გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-92-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18.10.2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნ---- თ----–---–ი
სხდომის მდივანი ე-–--- ო-----
მოსარჩელე - ლ-–- ნ--------ე,წარმომადგენელი - მ--–---- ალ------–---–ი,მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის
დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახური ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი,წარმომადგენელი - უ-- მ-----------–-–---–ი,მესამე პირები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო,ქალაქ რუსთავს მუნიციპალიტეტის მერია,სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი - ქ------- ქ---–--ე,ქალაქ რუსთავს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი - ლ-------------–ი,დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე მოითხოვს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტრამენტის უფროსის 2018 წლის 13 მარტის №------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 23 თებერვლის №8820---------25 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2016 წლის 28 ოქტომბერს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, 400 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. რუსთავი, თბილისის ქუჩის მიმდებარედ მე-6 კვარტალი ნაკვეთი №2ა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 3 ნოემბერს გამოითხოვა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან ინფორმაცია - არსებობს თუ არა დოკუმენტაცია (ინფორმაცია) ჯ--- ნ--------ის სახელზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ფართისა და ადგილდებარეობის შესახებ (ნაკვეთი №2ა) და ითხოვა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის ფართის და ადგილმდებარეობის დადგენა, ხოლო რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 15 დეკემბრის №02/2---- წერილით დგინდება, რომ ჯ--- ნ--------ის სახელზე გამოყოფილი №2ა მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული, თუმცა აღნიშნული პასუხი არ გამორიცხავს მოთხოვნილი დოკუმენტის არსებობას. 2016 წლის 15 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კვლავ გამოითხოვა დოკუმენტაცია რუსთავის რეგიონული არქივიდან. 2017 წლის 9 იანვრის №15/---- ქვემო ქართლის რეგიონული არქივის მიმართვით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 20 დეკემბრის №1--- გადაწყვეტილების თანახმად, (ოქმი №18) მოქალაქე ჯ--- ან-------ის ძე ნ--------ეს ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის გამოეყო მიწის ნაკვეთი №2ა (კვარტალი 6), გაეგზავნა აღნიშნული გადაწყვეტილება და ასევე ეცნობა, რომ ქალაქ რუსთავის 1992-2007 წლების ზონაგაყრილი წიგნები, სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის მიღება-ჩაბარების აქტები, ასევე მიწის განაწილების (სარეფორმო), მებაღეობის (მიმაგრების ტალონი) და საგადასახადო სიები ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცვაზე არ შესულა (აღსანიშნავია, რომ მოსაძიებელი იყო 1989 წლის დოკუმენტაცია, თუმცა არქივი უთითებს 1992 წლიდან არსებულ დოკუმენტაციაზე).
მოსარჩელე ასევე მიუთითებს, ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა რუქა, სადაც მითითებულია მიწის ნაკვეთი მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან ერთად. მიუხედავად აღნიშნულისა, 2018 წლის 22 იანვარს სააგენტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ეცნობა, რომ წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ დგინდებოდა გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ფართობი, რის გამოც 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტრამენტის უფროსის 2018 წლის 13 მარტის №------ გადაწყვეტილებით, მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. ამასთან მიუთითა, რომ სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები შემდეგ გარემოებათა გამო: 2016 წლის 28 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისს №8820-------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ლ-–- ნ--------ემ და ითხოვა ქალაქ რუსთავში, თბილისის ქუჩის მიმდებარედ არსებულ 400 კვ.მ ფართობის მქონე №2ა მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო სამკვიდრო მოწმობა, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები და რუსთვის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 20 დეკემბრის №1--- გადაწყვეტილება; ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონულმა ოფისმა, სარეგისტრაციო წარმოების პერიოდში კორესპონდენციებით მიმართა რუსთავის რეგიონულ არქივს, ქვემო ქართლის რეგიონულ არქივს, რუსთავის მუნიციპალიტეტის არქივსა და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას ჯ--- ნ--------ის სახელზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ფართობისა და ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით; 2016 წლის 15 დეკემბრის №02/2---- მიმართვით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აცნობა, რომ ჯ--- ნ--------ის სახელზე გამოყოფილი №2ა მიწის ნაკვეთის შესახებ მოთხოვნილი ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული. 2017 წლის 09 იანვრის №15/---- მომართვით ქვემო ქართლის რეგიონულმა არქივმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აცნობა, რომ ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ ქალაქ რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 20 დეკემბრის №1--- გადაწყვეტილების თანახმად (ოქმი №18) მოქალაქე ჯ--- ან-------ის ძე ნ--------ეს ინდივიდუალური ბინათმშენებლობისთვის გამოეყო მიწის ნაკვეთი №2ა, (კვარტალი - 6). ხოლო ქალაქ რუსთავის 1992-2007 წლების ზონარგაყრილი წიგნები, სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის მიღება-ჩაბარების აქტები, ასევე მიწის განაწილების (სარეფორმო), მებაღეობის (მიმაგრების ტალონი) და საგადასახადო სიები ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცვაზე არ შესულა. საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივის 2017 წლის 05 აპრილის №15/39--- მიმართვით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ქალაქ რუსთავის მიწის ნაკვეთების გეგმები (წითელი ხაზები) ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცვაზე არ შესულა, რის გამოც არ ჰქონდათ შესაძლებლობა მოეწოდებინათ ინფორმაცია მოქალაქე ლ-–- ჯ---ს ძე ნ--------ის სახელზე (თბილისის ქუ-- მ/ტ მე-6 კვარტალი, ნაკვეთი 2ა) 1989 წელს გამოყოფილი №2ა მიწის ნაკვეთის გეგმის შესახებ (წითელი ხაზები) ფართობის მითითებით.
მოპასუხის წარმომადგენელი ასევე მიუთითებს, რომ ააიპ ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის 2017 წლის 21 აპრილის №1/544 მიმართვის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთების შესახებ რუსთავის მუნიციპალური არქივი ინფორმაციას არ ფლობდა. საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივის 2017 წლის 18 მაისის №15/6---- მიმართვით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ქალაქ რუსთავის 1989 წლის მიწის ნაკვეთების გეგმები (წითელი ხაზები) ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცვაზე არ შესულა, რის გამოც არ აქვთ ინფორმაცია მოქალაქე ჯ--- ანგონოზის ძე ნ--------ის სახელზე (რუსთავი, თბილისის ქუჩის მ/ტ, მე - 6 კვარტალი, ნაკვეთი №2ა) გამოყოფილი მიწის ნაკვეთის №2ა-ს გეგმის შესახებ (წითელი ხაზები) ფართობის მითითებით. ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიწოდებული ინფორმაციების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა 2017 წლის 24 მაისის №8820---------21 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება, სადაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ ვინაიდან მოძიებული დოკუმენტაციით ვერ დგინდებოდა გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ფართობი, გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენი იყო მიწის ნაკვეთის გამოყოფის დოკუმენტაცია ფართობის მითითებით. 2018 წლის 15 იანვრის №02/482 წერილით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 03 ნოემბრის №290281 წერილის პასუხად სააგენტოს გაეგზავნა თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის შ.პ.ს. ,,ხუროთმოძღვარის" მიერ გადაგზავნილი ქალაქ რუსთავის, თბილისის ქუჩის ტერიტორიის (მე-6 კვარტალი, ნაკვეთი №2ა) რუქის ფრაგმენტი, სადაც ჩაწერილია გვარი და ორი გვერდის ზომა. ამასთანავე წერილში მიეთითა, რომ სხვა დამატებითი ინფორმაცია ვერ მოიძებნა. სააგენტოში შესული ინფორმაციების საფუძველზე მიღებულ იქნა 2017 წლის 24 მაისის №8820---------23 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება, სადაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ ვინაიდან მოძიებული დოკუმენტაციით ვერ დგინდებოდა გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ფართობი, გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენი იყო მიწის ნაკვეთის გამოყოფის დოკუმენტაცია ფართობის მითითებით. ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, 2018 წლის 23 თებერვალს მიღებულ იქნა №8820---------25 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. №9------- ადმინისტრაციული საჩივრით დაინტერესებული პირის მიერ გასაჩივრებულ იქნა 2018 წლის 22 იანვრის №8820---------23 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ და 2018 წლის 23 თებერვლის №8820---------25 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები. ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: დაინტერესებული პირის მიერ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად წარდგენილ იქნა ქალაქ რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 20 დეკემბრის №1--- გადაწყვეტილება (ოქმი №18), რომლის მიხედვითაც, ჯ--- ან-------ის ძე ნ--------ეს ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის გაუფორმდა მიწის ნაკვეთი №2ა, მე-6 კვარტალში; სარეგისტრაციოდ წარდგენილია საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები, რომლის მიხედვითაც, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 400 კვადრატულ მეტრს; ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონულმა ოფისმა მოიპოვა ქალაქ რუსთავში თბილისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის (მე-6 კვარტალი) რუკის ფრაგმენტი, რომელზეც დატანილია №2ა ნაკვეთი. აღნიშნულ რუკაზე №2ა ნაკვეთს არ ახლავს ზომები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა დადგენილიყო გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ზუსტი ფართობი; ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაციებითა და დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციებით ვერ დადგინდა გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ზუსტი ფართობი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის მიერ, მიწის ნაკვეთის გამოყოფის დოკუმენტაციის მოთხოვნის შესახებ, სადაც ფართობი იქნებოდა მითითებული კანონიერია, ამასთანავე კანონიერია სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. შესაბამისად არ არსებობს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველიც.
2.2. მესამე პირის პოზიცია:
მესამე პირის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
მესამე პირის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი იქნა მიწის ნაკვეთის იდენტურობა, ხოლო რაც შეეხება მიწის ნაკვეთის ფართს ინდივიდუალური ბინათმშენებლობისთვის გამოიყოფოდა 400, 600 და 900 კვ. მ მიწის ნაკვეთები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ლ-–- ნ--------ე არის ჯ--- ნ--------ის პირველი რიგის მემკვიდრე შვილი, რომელმაც სამკვიდრო მიიღო სრულად, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებით (მოძრავი და უძრავი ნივთები, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარსა და ნებისმიერ თანხაზე, უფლებები რომელთა განხორციელებას მამკვიდრებელმა ვერ მოასწრო და სხვა უფლებები, რომლებიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ) და პასივებით (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ) - მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში.
2016 წლის 28 ოქტომბერს ლ-–- ნ--------ემ №8820-------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. რუსთავი, თბილისის ქუჩის მ/ტ მე-6 კვ, ნაკვეთი №2ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ტ. I, ს. ფ. 2-14);
- დაზუსტებული სარჩელი (ტ. I, ს. ფ. 52-64);
-წერილობითი შესაგებელი (ტ. I, ს. ფ. 113-126, 242-249)
- განცხადება (ტ. I, ს. ფ. 15);
- განცხადების მიღების ბარათი (ტ. I, ს. ფ. 140-141);
-2015 წლის 01 ოქტომბრის სამკვიდრო მოწმობა (ტ. I, ს. ფ. 134-138);
3.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახური ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 03 ნოემბრის №8820---------04 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, ამასთან დაინტერესებულ პირს მოეთხოვა უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2016 წლის 15 დეკემბრის №02/2---- წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ჯ--- ნ--------ის სახელზე გამოყოფილი №2ა მიწის ნაკვეთის შესახებ მოთხოვნილი ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-წერილობითი შესაგებელი (ტ. I, ს. ფ. 113-126);
- 2016 წლის 03 ნოემბრის №8820---------04 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება (ტ. I, ს. ფ. 144);
- 2016 წლის 15 დეკემბრის №02/2---- წერილი (ტ. I, ს. ფ. 149);
3.1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახური ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 22 იანვრის №8820---------23 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ დგინდება გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ფართობი, სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენი იყო მიწის ნაკვეთის გამოყოფის დოკუმენტაცია ფართობის მითითებით. 2018 წლის 23 თებერვლის №8820---------25 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახური ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 22 იანვრის №8820---------23 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება (ტ. I, ს. ფ. 196);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახური ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 23 თებერვლის №8820---------25 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება (ტ. I, ს. ფ. 198);
3.1.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახური ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 22 იანვრის №8820---------23 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ და 2018 წლის 23 თებერვლის №8820---------25 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 13 მარტის №------ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მოპოვებული შესაბამისი დოკუმენტაციის მიხედვით არ დგინდება, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ფართობი და ის ფაქტი, შეესაბამება თუ არა უფლების დამდასტურებელ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთი (ფართობით) საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთს (ფართობით).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ადმინისტრაციული საჩივარი (ტ. I, ს. ფ. 199,203);
