გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 411210018002631561
საქმე N 2/332-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. კასპი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მაგისტრატი სასამართლო კასპის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი სოფიო ზანდუკელი
მოსარჩელე: რ------ მ----------
წარმომადგენელი: მ------- ლ---------–----
მოპასუხე: ვ-----–- ა-–---ი
წარმომადგენელი: ი----- მ---------–-
დავის საგანი: ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შეწყდეს რ------ მ----------ს და ვ-----–- ა-–---ს შორის 2007 წლის 26 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება.
1.2. მოპასუხე ვ-----–- ა-–---ს შვილების - ე--- და ე-–--- ა-–---ების სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტი ყოველთვიურად 400 (ოთხასი) ლარის, თითოეულზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით მდგომარეობის შეცვლამდე.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 2007 წლის 26 სექტემბრიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2007 წლის 16 სექტემბერს დაბადებული ე--- და 2009 წლის 24 იანვარს დაბადებული ე-–--- ა-–---ები. მათ შორის დაძაბული ურთიერთობის გამო მხარეები უკვე 4 წელია ცხოვრობენ ცალ-ცალკე და ბავშვები იზრდებიან დედასთან.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს არ აქვს სტაბილური ხელფასი, მაგრამ მას ყოველთვიურად აქვს სტაბილური სამუშაო და გარკვეული შემოსავალი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპაუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ იგი თანახმაა შეწყდეს მასა და რ------ მ----------ს შორის რეგისტრირეული ქორწინება. რაც შეეხება მისთვის ალიმენტის სახით 400 ლარის დაკისრებას, განმარტა, რომ შვილებს შეძლებისდაგვარად ეხმარება. არის უმუშევარი და არანაირი შემოსავალი არ გააჩნია.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები;
3.1.1. მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2007 წლის 26 სექტემბრიდან.
მტკიცებულება: ქორწინების მოწმობა
3.1.2. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2007 წლის 16 სექტემბერს დაბადებული - ე---ი და 2009 წლის 24 იანვარს დაბადებული ე-–--- ა-–---ები.
მტკიცებულება: დაბადების მოწმობა
3.1.3. 2014 წლიდან მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და ბავშვები იზრდებიან დედასთან.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა–განმარტება
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ რ------ მ----------ს სარჩელი ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, ვინაიდან მოპასუხემ ჯერ კიდევ შესაგებლის წარმოდგენის დროს, ხოლო შემდეგ მოსამზადებელ სხდომაზე სცნო სარჩელი ამ ნაწილში.
რაც შეეხება რ------ მ----------ს მოთხოვნას ალიმენტის დაკისრების თაობაზე, აღნიშნული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე ვ-----–- ა-–---ს შვილების - ე--- და ე-–--- ა-–---ების სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს თითოეულზე 150-150 (ას ორმოცდაათ-ას ორმოცდაათი) ლარი სარჩელის შეტანის დღიდან - 2018 წლის 14 სექტემბრიდან მდგომარეობის შეცვლამდე.
6. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, „ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია.
7. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, განქორწინება ხდება სასამართლო წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განქორწინება დაუშვებელია ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში და ქმარს უფლება არა აქვს ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე.
ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა (აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სასამართლომ მხარეებს მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე მხარეებს განუსაზღვრა დრო შესარიგებლად, მაგრამ უშედეგოდ).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში ვ-----–- ა-–---მა მოსამზადებელ ეტაპზე ქორწინების შეწყვეტის ნაწილში სცნო სარჩელი და დაეთანხმა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის მიხედვით, მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლი საფუძველზე, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის მიხედვით, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
ალიმენტის დანიშვნის დროს, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, გათვალისწინებული უნდა იქნეს, როგორც არასრულწლოვანი ბავშვის, ასევე იმ მშობლის მდგომარეობა, რომელსაც უნდა დაეკისროს ალიმენტი.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს.
„ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, მშობელს (მშობლებს) აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
ბავშვის ასეთი განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობა გათვალისწინებულია გენერალური ასამბლეის მიერ 1959 წლის 20 ნოემბერს მიღებული ბავშვთა უფლებათა დეკლარაციით, რომლის მიხედვითაც ბავშვი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას, შესაბამისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით. ბავშვი ექვემდებარება განსაკუთრებულ დაცვას. ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული, რათა ბავშვს მიეცეს შესაძლებლობა და საშუალებები განვითარდეს ფიზიკურად, გონებრივად, მორალურად, სულიერად და სოციალურად ჯანსაღი და მისაღები ფორმით, თავისუფლებისა და პატივისცემის ატმოსფეროში. ბავშვი უნდა იყოს სოციალურად დაცული. მას აქვს ჯანსაღ გარემოში აღზრდისა და განვითარების უფლება; სათანადო კვების, საცხოვრებლის, დასვენებისა და სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება, განათლების მიღების უფლება. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მის აღზრდასა და განათლებაზე პასუხისმგებელი ყველა პირისათვის სახელმძღვანელო პრინციპია და ეს პასუხისმგებლობა, უპირველესყოვლისა, ეკისრებათ მშობლებს.
გასათვალისწინებელია, რომ ბავშვის ნორმალური აღზრდა განვითარებისთვის საჭიროა ორივე მშობელმა ხელი შეუწყოს მისი ინტერესების დაკმაყოფილებას, რათა მომავალში ის ჩამოყალიბდეს საზოგადოების სრულფასოვან წევრად. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გარკვეულწილად ბავშვების აღზრდის პასუხისმგებლობის უდიდესი ნაწილი გადატანილია მოსარჩელზე ანუ მოცემულ შემთხვევაში დედაზე, ხოლო მამა, იმ დოზით, როგორც დედა, არ იღებს მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში.
სწორედ ალიმენტის შესაბამისი თანხის განსაზღვრით უნდა მოხდეს იმ მდგომარეობის გათანაბრება, რაც მოცემულ შემთხვევაში არის მხარეთა შორის.
სასამართლო ბავშვების ინტერესების გათვლისწინებით, ასევე მოპასუხის, როგორც ალიმენტის გადამხდელის შესაძლებლობებიდან გამომდინარე და იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად მხარეთა მიერ იქნა წარმოდგენილი, ასევე თავად მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ალიმენტის სახით შვილების მიმართ 150-150 (ას ორმოცდაათ-ას ორმოცდაათი) ლარის დაკისრება წარმოადგენს იმ გონივრულ ოდენობას, რაც დღეის მდგომარეობით სასამართლოს მიერ შეფასებული მტკიცებულებებისა და არგუმენტების საფუძველზე უნდა დაენიშნოს ვ-----–- ა-–---ს.
ის ფაქტი, რომ მოპასუხეს არ აქვს სტაბილური შემოსავალი, რომ ის ვერ მუშაობს და უჭირს, სასამართლო მიიჩნევს, რომ უმუშევრობა არ არის ის საფუძველი, რის გამოც სასამართლო არ დააკისრებს ალიმენტს მშობელს - მამას, რომელზეც, როგორც დედაზე, გადატანილია შვილის აღზრდის, განათლებისა და სხვა ვალდებულებები. მამას, რომელიც არის შვილის კანონიერი წარმომადგენელი, მისი სრულწლოვანების მიღწევამდე აქვს ვალდებულება მოუაროს მას და უზრუნველყოს მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რაც აუცილებელია შესაბამისი ასაკის ბავშვისათვის.
ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საფუძველი იმისათვის, რომ მოპასუხეს შვილის სასარგებლოდ არ დაეკისროს ალიმენტი და მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხე არ მუშაობს, იმ დროს, როდესაც ფიზიკურად მოპასუხე არის ჯანმრთელი, არ აქვს არანაირი შეზღუდვა მუშაობასთან მიმართებაში, არ არის საფუძველი ალიმენტის არ დანიშვნისა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სწორედ ბავშვების ინტერესების გათვალისწინებითა და ალიმენტის გადამხდელის ფინანსური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, შესაბამისი იქნება თუკი მოპასუხეს შვილების სასარგებლოდ დაეკისრება ალიმენტის სახით თითოეულზე 150-150 (ას ორმოცდაათ-ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ, ვ-----–- ა-–---მა საქმის მომზადების ეტაპზე ცნო სარჩელი განქორწინების ნაწილში, იგი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (განქორწინების ნაწილში) და რ------ მ----------ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას ალიმენტის ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან ალიმენტის გადახდევინების სარჩელზე მოსარჩელე გათავისუფლებულია.
იმავე კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით;
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 300 X 12=3600-ის 3% 108 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე მუხლების შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული საქმე წარმოდგენს მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეთა კატეგორიას, და ამგვარ საქმეებზე ბაჟის ოდენობა არ უნდა იყოს 50 ლარზე ნაკლები, შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 54 (ორმოცდათოთხმეტი) ლარის გადახდა.
9. უზრუნველყოფის ღონისძიება:
მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 257-ე, 364-ე, 369 მუხლებით და
გადაწყვიტა
1. მოსარჩელე რ------ მ----------ს სარჩელი მოპასუხე ვ-----–- ა-–---ის მიმართ ქორწინების შეწყვეტისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შეწყდეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს კასპის სამსახურში N მნ 0087846 სააქტო ჩანაწერით 2007 წელის 26 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება მოსარჩელე რ------ მ----------ს (პირ. № 2----------, დაბ. 1988 წლის 26 სექტემბერი) და მოპასუხე ვ-----–- ა-–---ს (პირ. № 2----------, დაბ. 1983 წლის 7 ოქტომბერი) შორის.
3. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გადაეგზავნოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურს.
4. მოპასუხე ვ-----–- ა-–---ს (პირ. № 2----------) შვილების - 2007 წლის 16 სექტემბერს დაბადებული ე--- და 2009 წლის ე-–--- (პირ. № 2----------) ა-–---ების სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტი ყოველთვიურად თითოეულზე 150-150 (ასორმოცდაათ-ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით სარჩელის შეტანის დღიდან - 2018 წლის 14 სექტემბრიდან მდგომარეობის შეცვლამდე ან ე--- და ე-–--- ა-–---ების სრულწლოვანების მიღწევამდე.
5. რ------ მ----------ს სარჩელი მის მიერ მოთხოვნილი 200-200 ლარიდან 50-50 ლარის მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
6. მოსარჩელე რ------ მ----------ს დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 5 სექტემბერს (№ 17903312 საგადახდო დავალება) სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი.
7. მხარეები ქორწინების შეწყვეტის ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან.
8. მოპასუხე ვ-----–- ა-–---ს (ალიმენტის დაკისრების ნაწილში) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 54 (ორმოცდათოთხმეტი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით კასპის მაგისტრატი სასამართლოს (მის: კასპი, გიორგი სააკაძის ქ. N 124) მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დავით პაპუაშვილი