გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
150210018002657033
საქმე №2/193-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ანაიტ ოგანესიან
სხდომის მდივანი - ეთერ მაღრაძე
მოსარჩელე - ლე-------------ნ
მოპასუხე - ეთ----------------ნ
თარჯიმანი - სუ---------–---ძე
დავის საგანი - ვალის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 მოპასუხე ეთ----------------ნს მოსარჩელე ლე-------------ნის სასარგებლოდ დაეკისროს 180 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ლე-------------ნმა ეთ----------------ნს 2016 წლის აგვისტოს თვეში მიყიდა მისი კუთვნილი ნივთები რაშიც უნდა გადაეხადა 180 ლარი, მათ შორის შედგა ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხეს ერთი თვის ვადაში უნდა გადაეხადა ვალი, მან არაერთხელ თხოვა ე------------------ნს ვალის გადახდა, თუმცა დღემდე არ უხდის ვალს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას მოსარჩელისაგან არანაირი ნივთები არ უყიდია, ამიტომ არანაირი თანხის გადახდის ვალდებულება მას არა აქვს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოება არ დაუსახელებიათ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოწმე ქნ-----------------მა განმარტა, რომ ლე-------------ნი არის მისი შვილი და იყო დაკავებული ვაჭრობით, თუმცა ის რომ მან ნამდვილად მიყიდა ეთ----------------ნს აღნიშნული ნივთები, იგი ამ ფაქტს არ შესწრებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- მოწმე ქნ-----------------ის ახსნა-განმარტება;
3.2.2.მოსარჩელის მიერ მტკიცებულებებად აღნიშნული მოწმის ახსნა-განმარტებით არ დგინდება სარჩელში აღნიშნული გარემოება - რომ ე------------------მა საქონელი (ტანსაცმელი) იყიდა ლე-------------ნისაგან და არ გადაუხდია თანხა. ამდენად, მოსარჩელის მიერ აღნიშნული მტკიცებულებები არ შეიცავენ მის წინაშე მოპასუხის მიერ ვალის არსებობის აღიარებას. არ დგინდება, რომ ეთ----------------ნს აქვს ლე-------------ნის ვალი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა, მხარეთა ახსნა-განმარტებების და მოწმის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ლე-------------ნის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, მუხლით.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს, რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილე მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს;
ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით;
საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მასსა და ეთერა კუღინიანს შორის ნივთის გადაცემის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება. ამასთან, მოსარჩელე მხარეს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მიეცა საშუალება, რომ წარმოედგინა მოპასუხისთვის ნივთის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება. თუმცა მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ვერანაირი მტკიცებულება.
შესაბამისად, მტკიცების ტვირთის სტანდარტის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე მხარე არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, სარჩელის შედავებული ფაქტობრივი საფუძვლების მტკიცება მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებებით (აღნიშნული დამამტკიცებელი დოკუმენტების არარსებობისას და აღნიშნული მტკიცების ნაკლის გათვალისწინებით) ვერ მიიჩნევა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველად.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების დაკისრების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 38-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლე-------------ნის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ანაიტ ოგანესიან