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 13 მარტის №------ გადაწყვეტილება (ტ. I, ს. ფ. 209-212);
4.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახური ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მიღებული იქნა ფორმალურად, სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე, მოპასუხის მიერ საქმის გარემოებები არ გამოკვლეულა სრულყოფილად, ადმინისტრაციული ორგანოდან არ გამოუთხოვია ინფორმაცია, შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის შესაძლებელი იყო თუ არა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარდგენილი ქ. რუსთავის, თბილისის ქუჩის ტერიტორიის რუქის ფრაგმენტით, სადაც მითითებულია სადაო მიწის ნაკვეთის ორი გვერდის ზომა, ფართობის დადგენა, არ გამოუკვლევია სადაო მიწის ნაკვეთის მიმდებარე რეგიტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მარეგისტრირებელს ორგანოს წარდგენილი მასალით შეეძლო სადაო მიწის ნეკვეთის ფართობის დადგენა, ამასთან ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებული აქვს არასრულყოფილად, ხოლო მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მიწის ნაკვეთის ფართობის დადგენა მარეგისტრირებელ ორგანოს ვალდებულებაში არ შედის. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებები სრულყოფილად. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არის არასაკმარისი, რის გამოც საქმეზე დადგენილი ფაქტები ვერ იქნება მიჩნეული უტყუარად.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონი; ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონი; ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ'' საქართველოს კანონი; ,,გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონი; ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება;
7. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული დოკუმენტი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტრამენტის უფროსის 2018 წლის 13 მარტის №------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 23 თებერვლის №8820---------25 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და აღნიშნული აქტების კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ" ქვეპუნქტის და „ი“ ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.
სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ'' ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების ერთ-ერთი საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. ამასთან, რეგისტრაციის წესი და პირობები, აგრეთვე მისი საფუძვლები, მათ შორის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ნუსხა და სხვა სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით, რომლის მე-18 მუხლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 28 ოქტომბერს ლ-–- ნ--------ემ №8820-------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. რუსთავი, თბილისის ქუჩის მ/ტ მე-6 კვ, ნაკვეთი №2ა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახური ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 03 ნოემბრის №8820---------04 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, ამასთან დაინტერესებულ პირს მოეთხოვა, უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამდასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2016 წლის 15 დეკემბრის №02/2---- წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ჯ--- ნ--------ის სახელზე გამოყოფილი №2ა მიწის ნაკვეთის შესახებ მოთხოვნილი ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული.
ასევე დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახური ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 22 იანვრის №8820---------23 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებით მოძიებული დოკუმენტაციით ვერ დგინდებოდა გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ფართობი, სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენი იყო მიწის ნაკვეთის გამოყოფის დოკუმენტაცია ფართობის მითითებით. 2018 წლის 23 თებერვლის №8820---------25 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილებები მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 13 მარტის №------ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მოპოვებული შესაბამისი დოკუმენტაციის მიხედვით არ დგინდება, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ფართობი და ის ფაქტი, შეესაბამება თუ არა უფლების დამდასტურებელ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთი (ფართობით) საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთს (ფართობით).
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული
პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” კანონის მე-41 მუხლზე, რომლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში
მართლზომიერი მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მეორე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლზომიერი მფლობელი (მოსარგებლე) არის ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა; აღნიშნული ასევე განმარტებულია ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი" ქვეპუნქტით.
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ" ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი;
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, მართლზომიერი მფლობელობა შეიძლება ასევე დადასტურდეს ,,სხვა დოკუმენტითაც“, რითაც კანონმდებელმა გამოხატა აშკარა ნება, რომ ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის მართმართლზომიერი მფლობელობის ფაქტი შეიძლება დადასტურებულიყო ,,სხვა დოკუმენტითაც“.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 20 დეკემბრის №1--- გადაწყვეტილებით, (ოქმი №18) მოქალაქე ჯ--- ან-------ის ძე ნ--------ეს როგორც მრავალშვილიან ოჯახს, ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის ქ. რუსთავში გამოეყო მიწის ნაკვეთი №2ა (კვარტალი 6), ხოლო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის (და არა რეგისტრაციაზე უარის თქმის) საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ დასახელებულ დოკუმენტში მითითებული არ არის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ფართობი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 09 ივლისის №ბს-898-880(კ-12) გადაწყვეტილების შინაარსზე სადაც სასამართლომ, მოსარჩელის მიერ მტკიცებულების წარუდგენლობა ობიექტური გარემოებებით განპირობებულად მიიჩნია ხელმოუწერელი და ბეჭდით დაუმოწმებელი დოკუმენტაციის არქივში დაუცველობისას. ის საკითხი, რომ რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 20 დეკემბრის №1--- გადაწყვეტილებით, (ოქმი №18) მოქალაქე ჯ--- ან-------ის ძე ნ--------ეს როგორც მრავალშვილიან ოჯახს, ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის გამოეყო მიწის ნაკვეთი №2ა რომელსაც გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ფართობი არ აქვს მითითებული არ შეიძლება მოსარჩელის პასუხისმგებლობის საგანი გახდეს ვინაიდან, მისი სრული მონაცემების შევსება გადაწყვეტილების გამცემ პირს და არა მოსარჩელეს ევალებოდა. ადმინისტრაციული ორგანოები ფორმალურად მიუდგნენ საკითხს და არ გამოიკვლიეს გაცემული მიწის ნაკვეთის ფართობი. აღნიშნულის დადგენა კი შესაძლებელი იქნებოდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დაცული მასალების საფუძველზე, თუ რა ფართობის მიწის ნაკვეთის გაცემა ხდებოდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის დასახელებულ წლებში და თავად საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობის ოდენობით, რომლის რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველიც დასახელებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული სხვა გადაწყვეტილებები იყო.
,,გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში თავის საქმიანობას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, სივრცითი ინფორმაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების მეთოთხმეტე მუხლის თანახმად, კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ცენტრალიზებული საკადასტრო საქმიანობის მონიტორინგი; საკადასტრო მონაცემების დამუშავება, ელექტრონული ნახაზების გადამოწმება და საკადასტრო მონაცემთა ბაზაში ასახვა; სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისათვის საკადასტრო მონაცემებზე დაყრდნობით დოკუმენტაციის მომზადება; სახელმწიფო ტყის ფონდის კორექტირებული საზღვრების ელექტრონულ რუკაზე ასახვის უზრუნველყოფა, სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეულ საკუთრების/სარგებლობის უფლების რეგისტრაციისათვის საჭირო საკადასტრო მონაცემების დამუშავება; საკადასტრო ერთეულზე კოდის მინიჭება; სარეგისტრაციო ზონის, სექტორის, კვარტლის საზღვრების კორექტირება/დადგენა; წარმოდგენილი საკადასტრო ინფორმაციის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიების სარეკომენდაციო ფორმების და მონაცემთა სტრუქტურების შემუშავება; საკადასტრო და გრაფიკული მონაცემების ამსახველი დოკუმენტების (საკადასტრო გეგმა, საკადასტრო რუკა, სიტუაციური ნახაზი) ფორმების შემუშავება; სარეგისტრაციო წარმოებისას დადგენილ საკადასტრო საკითხებთან დაკავშირებით საკონსულტაციო მომსახურეობის გაწევა; სამსახურებრივი კორესპონდენციის განხილვა/რეაგირება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს სადავო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა არ დაუდგენია. ამასთან, 2018 წლის 13 მარტის კატასტრის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის სამსახურეობრივი ბარათით ირკვევა, რომ №8820---------23 სარეგისტრაციო წარმოებაზე თანდართულ ტოპოგრაფიულ გეგმაზე მონიშნული მიწის ნაკვეთის ფართობის დათვლა შეუძლებელია. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2018 წლის 04 სექტემბრის ადგილზე დათვალიერების აქტის თანახმად, ადგილზე გასვლით დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთს მისამართზე: ქ. რუსთავი, თბილისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია მე-6 კვარტალი ნაკვეთი №2ა-ს ნამდვილად ფლობს და სარგებლობს ლ-–- ნ--------ე და მასზე სხვა მესამე პირს პრეტენზია არ გააჩნია.
რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას არ წარმოადგენს გამოთვალოს და დაადგინოს ფართობი, ამასთან წარდგენილი ქ. რუსთავი, თბილისის ქუჩის ტერიტორიის რუქის ფრაგმენტში მითითებული მხოლოდ ორი გვერდის სიგრძის მიუხედავად ფართობის გამოთვლა შეუძლებელია, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 03 მაისის №134 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ, მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიზანია შესაბამისი პირებისათვის სანდო და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების (შემდგომში – საჯარო რეესტრი), მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრისა და მუნიციპალიტეტების რეესტრის წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ხოლო ამავე მუხლის მეორე პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა: პირთა მომსახურება მაღალი სტანდარტის დაცვით; გარდა აღნიშნულისა, სასამართლო მხარის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ სადაო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართია 400 კვ.მ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი _ რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა", ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტების თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, შეაგროვოს ცნობები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა _ შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტის გამოცემისას ობიექტურად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არ შეასრულა კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობები, რის შედეგადაც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტრამენტის უფროსის 2018 წლის 13 მარტის №------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 23 თებერვლის №8820---------25 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტლებების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჩაუტარებია სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციული ორგანოდან - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან არ გამოუთხოვია მიწის ნაკვეთების ფართობის შესახებ ინფორმაცია, კერძოდ ქ. რუსთავის, თბილისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გაცემული მიწის ნაკვეთების მინიმალური ოდენობის შესახებ, შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის შესაძლებელი იყო თუ არა სადაო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობის მიხედვით სადაო მიწის ნაკვეთის ფართობის დადგენა. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სათანადოდ შეეფასებინა განცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში თავადაც დაედგინა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, თავად საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობის ოდენობის დადგენით, რომლის რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველიც დასახელებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული სხვა გადაწყვეტილებებია.
ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით კანონსაწინააღმდეგოა, რის გამოც სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები. კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო აქტი. ამასთან, მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და ობიექტური შეფასების საფუძველზე.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო მოპასუხე ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით. ხელახლა, კანონის მოთხოვნათა დაცვით უნდა ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტრამენტის უფროსის 2018 წლის 13 მარტის №------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 23 თებერვლის №8820---------25 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტლება ისე იქნა მიჩნეულია კანონიერად, რომ არ იქნა შესწავლილი და დადგენილი საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რომელიც სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ფართობის დადგენის საფუძველი გახდებოდა.
რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენლის მითითებას და გასაჩივრებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტრამენტის უფროსის 2018 წლის 13 მარტის №------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების შინაარსს იმის შესახებ, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტით არ დგინდება სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ფართობი და ის ფაქტი, შეესაბამება თუ არა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთი (ფართობით) საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთს (ფართობით) სასამართლო განმარტავს, რომ სარეგისტრაციო სამსახურს არ გამოუკვლევია და შეფასების გარეშე დატოვა მონაცემები იმის თაობაზე, რომ არსებობდა თუ არა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში რაიმე სახის ინფორმაცია რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობთან დაკავშირებით. კერძოდ, რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე წარდგენილ სარეგისტრაციო მასალებში არსებობდა თუ არა ფართობის მიმანიშნებელი რაიმე ჩანაწერი, ხოლო თუკი არ არსებობდა, რა მონაცემის მიხედვით მოხდა ამ მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირება.
მარეგისტრირებელ ორგანოს, რომელსაც დელეგირებული აქვს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების ფუნქცია, უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტებში უმეტესწილად არ არის მითითებული მიწის ნაკვეთის ზუსტი ფართობი მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტების სპეციფიკიდან გამომდინარე, უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევებში შეუძლებელია მიწის ნაკვეთის იდენტიფიკაცია. მარეგისტრირებელ ორგანოს შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, რომ მოსარჩელეს წარდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე სხვაგან არსად დაურეგისტრირებია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება. მარეგისტრირებელ ორგანოს შეფასება ასევე არ მიუცია იმაზე, რომ აღნიშნული დოკუმენტი არის ნამდვილი, მასში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთი ნამდვილად გამოეყო მოსარჩელის მამას - ჯ--- ნ--------ეს. შესაბამისად, მიწის ნაკვეთს უნდა ჰქონდეს კონკრეტული ფართობი. ვინაიდან სახელმწიფომ კანონით უზრუნველყო მიწის ნაკვეთების მართლზომიერ მფლობელთათვის საკუთრების უფლების აღიარება, აღიარების პროცესში კი უფლებამოსილმა ორგანომ მაქსიმალურად უნდა შუწყოს ხელი ამ უფლების ეფექტურ რეალიზებას და არ უნდა დაუშვას მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური საფუძვლებით აღიარებაზე უარის თქმა. ასეთი მიდგომით შესაძლოა დადგეს ისეთი შედეგი, როდესაც პირს გააჩნია საკუთრების უფლების წარმომშობი დოკუმენტი, თუმცა, ვერ ახდენს ის აღრიცხვას საკუთრებაში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი უწორობის გასწორების შესახებ დებულებებს არ შეიცავს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. დასახელებული ნორმის შინაარსით დასტურდება სასამართლოს უფლება, გაასწოროს პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებული უსწორობანი და აშკარა არითმეტიკული შეცდომები და ამ საკითხის განხილვა სასამართლოს შეუძლია როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე. დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას სასამართლოს მიერ დაშვებული იქნა უსწორობა, კერძოდ სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 23 თებერვლის №8820---------25 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტლების ნაცვლად გამოაცხადა 2018 წლის 28 თებერვლის №8820---------25 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტლება, რაც მექანიკურ შეცდომას წარმოადგენს ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი გასაჩივრებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის №8820---------25 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტლების მიღების თარიღია 2018 წლის 23 თებერვალი. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო თავისი ინიციატივით ზეპირი მოსმენის გარეშე განახორციელებს დაშვებული უსწორობის გასწორებას. 8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამასთან მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რის გამოც, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-10, მე-17, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ლ-–- ნ--------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტრამენტის უფროსის 2018 წლის 13 მარტის №------, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 23 თებერვლის №8820---------25 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტლებები და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
2. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).
მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი