გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/23241-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ირმა იმნაძე
მოსარჩელე - ე-–------------ა
მოპასუხე - შპს ,,ც-------------------ი”
წარმომადგენელი - მ-------–--–------ე
დავის საგანი- უძრავი ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ელზა ცუცქირიძე ცნობილ იქნეს უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ხ--–-------–-ს ქ--------, კ------------, ს---------------, ს--------–----, ბ-------, ფ----------------- მიწის საკადასტრო კოდი №---------------- მესაკუთრედ.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2006 წლის 23 მაისს ელზა ცუცქირიძეს და შპს ,,ც-------------------ი’’-ს შორის გაფორმდა მრავალფუნქციური დანიშნულების სახლში კომერციული ფართის შეძენის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ც-------------------ი’’-ს მოსარჩელისთვის უნდა გადაეცა საკუთრებაში უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ხ--–-------–-ს ქ--------, კ------------, ს---------------, ს--------–----, ბ-------, ფ----------------- მიწის საკადასტრო კოდი №----------------.
მოსარჩელეს სრულად აქვს დაფარული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების ღირებულება, მაგრამ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა სახელშეკრულებო ვალდებულება ფართის მხარისათვის შეთანხმებულ ვადაში და შეთანხმებული პირობებით გადაცემის შესახებ, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსარჩელე ვერ ირეგისტრირებს ქონებას საჯარო რეესტრში და ვერ ხდება მისი მესაკუთრე. მოპასუხემ თანხის გადახდის შემდგომ უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის დამატებით მოითხოვა გადახდილი თანხის 18%-ის (დღგ) გადახდა, რაც არ ყოფილა შეთანხმებული მხარეთა მიერ ძირითადი ხელშეკრულების დადების დროს და რასაც მოსარჩელე არ დაეთანმა.
დღეის მდგომარეობით, მოპასუხე განმარტავს, რომ ვერ მოხერხდა ფართის საკუთრებაში გადაცემა იმის გამო, რომ კომპანია რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში და ადევს შეზღუდვა. დღეის მდგომარეობით მოსარჩელე ცხოვრობს სადავო უძრავ ქონებაში. მან ჩაატარა სარემონტო სამუშაოები და შესაბამისად იხდის კომუნალურ გადასახადებს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს ,,ც-------------------ი” წარმოდგენილი შესაგებლით დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას და სარჩელი ცნო. მოპასუხის განმარტებით, სადავო არაა მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ფაქტი, თუმცა ვერ განხორციელდა მისი მესაკუთრედ რეგისტრაცია იმის გამო, რომ შპს ,,ც-------------------ი” არსებული საგადახადო დავალიანების გამო, რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2006 წლის 23 მაისს შპს ,,ც-------------------ი’’-ს და ელიზა თოდუას შორის დაიდო მრავალფუნქციური დანიშნულების სახლში კომერციული ფართის შეძენის შესახებ №2/3/03-142 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება გადაეხადა ნასყიდობის ფასი, კერძოდ 29 941 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში ამ ხელშეკრულებითვე შეთანხმებული გრაფიკით, ხოლო, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება 2009 წლის თებერვლისთვის მოსარჩელისთვის გადაეცა ბინა მდებარე: ქ. თბილისი, ხ--–-------–-ს ქ--------, კ------------, ს---------------, ს--------–----, ბ-------, ფ----------------- მიწის საკადასტრო კოდი №---------------- მესაკუთრედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ.18-24);
- ხელშეკრულების დანართი N1 (ს.ფ.25)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. ელიზა თოდუამ 2018 წლის 16 ივლისს შეიცვალა სახელი და გახდა ე-–------------ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საინფორმაციო ბარათი (ს.ფ.84-87);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. მოსარჩელე ე-–------------ამ სრულად აუნაზღაურა მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის თანხა - 29 941 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდის ქვითრები (ს.ფ.26-33);
- ცნობა (ს.ფ.34);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მოპასუხე შპს ,,ც-------------------ი’’-მ ვერ უზრუნველყო მოსარჩელისთვის ხელშეკრულებით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თბილისი, ხ--–-------–-ს ქ--------, კ------------, ს---------------, ს--------–----, ბ-------, ფ----------------- მიწის საკადასტრო კოდი №---------------- საკუთრების უფლების გადაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. მოსარჩელე ე-–------------ა ცხოვრობს და ფაქტობრივად ფლობს უძრავ ქონებას მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ხ--–-------–-ს ქ--------, კ------------, ს---------------, ს--------–----, ბ-------, ფ----------------- მიწის საკადასტრო კოდი №----------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კომუნალური გადასახადის გადახდის ქვითრები (ს.ფ.35-41);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად ამართლებს სარჩელის მოთხოვნას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 629-ე, 361-ე, 323-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე მუხლები.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის 193 მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.
სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2006 წლის 23 მაისს შპს ,,ც-------------------ი’’-ს და ელიზა თოდუას შორის დაიდო მრავალფუნქციური დანიშნულების სახლში კომერციული ფართის შეძენის შესახებ №2/3/03-142 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება გადაეხადა ნასყიდობის ფასი, კერძოდ 29 941 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში ამ ხელშეკრულებითვე შეთანხმებული გრაფიკით, ხოლო, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება 2009 წლის თებერვლისთვის მოსარჩელისთვის გადაეცა ბინა მდებარე: ქ. თბილისი, ხ--–-------–-ს ქ--------, კ------------, ს---------------, ს--------–----, ბ-------, ფ----------------- მიწის საკადასტრო კოდი №---------------- მესაკუთრედ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეთა შორის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია წერილობითი ფორმით დადებული ნარდობის ხელშეკრულება. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ სრულად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება, მოპასუხემ კი ვერ უზრუნველყო მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართის საკუთრებაში გადაცემა და მისი მესაკუთრედ რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა.
6.2.,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 193 მუხლის დანაწესით, მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს ეზღუდება შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლება, გარდა ამ კანონის 194 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის გამო მოპასუხეს შეზღუდული აქვს რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური სიკეთის განკარგვის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ დისპოზიციურობის პრინციპით, რაც მხარეს ანიჭებს თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. თუმცა სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან მოპასუხე მხარის მიმართ ვრცელდება ყადაღა/აკრძალვა მთელ მის ქონებაზე აღნიშნული გამორიცხავს მხარის მიერ ისეთი უფლების გამოყენებას (სარჩელის ცნობა) რომელიც გამოიწვევს ქონების ავტომატურ გადასვლას სხვის საკუთრებაში (განკარგვას). შესაბამისად, სასამართლო საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ დასახელებული არც ერთი გარემოება.
ამავე კოდექსის მესამე მუხლის მეორე ნაწილით მოპასუხისათვის მინიჭებული სარჩელის ცნობის უფლება მისი მატერიალური უფლების განკარგვის საშუალებაა, ანუ სარჩელის ცნობის საპროცესო უფლების გამოყენებით (დისპოზიციურობის პრინციპი) მოპასუხე განკარგავს თავის მატერიალურ უფლებას. მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციით კი მოპასუხეს შეზღუდული აქვს მატერიალური უფლების - საკუთრების უფლების განკარგვის უფლება. თუმცა მოსარჩელის სარჩელს სასამართლო აკმაყოფილებს არა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის საფუძვლით, არამედ - სარჩელის არსებითად განხილვის საფუძველზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მართალია, ე-–------------ას სარჩელი არსებითად იქნა განხილული, თუმცა მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ ცნო სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 760 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე-–------------ას სარჩელი შპს ,,ც-------------------ი’’-ს მიმართ დაკმაყოფილდეს:
1.1. ე-–------------ა (პირადი N19001014093) ცნობილ იქნეს უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ხ--–-------–-ს ქ--------, კ------------, ს---------------, ს--------–----, ბ-------, ფ----------------- მიწის საკადასტრო კოდი №---------------- მესაკუთრედ და აღნიშნული ფართი აღირიცხოს მის საკუთრებად საჯარო რეესტრში უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში;
2. მოსარჩელე ე-–------------ას დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,თიბისი ბანკი’’ - ში 23.07.2018 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1 760 ლარი (საგადახდო დავალება #0, სახაზინო კოდი: 300773150);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია