერი სახით გადაცემის რეგისტრაციის განხორციელება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით(განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების(განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამოყენებული დროებითი ღონისძიების ისეთ სახეს, რომლის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება და მისი აღსრულების ხელშეწყობა. ამ თვალსაზრისით ამ ეტაპზე, მაშინ როდესაც შპს ,,------------ის’’ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს,- შესაბამისად არ არსებობს სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,------------ის’’ მიერ აღძრულ სარჩელზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,------------ის“ სარჩელი მოპასუხე- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მესამე პირის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხეს- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა სახელმწიფოს სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ს------–----------–--–--- 9982.00კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N81.08.16.8-- და ქ.თბილისი, ს------–----------–--–--- 3520კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N81.08.16.8---- გასხვისების, დაგირავების, გაქირავების, იპოთეკით დატვირთვის, სხვა მესამე პირზე ნებისმიერი სახით გადაცემის რეგისტრაციის განხორციელება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი