გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.10.2018
საქმის ნომერი
411210018002622135
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 411210018002622135

საქმე № 2/319-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. კასპი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მაგისტრატი სასამართლო კასპის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი სოფიო ზანდუკელი

 

მოსარჩელეები: ზ---- და გ------- ბ---–----–---–ები

წარმომადგენლები: ე------ ზ-------–---–- და ნ---- ბ----------

 

მოპასუხეები: ს---–---- და თ-------- ბ---–----–---–ები

წარმომადგენლები: თ----- ბ-----–---–- (თ-------- ბ---–----–---–ის კანონიერი წარმომადგენელი) და ს----- ჯ----–---

 

დავის საგანი: უძრავი ქონების სერვიტუტით დატვირთვა

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----ში მდებარე, ს---–---- და თ-------- ბ---–----–---–ების კუთვნილი № 6--1--3--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ზ---- და გ------- ბ---–----–---–ების სასარგებლოდ სერვიტუტის დატვირთვა ამ ნაკვეთში გამავალ რუზე კონტროლის უფლებით.

 

სარჩელის თანახმად, ზ---- (პირ. № 2----------) და გ------- (პირ. № 2----------) ბ---–----–---–ები ცხოვრობენ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----ში, რომლებსაც თანასაკუთრებაში გააჩნიათ № 6--1--3--0-- და № 6--1--3--2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები; ამ ნაკვეთებს ესაზღვრება ს---–---- (პირ. № 2----------) და თ-------- (პირ. № 2----------) ბ---–----–---–ების სახელზე რიცხული, № 6--1--3--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი; მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთების მოსარწყავი ერთადერთი რუ გადის მოპასუხეთა კუთვნილ მიწის ნაკვეთზე; რუში გამდინარე წყლით ათეული წლების განმავლობაში სარგებლობდნენ მათი მამა-პაპა, 2017 წლის ზაფხულში კი მოპასუხეებმა გადაკეტეს რუ, საზღვარზე აღმართეს ღობე და არ აძლევენ უფლებას მოსარჩელეებს, ისარგებლონ რუში გამდინარე წყლით, ასევე აკონტროლონ წყლის დინება; სხვა ალტერნატივა არ არსებობს; რუში წყალი მიედინება ცენტრალური არხიდან და მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთებამდე უნდა გაიაროს დაახლოებით 1 კილომეტრის მანძილი; ცენტრალურ არხთან არის მოწყობილი გამანაწილებელი, საიდანაც შესაძლებელია წყლის მიმართულების კონტროლი იმდაგვარად, რომ წყალი სხვა და არა სადავო სარწყავ რუში გაედინებოდეს; იმის გამო, რომ სოფლის მაცხოვრებლები ცენტრალურ არხთან არსებული გამანაწილებელიდან წყალს სხვა მიმართულებით უშვენებ, ვეღარ ხდება მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთების მორწყვა; ს---–---- და თ-------- ბ---–----–---–ების მიწის ნაკვეთზე გავლით არის უმოკლესი გზა გამანაწილებლამდე, და თუ მათ არ მიეცემათ ამის შესაძლებლობა, უხდებათ დაახლოებით 2 კილომეტრიანი გზის გავლა; სოფლის მაცხოვრებლების მიერ კი შესაძლოა, იმ დღესვე კვლავ მოხდეს წყლის სხვა მიმართულებით გაშვება.

 

ამავე დროს, ხშირად ხდება მოპასუხეთა კუთვნილ ნაკვეთში გამავალი რუს ჩახერგვა სხვა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, რაც დამატებით პრობლემებს უქმნის მოსარჩელეებს.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

მოპასუხეებმა სარჩელი არ სცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ სადავო რუში გამავალი წყლით მოსარჩელეები სარგებლობენ ყოველგვარი შეფერხების გარეშე; მათ ეზოში რუ ჩამოედინება ორ ტოტად და მეორე ტოტით სარგებლობს ყველა მეზობელი, რისი სრული შესაძლებლობაც აქვთ აგრეთვე მოსარჩელეებსაც. ზ---- და გ------- ბ---–----–---–ების სურვილია, იარონ მოპასუხეთა კუთვნილ ეზოში, რათა მოკლე გზით მივიდნენ ცენტრალურ არხთან მოწყობილ გამანაწილებელთან, რომელიც იმყოფება მოპასუხეთა საკუთრების საზღვრებს გარეთ.

 

ამავე დროს, მათ ეზოში გამავალი სადავო რუ მოქცეულია ბეტონის მილში, რაც ძირითად მონაკვეთზე მთლიანად დახურულია, ღიად დარჩენილია მხოლოდ მცირე მონაკვეთი და იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხდება მისი ჩახერგვა საყოფაცხოვრებო თუ სხვა ნარჩენით, მილიდან გადმომდინარე წყლის ნაკადი მაინც იმავე მიმართულებით წავა და მოსარჩელეებს მაინც შეეძლებათ ნაკვეთების მორწყვა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ზ---- და გ------- ბ---–----–---–ების სახელზე თანასაკუთრების უფლებით ირიცხება კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----ში მდებარე № 6--1--3--0-- და № 6--1--3--2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, ხოლო მათ მოსაზღვრედ მდებარეობს ს---–---- და თ-------- ბ---–----–---–ების სახელზე რიცხული № 6--1--3--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი;

 

მტკიცებულება: ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 23-31).

 

3.1.2. ა(ა)იპ ,,დ--------------–------------------------------------–----ს" 2017 წლის 7 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნით, ს---–---- და თ-------- ბ---–----–---–ების სახელზე რიცხულ, № 6--1--3--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გამავალი რუ წარმოადგენს III რიგის გამანაწილებელ არხს, რითაც უნდა ისარგებლონ ზემოთ და ქვემოთ მცხოვრებმა მოსახლეობამ, ასევე რ----- და ს-------- ბ---–----–---–ებმაც; გ------- და ზ---- ბ---–----–---–ების ნაკვეთების მოსარწყავად სხვა ალტერნატიული სარწყავი სისტემა არ არსებობს; აღნიშნული რუ წარმოადგენს საერთო სარგებლობის სარწყავ სისტემას, რომლითაც უნდა სარგებლობდნენ რუს გვერდით ყველა მოსახლე;

 

მტკიცებულება: ა(ა)იპ ,,დ--------------–------------------------------------–----ს" 2017 წლის 7 დეკემბრის ექსპერტიზის № 2/0146 დასკვნა.

 

3.1.3. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 2018 წლის 4 მაისის დასკვნით, № 6--1--3--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული სარწყავი არხის ალტერნატიული არხი არსებობს ამავე არხის პარალელურად, რომლის ნაწილიც ასევე ხვდება № 6--1--3--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე; ორივე არხის ძირითადი ნაწილი დახურულია (განთავსებულია ეზოს ნიშნულის ქვემოთ და მილი დაფარულია ბეტონით); № 6--1--3--2-- და № 6--1--3--3-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებისა და სხვა მიმდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს შეუძლიათ ორივე არხით სარგებლობა და წყლის მიმართულების ცვლილება ისე, რომ არ მოხვდნენ № 6--1--3--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (დასკვნას თან ერთვის ფოტოილუსტრაციაც).

 

მტკიცებულება: სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 2018 წლის 4 მაისის № 002933318 დასკვნა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც, საქმის მასალების მიხედვით, არ არსებობს სერვიტუტის გამოყენების წინაპირობები: მოსარჩელეები ითხოვენ მიწის ნაკვეთზე სერვიტუტის დადგენას იმ მიზნით, რომ მოკლე გზით მიაღწიონ მათთვის სასურველ წერტილამდე - სარწყავი არხის გამანაწილებლამდე მაშინ, როდესაც ეს გამანაწილებელი არ არის მოქცეული მოპასუხეთა საკუთრებაში.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

აღნიშნული მუხლის დანაწესი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, განკარგოს თავისი ნივთი შეხედულებისამებრ, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, თუმცა ამავე მუხლით დგინდება, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და კანონით ან ხელშეკრულებით დადგენილ შემთხვევაში, მესაკუთრეს შეიძლება, შეეზღუდოს ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლება და დაეკისროს თმენის იმგვარი ვალდებულება, რაც სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილითაა გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია, მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად.

 

დასახელებული ნორმით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს.

 

ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე.

 

მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას.

 

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე წყალმომარაგების ქსელთან.

 

„ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელ კავშირში“ არ იგულისხმება ბილიკი ან არასაავტომობილო გზა. აღნიშნული გულისხმობს წყალმომარაგების ქსელთან ჯეროვან კავშირს, რომელიც, სულ მცირე, უზრუნველყოფს ნაკვეთის დანიშნულებისამებრ, ამ შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებას.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეულ უნდა იქნეს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მიუთითებს მიწის ნაკვეთის ჯეროვან გამოყენებაზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება მოპასუხეთა საკუთრების უფლების წყალმომარაგების ქსელთან ჯეროვან კავშირისათვის დატვირთვის კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა;

 

სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 2018 წლის 4 მაისის № 002933318 დასკვნით ირკვევა, რომ მოპასუხეთა სახელზე რიცხულ № 6--1--3--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული სარწყავი არხის ალტერნატიული არხი არსებობს ამავე არხის პარალელურად, რომლის ნაწილიც ასევე ხვდება № 6--1--3--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე; ორივე არხის ძირითადი ნაწილი დახურულია (განთავსებულია ეზოს ნიშნულის ქვემოთ და მილი დაფარულია ბეტონით); № 6--1--3--2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებისა და სხვა მიმდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს შეუძლიათ ორივე არხით სარგებლობა და წყლის მიმართულების ცვლილება ისე, რომ არ მოხვდნენ № 6--1--3--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილით განმარტებულია სერვიტუტის ცნება - მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება, სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს, ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება, ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ (სერვიტუტი). სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენისათვის გათვალისწინებული წესები.

 

იმავე კოდექსის 248-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სერვიტუტი შეიძლება, არსებობდეს მაშინ, როცა იგი უფლებამოსილ პირს უქმნის თავისი მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეღავათს.

 

მოსარჩელეები ითხოვენ ს---–---- და თ-------- ბ---–----–---–ების კუთვნილი № 6--1--3--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მათ სასარგებლოდ სერვიტუტის დატვირთვას ამ ნაკვეთში გამავალ რუზე კონტროლის უფლებით, რაც დასაბუთებული აქვთ იმით, რომ მოპასუხეების მიწის ნაკვეთზე გადის მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთების მოსარწყავი ერთადერთი რუ; მოპასუხეებმა გადაკეტეს რუ, საზღვარზე აღმართეს ღობე და არ აძლევენ უფლებას მოსარჩელეებს, ისარგებლონ რუში გამდინარე წყლით, ასევე აკონტროლონ წყლის დინება; სხვა ალტერნატივა არ არსებობს;

 

მითითებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ამ მიწის ნაკვეთზე არსებული სარწყავი არხის ალტერნატიული არხი არსებობს ამავე არხის პარალელურად. № 6--1--3--2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებისა და სხვა მიმდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს შეუძლიათ ორივე არხით სარგებლობა და წყლის მიმართულების ცვლილება ისე, რომ არ მოხვდნენ № 6--1--3--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე.

 

ამდენად, არ არსებობს სერვიტუტით ამ მიწის ნაკვეთის დატვირთვის ფაქტობრივი საფუძველი.

 

სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული გარემოებები, რომ მოპასუხეებმა გადაკეტეს რუ, საზღვარზე აღმართეს ღობე და არ აძლევენ უფლებას მოსარჩელეებს, ისარგებლონ რუში გამდინარე წყლით, წარმოადგენს არა სერვიტუტით ნაკვეთის დატვირთვის, არამედ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის საფუძველს.

 

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეების თავდაპირველ მოთხოვნას წარმოადგენდა სწორედ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა, რაც შემდგომში შეცვალეს და მოითხვეს სერვიტუტით დატვირთვა.

 

ასევე სარჩელის საფუძვლად მითითებული განმარტება, რომ სოფლის მაცხოვრებლები ცენტრალურ არხთან არსებული გამანაწილებელიდან წყალს სხვა მიმართულებით უშვენებ და ვეღარ ხდება მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთების მორწყვა, რომ ხშირად ხდება მოპასუხეთა კუთვნილ ნაკვეთში გამავალი რუს ჩახერგვა სხვა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, რაც დამატებით პრობლემებს უქმნის მოსარჩელეებს, აგრეთვე წარმოადგენს უკანონო ხელშეშლის აღკვეთის და არა მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დათვირთვის მოთხოვნის საფუძველს.

 

საქმის მასალებით და მხარეთა განმარტებით ირკვევა, რომ მოსარჩელეთა მიზანია ს---–---- და თ-------- ბეგალარაშვილების მიწის ნაკვეთზე მიეცეთ გავლის შეუზღუდავი უფლება, რათა ცენტრალურ არხთან არსებულ გამანაწილებელთან მივიდნენ მოკლე გზით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 248-ე მუხლით განსაზღვრულ გარემოებას;

 

უფლებამოსილი პირისათვის თავისი მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეღავათში იგულისხმება მისი დანიშნულებისამებრ ჯეროვანი გამოყენება გაუმართლებელი ხარჯებისა და დაბრკოლებების გარეშე, რისი შესაძლებლობაც სრულად გააჩნიათ მოსარჩელეებს მოპასუხეთა საკუთრების უფლების შეზღუდვის საჭიროების გარეშე.

 

ამასთან, როგორც აღინიშნა, ეს გამანაწილებელი არ არის მოქცეული მოპასუხეთა საკუთრებაში.

 

აქედან გამომდინარე, სარჩელი უსაფუძვლოა და დაკმაყოფილებული ვერ იქნება.

 

რაც შეეხება, ა(ა)იპ ,,დ--------------–------------------------------------–----ს" 2017 წლის 7 დეკემბრის დასკვნის იმ დებულებას, რომ გ------- და ზ---- ბ---–----–---–ების ნაკვეთების მოსარწყავად სხვა ალტერნატიული სარწყავი სისტემა არ არსებობს, გაზიარებული ვერ იქნება, რადგან როგორც სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 2018 წლის 4 მაისის № 002933318 დასკვნით, ასევე თვით ორივე მხარის განმარტებით დგინდება, რომ ალტერნატიული არხი არსებობს ამავე არხის პარალელურად, რომლის ნაწილიც ასევე ხვდება № 6--1--3--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე; № 6--1--3--2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებისა და სხვა მიმდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს შეუძლიათ ორივე არხით სარგებლობა და წყლის მიმართულების ცვლილება ისე, რომ არ მოხვდნენ № 6--1--3--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე.

 

ა(ა)იპ ,,დ--------------–------------------------------------–----ს" 2017 წლის 7 დეკემბრის დასკვნის სხვა დებულებებს კი მოცემული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილით საამართლო ხარჯები მხარეს უნაზღაურდება მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში.

 

იმის გამო, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, ხოლო სხვა ხარჯები მათთვის ანაზღაურებული ვერ იქნება (მათ მიერ არ წარმოდგენილა ექსპერტიზის ჩატარებისა და საადვოკატო მომსახურების გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც).

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 249-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ზ---- და გ------- ბ---–----–---–ების სარჩელი ს---–---- და თ-------- ბ---–----–---–ების მიმართ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----ში მდებარე, ს---–---- და თ-------- ბ---–----–---–ების კუთვნილი № 6--1--3--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ზ---- და გ------- ბ---–----–---–ების სასარგებლოდ სერვიტუტით დატვირთვის შესახებ ამ ნაკვეთში გამავალ რუზე კონტროლის უფლებით, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ე------ ზ-------–---–-ს მიერ ამ საქმეზე 2018 წლის 16 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 120 (ასოცი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. ზ---- და გ------- ბ---–----–---–ებს ექსპერტიზის ჩატარებისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე ეთქვათ უარი.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) კასპის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მის: ქ. კასპი, გიორგი სააკაძის ქ. № 124) მისი დასაბუთებული ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით.

 

5. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე (ოცდამეათე) დღეს. ამ ვადის აღდგენა ან გაგრძელება დაუშვებელია.

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი