გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№2/1-----18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - კ-------------------ა
წარმომადგენელი - ხ----------------ე
მოპასუხე - დ------------–---–ი
წარმომადგენელი - ნ------------–--ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დ------------–---–ს მოსარჩელე კ-------------------ას სასარგებლოდ დაეკისროს ავტოსაგზაო შემთხვევით მიყენებული ზიანის 5000 ლარის ანაზღაურება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
2016 წლის 21 მაისს, თბილისში, ხ------–---–ის ქუჩაზე ერთმანეთს შეეჯახნენ მიკროავტობუსი ფორდი, რომლის მფლობელია დ------------–---–ი და ავტომანქანა B--, რომლის მფლობელიც არის კ-------------------ა. ავტოსაგზაო შემთხვევაზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა, საქმეზე სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედებების არარსებობის გამო. ამასთან, გამოძიებით დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო მიკროავტობუსის მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის გამო. საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნით, ა/მანქანის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 5000 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ გამორიცხა ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომაში მისი პასუხისმგებლობა. განმარტა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევამდე სატრანსპორტო საშუალება მას გასხვისებული ჰქონდა და მისი მესაკუთრე იყო ლ-–-----------–ი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მართავდა მიკროავტობუსს. ვინაიდან ავტომანქანა იყო მოძრავი ნივთი, მასზე უნდა გავრცელებულიყო მოძრავ ნივთებთან დაკავშირებული საკუთრების გადაცემის სამართლებრივი რეჟიმი. გარდა ამისა, დ------------–---–მა მიუთითა, რომ ზიანის ოდენობას მოსარჩელე განსაზღვრავდა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის დადგენილების საფუძველზე, ხოლო კონკრეტულად ექსპერტიზის დასკვნა საქმეში წარმოდგენილი არ იყო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თბილისში, ხ------–---–ის ქუჩაზე, გ-–----ის პარკის მიმდებარედ 2016 წლის 21 მაისს მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს დაზიანდა კ-------------------ას კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება („B--“, სახელმწიფო ნომრით S--------). სამართალდამრღვევ პირად მიჩნეულ იქნა ლ-–-----------–ი, სატრანსპორტო შემთხვევა განაპირობა ლ-–-----------–ის მიერ „საგზაო-მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-7 ბ) პუნქტის მოთხოვნათა უგულებელყოფამ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის დადგენილება.
3.1.2. ავტოსატრანსპორტო საშუალება (მიკროავტობუსი ფორდი, სახელმწიფო ნომრით A--------), რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მართავდა ლ-–-----------–ი, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს რეგისტრირებული იყო მოპასუხე დ------------–---–ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ლ-–-----------–ი არ წარმოადგენდა მიკროავტობუს ფორდ ტრანზიტის მესაკუთრეს. სასამართლო იზიარებს დ------------–---–ის განმარტებას, მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით საკუთრების უფლების შეძენასთან მიმართებით. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლში განმარტებული ვარაუდი (ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე) იმ შემთხვევებს ასახავს, როცა სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება. ასეთ ვითარებაში გამოსავალია მფლობელის კეთილსინდისიერებაზე დაყრდნობა და მოძრავი ნივთის მესაკუთრედ მისი მიჩნევა. ამას ითხოვს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთაგან სამართლებრივი წესრიგი, რასაც ეფუძნება სამოქალაქო ბრუნვაუნარიანობის სიმყარე და სიმარტივე. სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლით განსაზღვრულია მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, იგი თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დადგინდეს საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე მესაკუთრის ნამდვილი, ლეგიტიმური უფლება და ნივთის გადაცემა.
საკუთრების უფლების გადაცემის დასადასტურებლად მოპასუხე წარმოადგენს ლ-–-----------–ის ახსნა-განმარტებას (ახსნა-განმარტებაზე ხელის მოწერის ნამდვილობა ნოტარიუსის მიერ დამოწმებულია 2018 წლის 6 აგვისტოს), სადაც ლ-–-----------–ი მიუთითებს, რომ მიკროავტობუსი 2016 წლის 1 მაისს შეიძინა, თუმცა მისი გადაფორმება არ მოუხდენია. მსგავსი შინაარსის არის მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არიან მოპასუხის მეგობრები. სასამართლო ვერ გაიზიარებს ამ მტკიცებულებებს, კერძოდ:
აღნიშნული მტკიცებულებებს მოსარჩელემ დაუპირისპირა მოწმეთა ჩვენებები (ავტოავარიის დროს ადგილზე გამოცხადებული პატრულ-ინსპექტორების ჩვენება), რომლებიც არ წარმოადგენენ რომელიმე მხარის მიმართ დაინტერესებულ პირებს. ორივე მოწმე განმარტავს, რომ ავტოავარიის დროს შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა დ------------–---–ი, რომელმაც განუცხადა მათ, რომ იყო მიკროავტობუსის მესაკუთრე და სატრანსპორტო საშუალება დროებით სამართავად გადაცემული ჰქონდა ლ-–-----------–ისთვის, რომელიც მასთან მუშაობდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ დღეისათვის მიკროავტობუსის რეგისტრირებულ მესაკუთრეს დ------------–---–ი აღარ წარმოადგენს და მისი სხვა პირზე გასხვისება მოხდა არა ლ-–-----------–ის, არამედ დ------------–---–ის მიერ.
ამდენად, სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურებულად მიჩნევისთვის მოპასუხის მხრიდან სადავო გარემოება საჭიროებს მტკიცების უფრო მაღალ სტანდარტს (მაგალითად, გენერალური მინდობილობის, ანდა გასხვისების დროისთვის შედგენილი წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების წარდგენა), რაც დ------------–---–ის მიერ ვერ განხორციელდა. შესაბამისად, იგი ვერ ადასტურებს, რომ მის მიერ მოხდა საკუთრების უფლების გადაცემა ლ-–-----------–ისთვის.
3.2.2. დ------------–---–ი წარმოადგენს ავტოსაგზაო შემთხვევით დამდგარ ზიანზე პასუხისმგებელ პირს, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ არის სამართალდამრღვევი პირი და ზიანი მისი უშუალო მოქმედებით არ არის გამოწვეული.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა სამართალდამრღვევი, რეგისტრირებული იყო მოპასუხე დ------------–---–ის სახელზე, რომელიც იმავდროულად სასამართლოს მიერ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ არის მიჩნეული. ასევე უდავოა ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომაში მოპასუხის ბრალის არარსებობა, რაც არ გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას ზიანის ანაზღაურებაზე. აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის განმარტება.
იმისთვის, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე პასუხისმგებლობა დაეკისროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელს (მესაკუთრეს) და არა მოსარგებლეს (პირს, რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას), უნდა არსებობდეს ორი გარემოება: მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების სამართავად და სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული უნდა ჰქონდეს მფლობელისგან. ორივე შემთხვევაში მოსარგებლის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელს. ასეთ დროს მნიშვნელობა ენიჭება მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანის ინსტიტუტის თავისებურებას, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პირს (მფლობელს), რომელიც არ წარმოადგენს ზიანის მიმყენებელს, ბრალი არ მიუძღვის ზიანის მიყენებაში. აღნიშნული პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს ბრალის გარეშეც. სატრანსპორტო საშუალება ყოველთვის წარმოადგენს საფრთხის წყაროს და მისი მფლობელი სატრანსპორტო საშუალებით გამოწვეული ზიანის დადგომაში, მისი ბრალის მიუხედავად, აგებს პასუხს.
3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სატრანსპორტო საშუალების („B--“, სახელმწიფო ნომრით S--------) დაზიანებით მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 5000 ლარი. ზიანის ოდენობის დასადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 12.09.2016 წლის დადგენილება.
მოპასუხემ სადავოდ გახადა ზიანის ოდენობა, მიუთითა, რომ დადგენილება არ წარმოადგენდა დოკუმენტს, რითაც ზიანის ოდენობა კონკრეტულად უნდა დადასტურებულიყო, მოსარჩელის მიერ არ იყო წარმოდგენილი საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნა, ასევე ზიანის ოდენობის მითითებისას საუბარი იყო საორიენტაციო ოდენობაზე, რაც არ იყო ზუსტი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას. მართალია, დადგენილება არ წარმოადგენს ქონების შეფასების აქტს, თუმცა მასში საუბარია, რომ ქონების საორიენტაციო ოდენობის დადგენა მოხდა საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე და მის საფუძველზე მოხდა ზიანის ოდენობის დადგენილებაში ასახვა. რაც შეეხება საორიენტაციო ფასს, სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესით, ღირებულების განსაზღვრის დროს ყურადღება ექცევა სხვადასხვა გარემოებას (მათ შორის ბაზარზე არსებულ საორიენტაციო ფასებს) და ოდენობის საორიენტაციოდ განსაზღვრა ასახავს ზიანის რეალურ ოდენობას. თავად მოპასუხის მიერ კი ამ ოდენობის საპირისპიროდ არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ავტომანქანის შეკეთება და აღდგენა უფრო ნაკლები ხარჯით არის შესაძლებელი, ასევე კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება (სპეციალისტის დასკვნა), რომელიც დაადასტურებს, რომ ავტომანქანის ღირებულება დაზიანებამდე უფრო ნაკლები ღირებულების იყო, ხოლო ნარჩენი ღირებულება უფრო მეტია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოყენებული უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასამართლო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი, ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. ვინაიდან მოპასუხემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ შეძლო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ოდენობის გაქარწყლება - მტკიცების ტვირთის რეალიზება, სასამართლო აღნიშნულ გარემოებას დადასტურებულად მიიჩნევს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 408-ე, 409-ე, 999-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.
აღნიშნული ნორმა ამკვიდრებს ბრალის გარეშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძველს და სამოქალაქო პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პირს (მფლობელს-მესაკუთრეს), რომელიც არ წარმოადგენს ზიანის მიმყენებელს და უშუალოდ არ მიუძღვის ბრალი ზიანის დადგომაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისაგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში. ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია შემდეგი ელემენტების კუმულატიური ერთობა: პირის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება; ზიანი; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. შეიძლება ითქვას, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს (რომელიც შეიძლება მესაკუთრედაც განვიხილოთ) აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი. თავის მხრივ, ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პირად კანონი განიხილავს ნივთისმფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული, თუმცა, მფლობელი, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, შეიძლება იყოს, როგორც პირდაპირი, ისე - არაპირდაპირი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სახეზე გვყავს კვლავ „მფლობელი“ (არაპირდაპირი) და „მოსარგებლე“ (პირდაპირი მფლობელი). უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ. სუსგ №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი).
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზიანი დადგა მოპასუხე დ------------–---–ის კუთვნილი ავტომანქანის ექსპლუატაციისას საგზაო წესების დარღვევის შედეგად და მიუხედავად ავტოავარიის დადგომაში მოპასუხის ბრალის არარსებობისა, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-3 წინადადების თანახმად, იგი წარმოადგენს ზიანზე პასუხისმგებელ პირს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლიდან გამომდინარე, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აქედან გამომდინარე, ზიანი პასუხისმგებელმა სუბიექტმა უნდა აანაზღაუროს სრულად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანისათვის კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება, რაც განისაზღვრა 5000 ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.
სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი. სარჩელის სრულად დაკმაყოფილების გათვალისწინებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სრულად ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. კ-------------------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. დ------------–---–ს კ-------------------ას სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 5000 ლარი.
3. დ------------–---–ს კ-------------------ას სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 150 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე