გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/23499-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ირმა იმნაძე
მოსარჩელე - ბ------------ა
მოპასუხე - სს ,,ს----------–--------ი’’
წარმომადგენელი - ს----------------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება, უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დაეკისროს მოპასუხე სს ,,ს----------–--------ი’’-ს ბ------------ას სასარგებლოდ 40 ლარის გადახდა;
1.2. 2015 წლის 05 აგვისტომდე სს ,,ს----------–--------სა’’ და მოსარჩელე ბ------------ას შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულება აღიარებულ იქნეს ხანდაზმულად და აეკრძალოს მოპასუხეს აღნიშნულ ვალდებულებაზე მითითებით მოსარჩელის ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2018 წლის 26 ივლისს მოსარჩელის მეგობარმა სს ,,ს----------–--------ი’’-ს ფეი აპარატიდან ჩაურიცხა მას 10 ლარი. მოსარჩელემ მიმართა სს ,,ს----------–--------ი’’-ს სერვის ცენტრს, მაგრამ ბანკის ოპერატორის განცხადებით ჩარიცხული 10 ლარი გაიქვითა 2006 წლის სასესხო დავალიანების დასაფარად.
გარდა აღნიშნულისა, მსგავსი ფაქტი მოხდა 2017 წლის 24 აპრილსაც, როდესაც მოსარჩელეს მისმა ნათესავმა ჩაურიცხა ანგარიშზე 30 ლარი, რომელიც ასევე არ დაუბრუნებია მისთვის სს ,,ს----------–--------ს’’. მოპასუხის ქმედებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელე მომავალშიც ვერ შეძლებს კუთვნილი თანხების განაღდებას, რადგან ბანკი მას კვლავინდებურად მიითვისებს თითქოსდა დავალიანების, რომელიც ამავე დროს ხანდაზმულია, დასაფარავად.
მოსარჩელემ 2018 წლის 04 აგვისტოს კვლავ მიმართა სს ,,ს----------–--------ი’’-ს ერთ-ერთ სერვის ცენტრს სიტუაციაში გასარკვევად. მოპასუხეთა განმარტებით მას დავალიანება ჰქონდა სს ,,ს----------–--------ი’’-ს მიერ შერწყმის გზით შემოერთებული სს ,,ტაოპრივატბანკი’’-ს იგივე სს პრივატბანკი’’-ს წინაშე არსებული, მაგრამ მისთვის უცნობი სესხის მოცულობის გასაქვითად ჩამოეჭრა 40 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით, მას 2014 წელს დავა ჰქონდა სს ,,პრივატბანკთან. კერძოდ, მან გაასაჩივრა სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2013 წლის 04 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც სს ,,პრივატბანკი’’-ს სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით გაუქმდა არბიტრაჟის გადაწყვეტილება, ასევე მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი და მოსარჩელეს აუნაზღაურდა საპროცესო ხარჯებიც კი, რიც შემდეგადაც საერთოდ დასრულდა მასსა და სს ,,პრივატბანკს’’ შორის ურთიერთობა.
მიუხედავად იმისა, რომ სს ,,საქართელოს ბანკი’’ წარმოადგენს სს ,,პრივატბანკის’’ უფლებამონაცვლეს, მოსარჩელეს მათ მიმართ არ ერიცხება რაიმე სახის დავალიანება, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი, სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე სამ წელზე ძველი ნებისმიერი მოთხოვნა არის ხანდაზმული.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია ბ------------ას სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხე სს ,,ს----------–--------მა’’ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, არ დაეთანხმა მასში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითა მოგვიანებით დაზუსტებული შესაგებლის წარმოდგენის ფაქტზე, თუმცა მოპასუხეს ბ------------ას სარჩელთან მიმართებით არ განუხორციელებია კვალიფიციური შედავება და არ წარმოუდგენია დაზუსტებული შესაგებელი.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს ,,ს----------–--------ი’’-ში მოსარჩელე ბ------------ას კუთვნილი ანგარიშიდან 2017 წლის 24 აპრილს სს ,,ს----------–--------ი’’-ს მიერ ჩამოჭრილია ამავე თარიღში ამ ანგარიშზე გადახდის აპარატის საშუალებით ჩარიცხული 30 ლარი, ხოლო 2018 წლის 26 ივლისს ჩამოჭრილია ამავე თარიღში ანგარიშზე გადახდის აპარატის საშუალებით ჩარიცხული თანხა 10 ლარის ოდენობით.
ორივე შემთხვევაში თანხის ჩამოჭრის დანიშნულებად მითითებულია N2882885P სესხის ჩამოწერილი პროცენტის დაფარვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 16);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით არ დასტურდება მათ შორის 2006 წლის საკრედიტო ხელშეკრულების N2882885P დადების და მისგან გამომდინარე მოპასუხის მიმართ მოსარჩელე ბ------------ას დავალიანების არსებობის ფაქტი.
უპირველესად სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან თანხის ჩამოჭრის საფუძვლიანობის საკითხი. მოსარჩელის განმარტებით მას თანხა ჩამოაჭრეს 2006 წელს სს ,,პრივატნაბკთან’’ არსებული სასესხო დავალიანების ფარგლებში. თუმცა მისივე განმარტებით, მისთვის უცნობია აღნიშნული დავალიანების თაობაზე. შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ სადავო გახადა მოპასუხის ქმედების კანონიერება. განსახილველ შემთხვევაში მართალია მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა მას არ მიუთითებია მისი ქმედების საფუძვლიანად მიჩნევისათვის აუცილებელი საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოება და ასევე არ წარმოუდგენია მის მიმართ მოსარჩელის დავალიანების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება. სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია დაამტკიცოს ის ფაქტები, რომლებზედაც იგი მიუთითებს, მან არამარტო უნდა გამოთქვას საპირისპირო მოსაზრება კონკრეტულ მტკიცებულებასა და ფაქტებთან დაკავშირებით, არამედ უნდა დაასაბუთოს იგი, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული კი განაპირობებს, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისი ქმედების მართებულობის დადასტურებისათვის მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და იგი მხოლოდ ფორმალური შესაგებლის წარმოდგენით და ფაქტების უარყოფით შემოიფარგლა. შესაბამისად, საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელის ანგარიშიდან თანხის ავტომატური ჩამოჭრა განხორციელდა მათ შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე.
შესაბამისად, მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ არ დასტურდება მათ შორის 2006 წლის საკრედიტო ხელშეკრულების N2882885P დადების და მისგან გამომდინარე მოპასუხის მიმართ მოსარჩელე ბ------------ას დავალიანების არსებობის ფაქტი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის რომ ბ------------ას სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 976-ე, 982-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ არსებული ფორმით.
ამავე კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.
სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის თანახმად, 1. პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი. 2. ბათილი განკარგვის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია ხელმყოფისაგან მოითხოვოს დაუყოვნებლივი ანაზღაურება.
უსაფუძვლო გამდიდრება კანონისმიერ, ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას წარმოადგენს, სადაც ერთი მხარე კრედიტორია (დაზარალებული), მეორე კი - მოვალე (შემძენი). კრედიტორად გამოდის პირი, რომლის ხარჯზეც სხვამ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეიძინა ან დაზოგა ქონება, ხოლო მოვალე ის პირია, რომელმაც უსაფუძვლოდ შეიძინა ან დაზოგა ქონება და გამდიდრდა. სამართლის ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, პირის მიერ სარგებლის მიღება შეიძლება მოხდეს მხოლოდ სამართლებრივი საფუძვლით, რომელიც შეიძლება იყოს როგორც სახელშეკრულებო, ისე არასახელშეკრულებო (კანონისმიერი). სარგებლის მიღების უფრო გავრცელებულ სახეს სახელშეკრულებო საფუძველი წარმოადგენს, თუმცა პრაქტიკაში ხშირია სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სარგებლის მიღების შემთხვევები. ასეთი სახით მიღებული სარგებელი ექვემდებარება დაბრუნებას და მისგან გამომდინარე ურთიერთობების მოწესრიგება ზოგად ნორმებთან ერთად სამართლის სპეციალური ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით ხდება.
უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის შინაარსი ისეთი ქონების მოძრაობის უკუქცევაა, რომელიც საფუძველს მოკლებულია ან რისი საფუძველიც არასოდეს არსებობდა. აქედან გამომდინარე, აქ განსაკუთრებული ფორმით გამოიყენება კეთილსინდისიერების პრინციპი. ამდენად, ქონების მიმოქცევა, რომელიც ამ პრინციპზე ორიენტირების შესაბამისად არ მოხდება, უკან უნდა დაბრუნდეს. უსაფუძვლოდ გამდიდრების ინსტიტუტის მიზანს - უსაფუძვლოდ, უსამართლოდ შეძენილი ქონების ამოღება, ანუ სამართლებრივი წონასწორობის აღდგენა წარმოადგენს. გაუმართლებლად შეძენილ ქონებაში იგულისხმება შეღავათის, უპირატესობის, უფლების ამოღება, ე.ი. ქონებრივი ნამატის ამოღება იმ პირის სასარგებლოდ, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა და არაქონებრივი დანაკლისის შევსება. უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევაში, რესტიტუცია უსაფუძვლო გამდიდრების სპეციალური ნორმების საფუძველზე ხდება.
უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე...უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილის დაცვითი ფუნქციით. უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი-მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია-ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. სუსგ. №ას-184-171-2015).
ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით არ დასტურდება მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმომშობი ხელშეკრულების დადების ფაქტი, აღნიშნული ურთიერთობის სამართლებრივი რეგულირებისთვის გამოყენებულ უნდა იქნეს სწორედ უსაფუძვლო გამდიდრების წესები.
სს ,,ს----------–--------ი’’-ს ქმედება - მოსარჩელის პირადი ანგარიშიდან სახელფასო თანხის ჩამოჭრა სახელშეკრულებო ურთიერთობის არარსებობის და მის მიმართ მოსარჩელის დავალიანების დაუმტკიცებლობის პირობებში, უნდა შეფასდეს ბანკის უსაფუძვლო გამდიდრებად, რადგან სს ,,ს----------–--------მა“ სარგებელი მიიღო იურიდიულად ნამდვილი საფუძვლის გარეშე, რომელიც ამავდროულად წარმოადგენდა სხვის საკუთრებას, მოსარჩელის კუთვნილ თანხას, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ აღნიშნული თანხის გადახდა.
6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა სხვადასხვა ტიპის ვადებს იცნობს. მათ შორისაა, სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომელიც სხვა ვადებთან ერთად გულისხმობს უფლების დაცვის - ხანდაზმულობის ვადებს. სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდია ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა. ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ანუ ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
კანონით დადგენილი დანაწესი - ხანდაზმულობის ვადა, მიმართულია სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა წინდახედულობისაკენ, დროულად იზრუნონ თავიანთი უფლების განხორციელებასა და დაცვაზე და მეორეს მხრივ, შეინარჩუნონ ურთიერთობათა სტაბილურობა და სიმყარე. მოთხოვნის საერთო ვადის დადგენა კი განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კრედიტორის მხრიდან მოთხოვნის უფლების მიმნიჭებელი გარემოებების შესახებ ცოდნის (ან უხეში გაუფრთხილებლობით - არცოდნის) სუბიექტური კრიტერიუმი არ იწვევდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ფაქტობრივ ხანდაზმულობაუნარიანობას.
სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხის სწორად შეფასებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოთხოვნის იძულებითი რეალიზაციის ვადის დენის დასაწყისის განსაზღვრას.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ დაადასტურა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი, თუმცა უდავოა მისი მხრიდან მოსარჩელის ანგარიშიდან ორჯერ თანხის ჩამოჭრის ფაქტი 2006 წლის სასესხო ვალდებულების პროცენტის დაფარვის მითითების მიზნობრიობით. მსგავსი სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის დადგენილი სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ასევე საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა ვალდებულების ხანდაზმულად აღიარების თაობაზე, რომლის შედეგადაც, მოპასუხეს უნდა აეკრძალოს აღნიშნულ ვალდებულებაზე მითითებით მოსარჩელის ანგარიშიდან თანხის კვლავ ჩამოჭრა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 50 ლარი. (ს.ფ. 24). ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ბ------------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. დაეკისროს მოპასუხე სს ,,ს----------–--------ი’’-ს მოსარჩელე ბ------------ას სასარგებლოდ 40 ლარის გადახდა;
1.2. 2015 წლის 05 აგვისტომდე სს ,,ს----------–--------სა’’ და მოსარჩელე ბ------------ას შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულება აღიარებულ იქეს ხანდაზმულად და აეკრძალოს მოპასუხეს აღნიშნულ ვალდებულებაზე მითითებით მოსარჩელის ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა;
2. მოპასუხე სს ,,ს----------–--------ი’’-ს მოსარჩელე ბ------------ას სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია