გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/202-2017 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი - თამარ შალამბერიძე, გიორგი ესაძე
მოსარჩელე - შპს ,,ბ------- გ-------’’
წარმომადგენელი - ა---- ა---–-–---–ი, მ------ ჯ----
მოპასუხეები - 1. შპს „წ---–--------2---“ (შპს ,,ლ---- მ------’’) (არ გამოცხადდა);
2. ვ----–--ი ღ-------–-- (წარმომადგენელი- ს------- ჯ--------ე),3. კ---- ბ------–---–ი (არ გამოცხადდა),4. გ------- რ------ი (არ გამოცხადდა)
დავის საგანი: ძირითადი დავალიანების, პირგასამტეხლოს და ზიანის სოლიდარულად დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სოლიდარულად დაეკისროთ მოპასუხეებს - შპს ,,წ---–------- 2---’’-ს (ს/ნ 4--------)და ფიზიკურ პირებს - ვ----–--ი ღ-------–--ს (პ/ნ 6----------), კ---- ბ------–---–ს (პ/ნ 5----------), გ------- რ------ს (პ/ნ 5----------) შპს ,,ბ------- გ-------ს’’ სასარგებლოდ ძირითადი დავალიანების თანხის 2491.82 ლარისა და დარიცხული პირგასამტეხლოს 1793.48 ლარის გადახდა;
1.2. სოლიდარულად დაეკისროთ მოპასუხეებს - შპს ,,წ---–------- 2---’’-ს (ს/ნ 4--------)და ფიზიკურ პირებს - ვ----–--ი ღ-------–--ს (პ/ნ 6----------), კ---- ბ------–---–ს (პ/ნ 5----------), გ------- რ------ს (პ/ნ 5----------) შპს ,,ბ------- გ-------ს’’ სასარგებლოდ ზარალის (ვალუტის კურსის სხვაობა) 1020.70 ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის გადახდა.
სარჩელში მითითებულია, რომ 2014 წლის 01 დეკემბერს ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა შპს „წ---–------- 2---“-თან, რომლის საფუძველზეც მყიდველი პერიოდულად იღებდა საქონელს გამყიდველისაგან, თუმცა არ გადაუხდია ნასყიდობის თანხა 2491.82 ლარის ოდენობით.
იმავე დღეს გაფორმებული ხელშეკრულებებით სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს ვ----–-- ღ-------–--მ, კ---- ბ------–---–მა და გ------- რ------მა. თავდებების პასუხისმგებლობის მაქსიმალურმა თანხამ შეადგინა 7000 ლარი.
ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეებს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაერიცხებოდათ პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1%, რამაც 26.01.2017 წლის მდგომარეობით შეადგინა 1793.48 ლარი.
ხელშეკრულების 6.3.3. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ საქონლის შეძენიდან მყიდველის მიერ მისი ღირებულების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვამდე აშშ დოლარის კურსი გაიზრდებოდა, გამყიდველი იტოვებდა უფლებას, მოეთხოვა ანგარიშსწორება გაზრდილი კურსის შესაბამისად. 09.01.2015 წლიდან 26.01.2017 წლამდე კურსის სხვაობამ (ზარალის თანხა)შეადგინა 1020.7 ლარი.
მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე დააზუსტა (შეამცირა) სასარჩელო მოთხოვნა (მოპასუხის მიერ ძირითადი თანხის გადახდის გამო) და მოითხოვა: 1. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს-1793.48 ლარის, ზარალის, კურსთაშორისი სხვაობის გათვალისწინებით -1020.7 ლარის და სასამართლო ხარჯების გადახდა, ასევე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
მანვე განმარტა, რომ შპს ,,წ---–------- 2---’’-მა შეიცვალა სახელწოდება და ამჟამად მისი საფირმო სახელწოდებაა: შპს ,,ლ---- მ------’’.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.
სასამართლოს მიერ დანიშნულ იქნა სასამართლოს მთავარი სხდომა, რადგან საქმის ფაქტობრივი გარემოებები პირგასამტეხლოს ნაწილში იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე ვ----–-- ღ-------–--ს წარმომადგენელმა ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში, კერძოდ, 1400 ლარის ფარგლებში, ხოლო არ ცნო მიუღებელი შემოსავლის (კურსთაშორისი სხვაობის გათვალისწინებით) ნაწილში.
მოპასუხეები შპს ,,წ---–------- 2---’’ (შპს ,,ლ---- მ------’’), კ---- ბ------–---–ი და გ------- რ------ი სხდომაზე არ გამოცხადებულან, შესაბამისად უცნობია მათი პოზიცია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2014 წლის 01 დეკემბერს ერთი მხრივ შპს „ბ------- გ-------ს“, როგორც „გამყიდველს“ და მეორე მხრივ, შპს „წ---–------- 2---“-ს, როგორც „მყიდველს“ შორის დაიდო ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მყიდველს მიეცა უფლება შეეძინა პროდუქცია 5000 ლარის ფარგლებში.
ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: ნასყიდობის ფასის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დავალიანებას გამყიდველის სასარგებლოდ დაერიცხება საურავი ფაქტობრივად არსებული დავალიანების 0.1%- ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. საურავის დარიცხვა გაგრძელდება დავალიანების სრულად დაფარვამდე (3.4 პუნქტი).
მხარეებს შორის ანგარიშსწორება ხდება ლარებში. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის შეძენიდან მყიდველის მიერ მისი ღირებულების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვამდე აშშ დოლარის კურსი გაიზრდება 2 მეასედი პუნქტით მაინც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი აშშ დოლარის გასაყიდ კურსთან მიმართებაში, გამყიდველი იტოვებს უფლებას, გადაიანგარიშოს და მოსთხოვოს მყიდველს ანგარიშსწორება მოახდინოს ლართან მიმართებაში გაზრდილი აშშ დოლარის კურსის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში იცვლება მიწოდებული საქონლის ღირებულება, რაც ტოლი იქნება გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად დადგენილი აშშ დოლარის ექვივალენტისა ლარში (6.3.3. პუნქტი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 01 დეკემბრის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-28);
3.1.2 დადგენილია, რომ შპს „წ---–------- 2---’’-თან გაფორმებული ხელშეკრულების შესრულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს და შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულებები გაფორმდა ვ----–--ი ღ-------–--ს, კ---- ბ------–---–სა და გ------- რ------თან. თავდებთა პასუხისმგებლობის მაქსიმალურმა თანხამ შეადგინა 7000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 29-30);
3.1.3. მხარეები სადაოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე შპს „წ---–------- 2---“-ს პერიოდულად აწვდიდა საქონელს, რომლის ღირებულებაც 2491.82 ლარი „მყიდველს“ უკვე გადახდილი აქვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
-საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ს.ფ. 43-52);
- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 33-42);
- ურთიერთანგარიშსწორების უწყისი (ს.ფ. 31-32);
3.1.4. დადგენილია, რომ პროდუქციის თითოეული პარტიის შეძენის და მისი ღირებულების გადახდის დღეს დაანგარიშებულმა ოფიციალური გაცვლითი კურსის სხვაობამ აშშ დოლართან მიმართებაში, 2015 წლის 22 იანვრიდან 2017 წლის 26 იანვრამდე შეადგინა 1020.7 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ინფორმაცია www.nbg.gov.ge-დან (ს.ფ. 55-56);
- კურსის სხვაობის გამოანგარიშება(დევალვაციის ცხრილი (ს.ფ. 54);
3.1.5. მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის ოდენობა მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა დავალიანების თანხის 0.1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 01 დეკემბრის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-28);
- - მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.6. შპს ,,წ---–------- 2---’’-მა შეიცვალა საფირმო სახელწოდება და მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულია როგორც შპს ,,ლ---- მ------’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს/ფ 174),- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამ.სხდომის ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს, მოპასუხე ვ----–-- ღ-------–--ს წარმომადგენელი სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს და ზარალის ოდენობას, რაც მოითხოვს სამართლებრივ შეფასებას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საფუძველზე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 404-ე, 408-ე, 891-ე, 895-ე, 896-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 1991-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1. მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
კონკრეტულ შემთხვევაში, 2014 წლის 01 დეკემბერს, ერთი მხრივ შპს „ბ------- გ-------ს“, როგორც „გამყიდველს“ და მეორე მხრივ, შპს „წ---–------- 2---“-ს (შემდეგში შპს ,,ლ---- მ------“’), როგორც „მყიდველს“ შორის დაიდო ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მყიდველს მიეცა უფლება შეეძინა პროდუქცია 5000 ლარის ფარგლებში. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: ნასყიდობის ფასის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დავალიანებას გამყიდველის სასარგებლოდ დაერიცხებოდა საურავი ფაქტობრივად არსებული დავალიანების 0.1%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
მხარეებს შორის ანგარიშსწორება ხდება ლარებში. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის შეძენიდან მყიდველის მიერ მისი ღირებულების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვამდე აშშ დოლარის კურსი გაიზრდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი აშშ დოლარის გასაყიდ კურსთან მიმართებაში, გამყიდველი იტოვებს უფლებას, გადაიანგარიშოს და მოსთხოვოს მყიდველს ანგარიშსწორება მოახდინოს ლართან მიმართებაში გაზრდილი აშშ დოლარის კურსის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში იცვლება მიწოდებული საქონლის ღირებულება, რაც ტოლი იქნება გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად დადგენილი აშშ დოლარის ექვივალენტისა ლარში (6.3.3 პუნქტი).
6.2. მოპასუხე ვ----–--ი ღ-------–-- სადავოდ ხდის ვალუტის კურსის ცვლილების გამო გადასახდელ თანხას 1020.7 ლარის ოდენობით და 26.01.2017 წლამდე დარიცხულ პირგასამტეხლოს 1797.5 ლარის ოდენობით, ცნობს მხოლოდ 1400 ლარის ფარგლებში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ვ----–-- ღ-------–--მ სარჩელი ცნო ნაწილობრივ - პირგასამტეხლოს ნაწილში 1400 ლარის დაკისრების ფარგლებში, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას.
ვინაიდან სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან მოპასუხეები შპს ,,ლ---- მ------’’, კ---- ბ------–---–ი და გ------- რ------ი, შესაბამისად უცნობია მათი პოზიცია სასარჩელო მოთხოვნებთან მიმართებაში.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ მოპასუხეების მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დარღვეულია ვალდებულების შესრულების ვადები.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.4. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის ფასის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დავალიანებას გამყიდველის სასარგებლოდ დაერიცხებოდა საურავი ფაქტობრივად არსებული დავალიანების 0.1%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. საურავის დარიცხვა გაგრძელდებოდა დავალიანების სრულად დაფარვამდე.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს.
ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული, ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
6.5. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ვ----–-- ღ-------–--ს მიერ საქმის წარმოების პროცესში ძირითადი დავალიანების თანხა გადახდილ იქნა, ხოლო მანვე დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა 2017 წლის 26 იანვრამდე დარიცხული პირგასამტეხლო- 1793.48 ლარი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ-1400 ლარი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითების საფუძველზე, მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გონივრულ, სამართლიან ოდენობად, კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ძირითადი დავალიანების - 0.078%, რაც თითოეულ დღეზე გაანგარიშებით შეადგენს 2.35 ლარს. რის გამოც მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელი ექნებათ პირგასამტეხლოს სახით 1400 ლარი.
6.6. 404-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, ხოლო ამავე კოდექსის 408.1.-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების 6.3.3. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროდუქციის შეძენის დღიდან მოვალის მიერ ვალის დაფარვამდე, იმ შემთხვევაში, თუ გაიზრდებოდა უცხოური ვალუტის კურსი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსთან მიმართებაში, გამყიდველს ეძლეოდა უფლება ანგარიშსწორება მოეთხოვა გაზრდილი კურსის შესაბამისად. 2015 წლის 09 იანვრიდან 2017 წლის 26 იანვრამდე ლარის ოფიციალური კურსი იცვლებოდა და დოლართან მიმართებაში კურსთა სხვაობიდან გამომდინარე შეადგინა 1020.7 ლარი (დევალვაციის გრაფიკის თანახმად).
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ფულადი ვალდებულება, რომლის ოდენობაც განსაზღვრულია, ასევე ვალდებულების წარმოშობის დღე, ხოლო ვალდებულების ფაქტობრივად (ნაწილობრივ) შესრულების დღე ერთმანეთს არ ემთხვევა, ანუ ვალდებულება არაა სრულად შესრულებული, ე.ი. ადგილი აქვს ვადაგადაცილებას.
დადგენილია, რომ ვალდებულების წარმოშობის დღიდან ვალდებულების შესრულების დღემდე უცხოური ვალუტის კურსი ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით შეიცვალა. ასეთ შემთხვევაში, კონტრაგენტს, მოსარჩელეს, კურსთაშორის სხვაობის სახით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს. კონტრაგენტისათვის მიყენებული ზიანი იმ დანაკლისში გამოიხატება, რაც მან ვალდებულების წარმოშობის დროიდან, ანუ იმ დღიდან, როდესაც ვალდებულება უნდა შესრულებულიყო, ფაქტობრივ შესრულებამდე, ფულის ერთეულის (კურსის) მისთვის საუარესო ცვლილებით განიცადა. რის გამოც კურსთა შორის სხვაობა, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ანაზღაურებას ექვემდებარება.
ასეთ შემთხვევაში, კრედიტორი უფლებამოსილია 2015 წლის იანვრიდან (როცა ვალდებულება უნდა შესრულებულიყო) 2017 წლის 27 იანვრამდე (სარჩელის აღძვრამდე) ლარის მსყიდველობაუნარიანობით გამოწვეული სხვაობა მოითხოვოს. რაც შეადგენს 1020.7 ლარს.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამავე კოდექსის 895-ე მუხლით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ამავე კოდექსის 896-ე მუხლით, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
მოცემულ შემთხვევაში შპს „წ---–------- 2---’’-თან (შემდეგში შპს ,ლ---- მ------’’) გაფორმებული ხელშეკრულების შესრულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს და შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა ვ----–-- ღ-------–--ს, კ---- ბ------–---–სა და გ------- რ------ს შორის. თავდებთა პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 7000 ლარით. შესაბამისად, მოთხოვნა მათზე სოლიდარულად თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების 10.3 პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავის შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ვ----–-- ღ-------–--მ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ - პირგასამტეხლოს ნაწილში 1400 ლარის ოდენობით, ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ სარჩელი ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნის ნაწილში კმაყოფილდება სრულად, მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ შემცირებული მოთხოვნის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის 51.60 ლარის გადახდა, ხოლო მოპასუხეებს შპს ,,ლ---- მ-----ს’’, კ---- ბ------–---–ს და გ------- რ------ს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახბაჟის სანაცვლოდ 21 ლარი, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე (რომელიც დაკმაყოფილებულია) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი. ხოლო შემცირებული მოთხოვნის შესაბამისად, 74.80 ლარი ასევე, ზედმეტად გადახდილი 100 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
რაც შეეხება, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების საკითხს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას, კერძოდ დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს წარმომადგენელი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 2000 ლარამდე ოდენობით.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 96,82 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 27.01.2017 წ. განჩინებით დაკმაყოფილდა შპს ,,ბ------- გ-------ს’’ შუამდგომლობა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხეების - შპს ,,წ---–------- 2---’’-ის, ვ----–--ი ღ-------–--ს, კ---- ბ------–---–ის და გ------- რ------ის საბანკო ანგარიშებს საქართველოში რეგისტრირებულ ყველა ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში 3500 ლარის ფარგლებში. აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიება ნაწილობრივ გაუქმდა ამავე სასამართლოს 07.03.2017 წ. განჩინებით, კერძოდ, ყადაღა მოეხსნა მოპასუხე გ------- რ------ის საბანკო ანგარიშებს საქართველოში რეგისტრირებულ ყველა ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში 3500 ლარის ფარგლებში, სხვა ნაწილში განჩინება დარჩა უცვლელად.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი, სსსკ 1991-ე მუხლის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 1991-ე, 2321-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ბ------- გ-------ს’’ (წარმომადგენელი მ------ ჯ----) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. შპს „ლ---- მ-----ს“, ვ----–-- ღ-------–--ს, კ---- ბ------–---–ს და გ------- რ------ს შპს ,,ბ------- გ-------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ– პირგასამტეხლო 1400 ლარის ოდენობით;
1.2. შპს „ლ---- მ-----ს“, ვ----–-- ღ-------–--ს, კ---- ბ------–---–ს და გ------- რ------ს შპს ,,ბ------- გ-------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ ვალუტის კურსის სხვაობა (ზიანი) 1020.7 ლარის ოდენობით;
2. მოპასუხეებს შპს „ლ---- მ-----ს“, ვ----–-- ღ-------–--ს, კ---- ბ------–---–ს და გ------- რ------ს შპს ,,ბ------- გ-------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 50 ლარი;
3. მოპასუხეებს შპს „ლ---- მ-----ს“, ვ----–-- ღ-------–--ს, კ---- ბ------–---–ს და გ------- რ------ს შპს ,,ბ------- გ-------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ შპს ,,ბ------- გ-------ს’’ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 51.60 ლარი, ხოლო მოპასუხეებს შპს „ლ---- მ-----ს“, კ---- ბ------–---–ს და გ------- რ------ს სოლიდარულად დაეკისროთ შპს ,,ბ------- გ-------ს’’ სასარგებლოდ მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 21 ლარი;
4. შპს ,,ბ------- გ-------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 25/01/2017წ. №1485352832 საგადასახადო დავალებით, სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 74.80 ლარი და 25/01/2017წ. №1485352902 საგადასახადო დავალებით სარჩელის უზრუნველყოფისათვის ზედმეტად გადახდილი 100 ლარი, (გადამხდელი - შპს ,,ბ------- გ-------’’; გადამხდელის ბანკი - სს ,,თიბისი ბანკი’’; ანგარიში/სახაზინო კოდი - 300 183 150; მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22);
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 27.01.2017 წ. განჩინების საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ღონისძიება, მოპასუხეების - შპს ,,წ---–------- 2---’’-ის, ვ----–--ი ღ-------–--ს, კ---- ბ------–---–ის საბანკო ანგარიშებზე საქართველოში რეგისტრირებულ ყველა ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში 3500 ლარის ფარგლებში, ყადაღის დადების თაობაზე, - დარჩეს უცვლელად;
6. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე